რა როლი აქვთ ზოოპარკებს, რატომ არსებობენ და რატომ უნდა იარსებონ მომავალშიც?
დედამიწაზე ფაუნის წარმომადგენლები ხუთჯერ გადაშენდნენ და ხუთივე შემთხვევაში ეს პროცესი ბუნებრივი კატაკლიზმებით იყო გამოწვეული. ახლა ჩვენ ადამიანის მიერ გამოწვეული მეექვსე გადაშენების მომსწრენი ვართ და როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს პროცესი ათასჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ადამიანის ჩარევის გარეშე წარიმართებოდა. სწორედ ასეთ დროს დღის წესრიგში დგება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - როგორ გადავარჩინოთ სხვადასხვა სახეობები?!
არსებობს მოსაზრება, რომ თუკი ცხოველი გადაშენების პირასაა, უნდა გადაშენდეს და ბუნებრივ პროცესში არ უნდა ჩავერიოთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ საკითხი რაიმე ბუნებრივ კატაკლიზმებს უკავშირდება და ასეთ დროს, ადამიანი რომც ჩაერიოს, ალბათ ვერაფერს გააწყობს. მაგრამ როდესაც ამ კატაკლიზმებს თავად ადამიანი იწვევს, მანვე უნდა უზრუნველყოს, რომ პროცესი არ განვითარდეს, გარემოზე ზემოქმედება შერბილდეს, ზიანი შემცირდეს და რაც შეიძლება მეტი არსება გადარჩეს.
ასეთ სიტუაციაში დიდი როლი ეკისრება ზოოპარკებს, მათ ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას - სახეობების გადარჩენას ტყვეობაში, რასაც ლათინურად - ეხ სიტუ კონსერვაცია ეწოდება. კონსერვაცია ორ დიდ ნაწილად იყოფა. ეს არის ინ სიტუ - გადარჩენა ბუნებაში, მათ საცხოვრებელ გარემოში და ეხ სიტუ - კონსერვაცია მათი საცხოვრებელი გარემოს მიღმა.
ზოოპარკებს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვთ და ისინი ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდშია აღწერილი. უფრო ზუსტად, ეს იყო სამხეცეები, სადაც ცხოველები ადამიანთათვის საჩვენებლად გამოჰყავდათ, რაც გარკვეული თვალსაზრისით შოუს ელემენტებსაც შეიცავდა.
აღნიშნული პრაქტიკა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შემორჩა - ცხოველებს ათავსებდნენ გალიებში, სადაც ისინი ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ. მაშინ ცხოველებს მოაზროვნე არსებებად არ აღიქვამდნენ და თვლიდნენ, რომ ადამიანს როგორც სურდა ისე უნდა მოქცეოდა მათ. სამწუხაროდ, ასეთი მოსაზრებები დღესაც არსებობს.
XX საუკუნის დასაწყისში ამ მიმართულებით ზოოპარკის არსებობის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ცვლილება მოხდა - გალიები ცხოველთა საბინადრო გარემოს ანალოგის მიხედვით შექმნილი ვოლიერებით შეიცვალა. ამ რევოლუციის ავტორი - გერმანელი კარლ ჰაგენბეკი - ჰამბურგთან მდებარე ზოოპარკის მფლობელი და დირექტორი იყო.
ეს ტენდენციაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ დროს განათლების გარკვეულ ელემენტებთან ერთად (სად ბინადრობს ცხოველი, რითი იკვებება და ა.შ.) ზოოპარკებს მხოლოდ და მხოლოდ რეკრეაციული დანიშნულება ჰქონდათ.
ბერლინის ზოოლოგიური ბაღი. გერმანია
XX საუკუნის 60-იან წლებში, ინგლისელმა ზოოლოგმა და კუნძულ ჯერსიზე არსებული ზოოპარკის - "ველური ბუნების დაცვის ცენტრის" დირექტორმა, ჯერალდ დარელმა შექმნა "კიდობნის კონცეფცია". დარელის აზრით, სწორედ ზოოპარკებს უნდა მოეხერხებინა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენა. ეს იყო მეორე გადამწყვეტი ეტაპი, როდესაც ზოოპარკებმა ფუნქცია აბსოლუტურად შეიცვალეს და ამ მიმართულებით დაიწყეს მუშაობა.
