Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ფიქრობდნენ დიდი ქართველი მწერლები საკუთარ თავზე

09 ოქტომბერი 2018

ქართველი მწერლების წარმოდგენები საკუთარ თავზე უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ჯერ კიდევ „შუშანიკის წამებიდან“ დაწყებული მწერალი ქართულ ლიტერატურაში საკუთარ თავზე საუბრობს და პოზიციონირებს. ამაში არაფერია უცნაური, რადგან ქართველებს საკუთარ თავზე ლაპარაკი გვიყვარს, მაშინაც კი, როდესაც ნაწარმოებს ვქმნით.

მაგალითად, „შუშანიკის წამება“ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია, რომლის ცენტრალური ფიგურა შუშანიკია და ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს. შუშანიკი არის ყველაფერი, ღვთისმოშიში და მორწმუნე, ვარსქენი კი - არაფერი.

მიუხედავად ამისა, როგორც კი ნაწარმოების კითხვას ვიწყებთ, ყველაფერი უკან გვრჩება და იმ წუთას ვხედავთ მწერლის პირად დამოკიდებულებას - „რომლისათჳს ესე მივწერე თქუენდა“. ანუ, მწერალი გვიხსნის, ეს თქვენთვის დავწერეო.

„ვითარცა იგი ვთქუთ“; „და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანა ვჰყვანდი ეპისკოპოსსა მას“; „მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი: მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითა ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათა ჩუენთა წარმოჩინებისათჳს“.

„ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ. და, ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქუ ნეტარსა შუშანიკს ... ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე...“; „ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი“ და ა.შ.

ავტორის ეს ფრაზები იმის ნიშანია, რომ პირველ პირში დაწერილი ნაწარმოები, ამავდროულად, მესამე პირშია დაწერილი, ანუ, შუშანიკზე - მესამე პირშია საუბარი, მაგრამ, იაკობ ხუცესი იმდენად ხშირად საუბრობს საკუთარ თავზე, რომ „შუშანიკის წამება“ პირველ პირში დაწერილ ძეგლს ემსგავსება. ამ თვალსაზრისით, ის თითქმის ფოლკნერის დონისაა.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

ამავე დროს, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ იაკობ ხუცესი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული, საყვარელი და სასიამოვნო ავტორია, იმ თვალსაზრისით, რომ მისი მოკრძალების მიღმა ჩანს პიროვნება, რომელსაც შუშანიკის მიმართ არა მხოლოდ დიდი პატივისცემა აქვს, არამედ კიდევ რაღაც სხვაც, რაღაცას უფრო მეტს ხედავს. ნაწარმოებში კარგად იგრძნობა, რომ ავტორი ჟანრის საზღვრების გარღვევასაც კი ცდილობს, რაც, რა თქმა უნდა, არ უხერხდება, მაგრამ მცდელობა - აშკარაა.

არანაკლებადაა წარმოდგენილი ავტორი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“. ამ შემთხვევაშიც, ნაწარმოების დასაწყისშივე გვხვდება პასაჟი, სადაც ავტორი გვიხსნის, რომ ბრძენი ხალხისაგან განსხვავებით, მას საშუალება არ აქვს დუმილი დაიცვას, რადგან აღფრთოვანებულია გრიგოლ ხანძთელით და სურს, რომ მისი ცხოვრება აღწეროს:

„აწ მე ვინაჲთგან ვერ ძალ მიც მოუკლებელად ლოცვაჲ და სულელთა ყოველთა უდარეს ვარ, ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს-რაჲმე უმჯობესად შემირაცხავს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებასა ღმერთშემოსილთა კაცთასა - ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლისა...“.

წარმოიდგინეთ, გიორგი მერჩულე ბოდიშს გვიხდის იმის გამო, რომ სიბრძნე არ ეყო დადუმებულიყო. დუმილი ხომ გამორჩეული ოქროა, ბარათაშვილიც გვახსენდება - „მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად“...

