გრ. რობაქიძე - ქართული რენესანსი
"საქართველო", #257, ხუთშაბათი, გიორგობისთვის 21 (4), 1917 წ.
მეოცე საუკუნე საქართველოს ისტორიაში სამნიშვნელო უღელტეხილით დაიწყო: – ისახება ქართული რენესანსი. ამ მოვლენის „მტკიცება“ მეტად საძნელოა: ეხლახან მისი „შეგრძნობა“ თუ შეიძლება მხოლოდ. გარნა, ისიც უნდა გვახსოვდეს ამავე დროს, რომ ასეთი მოვლენის ღრმა გრძნობა ხანდახან უფრო გულისხმიერია, ვიდრე მისი მშრალი მტკიცება.
მისტიური სიმბოლო ქართული რენესანსის ჩასახვის წიწამურის ველია: ქართველმა მოჰკლა საქართველოს მძლავრი მხედარი, – ხოლო, სისხლით შეფერილს ხელს რომ დაჰხედა, მკვლელმა საქართველოს სახე დაინახა. ილია ჭავჭავაძე მსხვერპლია, შეუცნობლად შეწირული საქართველოს საყოფელი სახის ხილვისათვის.
და მართლაც: მგონი, არასოდეს ისე მძაფრად არ უგრძვნია ქართველს საქართველო, როგორც ამ ტრაგიკულს წამს. რისამე უკანასკნელს წვეთამდე გრძნობა კი უდრის მის შესაძლო სხეულის კვეთილობას. ქართველმა იგრძნო საქართველო – და ამ გრძნობიდან ისახება ქართული რენესანსი.
ხსენებული რენესანსი მეოცე საუკუნემ უნდა განამტკიცოს. ამ საუკუნეში საქართველო ან სრულიად მოისპობა, ან და აყვავდება მსოფლიურად. მოსალოდნელი უფრო მეორეა. ქართული რენესანსის წინააღმდეგ რამოდენიმე სიძნელე იმართება. საქართველოს ისტორიის საქმეა ჰსძლიოს ეს სიძნელენი. ძლევისათვის მათი შეცნობაა საჭირო.
პირველი სიძნელე უფრო ანთროპოლოგიური ხასიათისაა. ცნობილია: არც ერთი ხალხი ერთ ეროვნულ პლაზმით არ ჩამოსხმულა: ჯერ მრავალი სხვადასხვა ხალხოსნური თესლი – და შემდგომ მათში გამართული ბრძოლის მიერ წარმოშობილი ერთი პლაზმა – აი მარტივი ხაზი ხალხის ჩამოყალიბების. ბერძნები, ფრანგები, რუსები: – მაგალითები.
მეტად საინტერესოა ვიცოდეთ: საქართველოს ისტორიაში გვაქვს თუ არა ასეთი განსხეულება. მარტო იჭვიც კი საპრობლემოთ ხდის ამ საკითხს. ჩვენ ვიცით მრავალი ეთნიური თესლი, რომელიც ორგანიულად შეედუღა ვითომ საქართველოს ეროვნულს პლაზმას. ამას გვასწავლის საქართველოს ისტორია, მხოლოდ ძალზე გვაფიქრებს ეს „ვითომ“.
და მართლაც: ხანდახან იჭვიც იბადება, როცა ფიქრი ამ სახის შედუღებას უვლის გარს. ჩვენში საშინელი სიმძაფრით თავსა ჰყოფს თემური პარტიკულარიზმი: იმერელი, ქართლელი, კახელი, გურული, მეგრელი და სხვა – ერთი ხის შტოა ყოველი მათგანი. ეს ერთგვარი მრავალფერობაა: მდიდარი სხვა–და–სხვაობა. მაგრამ მეორის მხრით ეს „სხვაობა“ იმ ზომამდე მიდის ხანდახან, რომ უნებლიედ ფიქრი იბადება: შესაძლოა ისინი სხვა და სხვა ხის დმას (?) წარმოადგენენ, ნათესავურს რკალში მოქცეულს. ყოველს შემთხვევაში ჩვენში არსებული პარტიკულარიზმი დამაფიქრებელია მეტად.
მეორე სიძნელე სახელმწიფო ყალიბს ეხება.
