Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობის დაკომპლექტებისა და ახალი მინისტრების დანიშვნის კონსტიტუციურობა

03 მაისი 2015

საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით ოცი წევრისაგან შედგება. კონსტიტუცია (78-ე მუხლის 2 პუნქტი) გარკვევით განმარტავს რომ, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ მოქმედი (ნდობაგამოცხადებული) მთავრობის  წევრთა ერთი მესამედის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღებას საჭიროებს (811პირველი პუნქტი) და მიუთითებს მე-80 მუხლზე.  პრემიერ-მინისტრი მთავრობის თავმჯდომარე და ამასთანავე მთავრობის წევრია. მას, ისე როგორც მთლიანად მთავრობას, შეუწყდა პარლამენტის ნდობა და თვითონ და მისი მთავრობა  ნდობის გამოცხადებას ხელახლა საჭიროებს.  მხოლოდ იმის შემდეგ შეძლებს პრემიერ-მინისტრი, წარუდგინოს პრეზიდენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, როცა თვით პრემიერი პარალმენტის უმრავლესობის მიერ იქნება შერჩეული. მანამდე კი, იგი ისე როგორც მთავრობის სხვა წევრები მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

მართალია, საქართველოს კონსტიტუცია ზოგიერთ შემთხვევაში იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთვევაში მან (მე-80 მუხლით) ცალსახად დაადგინა პროცედურა, რომელიც მეშვიდე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის  შემდეგ (811 მუხლში მითითებული მოცემულობის დადგომისას) უნდა განვითარდეს. კერძოდ კი, თუკი პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა ერთი მესამედით განახლდება,  საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას. ამ უკანასკნელის შესარჩევად კი კონსტიტუცია მე-80 მუხლში აღწერილ პროცედურაზე მიუთითებს. რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის როლი ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურია, წამოაყენებს უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს ნდობის მისაღებად საქართველოს პარლამენტს. პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის (76 პარლამენტის წევრის) მხარდაჭერის შემთხვევაში ითვლება, რომ  სამთავრობო შემადგენლობამ მიიღო პარლამენტის ნდობა და მხოლოდ მაშინ არის იგი  უფლებამოსილი განახორციელოს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებანი.

თუ მოვლენები პარლამენტში ამგვარად არ განვითარდა, მაშინ კონსტიტუცია შემდგომ პროცესებში პრეზიდენტის ჩართულობას ითვალისწინებს  და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენის განსხვავებულ პროცედურას ადგენს.

დღეს მიმდინარე პროცესი არ არის კონსტიტუციით დადგენილი წესის შესაბამისი. რადგან პარლამენტის მიერ ფორმალურად არ მომხდარა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისადმი ნდობის გამოცხადება. შესაბამისად თვით პრემიერ-მინისტრის კანდიდატს, მართალია შეუძლია შეარჩიოს მთავრობა, მაგრამ ნდობის გამოცხადებამდე ბრძანებით ვერ დანიშნავს მათ. მას პარლამენტისაგან დამოუკიდებლად მხოლოდ მთავრობის ერთი მესამედამდე - ექვსამდე, შეცვლა შეეძლო. როგორც კი მთავრობის ერთი მესამედი შეიცვლება, მთავრობა ნდობაამოწურულად ითვლება. შესაბამისად ახალი დასახელებული მინისტრები არიან მინისტრობის კანდიდატები და არა მინისტრები. ხოლო ის მინისტრები, რომლებიც ძველ მთავრობაშიც იყვნენ, მიმდინარე პროცესში არიან მინისტრის მოვალეობის შემსრულებელები და იმავდროულად მინისტრობის კანდიდატები.

კონსტიტუციური პრინციპია ის, რომ მთავრობის (მათ შორის პრემიერის) უფლებამოსილების შესრულების წინაპირობაა მისდამი ნდობის გამოცხადება. პრემიერის უკვე გაცემული ნდობის მანდატი მინისტრობის შეცვლის ერთი მესამედით შემოიფარგლება. მეშვიდე და შემდგომ მინისტრებს იგი მხოლოდ მაშინ დანიშნავს ერთპიროვნულად, როცა პარლამენტისაგან იგი ამისათვის ნდობას მიიღებს.  სხვაგვარი განმარტებით, უბრალოდ აზრი ეკარგება კონსტიტუციით გამყარებულ ნდობის პრინციპს. თუ ნდობის გარეშე მინისტრები ასრულებენ თავიანთ მოვალეობას,  მაშინ რაღა საჭიროა მთელი ეს პროცესი?

პრეზიდენტის როლი ამ შემთხვევაშიც იმდენად ფორმალურია, რომ მას მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენისათვის მხოლოდ 7 დღემდე დროის განსაზღვრა შეუძლია. იგი არ ფლობს არსებით უფლებამოსილებებს.

 ზოგადად, მთავრობისადმი ხელახალი ნდობის საკითხის დადგომა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ნორმალური პროცესია, და იგი პოლიტიკურ კრიზისის მაჩვენებლად არ უნდა ჩაითვალოს. თუმცა კონსტიტუციური პროცედურების გვერდის ავლამ შესაძლოა  სწორედაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს.

 

ანა ფირცხალაშვილი - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
                                                                                                                                       

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^