მერჩულე იმდენადაა აღფრთოვანებული თავისი პერსონაჟით, მისი მოსწავლეებით, მათი საქმიანობით, რომ აუცილებლად უნდა აღწეროს და ამ აღწერაში საკუთარ პერსონალურ დამოკიდებულებასაც ავლენს. ვერ ვიტყვით, რომ „შუშანიკის წამებასავით“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც“ პირველ-მესამე პირშია დაწერილი, თუმცა მომავალი ფოლკნერის ელემენტები აქაც გვხვდება. 

ამავე დროს, გიორგი მერჩულე იყენებს ბრწყინვალე ხერხს. დაახლოებით ისეთს, როგორიც ჯოისმა გამოიყენა „ულისეში“, როდესაც ჯერ სტივენ დედალუსისთვის, ანუ ტელემაქესთვის თენდება დილა, როგორც „ოდისეაში“ და შემდეგ, იგივე დილა გათენდება ლეოპოლდ ბლუმისთვის, ანუ ოდისევსითვის. აქაც, „ოდისეას“ მსგავსად, ჩვენი ავტორიც ოსტატურად წყვეტს თხრობას და უბრუნდება თავდაპირველ წერტილს, ამ ხერხის გამოყენება კი ძალიან თანამედროვედ ჟღერს ამ უძველეს ძეგლში - „აწ კვალად პირველსავე სიტყვასა მივიდეთ“.

ბუნებრივია, საკუთარ თავზე საუბრობენ არა მხოლოდ პროზაიკოსები, არამედ პოეტებიც. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ ჟანრშიც კი, როგორიც არის „ქებანი“, მაგალითად, ჩახრუხაძის მიერ თამარის ქებაში, რომ თამარი არის მაგარი, მოულოდნელად, ავტორი გამოტყვრება და ასეთ რამეს ამბობს - „მე თუ ვსტირ ოდე, ვისღა ვსტიროდე, ... თუ არ შენ გჭვრეტდე დადუმებულად?“

ხედავთ?! ქების ჟანრშიც გაჩნდა წმინდა ლირიკული მომენტი. ზოგადად, ასე სატრფოზე წერენ ხოლმე, რადგან ასეთი სილამაზის ხილვის შემდეგ, წესით, ხმა ვეღარ უნდა ამოიღო. თუმცა, ჩახრუხაძეს ეს არ ეხება, ამ წესის მიუხედავად, არა და არ ჩერდება, აქებს და ადიდებს თამარს.

და, აი, მივადექით კიდეც ჩვენს დიდოსტატს, ჩვენს მთავარ გენიოსს, რომელიც, რა გასაკვირია, რომ დიდოსტატია საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის კუთხითაც.

„შენ დამიფარე“, - ასე ჩნდება „ვეფხისტყაოსანში“ „მე“, როდესაც რუსთაველი უფალს მიმართავს:

„შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა...“

რუსთაველი, ანუ „მე“, პირველივე სტრიქონებში გამოჩნდა, ღმერთის, იმ ერთადერთის შემდეგ, ვინც რუსთაველზე მაღლა შეიძლება იდგეს, ამის შემდეგ კი ჩნდება თამარი.

უმნიშვნელოვანესი იერარქიაა: ღმერთი, რუსთაველი, თამარი.

თამართან დაკავშირებით რუსთაველი წერს:

„მას არა ვიცი, შევკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა“.

ან:

„თქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული“.

აქ უკვე ძალიან კარგად გამოჩნდა შოთას წარმოდგენა საკუთარ თავზე და ზემოჩამოთვლილი ავტორების შემდეგ, უცებ, იბადება პრეტენზიული გენიოსი, რომელსაც ყველაფრის, მათ შორის უზარმაზარი პრეტენზიის გაჟღერების უფლება აქვს! 

უბრალოდ, ნახეთ - „არ ავად გამორჩეული“, რაც „ცუდი არ იყოს“ კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ გენიალური ქებანი ვთქვიო!

ამის შემდეგ, რუსთაველი ხაზს უსვამს ამ პოემის დაწერის მოტივაციას - „მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა...“. ავტორი იღებს ამ ბრძანებას, რადგან მისი შესრულება ყველაზე კარგად შეუძლია. აქვე ვკითხულობთ გენიალურ აზრს საკუთარ თავზე, როდესაც რუსთაველი გვიხსნის, რა სჭირდება ბრძანების შესასრულებლად - „აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება...“.

