Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უცნობ მუშათა პირველი მაისი

06 მაისი 2015

1 მაისის სახელს მღელვარე რევოლუციური წასულის მქონე ტფილისში პატარა ქუჩა ატარებდა, შუაბაზრიდან ალავერდოვის (ყოფილი აბას-აბადის) მოედნისკენ რომ უხვევდა. აქ 1903 წელს მძიმე რეპრესიებით შევიწროებულმა სოციალ-დემოკრატმა მუშებმა მაინც გაბედეს საპირველმაისო დემონსტრაციის გამართვა: ქუჩაში მიმავალ დაკრძალვის პროცესიას აედევნენ, წითელი დროშაც გამოფინეს და პოლიციასთან და ჯართან მომენტალურად ამტყდარი ცემა-ტყეპის შემდეგ ამ შესახვევიდან შუასაუკუნეების ქუჩების ლაბირინთში ჩაიკარგნენ.

 

ეს ტრაგი-კომიკური აქცია  მნიშვნელობით ახლოსაც ვერ მოვიდოდა 2 წლის წინანდელ პირველმაისობასთან. თუმცა ადგილმა, სადაც ტფილისის პროლეტარიატმა საჯაროდ პირველად აღმართა წითელი დროშა და საკუთარი უფლებების მინიმუმის რეალიზაცია ხმამაღლა მოითხოვა, ერთ შეხედვით უცნაური გულგრილობა დაიმსახურა ქალაქის „საბჭოთა მამების“ მხრიდან, რომლებმაც სახელწოდებებითა თუ მემორიალური დაფებით 1920-იანი წლებიდანვე დაიწყეს საჯარო სივრცეში გმირული ბრძოლის ამსახველი ადგილების მონიშვნა.

ასეთ მნიშვნელოვან ხსოვნის ადგილს 1930-იან წლებამდე ჯერ კიდევ დრომოჭმული სალდათის ბაზრის, რუსისა და ხაზინის ქუჩების სახელები ერქვა. ცვლილების გადაწყვეტილების მიღებისას კი ახალ სახელად მისთვის „კოლმეურნეობის მოედანი“ გაიმეტეს. იგნორირების მიზეზი, დიდი ალბათობით, სალდათის ბაზარში 1901 წლის 22 აპრილს გამართული პირველმაისობის დემონსტრაციის ლიდერებისა და მედროშეების სახელების ხსენებას მოყოლილი უხერხულობები გახდა - 20 წლის განმავლობაში, რევოლუციის ტალღებმა მაშინდელი თანამებრძოლები ბარიკადების სხვადასხვა მხარეებზე გადაისროლა, პარტისტორიის ცენზურის ჩრდილმა კი ძველ რევოლუციონერებს ენაზე კბილის დაჭერა, ან ბოლშევიკური ლექსიკონით ლაპარაკი ასწავლა.

ტოტალური სიყალბის ეპოქის დადგომის შემდეგ, კარგა ხნის მანძილზე სასკოლო თვალსაჩინოებების ალბომებში უჩა ჯაფარიძის სურათსაც ნახავდით - კეტებით შეიარაღებული ჯგუფი წითელი დროშით ცხენოსან პოლიციას ებრძვის; უპიროვნო სახეებში ერთადერთი ნაცნობი კი - ახალგაზრდა კობა ჯუღაშვილი, გახუნებული პალტოთი და ჭრელი შარფით, საქმიანი იერით განკარგულებებს აძლევს მუშათა რაზმს. პირველმაისობის ეს საკულტო გამოსახულება სტალინის დიდებასთან ერთად მიაფარეს თვალს, ამ საეტაპო მოვლენის ნამდვილი გმირების ტრაგედია კი უფრო ღრმად ჩაიმარხა აკრძალული ლიტერატურისა და არქივების საცავებში.

„...პირველ მაისს ხმელეთის ოთხივე კუთხეში ფეხზე დგება დაჩაგრული კაცობრიობა და ერთ ხმად აცხადებს პროტესტს დამჩაგვრელთა წინააღმდეგ! პირველ მაისს ქვეყნადა ქუხს ხმა სიმართლისა და მოიწოდებს ყველა ხალხს თავის დროშისაკენ. მაშ ვიგრძნოთ ჩვენც ის და გამოვეხმაუროთ მის წარმომგზავნთ! ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ ჩვენ, თფილისის მუშებსაც, გვყავს მჩაგვრელნი და ჩვენც ვიცით მათთან ბრძოლა. დროშა სამართლიანობის და თანასწორობის აღვმართოთ ჩვენც და ზედ მოვაქარგოთ ჩვენი მიუცილებელი მოთხოვნილებანი, ამ დიდებულ დღეს მოვითხოვოთ ის, რაც ყველა მოწინავე ერთ აქვთ და ჩვენ არა გვაქვს. ვთქვათ ის, რაც თვითეულ ჩვენგანს გულში აქვს და პირით ვერ უთქვამს, ვთქვათ ერთათ ერთ ხმათ და მით ძმური ჭირი და ლხინი ძმურათ გავიყოთ ...“

18 აპრილის დილით, ტფილისის ფაბრიკების ჭიშკრებზე და მთავარი ქუჩების ლამპიონებზე გამოჩენილმა პროკლამაციამ რამდენიმეკვირიანი დაძაბული მოლოდინი გაუმართლა ჟანდარმერიას. უკვე საკმაოდ სახიფათო ძალად ქცეულ მუშათა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში ჩანერგილი წვრილფეხა ინფორმატორების ცნობა გამართლდა - 1898 წლიდან მოყოლებული, ქალაქგარეთ მოუხელთებელი ზეიმების შემდეგ, ახლადშექმნილმა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ტფილისის კომიტეტმა, მუშების დაჟინებული თხოვნით პირველი მაისის დემონსტრაციის ქალაქში გამართვა გადაწყვიტა.

 

კომიტეტს კარგად ჰქონდა გათვლილი ხელისუფლების მკაცრი პასუხი ასეთ აშკარა ამბოხზე და ამიტომ წინასწარვე მიიღო ზომები მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად და მოსალოდნელი რეპრესიების გავლენის შესამცირებლად. გადაწყდა მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, ტფილისის დემონსტრაცია სწორედ ევროპული კალენდრით და არა ადგილობრივი დროით გამართულიყო, „ინტელიგენტებს“ (პარტიის მეორე კასტას - თეორეტიკოს, პროპაგანდისტ და არა მუშა ორგანიზატორებს) დემონსტრაციაში მონაწილეობა აკრძალვოდათ, ხოლო მუშათა ლიდერებს წილისყრით გადაეწყვიტათ, ვინ აღმართავდა დროშას და საციმბიროდ გაიხდიდა საქმეს.

მიხეილის პროსპექტის ვიწრო შესახვევში, ძმები ჩოდრიშვილების სახელოსნოში, წილისყრამ ეს პატივი არაქელა ოქუაშვილსა და ზაქრო ჩოდრიშვილს არგუნა, რომლებიც ტფილისის კომიტეტის  წევრები და მუშათა მოძრაობის სული და გული იყვნენ. მათვე ითავეს 18 აპრილის დილაბნელზე ნოე ჟორდანიას დაწერილი და ვლასა მგელაძის მიერ არალეგალურად ნაბეჭდი პროკლამაციების გავრცელება და დემონსტრაციის ადგილის შერჩევა. თუმცა ქალაქის ცენტრალურ უბნებში ლამის საომარი სამზადისი აღმოაჩინეს - პოლიციას და ჟანდარმერიას უკვე დაეწყო სტრატეგიული ადგილების გამაგრება მეფისნაცვლის სასახლის ირგვლივ და ხმალგაშიშვლებული კაზაკები ერთად თავშეყრილ სამ კაცსაც კი ქორებივით აცხრებოდნენ თავს.

იმედგაცრუების ელდამ მალე გაიარა და ამბოხის ჟინმა მაინც თავისი გაიტანა - არაქელა ოქუაშვილს მეტად ეშმაკური აზრი დაებადა - დემონსტრაცია 4 დღით გვიან, კვირას, 22 აპრილს, სალდათის ბაზარ „იარმუკაში“ გაემართათ, სადაც მილეთის ხალხი ირეოდა და პოლიცია შეკრებას წინასწარ ვერ დაუშლიდათ. თანაც სალდათის ბაზრიდან ან პუშკინის ქუჩის მხრიდან გაიჭრებოდნენ გოლოვინსკზე ან, ალექსანდრეს ბაღის გავლით, ბარიატინსკის ქუჩიდან, რაც მეფის სატრაპებს მეტ თავისტკივილს გაუჩენდა. 

22 აპრილის დილით ალექსანდრეს ბაღის განაპირას სალდათის ბაზარში ლურჯბლუზიანი და გრუზათმიანი მუშების ნაწილი ინტერესით ათვალიერებდა თითქოს გასაყიდად გამოტანილ გათლილი შინდის ჯოხების გროვას, ნაწილი კი შეჯგუფულიყო და თვალებით ბურღავდა ხალხში არეულ პოლიციელებს, შენობების კუთხეებში მოფარებულ ცხენოსან კაზაკებს და კონკის ვაგონიდან მომზირალი ჟანდარმთა შეფობის - ლავროვის, ცისის და ზასიპკინის ნაცნობ სიფათებს.