"კიდობნის კონცეფცია" მალევე განვითარდა და დაიწყო მესამე ეტაპი, როდესაც ეკოლოგიაში გაჩნდა ისეთი ცნება, როგორიცაა სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი.
"მინიმალური სიცოცხლისუნარიანობის კონცეფციის" ავტორი, ამერიკელი მეცნიერი, კონერვაციული ბიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დიდი ხნის განმავლობაში მინეაპოლისის ზოოპარკის თანამშრომელი - ულისე სილი იყო. სწორედ ზოოპარკში მუშაობამ მისცა მას იმ კონცეფციის ჩამოყალიბების ბიძგი, რომელიც გულისხმობს, თუ რამდენი ინდივიდია საკმარისი სახეობის გადასარჩენად.
XX საუკუნის 70-იან წლებში საქმე კიდევ ერთ ეტაპამდე მივიდა - როგორ უნდა დაებრუნებინათ ტყვეობაში გაზრდილი ცხოველები ბუნებაში. რეინტროდუქცია საკმაოდ რთული პროცესია და ამ ტიპის პროექტები მეტ-ნაკლები წარმატებით მანამდეც მიმდინარეობდა. მაგალითად, ასეთი იყო ჯერალდ დარელის პროექტი, რომელიც მავრიკიაზე ვარდისფერი მტრედის დაბრუნებას გულისხმობდა. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს, რადგან რეინტროდუქცია დროში საკმაოდ გაწელილია.
სიცოცხლისუნარიანობის კონცეფციამ განსაზღვრა, რა რაოდენობის ცხოველების დაბრუნება შეიძლებოდა ბუნებაში და პირველი ასეთი წარმატებული პროექტი პატარა მაიმუნების - ოქროს ლომისებური თამარინის ბრაზილიაში დაბრუნება იყო.
ეს მაიმუნები ყველაზე დიდი რაოდენობით იქ ბინადრობდნენ, სადაც ახლა ქვეყნის დედაქალაქი ბრაზილია მდებარეობს და ქალაქის მშენებლობამ ამ სახეობის თითქმის მთლიანად გაქრობა გამოიწვია. ოქროს ლომისებური თამარინები ძირითადად ზოოპარკებშიღა შემორჩნენ, სიცოცხლისუნარიანობის ანალიზის კონცეფციის წყალობით კი მათი ბუნებაში დაბრუნება, რეინტროდუქცია მოხერხდა. მეორე ასეთი წარმატებული მაგალითი ფლორიდული პუმის სახეობის აღდგენა იყო.
აქედან მოყოლებული, ზოოპარკების ძალისხმევით არაერთი სახეობის აღდგენა მოხერხდა, მათ შორის თეთრი ორიქსის, არაბეთის ნახევარკუნძულზე მობინადრე დიდი ანტილოპის, რომელიც ადამიანის "აქტიურობის" შედეგად თითქმის მთლიანად დაიხოცა. ამ სახეობის რამდენიმე ეგზემპლარი მხოლოდ და მხოლოდ ზოოპარკებში იყო შემორჩენილი, დღეს კი საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდებიან. ეს კონცეფცია რომ ადრე შემუშავებულიყო, არაერთი საინტერესო სახეობის გადარჩენა მოხერხდებოდა, თუნდაც - XX საუკუნის 30-იან წლებში გამქრალი ჩანთოსანი მგლისა და ტასმანიური ვეფხვის.
ეს ნეგატიური პროცესი დღემდე გრძელდება და არაერთი სახეობა გადაშენდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე საზოგადოების ზეგავლენა. როდესაც საზოგადოების ნაწილი უარყოფითად განეწყო ზოოპარკების მიმართ და მათზე დიდი იერიშიც მიიტანა, სწორედ ამის გამო ვეღარ მოხერხდა რიგი სახეობების ტყვეობაში გადაყვანა, მათი გამრავლება და შემდეგ უკან, ბუნებაში დაბრუნება.
