აქაური ინტერიერი განსაკუთრებით ალბათ ვინტაჟის მოყვარულებს მოსწონთ, კედელთან ჩამწკრივებული საბეჭდი მანქანებით, მშრალი ხიდისა და ნავთლუღის ბაზრობებიდან წამოღებული ძველებური აქსესუარებით, ხელნაკეთი სუვენირებითა და გორკის ტომეულებით დამძიმებული თაროებით.
მახსოვს, სანამ კითხვას ვისწავლიდი, წიგნების ყდების თვალიერება მომწონდა, უფრო სწორად, ყდაზე გაკეთებული წარწერების. ვაკვირდებოდი შრიფტებს, მერე წიგნებს ამის მიხედვით ვახარისხებდი და ჩუმად ვამბობდი: ამას მრგვალი წარწერები აქვს, ამას - სამკუთხა, ამას - ოთხკუთხა.
წიგნების გეომეტრიული ნიშნით შერჩევა და ბავშვობის მოგონება ცხადად მაშინ ამომიტივტივდა, ბახტრიონზე წიგნის სახლი და მის აბრაზე გაკეთებული წარწერა რომ დავინახე. მივხვდი: ისიც წიგნის ყდას მახსენებდა. „სამკუთხა წარწერიანია“, - ჩავილაპარაკე, როგორც ბავშვობაში და გადავწყვიტე, ბარემ გადავშლი-მეთქი.
წიგნის სახლი ბახტრიონზე სამი წელია გახსნილია. ეს არ არის ტიპური მაღაზია, სადაც მხოლოდ წიგნები იყიდება. შეგიძლია, შენთვის საინტერესო ავტორის ნაწარმოები არა მარტო შეიძინო, არამედ გადაფურცლო, გადაათვალიერო, ან სულაც წაიკითხო და თან უგემრიელესი ყავა ან ჩაი მიირთვა. მართალია, დღეს წიგნის კაფეში ყავით ალბათ ბევრს ვეღარ გააკვირვებ, თუმცა ეს მართლაც განსაკუთრებულად გემრიელი ყავაა, რაც გარკვეულწილად იმ აპარატის დამსახურებაცაა, რომელიც იტალიაში ხელით ააწყვეს და მერე სპეციალურად წიგნის სახლისთვის თბილისში ჩამოიტანეს. გულგრილს არც ოჯახური ბლინები და დესერტი გტოვებს: საფირმო ბრაუნი და ვაშლის პუდინგი დარიჩინით აქ ექსკლუზიური რეცეპტით მზადდება. და, რაც მთავარია, წიგნის სახლში არ ეწევიან. ასე რომ, ეს ადგილი იმ მცირე ჩამონათვალს მიეკუთვნება, სადაც სიგარეტის სუნი არასდროს შეგაწუხებთ.
სივიწროვე არ არის, ამიტომ საყვარელ ნაწარმოებთან განმარტოებაში ხელი არავის ეშლება. სივრცის სხვადასხვა მონაკვეთი კი განსხვავებული ავეჯით ისე ოსტატურადაა გამიჯნული, რომ მაგიდებთან მსხდომებისთვის კომფორტის ზონა ხელშეუხებელი რჩება.
აქაური ინტერიერი განსაკუთრებით ალბათ ვინტაჟის მოყვარულებს მოსწონთ, კედელთან ჩამწკრივებული საბეჭდი მანქანებით, მშრალი ხიდისა და ნავთლუღის ბაზრობებიდან წამოღებული ძველებური აქსესუარებით, ხელნაკეთი სუვენირებითა და გორკის ტომეულებით დამძიმებული თაროებით. თაროებზე აქ კიდევ ერთი მოგონებაა შემოდებული: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. დღეს ეს უზარმაზარი წიგნები უფრო აქსესუარის როლს ითავსებენ. თუმცა იყო დრო, როცა ისინი ბევრი თაობისთვის Google-ს ფუნქციას ასრულებდნენ.
კიდევ უფრო შორეულ წარსულში რარიტეტულ გამოცემებს გადაყავხარ. შუა საუკუნეებში დაბრუნებაზე კი წიგნის სახლისთვის შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებით გაწყობილი შპალერი ზრუნავს, რომელიც სპეციალურად აქაურობისთვის დამზადდა.
წიგნის სახლი სალონურ სივრცეს უფრო წააგავს. ამიტომ, ლიტერატურის გარდა, აქ მოსულ ადამიანებს სხვა ბევრი საინტერესო რამ ხვდებათ. მაგალითად, არაჩვეულებრივი მხატვრების გამოფენები. შეიძლება ამგვარი ღონისძიებისთვის ტიპური სივრცე არ არის, თუმცა კლიშეებს ხომ სწორედ ასეთი არატიპურობა არღვევს. წიგნის სახლსაც ეს განსაკუთრებულობა გამოარჩევს. სხვადასხვა მხატვრების გამოფენების პარალელურად აქ მუდმივად ნიკო ცეცხლაძის ნამუშევრებია გამოფენილი.
საერთოდ, აქაურობას ერთი პრინციპი აქვს: არანაირი შეზღუდვა - სრული თავისუფლება, ამიტომ შეხვედრები, პრეზენტაციები, სალექციო კურსები, ანტიკვარული ავეჯი, საახალწლო თუ სააღდგომო გამოფენები, გლინტვეინის საღამოები და სხვა მრავალფეროვანი ღონისძიებებიც ამ პრინციპს ადასტურებს. საინტერსო სივრცეს კარგი იდეის განსახორციელებლად ბევრი იყენებს, მათ შორის, ბავშვბიც.
დიახ, კვირა დღეს აქაურობას პატარები სტუმრობენ. წიგნის სახლი ბახტრიონზე და მისი პროექტი „ვკითხულობთ და ვხატავთ“ სწორედ მათთვისაა განკუთვნილი. მოწვეული სტუმარი ბავშვებს მოთხრობებსა და ლექსებს ქართულ ან ინგლისურ ენებზე უკითხავს. შემდეგ პატარები მოსმენილის მიხედვით ხატავენ. მშობლები ყავას და ტკბილეულს მიირთმევენ, ხოლო ბავშვები თან ერთობიან, თან კითხვას ეჩვევიან: კითხვის სიყვარული ხომ სწორედ ამ დროიდან იწყება.
ჰო მართლა, ამაზე გამახსენდა: ტექნოლოგიური ტრენდი წიგნს სულ უფრო ავიწროებს. შესაძლოა, ბევრისთვის ის კვლავაც განსაკუთრებული ნივთია, ბევრსაც ისევ ძალიან უყვარს ფურცლის სუნი, შრიალი და მასთან შეხება, მაგრამ დროსთან ერთად ასეთი ადამიანების რიცხვი მცირდება. თანამედროვე ბავშვებს კი გაჯეტები - პლანშეტები თუ ბუკრიდერები უფრო მოსწონთ. ამაში გასაოცარი ან შემაშფოთებელი არაფერია: მთავარი ხომ კითხვის სიყვარულია და არა ის, საიდან წავიკითხავთ - წიგნიდან თუ ბუკრიდერიდან. ამიტომ წიგნის სახლს რომელიმე თაროზე, მაგალითად საბჭოთა ენციკლოპედიის სიახლოვეს, თუნდაც ეპოქების დასაპირისპირებლად, რამდენიმე ბუკრიდერის ჩამწკრივება მოუხდებოდა.
გაჯეტები წიგნის სახლში ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდება, ტექნოლოგიურ ტრენდს კი მაინც ტენტები დაასწრებს: როცა კარგად გამოიდარებს, ბახტრიონის წიგნის სახლის პერიმეტრი ტენტებით დაიჩრდილება, ყვავილებით მოირთვება, მაგიდებით მოეწყობა და გარეთ დაჯდომის, კითხვის თუ უბრალოდ სამკუთხაწარწერიანი ყდის თვალიერების მსურველებს დაელოდება.