პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საზოგადოებაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია, თუმცა ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ დიდ უმრავლესობას ბოლომდე არც აქვს გააზრებული - რა არის პერსონალური მონაცემები, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს პირს მისმა არასწორი ფორმით გასაჯაროებამ.
პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პირები პენიტენციურ სისტემაში არიან განთავსებულნი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ ესენი არიან ბავშვები.
საერთაშორისო სტანდარტები კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით უფრო მაღალ მოთხოვნებს აწესებს და ხაზს უსვამს ერთ-ერთ უმთავრესს პრინციპს - ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობას.
რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი?
უფროსებისგან ბავშვებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება, აგრეთვე ემოციური და საგანმანათლებლო საჭიროებები განასახვავებს. ზუსტად ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის შედარებით მსუბუქი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს სისხლის სამართლის ტრადიციული ფუნქციების როგორიცაა დასჯა/რეპრესია, მის ჩანაცვლებას რეაბილიტაციითა და აღდგენითი მარლთმსაჯულებით.
ბავშვების მიმართ პატიმრობა, უნდა გამოიყენებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ მაშინ როდესაც სხვა ნებისმიერი ზომა არ არის ეფექტიანი. თუმცა როცა ბავშვი მაინც ხვდება ციხეში, დასაფიქრებელია ვინ უნდა იცოდეს ამის შესახებ? ვის უნდა მიუწვდებოდეს მის შესახებ არსებულ ჩანაწერებზე ხელი? და რატომ უნდა იყოს ეს ინფორმაცია დაცული?
სამწუხაროდ, საზოგადოება ნაკლებად ტოლერანტულია იმ პირების მიმართ, ვინც ციხეში ხვდება და ხშირ შემთხვევაში მათ სამუდამოდ აწებებს დამნაშავის იარლიყს. იარლიყმიკრულ ადამიანს ბარიერი აქვს აღმართული საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, ის ვერ ახერხებს დასაქმებას, საზოგადოების ზოგიერთი „უმწიკვლო“ წევრები ხშირად მათ უყურებენ როგორც პირებს, რომელსაც მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ.
პოლიტიკოსები, დაინტერსებული პირები ხშირად ცდილობენ დეტალურად შეისწავლონ მათი ოპონენტების წარსული და როგორც კი რამეს მიაგნებენ, თუნდაც ეს იყოს უმნიშვნელო გადაცდომა ჩადენილი არასრულწლოვნობის პერიოდში, ამას იყენებ მათი დისკრედიტაციისთვის. ჩვენ ძალიან გვიყვარს სიტყვა „ტოლერანტობის“ ხმარება და ჩვენი საამაყო ისტორიული წარსულის გახსენება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ჩვენი საქციელი შეუწყნარებლობის ნათელი მაგალითია.
ბევრი რამე გვავიწყდება, მაგრამ ყველა კარგად დავფიქრდეთ ერთ საკითხზე! მოზარდობის ასაკში ჩაგვიდენია თუ არა ისეთი საქციელი, რომელიც არ შეესაბამება სოციალურ ნორმებს ან სამართლებრივად რომ შევხედოთ არის უბრალოდ კანონის დარღვევა, თუმცა ბოლომდე არ შეგვიძლია ავხსნათ რატომ ჩავიდინეთ ესა თუ ის საქციელი. რამდენჯერ ვიყავით კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმის ზღვარზე, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს ნაბიჯი არ გადავდგით. და ის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდით ციხეში ან სხვა სახის დახურულ ინსტიტუციაში შეიძლება მხოლოდ უბრალო გამართლება იყოს და არა იმიტომ, რომ „უმწიკვლოდ“ ვიქცეოდით. დაფიქრებულხართ თუ არა, როგორ შეეძლო ზოგიერთ გარემოებას მთლიანად შეეცვალა თქვენი ცხოვრება, თუმცა თქვენ ამის აცილება შეძელით.
უნდა დავსვათ შემდეგი სახის კითხვა - იარლიყის მიკვრის სტიგმა შეაჩერებს თუ არა „გიორგის“ (პირობითად) მომავალში დანაშაულის ჩადენისგან?
„გიორგი“ რომელსაც მიაკრეს დამნაშავის იარლიყი და ამით მას გადასცეს იდენტურობა, დაიწყებს მის გათავისებას და სისრულეში მოყვანას. დამნაშავის იარლიყმა შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშოს „გიორგის“ ოჯახისა და თანატოლების სოციალური გარემოდან მის გამოძევებაში, მაშინ როდესაც ეს იარლიყი კრიმინალური სამყაროსთვის მისაღები იდენტობაა.
„ახალგაზრდული ქმედებები ან საქციელი, რომლებიც არ შეესაბამება ყველა სოციალურ ნორმას და ღირებულებას, ხშირად წარმოადგენს განვითარებისა და ზრდის ნაწილს და სპონტანურად უჩინარდება უმეტეს პირობებში ზრდასრული ასაკის მიღწევისას“ - ასეთი ჩანაწერი გვხვდება გაეროს ერთ-ერთ დოკუმენტში (რიადის სახელმძღვანელო პრინციპები, 5, ე). უნდა გვესმოდეს, რომ მოზარდს განვითარების ცალკეულ ეტაპზე იზიდავს თანატოლთა დევიანტური სუბკულტურები. ეს ალბათ ყველას გამოუცდია, ზოგი გავიდა სამშვიდობოს, თუმცა ზოგს ნაკლებად გაუმართლა და მოხვდა ციხეში.
ზუსტად ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უნდა იყოს დაცული ციხეში ყოფნის გამოცდილების მქონე ბავშვის შესახებ არსებული მონაცემები მისივე საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ პირებისგან, ვინც არ იცის მისი გამოყენება, უფრო კი პირიქით იყენებს აღნიშნულ ინფორმაციას ბავშვის ინტერესების საზიანოდ.
არის თუ არა დღეს დაცული ბავშვთა მონაცემები პენიტენციურ სისტემაში?
სამართლებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ბავშვის შესახებ არსებულ მონაცემებზე ხელი შეიძლება მიუწვდებოდეთ იმ პირებს ან ორგანოებს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია; არ არის განსაზღვრული კონკრეტული პირთა წრე, ვინც შეიძლება გაეცნოს ბავშვის პერსონალურ მონაცემებს; არ არის განსაზღვრული პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა და განადგურების წესი. ხოლო აღნიშნული ხარვეზები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ დიდი რისკის შემცველია ზოგადად სამართალდამცავ სისტემაში წლების განმავლობაში არსებული მანკიერი პრაქტიკისა და უკანონოდ მოპოვებული პირადი ინფორმაციის არაერთხელ გასაჯაროების გამო.