8 ოქტომბერს „არქის“ ერთ-ერთმა მეწილე თენგიზ წულაიამ სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი შესწირა. იგი შპს „პრაიმ არქის“ 20%-იანი წილის მფლობელია.
თენგიზ წულაია ასევე „არქი პრომოუშენის“ დირექტორია, „არქი ენერჯიში“ კი, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ილია წულაია 30%-იანი წილს ფლობს, წილის მმართველი და დირექტორია. თენგიზ წულაია წილის მმართველი და ხელმძღვანელია „არქი საბურთალოშიც“. 59%-იანი წილის მმართველი და დირექტორია „არქი დეველოპმენტში“, აღნიშნულ შპს-ში 59%-იან წილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია წულაია ფლობს.
თენგიზ წულაიამ 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა.
სექტემბერში სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტი, 60-60 ათასი ლარი (ჯამში 180 ათასი ლარი) შესწირეს „არქის“ წარმომადგენლებმა - კახაბერ კობაივანოვმა, ირაკლი ქაფიანიძემ და დიმიტრი ადამიამ.
კახაბერ კობაივანოვი შპს „არქი გლდანის“ დირექტორია, ასევე „ევრაზია დეველოპმენტ გრუპის“ დირექტორი. დიმიტრი ადამია კი „არქი ვარკეთილის“ დირექტორი და 24%-იანი წილის მფლობელია, მან 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი შესწირა.
ირაკლი ქაფიანიძე კი „არქი ივესტმენთისა“ და „არქი ჰოტელსის“ 33-33%-იანი წილის თანამფლობელია. მისი პარტნიორია „ქართული ოცნების“ დეპუტატი - ივლიანე წულაია. ირაკლი ქაფიანიძემ „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს 50 ათასი, ხოლო 2017 წელს 40 ათასი ლარი შესწირა.