Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამიერ კავკასიის დროებითი მთავრობა

29 აპრილი 2015

ამიერ კავკასიის დროებითი მთავრობა

„საქართველო“, #252, გიორგობისთვის 14 (27),  1917 წ.

 

გიორგობისთვის 11-ს ქალაქ თბილისში მოწვეულ იქმნა საგანგებო თათბირი ამიერ-კავკასიაში დროებითი მთავრობის მოწყობის შესახებ. თათბირი დაიწყო სახალხო სახლში 11 საათზე. თავმჯდომარეობს ე[ვგენი] გეგეჭკორი. თათბირს დაესწრნენ საოლქო ცენტრები, მუშათა და გლეხთა დეპუტატები, კავკასიის ლაშქრის დეპუტატები, მუშათა და ჯარის კაცთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, ამიერ კავკასიის საგანგებო კომიტეტის, სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების), ბოლშევიკების, სოც[იალ] რევოლუციონერების, ს[ოციალ] ფედერალისტების, „ბუნდის“, მაჰმადიანთა დემოკრატიულ ორგანიზაციების, სრულიად რუსეთის რკინის გზათა, ფოსტა-ტელეგრაფის, პროფესიულ კავშირთა და კოოპერატივების წარმომადგენელნი.

ხსენებულ საკითხზე მოხსენება წაიკითხა კავკასიის მხედრობათა კომისარმა დონსკოიმ.

დონსკოიმ აღნიშნა, რომ ბოლშევიკების აჯანყებამ ანარქიის საზღვრები გააფართოვა. მომავალი სიბნელითაა მოცული. ამიერ კავკასია მოწყვეტილია. შველას არც პეტროგრადიდან და არც მოსკოვიდან არ უნდა მოველოდეთ. ამიტომ უნდა მოველოდეთ. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ მთავრობის მოწყობაზე. ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე შეეცადნენ ავტორიტეტულ მთავრობის შექმნას. ამიერ კავკასია სურსათის მხრივ დამოკიდებულია ჩრდილოეთ კავკასიაზე და ამ უკანასკნელს ამიერ კავკასიასთან უკონტაქტოთ მუშაობა არ შეუძლიან. დროებით მთავრობის მოწყობას თვით მდგომარეობა გვიკარნახებს და მისი აუსრულებლობა არ შეიძლება.

მთავრობა ასე უნდა მოეწყოს. ეხლა კანონიერი არჩევნები სწარმოებს. თუ დამფუძნებელ კრებისათვის დელეგატების მიერ არჩეული პირები დამფუძნებელ კრებაზე წავლენ, დანარჩენები, ხალხის ნდობით აღჭურვილი პირები აქ დარჩებიან მთავრობაში. ეს აზრი გაიზიარა შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენელმა.

ეს აზრივე გაიზიარეს ყველა დამსწრეთ, გარდა ბოლშევიკებისა. ბოლშევიკების წარმომადგენელმა ფ[ილიპე] მახარაძემ საოლქო მთავრობის მოწყობა კონტრ-რევოლუციურ აქტად გამოაცხადა, ამასთანავე სცდილობდა დაემტკიცებინა, ვითომც ამიერ კავკასიაში სრულებითაც არ არის საჭირო დროებითი მთავრობის მოწყობა. ბოლოს დასძინა: ამბობენ, სამოქალაქო ომი სწარმოებსო. არავითარი ასეთი ომი არ არის. ომობენ მხოლოდ ნამდვილი რევოლუციონერები და კონტრ-რევოლუციონერები, და ალბათ მენშევიკები და სოციალ-რევოლუციონერები ამ უკანასკნელებს უერთდებიან. ფ[ილიპე] მახარაძის წინააღმდეგ ილაპარაკეს: სოციალისტ-რეოლუციონერმა ლუნკევიჩმა და ჯუღელმა (ბოლშევიკებს ჩამოშორდა) და სოც[იალისტ]-რევ[ოლუციონერმა] ქარცივაძემ. ამ უკანასკნელმა მთლად გაიზიარა დონსკოის პროექტი მთავრობის შესახებ.

სიტყვა წარმოსთქვა ნოე ჟორდანიამ. მან გამოაცხადა, - ფ[ილიპე] მახარაძემ მთლად გადაგვახვევინა თემას.  მენშევიკების სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ დონსკოის პროექტს ვიზიარებთ. მდგომარეობა გვიკარნახებს საკუთარ მთავრობის შექმნას. იგი მთავრობა დროებითი მთავრობა იქნება. ის გაატარებს ფინანსიურ, სასურსათო და სხვა და სხვა ზომებს ზურგისა და ფრონტის სახსნელად. 

ჟორდანიას სიტყვას მქუხარე ტაშით შეეგებნენ.

დასასრულ მიღებული იქმნა შემდეგი რეზოლუცია: რადგან არ არსებობს ყველას მიერ მიღებული ცენტრალი მთავრობა, და შესაძლოა ანაქრიამ ამიერ კავკასიაშიც იჩინოს თავი, ამასთან, რადგან გადასაწყვეტია მთელი რიგი საზოგადო, ეკონომიური  და ფინანსიური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაზე დამოკიდებულია ამიერ-კავკასიის ბედი, თათბირმა დააგინა:

1) ვიდრე დამფუძნებელი კრების არჩევნები დასრულდებოდეს ამიერ-კავკასიას განაგებდეს საზოგადოებრივ დაცვის კომიტეტი. კომიტეტში შევიდნენ ამიერ-კავკასიის ყველა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2) არჩევნების შემდეგ დროებით მთავრობის მოწყობა, მისი შემადგენლობა დავალდეს არჩეულ პირებს შემდეგ პირობებით.

  1. ადგილობრივ საოლქო პოლიტიკის შემოღება, სრულიად რუსეთის დემოკრატიასთან კავშირით, საერთო სახელმწიფოებრივ საკითხების გადაწყვეტა.
  2. ადგილობრივ მიმდინარე საკითხების ავტონომიური გადაწყვეტა.
  3. ამიერ-კავკასიის სრულიად რუსეთის სრულ უფლებიან დამფუძნებელ კრებამდე მიყვანა ანდა იმ მომენტამდე - სანამ შესდგებოდეს ყველას მიერ მიღებული რევოლუციურ-დემოკრატიული მთავრობა.
  4. თავის მოქმედებაში უნდა ეყრდნობოდეს საოლქო და მუშათა და  ჯარის კაცთა დეპუტატების ადგილობრივ საბჭოებსა და თვით მართველობათა ორგანოებს.

 

სტილი დაცულია

სპეციალურად "ლიბერალისთვის" მასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^