გასაგებია, რომ ხელოვანება - ოსტატობაა, გული - ემოცია, ენა კი - არსი, ლოგოსი, აზრი. ეს არის მთელი შემოქმედებითი წარმოსახვა, ამას ეძახის ენას რუსთაველი. მისი ენა არაა მხოლოდ ლინგვისტური ელემენტი ეს არის სამყაროს ხიბლის, თავად სამყაროს სიტყვებად დანახვა. რუსთაველი სამივე სფეროში აბსოლუტური, წარუშლელი ავტორიტეტია და თან არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურაში, ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდ გენიოსზე. სამწუხაროდ, ამის მტკიცება გვიჭირს მსოფლიოსთვის, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, საკუთარ თავს ვუთხრათ - ასეთი ოსტატობა არსად გვინახავს!

„დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი“.

აქ ავტორი პირველად ახსენებს საკუთარ სახელს - „რუსთველს“. შოთა - გვიანდელი, მეფეების შემონახული სახელია, რაც შემდეგ ჯვრის მონასტერში აღმოჩენილმა ფრესკამაც დაადასტურა, თუმცა, ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, ეს არის სიტყვა „რუსთველი“.

[აქვე უნდა გავიხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს ისტორიისა, რომელიც ჩვენი გენიოსის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება - ანტონ კათალიკოსს, რომელიც თავისებური კაცი იყო და „ვეფხისტყაოსანს“ იწუნებდა, ავტორის გვარი, უფრო სწორად მისი კუმშვა არ მოეწონა და რუსთველს „ა“ ჩაუმატა... სამწუხაროდ, ახლა, ყველა ენაზე „რუსთაველი“ ჟღერს.]

„მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი ... დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი“, - ამბობს შოთა და შემდეგ გვიხსნის, რომ დაუძლურდა, რაც პოეტური ფორმულა უნდა იყოს, რადგან აშკარად სხვა რამის თქმა სურს. ფაქტია, საოცარ ძალას გრძნობს, თავს ეპოსის ავტორად წარმოადგენს და საინტერესოდ აფასებს პირველი, მეორე და მესამე თანრიგის პოეტებს.

პირველი თანრიგის პოეტები, რუსთაველისთვის ეპიკოსები არიან. რომ ჰქონოდა საშუალება, ალბათ ასე ჩამოთვლიდა: მე, ჰომეროსი, დანტე, შექსპირი, გოეთე... ავტორები, რომლებიც დიდმა ამბებმა გამოსცადეს.

მეორე თანრიგის პოეტები არიან ლირიკოსები. ლირიკის ამოცანები შოთამ მოკლედ დასახა, მას საშუალებები დაუწუნა. გალაკტიონს, ან პაულ ცელანს ალბათ გულზე შემოეყრებოდათ რუსთველის განმარტება, რომ პატარა ზომის ლექსს მხოლოდ პატარა საკითხების გადაჭრა შეუძლია. დღევანდელი გადასახედიდან, რუსთაველი არ არის მართალი, მაგრამ ხომ არ გვავიწყდება, რომ ის თავის ეპოქას ელაპარაკება, იმ დროს პატარა ლექსებით დიდ პოემას აბა ვინ გაეჯიბრებოდა?!

მესამე თანრიგის პოეტები სალაღობო, სანადიმო, სამღერელი ლექსების ავტორები არიან - „ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად“. „ჩვენს“ კიდევ დავუბრუნდებით.

ამის შემდეგ რუსთაველი წერს:

„ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია“.

ეს აშკარად აჭარბებს გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მას თამარი უნდა ექო. მისთვის არ დაუვალებიათ, ის შენი სიცოცხლეაო... რა უნდა ვიფიქროთ? ალბათ უნდა დავუჯეროთ ქართულ ხალხურ თქმულებას, რომ პოეტს თამარ მეფე უყვარდა. პირადად მე არ მჯერა, რომ ასეთი პოემის დაწერა ასეთი სიყვარულის გარეშე იყოს შესაძლებელი, თუმცა აქ ისტორიასთან უძლურნი ვართ, რადგან არაფერი ვიცით.