რა თქმა უნდა, რისკები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ თუნდაც ის რად ღირს, რომ 2000 წელს ესპანეთში პირენეის იბექსი, 2006 წელს კი მდინარე იანძის დელფინი ბაიჯი გადაშენდა. დელფინის ამ სახეობის გადაშენებას დიდი კამათი უძღოდა წინ - გადაერჩინათ თუ არა ეს ცხოველი. ერთ-ერთი წინადადების მიხედვით, უნდა დაეჭირათ ბაიჯის მთელი გადარჩენილი პოპულაცია - სულ რამდენიმე ინდივიდი, გადაეყვანათ დიდ ბრიტანეთში, გაემრავლებინათ და მდინარე იანძის აუზში სპეციალურ რეზერვატი მოეწყოთ, სადაც ამ დელფინის რეინტროდუქცია დაიწყებოდა. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ სანამ ამ საკითხზე დავა-კამათი მიმდინარეობდა, ცხოველი გაქრა და 2006 წლიდან ის აღარავის შეუნიშნავს. ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა დიდი ხნის განმავლობაში წარმოებულ დისკუსიებს ასეთი ნეგატიური შედეგი მოჰყვა.
ბაზელის ზოოპარკი. შვეიცარია
ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - რეინტროდუქციას დავუბრუნდეთ: აქ სხვადასხვა კატეგორიები არსებობს. თავად ტერმინი გულისხმობს, რომ ბუნებაში კონკრეტული სახეობა მთლიანად გადაშენდა და საჭიროა მისი ხელმეორედ დაბრუნება. არსებობს მეორე მსგავსი ტერმინი - რესტოკინგი, რაც გულისხმობს, რომ ცხოველის რაოდენობა იმდენადაა შემცირებული, მას დამოუკიდებლად არსებობა აღარ შეუძლია და აუცილებელია სახეობის დამატება. ამ ტერმინოლოგიურ განსხვავებებს შინაარსობრივად იდენტური - ტყვეობაში გაზრდილი ცხოველის ბუნებაში დაბრუნების ამოცანა აქვს.
ტყვეობაში ყოფნისას ცხოველის ქცევა იცვლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანთან შეჩვევის საკითხი. ასევე, სერიოზულ გადაწყვეტას მოითხოვდა უამრავი სახეობისთვის ნიშნეული - საკვების მოპოვების უუნარობის პრობლემა.
ცხოველებმა არ იცოდნენ საკვების მოპოვება, რადგან ტყვეობაში მათ ყველაფერი "მზამზარეული" მიერთმეოდათ. ამ ქცევის ცვლილებიდან გამომდინარე, მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება - ცხოველებს, ე.წ. სტერეოტიპული ქცევები უყალიბდებოდათ. ეს ერთი და იგივე ქცევაა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში პერიოდულად მეორდება, როცა ცხოველი შეუსაბამო პირობებში ცხოვრობს - გამუდმებით ერთი კუთხიდან მეორისკენ მოძრაობს, თავს აქნევს, გამუდმებით წევს, ან ჭამს, ან წყალს სვამს. ცხოველის "ფსიქიკური" დაავადების წინაპირობა სწორედ სტერეოტიპული ქცევებია. ამ პრობლემის მქონე ცხოველის ბუნებაში დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამ პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობა ისევ ზოოპარკებში დაიწყო. ჯერალდ დარელმა შემოიღო გარემოს გამდიდრების ცნება და დაიხვეწა პრინციპი - როგორ უნდა შევინახოთ ცხოველი ტყვეობაში ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მისი ფსიქოლოგიური კომფორტი.
აუცილებელია, რომ ტყვეობაში ცხოველს გაურთულდეს საკვების მიღება. საკვები ვოლიერის მთელ ტერიტორიაზე იმალება და ცხოველმა ის უნდა მოიპოვოს. მოსახლეობის მხრიდან თავიდან (ზოგჯერ დღესაც) ამან გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ჩათვალეს, რომ ამით ცხოველი წვალდება.
მაგალითად, საკმაოდ ხშირად გვეკითხებიან, რატომ ვუფანტავთ დათვებს საკვებს მთელ ტერიტორიაზე ან რატომ ვუყრით თევზის ნაჭრებს წყალში. ამ კითხვას საკმაოდ მარტივი პასუხი აქვს - ეს არის ცხოველის ბუნებაში ცხოვრების იმიტაცია. დათვი ასე იკვებება. ის გადაადგილდება და აგროვებს საკვებს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, მოსაწყენად მას დრო აღარ რჩება. სტერეოტიპული ქცევა, რომელიც ასე დამანგრევლად მოქმედებს ცხოველის ფსიქიკაზე, სწორედ მოწყენილობისგან წარმოიქმნება. ცხოველები მოაზროვნე არსებები არიან და შესაბამისად მათაც სჭირდებათ, რომ დაკავდნენ.