ჩვენმა ისტორიამ არ იცის სასტიკი აბსოლუტიზმი. აბსოლუტიზმი, როგორც ერთ–ერთი ისტორიული საფეხური, აუცილებელიც არის და საჭიროც. ისტორიის ახსნა „ისტორიულობით“ შეიძლება მხოლოდ. კულტურის ტრაგედიას სხვათა შორის, ისიც შეადგენს, რომ ისტორიის რომელიმე ხანაში მონობაც არის აუცილებელი და საჭირო. რაციონალიზმის სქემებით ისტორიის ახსნა ყოვლად შეუძლებელია. ჰეგელის დიადმა ფილოსოფიურმა სისტემამ, ერთი ფილოსოფოსის თქმა რომ ვიხმაროთ, მთელი მსოფლიო ლოგიკურ სილოგიზმში მოაქცია, – მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისტორიის ერთი ნაბიჯის ახსნაც ვერ შესძლო.
რისთვის?
მისთვის, რომ იდეათა სფეროში (თუ გინდ დიალექტურად იხსნებოდეს უკანასკნელი), ყველაფერი დასრულებულია იმ თავითვე, როგორც მათემატიურს რკალში, – ისტორია კი თავის–თავად ზემოქმედებაა, ზრდა, ვითარება. ეს სხვათა შორის. აქ უნდა აღვიაროთ (!) მხოლოდ, რომ აბსოლიუტიზმი ისტორიაში აუცილებელიც არის და საჭირო: მრავალ სასტიკს მხარესთან ერთად მას აქვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი მხარეც: იგი ჰქმნის ერთს მთლიან ფსიხიკას, სასტიკი ყალიბით ასხეულებს ერის ნება–ყოფას.
ჰელლადას მაგალითი აქ მოსაყვანი არ არის, რადგან იგი მეცნიერებისათვის ჰამოცანაა (!) ნამდვილი: ხალხთა შორის ძველი ბერძნები გენიალურ გამონაკლისს წარმოადგენენ.
საქართველოში, – ვიმეორებ, – სასტიკი აბსოლუტიზმი არ ყოფილა. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ჩვენს ეროვნულ დაქსაქსულობას.
გარდა ამისა: არის კიდევ ერთი უცნაურობა ჩვენს ისტორიაში. დასავლეთს ევროპაში ფეოდალურს ნანგრევებზე აღიმართა აბსოლუტიზმი. ჩვენში კი ფეოდალური მიდრეკილებანი. – სუსტს აბსოლუტიზმის შემდგომ – თანდათან ძლიერდებიან. რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, ეს მაინც ასეა. და მართალ არიან ჩვენი მარქსისტები, როცა ამტკიცებენ, რომ საქართველოს ერთიანობა რუსების ხელმწიფების ქვეშ განმტკიცდა. გაერთიანება მონობით – ეს ხომ საშინელი უცნაურობაა!
ერთი სიტყვით, რომელი მხრითაც უნდა შემოვუაროთ ამ საკითხს, ერთი რამ ნათელყოფილია: პოლიტიკურს ცხოვრებაში ჩვენ ვერ შევქმენით მტკიცე და მძლავრი ხელმწიფება. ამან ხელი შეუწყო ჩვენი „ანარქიული“ ბუნების განვითარებას.
მესამე სიძნელე „გავლენის“ სფეროს ეკუთვნის. ჩვენმა ისტორიამ ხშირად იცის „სხვისი“ გავლენა: მონღოლების შემოსევა, არაბ–სპარსული გავლენა, ბიზანტიური „შემორევა“, რუსული „შემოსვლა“. თავის თავად ცხადია, რომ ყოველს ჯანსაღ ერს შესწევს შემტევი ძალა, რომელიც ამ გავლენას უმკლავდება: ამ ბრძოლაში ყალიბდება ერის შემოქმედება.
ახლა ვიკითხოთ: ჰქონდა თუ არა საქართველოს მაგარი შემტევი ძალა? ეს საკითხიც ერთგვარი პრობლემაა. ჩემთვის პირადათ (!) სინამდვილეა ის, რომ საქართველოს ჰქონდა შემტევი ძალა, – მხოლოდ ისეთი კი, რომელიც სურვილსა სტოვებს, რომ კიდევ მაგარი და მძლავრი ყოფილიყო იგი. გარდა ამისა: ჩემთვის ისიც სინამდვილეა, რომ ეს შემტევი ძალა საქართველოში ყოველთვის არ ყოფილა მახვილი და მედგარი. აქედან ერთი რამ გამომდინარეობს: ჩვენ კულტურას, ყოველს სფეროში, მრავალი „გავლენა“ შედუღებული და გარდაქმნილი კი არ აქვს, არამედ მიკრული მეტ ხორცად. ეს გავლენა – „მეტ–ხორცი“ მესამე სიძნელეა ქართული რენესანსის წინააღმდეგ ამართული.
