Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ვარდების ბაღი" - ქალაქის მოზაიკის ნაწილი

09 მაისი 2015

პარტიზანი მებაღეები თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ვარდების ბაღში“ სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. დაახლოებით ერთი თვის წინ სამშენებლო სამუშაოები ბაღში პარტიზანების გამოჩენის შემდეგ შეჩერდა. პარტიზანი მებაღეების თქმით, ეს იმიტომ, რომ მშენებლობის სიახლოვეს შესაბამისი ბანერი არ იყო გამოკრული.

ამჟამად შემოღობილ ტერიტორიასთან აღმართულ ბანერზე ვკითხულობთ, რომ მშენებლობის დამკვეთი შპს „მეიდან ჯგუფია“ და ნებართვა ჰოსტელის ტიპის სასტუმროს მშენებლობაზეა გაცემული. მშენებლობის დაწყების თარიღად ამ წლის 9 იანვარია მითითებული, ნებართვა კი 2016 წლის ივლისამდეა ძალაში. 

ნათელა ცისაგი პროფესიით პედიატრია, წლებია მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ შვილებიც და ახლა უკვე შვილთაშვილებიც ყოველთვის ამ ბაღში დაჰყავდა და დაჰყავს.

„ამ რაიონში თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც შეიძლება ბავშვი გაასეირნო, დაისვენო, სიმწვანეში დაჯდე და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო. არ მესმის, რა უნდა სასტუმროს ბაღში, სასტუმროს რესტორანიც მოჰყვება, ეს ხომ ხალხმრავლობას, ხმაურს, ნასვამი ადამიანების მოძრაობას გამოიწვევს იქ, სადაც პატარებს ვასეირნებთ“, - ამბობს ცისაგი და იხსენებს, რომ მართალია ბოლო წლებში თითქოს ბილიკები მოწესრიგდა, მაგრამ პარკის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.

ზურაბ ჩუბინიძე ბაღში წლინახევრის შვილიშვილთან ერთად სეირნობს. ბაბუას დემეტრე აქ თითქმის ყოველდღე მოჰყავს. „ირგვლივ ისედაც საკმარისზე ბევრი სასტუმრო, რესტორანი თუ კაფეა, ახლა კიდევ პარკის შუაგულში უნდა ააშენონ? რა მოხდება შემდეგ? მოჭრიან ხეებსაც, აიღებენ პატარა ატრაქციონებს, აქ ბავშვების ადგილი აღარ დარჩება“, - წუხს ჩუბინიძე.

თუმცა პარკში ისეთებიც არიან, ვინც ფიქრობს, რომ თუკი იქ არც მანქანები შემოვა, არც ხეებს მოჭრიან და „ნორმალური, ნამდვილი სასტუმრო“ აშენდება, ეს პრობლემას არ შექმნის.  

8 მაისს „ვარდების ბაღში“ სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ოლივერ რაისნერი, კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ ორგანიზაციამ სულ რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დავალებით გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ მემკვიდრეობის ძირითად ნაწილს შენობა-ნაგებობები წარმოადგენს, საუბარია პარკებზეც, როგორც გერმანელი მოსახლეობის დღემდე შემორჩენილ დასასვენებელ სივრცეებზე, რომლებითაც მცხოვრებლები სარგებლობენ, როგორც საჯარო სივრცით. სწორედ აქ დაემთხვა ჩვენი და „პარტიზანი მებაღეების“ ინტერესები ერთმანეთს, დავიცვათ გერმანული კულტურული მემკვიდრეობა და რეკრეაციული, საჯარო სივრცე“, - ამბობს რაისნერი და დასძენს, რომ ეს უბანი თითქმის ორასი წლის წინ სწორედ გერმანელი კოლონისტებით იყო დასახლებული და პარკებიც სწორედ ამ სოფლის ნაწილი იყო, როგორც სახლების „უკანა ბაღები“

ოლივერ რაისნერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად სრულად იყო გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, რამდენად იყო მოსახლეობა ჩართული და საერთოდაც, რამდენად ვართ დაზღვეული იმისგან, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცე, რეკრეაციული მიზნებისთვის აუცილებელი პარკი ნელ-ნელა მთლიანად არ გაუქმდება, რადგან ის ნაწილ-ნაწილ ამგვარი მშენებლობებით დაიფარება.

ვარდების ბაღის დირექტორმა შოთა კეჭაყმაძემ „ლიბერალთან" საუბრისას თქვა, რომ ინვესტორმა კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების შესაბამისად თითქმის 2,5-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროს ასაშენებლ ადგილას კი მანამდე ნაგავსაყრელი იყო და ის სწორედ კომპანიის ძალისხმევით გაიწმინდა. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მისი ცნობით,  კომპანიისთვის ადგილი ფინანსურად მომგებიანი არ არის, ამიტომ, თანხის ანაზღაურების შემთხვევაში მზად არის ობიექტი დატოვოს კიდეც.

„აქ ყველაფერი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ინვესტორმა ბაღის ტერიტორიაზე პინგ-პონგის დარბაზი გააკეთა, გაარემონტა ღია საზაფხულო კინოთეატრი, გარდენჰოლი; პარკის კეთილმოწყობისთვის უამრავი რამ გააკეთა და კიდევ მრავალი რამ აქვს დაგეგმილი“, - ამბობს კეჭაყმაძე.