საკვების დამალვის გარდა, გარემოს გამდიდრებისთვის უამრავი სხვა რამ გამოიყენება. მაგალითად, ხეები, თოკები და სხვადასხვა საშუალებები, რომლითაც ცხოველს თავის გართობა შეუძლია. ხშირად, ევროპულ ზოოპარკებში, ისევე როგორც ჩვენთან, შეგიძლიათ ნახოთ როგორ წვალობენ ცხოველები, რომ საკვები მიიღონ. თბილისის ზოოპარკში პერიოდულად ვატარებთ ასეთ პროცედურას - იაგუარის ვოლიერში დამონტაჟებულია ხე, რომელიც მაღალია და მის წვერზე, სხვადასხვა მანძილის დაშორებით ვკიდებთ ხორცს. ცხოველი საკმაოდ დიდ დროს ხარჯავს, სანამ მიხვდება და ისწავლის, როგორ უნდა მოიპოვოს საკვები.
ეს მიდგომა საკმაოდ რთული გასატარებელია მტაცებლებთან, რომელთათვისაც საკვების მოპოვება უშუალოდ ნადირობასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ ნადირობის ქცევის გამომუშავებაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამიტომაცაა, რომ ყველაზე რთული მტაცებლების რეინტროდუქციაა. თუ მტაცებელმა ნადირობა გარკვეულ ასაკამდე არ ისწავლა, შემდეგ მისი სწავლა შეუძლებელი ხდება.
სან-დიეგოს ზოოპარკი. აშშ
რაც უფრო განვითარებულია მტაცებელი, მით უფრო რთულად მიდის სწავლების პროცესი. მაგალითად, მელია ყოველთვის მზად არის დაისწავლოს თაგვის მოპოვება ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს. ეს მგელს არ შეუძლია. თუ ლეკვობისას მან საკვების მოპოვების გამოცდილება ვერ მიიღო, ამის სწავლა შემდეგ შეუძლებელი ხდება. ჩვენ გვყავს მგლების ჯგუფი, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბოცვერთან ერთად ცხოვრობდნენ და აბსოლუტურად არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ მას. არ იცოდნენ, რომ ბოცვერი საკვებად გამოიყენება და მგლებისთვის ეს პატარა "მეზობლები" ჩვეულებრივი "სათამაშოები" იყვნენ. ასეთი ცხოველების ბუნებაში დაბრუნება აბსოლუტურად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ცხოველს არანორმალური ქცევებიც უყალიბდება, ისეთი როგორიც ბუნებაში არ ახასიათებს.
ზოოპარკების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ცხოველთა ქცევის იმგვარად ჩამოყალიბებაა, რომ შესაძლებელი იყოს ბუნებაში მათი დაბრუნება. ზოგ შემთხვევაში საჭიროა, რომ ცხოველები ბუნებაში დავაბრუნოთ, ზოგჯერ კი აუცილებელია გარკვეული მიდგომების დახვეწა, რისთვისაც იწყება ცხოველთან მუშაობა და, შეიძლება ითქვას, რომ ქცევის კორექციაც შესაძლებელია.
დღეისათვის ზოოპარკის ძირითადი სამეცნიერო საქმიანობა სწორედ ეს მიმართულებაა: ერთი მხრივ, ცხოველთა ქცევის, მეორე მხრივ, კი თვითონ ბუნებაში არსებული სიტუაციის შესწავლა. ეს ის არის, რისი გაკეთებაც დღესდღეობით ზოოპარკებს შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც დედამიწაზე გვაქვს, შეიძლება ძალიან ბევრი სახეობა განადგურდეს.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. იმ დრომდე, სანამ ზოოპარკი კონსერვაციულ ფუნქციას შეიძენდა, დამთვალიერებლის მოსაზიდად უცნაური ცხოველები გამოჰყავდათ. მაგალითად, XX საუკუნის 70-იან წლებამდე კატისებრთა ოჯახის ყველანაირი დიდი ცხოველი ერთმანეთთან შეაჯვარეს და მიიღეს ძალიან უცნაური, ჰიბრიდული ცხოველები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ლეოპარდი ვეფხვთანაც ცხოვრობს და ლომთანაც, ბუნებაში მათი შეჯვარება არ დაფიქსირებულა.
ხალხის მოზიდვის საკითხი დღესაც აქტუალურია. ზოოპარკის ორი ძირითადი როლი განათლება და კონსერვაცია გახლავთ. ორივე მიმართულება საკმაოდ დიდ რესურსს საჭიროებს. სწორედ ამ რესურსების მოძიების დროს ჩნდება ზოოპარკებში ცხოველთა ისეთი სახეობები, რასაც კომერციულ სახეობებს ეძახიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ცხოველებით ვაჭრობა მიმდინარეობს. ადამიანები ძირითადად სწორედ ასეთი ცხოველების სანახავად დადიან ზოოპარკებში.
თბილისის ზოოპარკში ასეთი სახეობის კლასიკური მაგალითია თეთრი ვეფხვი. თეთრი ვეფხვი იბადება, მაგრამ ზოოპარკის პირობებისგან განსხვავებით, ბუნებაში ვერ ცოცხლობს. ერთი მხრივ, ეს ლამაზი, ეფექტური ცხოველი და, მეორე მხრივ, რომელიმე პატარა ძუძუმწოვარი, რომლის გადარჩენაც აუცილებელია, მაგალითად - ნაკლებად ეფექტური რომელიმე მღრღნელი. კომერციული ცხოველების "სტუმართა" გადახდილი თანხა დამთვალიერებელთათვის ნაკლებად საინტერესო, არამიმზიდველი ცხოველების გადარჩენასაც ხმარდება - ცხოველები ერთმანეთს ეხმარებიან, ეს ერთი მთლიანი საზოგადოებაა, რომელიც გადარჩენაზე ზრუნავს.
ევროპულ ზოოპარკებს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ადამიანი სტუმრობს და როდესაც ბილეთის ფასი 15-20 ევროა, საკმაოდ სოლიდური თანხაც გროვდება. ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ ცხოველთა კონსერვაციას ხმარდება.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანებს ცხოველების შესახებ სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ. არსებობს ცხოველების მთელი რიგი, რომლებიც ადამიანებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ. ქართული ფაუნიდან ამის კლასიკური მაგალითია - აფთარი და მგელი. მგელი, რომელსაც ყველანაირი მეთოდებით ებრძვიან და აფთარი, რომელსაც ებრძოდნენ და დღეისათვის ერთეული ინდივიდების სახითღაა შემორჩენილი.
აფთარი აბსოლუტურად უწყინარი ცხოველია, რომელიც ლეშით იკვებება. ძირითადი მიზეზი, რის გამოც მას ადამიანი დაუპირისპირდა, მცდარი წარმოდგენები იყო, წარმოდგენები იმის შესახებ, თითქოს აფთარი სახლში იპარება და ბავშვებს იტაცებს, საფლავიდან თხრის მიცვალებულებს და ა.შ.
არაერთი არასწორი ინფორმაცია არსებობს მგლების შესახებაც, თითქოს მათ კისერი გაშეშებული აქვთ ან სისხლისმსმელი ცხოველები არიან. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ ცხოველი კისერსაც ჩვეულებრივ ამოძრავებს, მზრუნველი დედაა და ალერსიანია მომვლელების მიმართ, ეს ცვლის მათ დამოკიდებულებას ბუნების მიმართ.
ამა თუ იმ ცხოველთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპების შეცვლა მხოლოდ თეორიული მტკიცებით შეუძლებელია. ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა დაინახოს და ყველა გრძნობის ორგანოებით შეიგრძნოს ცხოველი, როგორც სენეგალელმა ეკოლოგმა ბაბა დიომმა თქვა: "ბოლოს ჩვენ გადავარჩენთ იმას, ვინც გვიყვარს, ხოლო გვიყვარს ის, ვისაც ვიცნობთ".
ჟურნალ "ლიბერალისა" და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი