ნინო გოგუას “მადონა”– საერთაშორისო კონკურსში მოხვდა
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც ყოველი წლის აპრილში დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინოფესტივალი Visions Du Reel ეწყობა, წელს სპეციალური ფოკუსი საქართველოზე გაკეთდა. 15 ფილმის რეტროსპექტიული ჩვენება, ერთი ახალი ფილმი მთავარ კონკურსში და 6 პროექტი – ასე იყო წარმოდგენილი საქართველო ფესტივალზე.
მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა, ქართული დოკუმენტური კინოს ასეთი მასშტაბური „გასვლითი ტური“ პირველად მოეწყო. პროექტი შვეიცარიის განვითარების ფონდისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით შედეგად შედგა, რასაც წინ პირადი შეხვედრები და მოლაპარაკებები უძღოდა. ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, ნანა ჯანელიძე ამბობს, რომ ის Visions du Reel-ის დირექტორს, ლუჩანო ბარიზონეს მისმა ქართველმა კოლეგამ, დოკუმენტური კინოს ფესტივალის – „სინედოკის“ დირექტორმა, არჩილ ხეთაგურმა დააკავშირა: „ლუჩანო ბარიზონეს პირველად შარშან შევხვდი ბერლინალეზე და ჩვენს თანამშრომლობაზე საუბარი სწორედ იქ დაიწყო. შემდეგ ის „სინედოკზე“ ჩამოვიდა, ფილმები ნახა და გვთხოვა 2000 წლიდან 2014 წლამდე გადაღებული ნამუშევრები გაგვეგზავნა მათი ფესტივალისთვის. საბოლოოდ გადაწყდა, რომ წლევანდელი ფოკუსი საქართველო იქნებოდა, – აღნიშნავს ჯანელიძე.
Visions Du Reel-მა სანოკურსოდაც ერთი ქართული ფილმი შეარჩია. ახალგაზრდა რეჟისორის, ნინო გოგუას სადებიუტო ნამუშევარი - „მადონა“ - ფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა. ფილმი საქართველოში ავტობუსის ერთადერთი მძღოლი ქალის, 57 წლის მადონას ამბავს ჰყვება და მისი პრემიერა სწორედ ნიონის კინოფესტივალზე შედგა: „ორი ჩვენება იყო და ორივეზე სავსე იყო დარბაზი, დაინტერესებაც საკმაოდ დიდი იყო, რაც ჩვენების შემდეგ დასმულ შეკითხვებშიც გამოიხატა“, – ამბობს ნინო გოგუა „ლიბერალთან“ საუბარში. მისივე ინფორმაციით, ფილმით უკვე სხვა ფესტივალების წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ და უახლოეს მომავალში ნამუშევარს შესარჩევად მათაც გაუგზავნიან.
„ძალიან კარგი გამოცდილება იყო, თან რადგან დოკუმენტურ ფილმებზეა აქცენტი, აქ კონცენტრირებულია ყველაფერი და კონტაქტების დამყარებაც უფრო ადვილია, დიდი ბაზაა პოტენციური პროდიუსერების და ბაიერების“, – ამბობს „ მადონას“ პროდიუსერი ნათია გულიაშვილი.
გარდა ამისა, ფესტივალმა 6 ქართული პროექტი მიიწვია და მათ ავტორებს შვეიცარიული ფონდის, Vision sud est-ისმიერ ორგანიზებულ ფიჩინგის სესიაში მონაწილეობის საშუალება მიეცათ, სადაც მათ პროექტები საერთაშორისო კინოპროფესიონალებთან წარადგინეს.
გამარჯვებული და 10 000 შვეიცარიული ფრანკის მფლობელი თინა გურჩიანის ახალი პროექტი „სატრფიალო პასტორალი“ გახდა. როგორც გურჩიანი აღნიშნავს, საერთაშორისო მასშტაბით პროექტი სწორედ ნიონში წარადგინა პირველად და შესაბამისად, ეს ჯილდოც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის:
„ეს ფესტივალი თავის დროზე მთავარი კინოფესტივალი იყო დოკუმენტური კინოსთვის და დღესაც ალბათ მსოფლიოს ხუთეულში შედის. აქ გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ფულადი პრიზიც სოლიდური იყო და, გარდა ამისა, ჟიურის წევრებიც ძალიან გავლენიანი ადამიანები იყვნენ და მთლიანობაში ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. კო–პროდიუსერების მოძიებას რაც შეეხება, აქ ჩვენი მთავარი მიზანი ეს არ ყოფილა, რადგან ნაწილობრივ უკვე გარკვეულია თანადაფინანსების წყაროები, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ტელეარხებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს“, – ამბობს რეჟისორი.
ფილმში მოხუცი ადამიანები საკუთარ ისტორიებს მოგვიყვებიან და მისი გადაღება სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება.
ამავე კონკურსში ჟიურის „განსაკუთრებული აღნიშვნა“ ( special mention ) დაიმსახურა რატი ონელის პროექტმა „ მზის ქალაქი“. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო არ ყოფილა, ამ ნომინაციაში გამარჯვება პროექტის სამომავლო წარმატებისთვის ასევე ბევრ პერსპექტივას აჩენს:
„გარდა იმისა, რომ თვითონ ეს აღიარება არის ძალიან კარგი და კო–პროდიუსერების მოძებნის შანსებს ზრდის, ეს ფონდი Visions sud est საშუალებას გვაძლევს პოსტპროდუქციისთვის გრანტის მოსაპოვებლად შევიტანოთ განაცხადი, და რადგანაც ჟიურის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, აქაც დიდია წარმატების შანსი“, – ამბობს რატი ონელი.
რაც შეეხება ქართული ფილმების პანორამას, აქ ბოლო დეკადაში გადაღებული ისეთი ფილმები იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა თინა გურჩიანის სანდენსის გამარჯვებული ნამუშევარი „მანქანა , რომელიც ყველაფერს გააქრობს“, ნინო კირთაძის ფილმი „ მილსადენი გვერდითა კართან“ ( ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს ლაურეატი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის), სალომე ჯაშის ასევე არაერთი პრიზის მფლობელი „ბახმარო“ და სხვ.
როგორც ნანა ჯანელიძე ამბობს, ფილმებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და მათი ჩვენების სურვილი უკვე სხვა ფესტივალებმაც გამოთქვეს. კინოცენტრის დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ ამ მზარდი ინტერესისა და საერთაშორისო აღიარების შემდეგ, საქართველოში დოკუმენტურ კინოში უფრო მეტი რესურსების აკუმულირება მოხდება:
„ვფიქრობ, ეს წარმატება გარკვეულწილად ხელსაც შეუწყობს, რომ ფართო საზოგადოებამ, მედიამ, კინოთეატრებმა და თუნდაც სახელმწიფომ უფრო დააფასოს კინოს ეს მიმართულება და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. ეს დოკუმენტალისტები არიან ფლაგმანები, რომლებიც ასახავენ რეალობას , ქმნიან ისტორიას, შეულამაზებელ, არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ და არაპროპაგანდისტულ ისტორიას. საჭიროა, ყველამ გაიაზროს მათი მნიშვნელობა“, –აღნიშნავს ჯანელიძე.