აი სამი სიძნელე, რომელიც უნდა სძლიოს ქართულმა რენესანსმა. ძლევა აქ მეტად საძნელოა. ქართული რენესანსის მონაწილემ ორგანიული სხეულებით უნდა იგრძნოს საქართველო მის ისტორიულს დენაში და მონახოს მისი ნამდვილი საყოფელი სახე. შემდგომ – შემოქმედი ხელმწიფებით უნდა გამოჰკვეთოს მან იგი სახე კულტურულს შემოქმედებაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეჰქმნის ქართული რენესანსი ნამდვილს სტილს. ეს კი მეტად საძნელოა. საგულისხმო მაგალითი. ივ. ჯავახიშვილი ერთს თავისს ლექციაში საბუთიანად ამტკიცებდა, რომ ქართულს არქიტექტურაში „აღნაგობას“ (აგებულებას) ჰქონდა დაჭერილი უმთავრესი ადგილი, „სამკაულს“ კი არა–აუცილებელი. არქიტექტურა გადმოგვცემს მთელი ხალხის ნებისყოფას. ამ მხრით მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ძველი ქართული ხუროთმოძღვარი განსაკუთრებულს ყურადღებას „აღნაგობას“ აქცევდა და არა „სამკაულს“. თუ ჩვენს დღევანდელს კულტურულ შემოქმედებას ავიღებთ, დავინახავთ სრულიად საწინააღმდეგოს: თანამედროვე ქართველისათვის პირველ ყოვლისა „სამკაული“ არსებობს და შემდგომ „აღნაგობა“. ავიღოთ ეხლანდელი ქართული ლექსი, ეს საუკეთესო გამომხატველი ქართული კულტურის: იქ მრავალია „სამკაული“ (რითმა, სახე, ფერი, სხივი), ხოლო სრულიად არ არის „აღნაგობა“ (ტანი ლექსის, სხეული, ფაქტურა). რომელია ჩვენი სხეულის ნაფარდო (!), პირველი თუ მეორე – ეს საკითხია. და სწორედ ქართველმა ხელოვანმა უნდა გამონახოს საქართველოს ნამდვილი სტილი.
ქართული რენესანსისთვის პირობები თანდათან უკეთესდება. დღეს თუ ხვალ – საქართველო განთავისუფლდება. ეს სინამდვილეა. იგი გაერთიანდება და გამთლიანდება. ამ შესაძლო სინამდვილესაც ვერავინ უარჰყოფს. ერთობლივი (!) და მთლიანი საქართველო მრავალს სიძნელეს გადალახავს. არც აქ გამტყუნდება წინასწარმეტყველება. მხოლოდ არის ერთი რამ ჩვენთვის აუცილებელი, რომელიც ყოველს წამს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ უფრო იმპულსის ხალხი ვართ, ვიდრე გრძნობის. გრძნობა კი, ნამდვილი, შეურყეველი, ღრმაა, სასტიკი, გრძნობა უკანასკნელს წვეთამდე, – აი რა არის ჩვენთვის თავი და თავი. განსაკუთრებით ახლა. ქართველმა უნდა იგრძნოს რაინდული შემოქმედებით საქართველო: მხოლოდ ამ შემთხვევაში აყვავილდება ქართული რენესანსი, ასეთ გრძნობას ხან და ხან მისტიურობამდე აყვანილს, ვერა სიძნელე ვერ გადაეღობება წინ: იგი ყოველს ზღუდეს გადალახავს. განსაკუთრებით ეს ჰმართებს ქართველ ხელოვანს: იგი თანვე რაინდიც უნდა იყოს სულიერი, რომ მთელი ქართველობა ამოსწუროს მის ისტორიულობაში და გამოჰკვეთოს მისგან ნამდვილი ქართული სტილი
სტილი დაცულია
სპეციალურად "ლიბერალისთვის" მასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა.