ქართულ ლიტერატურაში მტერი პირველსავე ძეგლში ჩნდება და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მხატვრული ძეგლი რთულად წარმოსადგენია მტრობის, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების გარეშე, მით უმეტეს, თუკი ისეთ იდეოლოგიურ ძეგლზე ვსაუბრობთ, როგორიც ჰაგიოგრაფიას ახასიათებს.
გასაგებია, რომ „შუშანიკის წამებაში“ ჩანს ვარსქენი, ქრისტიანობის გამოკვეთილი მოწინააღმდეგე, სწორედ ამიტომაც, „მგელი იგი“ შუშანიკის პირადი მტერია.
ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ ჰაგიოგრაფიული ძეგლები იდეოლოგიითაა გაჟღენთილი და მათში მხატვრულზე მაღლა იდეოლოგიური ამოცანა დგას. ამის გათვალისწინებით, იაკობ ხუცესის სასარგებლოდ და საქებრად უნდა ითქვას - ამ შესანიშნავმა ავტორმა მოახერხა, რომ მტერი, ვარსქენი, კაცი, რომელსაც პირადად იცნობდა, არა მხოლოდ ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელი - სქემატური, არამედ ცოცხალი ნიშნებითაც აღეჭურვა.
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე
იაკობ ხუცესი „შუშანიკის წამებაში“ აღწერილ პროცესში თავადაც მონაწილეობდა, ამიტომ ვარსქენის ცოცხალი პერსონაჟი გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არასდროს ყოფილა ჰაგიოგრაფიის მთავარი ამოცანა.
ვარსქენი განუდგა ქრისტიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გახდა ურწმუნო. აქ შეიძლება თანამედროვე ადამიანმა იფიქროს - „რა მოხდა მერე“, თუკი ვარსქენი სხვა სარწმუნოების მიმდევარი გახდა. დიახ, დღეს შეიძლება ასე დავინახოთ, რომ ვარსქენმა მაზდეანობა მიიღო. მას ამის უფლება აქვს, რასაც უნდა იმას იზამს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „შუშანიკის წამების“ იდეოლოგია ასეთ დაშვებას გამორიცხავს - სრული შეუწყნარებლობა სხვა რელიგიის მიმართ, სხვა რელიგია არ არსებობს! არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია, ერთი რწმენა, ქრისტე... შესაბამისად, თუკი ქრისტიანი ხარ, ხარ მორწმუნეც, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ქრისტიანობისთვის არ ხარ მორწმუნე! სწორედ ამიტომ, ვარსქენი არ არის მორწმუნე, ანუ არის მტერი!
ბუნებრივია, მტერი, უპირველეს ყოვლისა, სატანის ნიშანია, ეშმაკის ნიშნით აღჭურვილი ადამიანი - მტერია! აი, ვარსქენი კლასიკური მტერია, რომლის მტრობაც, პირველ რიგში, ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ მტრობით გამოიხატება. ამასთანავე, ვარსქენმა მტრობის საგნად აქცია შუშანიკი. თუმცა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თავდაპირველად, შუშანიკისადმი ვარსქენის მტრობა პერსონალური იყო, თუმცა დაპირისპირება მალევე გასცდა ცოლ-ქმრობის ფარგლებს. ეშმაკთან ბრძოლაში შუშანიკი უაღრესად მტკიცე აღმოჩნდა და მის გასატეხად გვევლინება არა მხოლოდ ვარსქენი, არამედ კიდევ ერთი პერსონაჟი - სპარსი, რომელიც მეუღლისგან განსხვავებით, დედოფალს ფაქიზი მიდგომებით უპირისპირდება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, შუშანიკი „მტკიცედ სდგაა“ და მისი ერთადერთი წუხილი ისაა, რომ ვერავისგან გრძნობს თანაგრძნობას, არავინ დაუდგა გვერდით, მარტო დატოვეს...
რაღა თქმა უნდა, ესეც იდეოლოგიური სურათია - მტერთან მარტო დარჩენილი ადამიანი, რომელსაც მთელი სამყარო უპირისპირდება; ებრძვის სატანა და ცდილობს რომ აცდუნოს ისე, როგორც ქრისტეს ცდუნებას ცდილობდა. შუშანიკს მტრობს ვარსქენი, სპარსი, თვით სპარსეთის იმპერიაც; მას მტრობენ ახლობლებიც, მაგალითად ჯოჯიკი და რაც მთავარია - საკუთარი შვილები! აი, როგორი მზაკვარია მტერი!
თუმცა, შუშანიკი აცნობიერებს, რომ ქრისტიანობა ინდივიდუალური ხსნის გზაა - დედობრივ გრძნობას, ბიოლოგიას, ბუნებას შენმა კულტურამ, შენმა რწმენამ უნდა აჯობოს! ამას ახერხებს დედოფალი - „სახელიცა მათი სძაგდა სმენად“ და არა იმიტომ, რომ ცუდი დედა იყო, ან გული არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ გონება კარნახობს - ქრისტიანობის მოღალატე ყველაზე დიდი მტერია და ასე შენს გზიდან ასაცდენად იქცევიან! შუშანიკს აქვს რწმენა და მასში მტკიცედ სდგას!
ჩვენი ლიტერატურის ეს შესანიშნავი ძეგლი კიდევ უფრო საინტერესოდ გვიხატავს მტერს, ვარსქენს, როდესაც იგი წვრილმანდება და შუშანიკს სამკაულების დაბრუნებას მოსთხოვს. ამ დეტალებით მკაფიოდ იკვეთება ვარსქენის, მტრის პორტრეტი, რომელმაც, როგორც კი ღალატი ჩაიფიქრა, პერსონალურადაც „გაფუჭდა“. ეს ძალიან დიდი ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ნიშანია, ასეა ჰომეროსთან, ასეა ბერძნულ ტრაგედიაში — როგორც კი ვარსქენი პირველად შედგამს ცოდვაში ფეხს, ეშმაკი მას სრულად დაეუფლება.
ასეთი შესანიშნავი, რელიეფურად დახატული მტრის სახით იწყება ქართული ლიტერატურა.
მტერი და მისი მუხანათური ქმედებები, რა თქმა უნდა, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“ გვხვდება. კაცობრიობის, ქრისტიანობის მთავარი მტერი აქაც სატანაა, რომელსაც არ ძინავს და შეწუხებულია იმ აღმშენებლობით, სულიერი და კულტურული აღორძინებით, რომელიც იმხანად, საქართველოს სამხრეთში დაიწყო.
აი, ეს არის ასპარეზი, სადაც ეშმაკი გრიგოლ ხანძთელის დამარცხებას ცდილობს, გრიგოლ ხანძთელი კი დაუძინებლად ებრძვის მას, ეშმას, რომლის ნახელავსაც ყველგან ხედავს, მათ შორის იმაშიც, რომ სატანამ მეფე აცდუნა - „ხოლო აცთუნა მტერმან ხელმწიფე იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაჲ ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა...“.
და ეს არ ყოფილა უბრალო ვნება! არ სჯერა გრიგოლს, რომ მეფეს შეიძლება ვინმე შეუყვარდეს; აშოტ კურაპალატმა კი არ შეიყვარა სიძვის დედაკაცი, არამედ ეშმაკმა შეაყვარა, აცდუნა და ცოდვაში შეიყვანა. სწორედ ამიტომ - მეფე გადასარჩენია!
დღევანდელი გადასახედიდან შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ეს საეკლესიო და საერო ძალაუფლების დაპირისპირებაა, თუმცა, რეალურად, გრიგოლ ხანძთელი მეფის გადასარჩენად, აშოტის ცოდვიდან გამოსაყვანად იბრძვის და ახერხებს კიდეც სიძვიდან, ხილული ცოდვიდან მის ფიზიკურ დახსნას.
საერთოდ, ამ ნაწარმოებში ხშირადაა საუბარი ხილულ და უხილავ მტრებზე. გრიგოლის, მისი ავტორიტეტის, ქრისტიანული მოღვაწეობის სახით სატანას ხილული მტერი ჰყავს, ამიტომაც, მასთან გასამკლავებლად „შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღვარძლი სარწებს აღმოცენებული დიაკონებასა შინა“ - ცქირი, კაცი, რომელმაც აშოტ კურაპალატს ანჩის ეპისკოპოსობა გამოსტყუა.
ეშმაკის მიერ შემოგზავნილმა ცქირმა დაივალა მოკლას გრიგოლ ხანძთელი, იმიტომ, რომ ის არის მტერი, რომელიც საკუთარი წესებით, ავტორიტეტით, ცქირსაც ხელს უშლის, ეშმაკსაც, და ბევრ ვინმეს, ვისაც უნდა ეშმაკის მსახურება და არ უნდა სიკეთის მხარეს დგომა.
სწორედ ცქირი იღებს საკუთარ თავზე გრიგოლის განეიტრალებას და ქირაობს მკვლელს! წარმოიდგინეთ, ქართულ ლიტერატურაში პირველად ჩნდება, ე.წ. ქილერის სახე. მკვლელი წინასწარ იღებს ანაზღაურებს, რომლის ფორმულაც ფანტასტიკურია - სამი გრივი ფეტვი და ხუთი თხა, ასე ფასდება ადამიანის სიცოცხლე!
თუმცა, რა თქმა უნდა, გრიგოლ ხანძთელის დიდებულების მხილველმა მკვლელმა დავალება ვერ შეასრულა, მოინანია და გრიგოლმაც მიუტევა.