12 საათისთვის ერთ-ერთ ჯგუფში ნერვიული ფუსფუსი ატყდა - არაქელა ოქუაშვილმა ცოლისძმას - კარაპეტა ბელოევს პალტოს შიგნიდან ტანზე დახვეული, კოლა მაჭარაძის მიერ სამი წლის წინათ მოხატული წითელი ბაირაღი შემოაცალა და იქვე სიახლოვეს, აღელვებისგან აკანკალებული ხელით გაბო ოქოევის მაღაზიიდან გამოტანილი ჭერის საწმენდი „ჩოთქის“ ტარზე აბმა დაიწყო. ამასობაში ერთ-ერთმა მუშამ გასაყიდად გამოტანილი „ტაბურეტკაც“ მოიხელთა და ზედ შემდგარი ტანმორჩილი გიორგი თელიას პირველი სიტყვებისა და „ვაშას“ ყვირილის ფონზე ბაზრის მოლივლივე თავების ზემოთ წითელი, ნაქარგი დროშა გაიშალა. ეფექტი იმდენად მოულოდნელი გამოდგა, რომ იქვე მდგარმა „გოროდოვოიმ“ მეწამულ ბაირაღზე ამოქარგული მარქსის, ენგელსის და ლასსალის სახეების დანახვაზე ქუდი მოიშვლიპა და პირჯვარი გადაიწერა - კვირა დილით, სათნო წვეროსნების სახეების და უცხო ოქროსფერი წარწერების გამო დროშა საეკლესიო ბაირაღად აღიქვა.

„8 საათიანი სამუშაო დღე! ძმობა, ერთობა, თავისუფლება!!!“-ს ყვირილით დაძრულ გუნდს ხალხში არეული პოლიციის რაზმი დაეძგერა და ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა - პოლიცმაისტერი გედევანოვი დროშას მისწვდა და დაითრია, რომელიც გაწევ-გამოწევაში შუაზე გაიფხრიწა; სანამ მუშების მეორე გუნდმა შინდის კეტები მოიმარჯვა და მთავარ ჯგუფს მიეშველა, შევიწროებული მედროშეები პოლიციელების დაწოლას მუშტით და მითვისებული „ტაბურეტკით“ იგერიებდნენ, რომელიც გმირულად დაიფშვნა გედევანოვის ნეკნებზე; ვლასა მგელაძე შინდის კეტით დაუნდობლად სცემდა გარს შემოხვეულ პოლიციელებს და კაზაკებს, არაქელამ ხანჯალი იშიშვლა, მწარედ ნაცემმა ლეონტი მამალაძემ კი ვეღარ გაუძლო ყოველი მხრიდან დეზიანი ჩექმების ცემას და რევოლვერიდან უწესრიგო სროლა ატეხა, რომლის ბრმა ტყვიამ ერთ-ერთ პოლიციელს ზურგში გაუარა.

მასობრივ ცემა-ტყეპაში გარდატეხა სასულიერო სემინარიის მხრიდან ჩამოქანებულმა კაზაკი ცხენოსნების რაზმმა შეიტანა, რომელმაც ბრალიან-უბრალოს მათრახით აუჭრელა ზურგი, მეამბოხეების ჯგუფები დაშალა და შებოჭა. „იარმუკის“ ირგვლივ ბრახუნით დაიხურა დუქნების დარაბები და გოლოვინსკზე მოძრაობა ჩაკვდა. სანამ გოროდოვოები ძირს დაყრილ „ბუნტოვშიკებს“ ხელებს უკრავდნენ და ქარავანივით ამწკრივებდნენ, გამარჯვების აღსანიშნავ აკორდად პოლიცმაისტერის მოადგილე ცხენიდან ერთ-ერთ გოროდოვოის გადასწვდა და მოტვლეპილ თავზე ეამბორა. ჩამქრალი შეტაკების საბოლოო წერტილი სამმა ახალგაზრდა ბარიშნამ დასვა, რომლებიც გაწიწმატებული ეცნენ ხელ-ფეხის შეკვრაში გართულ რამდენიმე პოლიციელს, დაუნდობლად დაკაწრეს და ულვაშები დააგლიჯეს. პეტერბურგიდან რევოლუციონერობის გამო გამოსახლებული „კურსისტკები“ - ნინა ნოსარი, სარა ფინკელშტეინი და ალექსანდრა შაკოლი გაბაწრულ და დასისხლიანებულ მომიტინგეებს დაუყენეს გვერდში და ქალაქელი ავარების ლანძღვა-გინების თანხლებით მეტეხის გზას გაუყენეს.

ნაგვიანევმა კორესპონდენციამ ტფილისური პირველმაისობიდან ჟენევაში მაისის ბოლოს ჩააღწია და რუსულენოვანი „ისკრას“ ფურცლებიდან ევროპულ პრესაში გადაინაცვლა. საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის რუკაზე ტფილისმა წითელი დროშა დამსახურებულად დაამატა, რევოლუციის მედროშეების სახელებმა კი ინტერნაციონალური მასშტაბი შეიძინეს.