პოემაში საინტერესოდ გვხვდება მიჯნურობების ამბები - „მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში“. ლირიკოსები კი დაიწუნა შოთამ, მაგრამ პროლოგში აშკარად ლირიკული წიაღსვლები გვხვდება, რაც ეპოსს არ ახასიათებს. ჰომეროსს არსად უთქვამს - „მე“, ერთხელ თქვა მხოლოდ - „კაცზე მიმღერე მუზავ“. არსად ჩანს - მითხარი, ვუთხარი და ა.შ. „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი კი სავსეა რუსთველის პიროვნებით.

დაბოლოს, რუსთაველი დაგვემუქრა კიდეც - „ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!“ ტონი ნახეთ! ამას ვერ გაბედავს ჩვეულებრივი პოეტი, ამას ბედავს გენიოსი, რომელმაც იცის, რომ მისი პოემიდან ნაცია, ამ ნაციის უკვდავება დაიბადება. ეს წიგნი რომ არ დაწერილიყო, ჩვენ უბრალოდ მოვკვდებოდით! არაფერი გვექნებოდა მსოფლიოსთვის სათქმელი, რომ არა „ვეფხისტყაოსანი“! რომ არა რუსთველი, არც გურამიშვილი იქნებოდა, არც ბარათაშვილი, არც ვაჟა და გალაკტიონი.

რაც შეეხება უკვე ნახსენებ - „ჩვენს“ - „ჩვენ მათიცა გვეამების...“ ამ შემთხვევაში ჩვენ აღმატების მრავლობითი რიცხვია, ასე საუბრობენ მისი უდიდებულესობა მეფეები. ამ ფორმით რუსთაველმა პოეზიის მეფედ შერაცხა თავი! გამოაცხადა დაახლოებით ის, რაც შემდეგში გალაკტიონმა თქვა - „უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა“!

სხვათა შორის, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, რომელიც ვეფხისტყაოსნიდან საუკუნის შემდეგ დაიწერება, იწყება სიტყვებით - „ჩვენი ცხოვრების ნახევარ გზაზე...“ ჩემი კი არა, ჩვენიო! ეს სერიოზული შეხვედრაა ამ გენიოსებს შორის.

ამ თვალსაზრისით, რუსთაველის მოსწავლეა გურამიშვილიც. „დავითიანის“ პირველივე სიტყვებში გურამიშვილმა „ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე ცბიერი ტაქტიკა გამოიყენა და შოთას პოემის მსგავსად „დავითიანიც“ ღმერთით იწყება:

„ღმერთო, მაჩვენე ყანები
ამ სარწყავთ მონაყვანები;
ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,
ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა“.

როგორც ვხედავთ, გურამიშვილიც რუსთაველის იდენტურ იერარქიას აყენებს: ღმერთი, პოეტი, საგანი. რუსთაველის შემთხვევაში: ღმერთი, რუსთაველი, თამარი; გურამიშვილთან - ღმერთი, გურამიშვილი და საქართველო. ამ მხრივ გურამიშვილი რუსთველის ნამდვილი მოსწავლეა - „ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო...“. ან სად უნდა ენახა, ბევრმა კი სცადა, მაგრამ რუსთველის მსგავსი არაფერი გამოსვლიათ.

დაბოლოს, გურამიშვილმა თქვა ასეთი რამ:

„მე საწუთრომ ბერწოვნება მომახვედრა თავში კობლად:
ძე არ მომცა, არც ასული, შემქნა სახლ-კარ დასამხობლად,
ამ ლექსთ თავი მოუყარე, საცა მეთქვა თვითო ობლად,
აგების რომ ბრძანოს ვინმე სიტყვა ჩემთვის შესანდობლად.

მე უშვილომ ეს ობოლი მძლივ გავზარდე დიდის ჭირით:
რაც ვიცოდი საცოდნელი, მას ვასწავლე სიბრძნე-მცირით“.

