არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურებიან.
NGO-ების განცხადებით, მმართველი გუნდი, მათ შორის ირაკლი კობახიძე, არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკურ კრიზისზე კრიტიკის საპასუხოდ სამოქალაქო სექტორს ესხმის თავს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კობახიძე წინსაარჩევნოდ მათ დისკრედიტაციას ცდილობს.
„ვეხმაურებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ. დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა.
ამ ფაქტებზე სისტემური და სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, ფაქტობრივად ყოველდღე, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, საზოგადოებას სთავაზობს ყურადღების გადატანას პრობლემის შინაარსიდან კრიტიკის ავტორებზე, რითიც ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები.
გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც თავისმხრივ აძლიერებს საზოგადოების პოლარიზების და საკითხების პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით გამოყენების რისკებს. ამ პირობებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, მათი საქმიანობის უსაფუძვლო და მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან დაცვას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან.
მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები, უმთავრესად, ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც, არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, საკითხების ზედმეტი პოლიტიზირების და პოლარიზების საფუძველს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებები ქმნის.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს:
• უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას;
• გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი დღეს გამართა და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა.
კობახიძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას პოსტს Facebook-ზე, რომელშიც „რუსთავი 2-ის“ დირექტორი მოუწოდებს ხალხს, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერები უნდა „გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან“. პარლამენტის თავმჯდომარემ გვარამიას მოსაზრებას ფაშისტური უწოდა და NGO-ები გააკრიტიკა, რომ მისი ეს განცხადება არ დაგმეს.
კობახიძის თქმით, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე და სამწუხაროდ, ასეთები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან.