მსგავსი მოდელი წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჩეხეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში. საქართველოში მისი დამკვიდრება ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. რადგან ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, უმეტესწილად არამხოლოდ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით ირღვევა, არამედ სწორედ რეალაქტებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ასეთი გაზრდა, უფლებათა კონსტიტუციურ გარანტიებს უფრო მყარსა და ეფექტურს გახდის. გარდა ამისა კონსტიტუციური კონტროლის ქვეშ მოექცევა ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც აქამდე ასეთი კონტროლის გარეთ რჩებოდნენ. კონკრეტულად კი ადმინისტრაციული ორგანოები და თვით საერთო სასამართლოების სისტემა. ეს კი მათი მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შესაბამისად კონსტიტუციური უფლების დაცვა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.
სახალხო დამცველის ახალი ინიციატივის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები მკვეთრად უნდა გაიზარდოს, კერძოდ კი ფართოვდება კონტროლის არეალი. თუ აქამდე მოქალაქეთა სარჩელებს საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ მაშინ განიხილავდა, როცა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ნორმატიული აქტით ირღვეოდა, ახალი საკანონმდებლო პაკეტი რეალურ კონტროლსაც ითვალისწინებს. რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმებას.
მსგავსი მოდელი წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჩეხეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში. საქართველოში მისი დამკვიდრება ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. რადგან ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, უმეტესწილად არამხოლოდ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით ირღვევა, არამედ სწორედ რეალაქტებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ასეთი გაზრდა, უფლებათა კონსტიტუციურ გარანტიებს უფრო მყარსა და ეფექტურს გახდის. გარდა ამისა კონსტიტუციური კონტროლის ქვეშ მოექცევა ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც აქამდე ასეთი კონტროლის გარეთ რჩებოდნენ. კონკრეტულად კი ადმინისტრაციული ორგანოები და თვით საერთო სასამართლოების სისტემა. ეს კი მათი მხრიდან, გადაწყვეტილების მიღებისას, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შესაბამისად კონსტიტუციური უფლების დაცვა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.
მისასალმებელია, რომ აღნიშნული კანონინპროექტი კონსტიტუციის ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ კი კონსტიტუციის 89 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად პირს საკონსტიტუციო სასამართლოში არამხოლოდ ნორმატიული, არამედ ყველა სამართლებრივი აქტის გასაჩივრება შეეძლება. სტატუს ქვოს აღიარებით, არსებული კონსტიტუციის გადასინჯვა, გამომდინარე კონსტიტუციის გადასინჯვის საკმაოდ რთული პროცედურისა და საკანონმდებლო ორგანოში არსებული პარტიული მოცემულობიდან, თითქმის გამორიცხულია. ამას ემატება ის რეალობაც, რომ პარლამენტში მოქმედი ფრაქციები ერთმანეთის გადაწყვეტილებებს, (იდეურად მისაღებიც რომ იყოს მათთვის) პრინციპულად არ ეთანხმებიან. ამ გარემოების გათვალისწინებით ზიგიერთი პოლიტიკოსი და იურისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციის ცვლილების გარეშე უნდა განხორციელდეს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტით გავთვალისწინებულ შემდეგ ჩანაწერშიც მოთავსდეს: [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო] „ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“. საგულისხმოა, რომ კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს იმ სუბიექტთა წრეს, რომლებსაც უფლება აქვთ მიმართონ სარჩელითა თუ წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვა სუბიექტებთან ერთად ამ მუხლის ვ) ქვეპუნქტი მოიცავს შემდეგ ჩანაწერს, [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო] „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. ცალსახაა, რომ კონსტიტუცია პირს მხოლოდ იმის უფლებას აძლევს, რომ მან საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის განსახილველად მიმაროს. ჩამონათვალით ამოწურულია უფლებამოსილ პირთა/ორგანოთა წრე. ამიტომ იმავე მუხლის შემდეგ ქვეპუნქტში კანონმდებელს არ შეიძლებოდა მიზნად ჰქონოდა, „სხვა უფლებამოსილებებში“ ისევ იმ პირის უფლებები ეგულისხმა, რომელიც მან იქვე ვ) ქვეპუნქტში უკვე დაასახელა.
კონსტიტუციის 89-ე მუხლის ისტორიული განმარტება კიდევ უფრო ამტკიცებს აღნიშნულ მოსაზრებას. რადგან კანონმდებელმა 2004-2010 წლებში რამდენჯერმე გაზარდა და შეცვალა სუბიექტთა წრე და ყველა ცვლილება კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველ პუნქტში ასახა. ზ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „სხვა უფლებამოსილებებში“ არასდროს უგულისხმია ცვლილებები.