რაც შეეხება 80-იან წლებში სასტუმროს ასაშენებელი ადგილის სიახლოვეს მდებარე „სტუმრების სახლს“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „მეიდან ჯგუფის“ წარმომადგენლებმა პარტიზანებს უთხრეს, რომ ძეგლის კონსერვაცია მოხდება და ის არ დაზიანდება. "ვარდების ბაღის" ტერიტორიაზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა. 

 „ეს არ არის უბრალოდ პარკი, ესაა პარკების სისტემის ნაწილი, ქალაქის მეხსიერება, ისტორია და ამ უბანში მცხოვრები ადამიანების იდენტობის შემქმნელი ერთ-ერთი ობიექტი“, - ამბობს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც წლების წინ აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ არსებული პარკების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობდა.

ბაქრაძე განმარტავს, რომ აღმაშენებლის გამზირის ორივე მხარეს პარკების მთლიანი სისტემა იყო განვითარებული, რომლის ახლა მხოლოდ ნაწილებიღაა შემორჩენილი - ვარდები ბაღი-ყოფილი გორკის ბაღი, არტოს ბაღი, ფილარმონიის ბაღი.

„ეს იყო ამ ადამიანების სამშობლო, სადაც იზრდებოდა თაობები, ისინი შეზრდილები იყვნენ ამ გარემოსთან და ახლა ამ ადამიანებს სწორედ ამ მეხსიერებას უშლიან“, - ამბობს ქალაქმგეგმარებელი. მისი თქმით, პარკების განადგურება და შემცირება 30-40-იანი წლებიდან, მათ სიღრმეში სხვადასხვა ნაგებობის მშენებლობებით დაიწყო, რამაც იმ მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომ სულ რამდენიმე პარკიღა შემორჩა ქალაქს.

ზურაბ ბაქრაძე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პარკების განსაკუთრებულ მახასიათებლებზეც საუბრობს და მათ უნიკალურობას უსვამს ხაზს.

„აღმაშენებლის გამზირის გარშემო მდებარე პარკები თავისთავად კულტურული მემკვიდრეობა, კულტურული ფასეულობაა. უბნის, ქალაქის მეხსიერების ერთ-ერთი ელემენტი, ქალაქის ისეთი მოზაიკა, რომელიც სრულიად ინდივიდუალურია და სწორედ ამითაა თბილისი ისეთი, როგორიც არის. მე სხვაგან არსად მინახავს პარკების ასეთი სისტემა: კვარტალი, რომლის გარშემოც განაშენიანებაა (საცხოვრებელი სახლები თავისი შიდა ეზოებით) თავის შიგნით, შუაგულში კიდევ ერთ პარკს იტევს, რომელსაც გამზირიდან ერთი პატარა შესასვლელი აქვს. აქ შემოსული კი სრულიად სხვა სამყაროში ხვდები, ესაა სრულიად განსაკუთრებული ეფექტი, ნამდვილი ქალაქი. სწორედ ამ ქალაქის განადგურება არ გვინდა ჩვენ, ვისაც მისი ფასი გვესმის“, - ამბობს ქალაქმგეგმარებელი.

რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს, ბაქრაძე ამბობს, რომ შეიძლება ერთი შეხედვით, სასტუმრო თავად გულისხმობდეს რეკრეაციის ელემენტს, მაგრამ არა საქალაქო პარკში, რადგან ასეთი პარკი არის ადგილი, რომელსაც მოქალაქეები თანასწორად იყენებენ, იქ თამაშობენ ბავშვები, ისვენებენ მოხუცები.

„წარმოვიდგინოთ, რომ ეს 150 ადამიანზე გათვლილი ჰოსტელი სრულად დაიტვირთა. ეს ნიშნავს, რომ 150 ადამიანი ყოველდღიურად, ინტენსიურად გამოიყენებს ამ პატარა ადგილს, პარკს, რომელიც პრაქტიკულად, გადაიქცევა სასტუმროს ეზოდ. ბაღის ასეთი ოკუპაცია აქაურ მცხოვრებლებს აქედან განდევნის. არ არის პარკში სასტუმროს ადგილი“, - ამბობს ბაქრაძე.

ქალაქმგეგმარებელი განმარტავს, რომ ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს ადგილი მათთვის სულაც არაა მომგებიანი და მერიასთან დადებული შეთანხმების ვალდებულებების შესრულების პარალელურად მოგების მიღების ერთადერთ გზად სწორედ სასტუმროს აშენებას ესახებათ.

„არ ვიცით, ზუსტად როგორი იყო ეს შეთანხმება, მაგრამ ნახულობს თუ არა ინვესტორი მოგებას, ამის მიუხედავად, პარკის განვითარებაზე პასუხისმგებელი მერიაა, მას არ უნდა დაედო ხელშეკრულება, რომელიც ასეთ მშენებლობას მოიაზრებდა. ეს წინა მერიის დაშვებული შეცდომაა და სამწუხაროდ, როგორც ბევრი მაგალითიდან ჩანს, ქალაქის ახალი ხელისუფლება არაფერს აკეთებს მათ გამოსასწორებლად და გაკაფული გზით მიდის. ფაქტი კი ერთია, ისევ პარკში აშენებენ სასტუმროს, ისევ ადამიანთა სამშობლოს ხელყოფენ, რადგან ეს პარკები ამ ადამიანებისთვის მშობლიური გარემოს ნაწილია“, - ამბობს ბაქრაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^