„დავითიანი“ არის წიგნი საქართველოზე და, რა თქმა უნდა, გურამიშვილზე, ეს მისი ბიოგრაფიაა, საიდანაც საქართველოს ბიოგრაფიასაც ვკითხულობთ. დავით გურამიშვილმა საკუთარი ბიოგრაფია იშვილა, რათა ეს ობოლი ვინმე ბრძენმა მონათლოს და საქართველომდე ჩაიტანოს. გურამიშვილის ობოლი წიგნი, მისი შვილია, რომელშიც თავად გურამიშვილი და მისი დროის საქართველოა გახვეული - ბრწყინვალე სახეა, რამაც ჩვენს ლირიკაში განვითარება ჰპოვა.

ჩვენი ლირიკის უპირველესი, უდიდესი და უბრწყინვალესი წარმომადგენელი, ჩვენი ყველაზე ევროპელი ავტორი, ჩვენი საოცრება, ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი კაცი, რომლის ლექსების წაკითხვის შემდეგ ილია ჭავჭავაძე ხელახლა დაიბადა და საქართველოს გადარჩენა მოიფიქრა, განსაკუთრებული ავტორია ჩვენს ლიტერატურაში იმ თვალსაზრისითაც, რომ საკუთარი ემოციები პირველმა აქცია პოეზიის წყაროდ.

ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის „მიბრძანეს“, „უნდა დავწერო“ და ობიექტი უმნიშვნელოა, მისთვის მთავარი მის სულში მიმდინარე მოძრაობაა, ამიტომაცაა, რომ მის ლექსებში პოეტი სრულიად განსხვავებულად ჩნდება:

„მიყვარს ყაბახის არემარე ... მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე“; „მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის, მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის“; „მიყვარს თვალები მიბნედილები“; გაგვახსენდება გალაკტიონის - „მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის“, - ეს ბარათაშვილის სკოლაა.

ბარათაშვილის შემთხვევაში, „მიყვარს“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ობიექტი, აქ მისი ემოციაა ყველაზე მთავარი. აქვე ვახსენოთ მისი გენიალური ლექსი - „ჩემი ლოცვა“, სადაც წარმოუდგენელი ძალის სტროფი გვხვდება:

„ცხოვრების წყაროვ, მასვ წმინდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა;
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!“

ესაა დიალოგი ღმერთთან, ლოცვა, სადაც ავტორი ამბობს, რომ არსებობს მხოლოდ ორი რამ - ღმერთი და პოეტი! როგორც იყო ღმერთი და რუსთველი, ღმერთი და გურამიშვილი! თუმცა, მათგან განსხვავებით, ბარათაშვილს არ სჭირდება ობიექტი! რუსთაველს ღმერთისგან ძალა თამარის საქებრად სჭირდებოდა, გურამიშვილის საქართველოს ბედის აღსაწერად, ბარათაშვილს კი თავისთვის სჭირდება, რათა გადარჩეს, გადაურჩეს რუსულ ზღვას, ჭაობს!

უნდა გადარჩეს და გადარჩება კიდეც, როგორც ილიამ თქვა „ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“ - „ვაი ჩვენ, თვარემ შენ მით მაინც ხარ ბედნიერი, რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც აღგადგენს შენა“!

აკი აღადგინა კიდეც!

რაც შეეხება ილიას, მან თავად მოიფიქრა და იტვირთა ქვეყნის ლიდერის როლი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოს მაშინ არჩევანი არ ჰქონია, ილია არავის აურჩევია ერის მამად. მან თავად თქვა:

„მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა“.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვემის ილიას საწუხარი, რომელიც „დგას მარტოკა“ და არავინაა ისეთი, ვისაც საქართველოს ტკივილი შეიძლება გაუზიაროს:

„მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არის მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო!..“

ილიას ღვაწლი, მისი მთავარი წარმოდგენა საკუთარ თავზე იყო ის, რომ უანგაროდ ემსახურებოდა საქართველოს და აკი საყვედურობდა კიდეც წინა თაობას:

„ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია“.

ან კიდევ, თერთმეტმეტრიანი, რომელიც ილიამ გრიგოლ ორბელიანს დაურტყა:

„ის არ ხართ თქვენა,
რომ ღვიძლი ენა
ბრძანებით დაჰსთმეთ აღმოსაკვეთად?!
შიშით არც კარში
და აღარს სახლში
მას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად“.

და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელმაც ხაზგასმით თქვა - „ჩემო კარგო ქვეყანავ!“, ჩემო...

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^