თუკი საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებულ ცვლილებები სისტემურად განიხილება, ცალსახაა, რომ კანონპროექტი არსობრივად ცვლის, ზრდის საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებს. კანონპროქტის თანახმად, ჩვენ მივიღებთ კონცეპტუალურად სხვა სასამართლო სისტემას საქართველოში. შესაბამისად მიუღებელია, ასეთი ძირეული ცვლილება კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტით ნახსენებ „სხვა უფლებამოსილებებში“ მოვათავსოთ.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება უდავოდ დადებითია და უცილოდ გაზრდის საკონსტიტუციო კონტროლსა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ეფექტურობას საქართველოში, დაუშვებელია მისი მიღება კონსტიტუციის ცვლილების გვერდის ავლით. მიზანი უდავოდ კეთილშობილურია, მაგრამ მისი მიღწევის საშუალებაც უდავოდ სამართლიანი უნდა იყოს. ამის მაგალითს ჩვენს კონსტიტუციაზე ჩატარებული მრავალწლიანი „ექსპერიმენტი“ გვაძლევს. ეს გზა რომ არ გავაგრძელოთ, მეტი სიფრთხილეა საჭირო!
რადგან სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი კონონპროქტი ადამინიას ძირითადი უფლების ეფექტურ დაცვაზეა ორიენტირებული, ჩნდება კითხვა: თუკი ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება სახელმწიფოს ნებისმიერი ორგანოს ქმედებით შეიძლება დაირღვეს, რატომ არ შეიძლება იგი ასევე სახელმწიფოს უმოქმედობით დაიღვეს? განსაკუთრებით მაშინ, როცა კანონმდებელი განზრახ არ ქმნის საკანონმდებლო რეგულირებას (ე.წ. „კანონმდებლის კვალიფიციური დუმილი“). თუ კანონმდებლის ასეთი დუმილით ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლება, რომელმა ორგანომ უნდა „აიძულოს“ კანონმდებელი შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება? ან იქნებ აქვს კიდეც კანონმდებელს „კვალიფიციური დუმილის“ უფლება, მაშინაც კი, თუ იგი ამით ძირითად უფლებას არღვევს?
საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს ადრეულ პრაქტიკაში მოიპოვება რამდენიმე „რეკომენდაცია“, რომლითაც მან პარლამენტს მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტისადმი მსგავსი რეკომენდაციით მიმართვის უფლება არა აქვს, პარლამენტისგან მსგავსი რეკომენდაციის იგნორირება მოსალოდნელიც იყო. სწორედ ეს არის კანონმდებლის კლასიკური „კვალიფიციური დუმილი“. მსგავსი პრობლემატიკა, არამხოლოდ საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების საკანონმდებლო სივრცეშიც დგას, თუმცა უმეტესოსობამ, ზოგიერთმა სასამართლო პრაქტიკით (მაგ.: გერმანია), ზოგმა კი კანონმდებლობით (მაგ.: ლიტვა) მოახერხა კანონმდებლის „კვალიფიციური დუმილის“ „გარღვევა“. რადგან ჩვენთან გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსი პრაქტიკა ჯერ კიდევ 1997-98 წლებში წარუმატებლი აღმოჩნდა, პრობლემის მოსაგვარებლად ახლა საკონონმდებლო გზა უნდა გამოინახოს. თუკი კანონმდებელი, რომლის კონსტიტუციური ვალდებულებაც საკანონმდებლო საქმიანობაა, თავს იკავებს ამ საქმიანობის შესრულებისაგან, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიუთითოს მას კონსტიტუციური ვალდებულების შერულებაზე. აქ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სასამართლომ არ უნდა დაავალდებულოს კანონმდებელი, რომ მან გარკვეული შინაარსის ნორმა შექმნას, არამედ მან მხოლოდ ფორმალურად კანონის შექმნისაკენ უნდა მიუთითოს პარლამენტს. სხვაგვარად საკონსტიტუციო სასამართლო ნეგატიური კანონმდებლის კონსტიტუციური როლიდან პოზიტიურ კანონმდებლობაზე გადავიდოდა, რაც თავის მხრივ კლასიკური ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საწინააღმდეგოა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც სწორედ ადამიანის ძირითადი უფლების ეფექტურ გარანტიებს ეფუძნება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პარლამენტის საკანონმდებლო ვალდებულების კონსტიტუციური კონტროლი. თუ პარლამენტი თავის ვალდებულებას არ შეასრულებს და უმოქმედო დარჩება, მოქალაქეს მხოლოდ საკმაოდ ხანგრძლივი და არაეფექტური საშუალება რჩება პარლამენტის ამოქმედებისათვის: საკანონმდებლო წინადადება, ან კიდევ უფრო რთული - საკანონმდებლო ინიაციატივა. ამ შემთხვევაშიც კი კანონმდებლის ნებაზეა დამოკიდებული მისი უფლებამოსილების შესრულება-არშესრულება.
სასურველია, რომ სახალხო დამცველის საკანონმდებლო პაკეტი ამ პრობლემატურ საკითხსაც შეეხოს. საჭირო უფლებამისილებით აღჭურვილი საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტს ქმნის, რაც თავის მხრივ სამართლებრივი სახელმწიფოს არამხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური განხორციელების საშუალებას წარმოადგენს.