სამი ათწლეულის შემდეგ, როცა საბჭოთა ტფილისის მუშათა საბჭოსა და აღმასკომის ფუნქციონერებს, ასევე ძველ რევოლუციონერ-ბოლშევიკებს მოედნის სახელის გამოცვლისას წესით ეს თავბრუდამხვევი და საამაყო მოვლენა უნდა გახსენებოდათ, მედროშე და დამრტყმელი რაზმელებიდან - ვლასა მგელაძე (1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური დასავლეთ საქართველოში) არც ისე დიდი ხნის გასული იყო არალეგალურად საბჭოთა საქართველოს საზღვრებიდან; ლეონტი მამალაძე, რომელსაც ციმბირის ფასად დაუჯდა რევოლვერის გასროლა, ახალი დაბრუნებული იყო უკვე საბჭოთა ციმბირული გადასახლებიდან; კოლა მაჭარაძე კი ამაოდ ითხოვდა დაპატიმრებისას ჩამორთმეული მემუარების დაბრუნებას.

1935 წელს ლავრენტი ბერიამ საბჭოთა მოქალაქეებს ამიერკავკასიაში სოციალისტური მოძრაობის ახალი „სახარება“ წარუდგინა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი ახლებურად, სტალინურად იყო ინტერპრეტირებული (როგორც ბოროტი ხმები ჩურჩულებდნენ, თავად ბელადის რედაქციით). მაისობის ცოცხლად დარჩენილმა მონაწილეებმაც საკუთარი მოგონებები სასწრაფოდ ოფიციალურ თარგს მოარგეს - როგორ დაგეგმა და უხელმძღვანელა პირველ საჯარო სამაისო დემონსტრაციას ამხანაგმა კობამ, რომელიც როგორც „ინტელიგენტი“ დემონსტრაციაზე არ უნდა მისულიყო და სულაც ამ დროს ბათუმში იმყოფებოდა.

პირველმაისობის მთავარი მედროშის - არაქელა ოქუაშვილის თავზე 1901 წლიდან მარტო წისქვილის ქვა არ მობრუნებულა. მისი ფანტასტიკური თავგადასავალი აღტაცებას და პატივისცემას იწვევს და ცალკე გამოცემას იმსახურებს. მიუხედავად 1905 წლიდან ურყევი ბოლშევიკობისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს რამდენიმე პატიმრობისა, გასაბჭოების შემდეგ არაქელა კვლავაც ძველებურად ცხოვრობდა საკუთარი ხელით ნაშენ სახლში და დიდ თანამდებობებს არ გასთამაშებია. პატრიარქის წვერით, უზარმაზარი ჩიბუხით და საკუთარი ხელით აწყობილი უცნაური კონსტრუქციის ავტომობილით მოსეირნე ნაციმბირალი „პაპაშა“ საყოველთაო ყურადღებით და სიმპათიით სარგებლობდა - 1926 წელს, ამხანაგმა სტალინმა თბილისში სიტყვით გამოსვლისას რკინიგზელ მუშებზე შთაბეჭდილების მოსახდენად არაქელა თავის „მასწავლებლადაც“ კი მოიხსენა. თუმცა 1927 წელს მასწავლებელი მოსწავლის წინააღმდეგ ოპოზიციურ მოძრაობას შეუერთდა რის გამოც რამდენიმე კვირით ჩეკას სარდაფიც მოინახულა, თუმცა სხვებისაგან განსხვავებით გადასახლებას აარიდეს.

1930-იანი წლების მეორე ნახევარში, მძიმე 37-ის დამდეგს, სტალინის კულტის გამეფებისას, არაქელამ სხვებისაგან განსხვავებით კეთილსინდისიერად აღწერა საკუთარი თავგადასავალი და მოგვიანებით ფრთხილად სცადა თავი ემართლებინა - თუ რატომ არ ჩანდა მისეული სოციალისტური მოძრაობის ისტორიის პერსონალურ პანორამაში ამხანაგი სტალინის მონუმენტური ფიგურა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო.

როგორც შთამომავლებს ახსოვთ, ერთხელაც არაქელას ავტომობილს ღერძი სწორედ დიდებული წარსულის სამახსოვრო ადგილას - კოლმეურნეობის მოედანზე გადაუტყდა, რაც „პაპაშას“ ცუდად ენიშნა. ასეც მოხდა - 1937 წლის „ცხელი“ გაზაფხულის ღამეს, არაქელა ოქუაშვილი საკუთარი სახლიდან გაიყვანეს და უკვალოდ გადაკარგეს.

1937 წლის 31 მაისს, „მოსწავლემ“ მასწავლებლის გვარ-სახელის გასწვრივ „პირველი კატეგორია“ - დახვრეტა, შეათვალიერა და სიის ბოლოში ხელი მოაწერა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^