თითქმის ანალოგიური ამბავი მოხდა XX საუკუნეშიც, როდესაც „რუხმა მგელმა“, ანუ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრმა - აგჯამ, 1981 წლის მაისს რომის პაპს ორი ტყვია ესროლა. კათოლიკური სამყაროს ლიდერი მაშინ სასწაულებრივად გადარჩა, შემდეგ კი აგჯა ციხეში მოინახულა და აპატია. მახსოვს, ამ ამბით მთელი მსოფლიო იყო გაოგნებული.
გრიგოლ ხანძთელმა ეს ქრისტიანული ნაბიჯი - მტერს რომ აპატიო, მტერი უნდა გიყვარდეს - გაცილებით ადრე გადადგა. არადა, ურთულესი მომენტია, როგორ უნდა გიყვარს სატანა, კაცი, რომელმაც შენს მოსაკლავად სამი გრივი ფეტვი და ხუთი თხა აიღო! როგორ უნდა გიყვარდეს ცქირი, ვინც შენი მკვლელობა დაგეგმა? თუმცა, ქრისტიანობის ძალა ხომ ამაშია, ეს ხომ ქრისტეს სიტყვებია! აბა, სხვა შემთხვევაში, ჩვენ როგორღა უნდა ვუყვარდეთ უფალს? მხოლოდ სიკეთეს თუ შევიყვარებთ, ბევრი ადამიანი გვეყვარება? ვინაა შეუცდომელი, ვისაც ბოროტებაში არ მიუძღვის წილი? ასე რომ, თუკი ერთი ადამიანის სიყვარული შეიძლება, ესე იგი, მტერიც უნდა გიყვარდეს, იმიტომ, რომ ის მტერი იმ ერთ ადამიანშიც თვლემს!
ქართულ ლიტერატურაში ასეთი ღრმა და საფუძვლიანი აზრები საოცრად საინტერესოდ არის გადმოცემული. როდესაც ეს ასეა ჰაგიოგრაფიაში, რა დონეს შეიძლება აღწევდეს „ვეფხისტყაოსანში“?!
ჩვენს მთავარ ძეგლში მტრობა მთელი ფილოსოფიაა და მტერთან მოპყრობის უამრავი მაგალითია მოცემული. გავიხსენოთ თუნდაც როგორ მარტივად გაუმკლავდა უცხო მოყმე მისი შეპყრობის მსურველებს, ანუ შეიძლება სისხლის ზღვა დადგეს, როდესაც მტერი პიროვნულ ღირსებას შეეხება.
მაგრამ, როდესაც საქმე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობს ეხება, აქ მტრობის წარმოდგენა ძალიან მაღალ დონეზე ხდება. მაგალითად, ხატაელებმა გადაწყვიტეს, რომ უგულებელყონ ინდოეთის კანონიერი მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, ტარიელი რამაზს მიმართავს სიტყვით - „ძმაო“. ეს ის არ გეგონოთ - „ძმაო, რამე ხომ არ გეშლება?!“ არა, მანამ, სანამ ვიცავთ წესებს, ვართ ძმები, მაგრამ თუ მტერი ხარ, ჩვენც მტრობით გიპასუხებთ! საკუთარ სათქმელში ეს აზრი ტარიელმა ძალიან ფაქიზად გამოხატა და საბოლოო ჯამში, მთელი რიგი მოვლენების შემდეგ რამაზის მიმართ მაინც მოწყალების გზას დაადგა.
მართალია, ტარიელი ინდოელია და ფორმალური ქრისტიანი არ არის, მაგრამ იქცევა ისე, როგორც მიაჩნია რუსთაველს, რომ ქრისტიანი უნდა იქცეოდეს. საერთოდაც, რუსთაველი, რომელიც სამებით იწყებს თავის პოემას: მამა ღმერთი - „რომელმან“; ძე ღმერთი - „ძალი“; და სული წმინდა - „ზეცითა მონაბერითა“, თავისი პოემის პერსონაჟებს ქრისტიანული იდეოლოგიის სამსახურს აკისრებს, მათ შორის მოწყალე დამოკიდებულებას მტერთან, როცა ამის საშუალება არსებობს, და სრულიად დაუნდობელ ბრძოლას, როცა სხვა გზა არ არის.
„ვეფხისტყაოსანში“ მტერი მრავალგვარად არის წარმოდგენილი, ბოლოს და ბოლოს, მამამ შვილს უმტრო, ძმამ - დას. მაგრამ, ყველაფერთან ერთად, გვხვდებიან მეტაფიზიკური მტრებიც, მაგალითად, დევები, რომლებიც ტარიელმა დახოცა და მათ სახლში დასახლდა.
ალბათ გახსოვთ, რომ დევების სახლის ორმოცი ოთახი განძითაა სავსე, თუმცა ტარიელი არც კი დაინტერესებულა ამ ქონებით, მანამ, სანამ არ გაირკვა, რომ მტერთან ბრძოლისთვის საჭიროა საკვირველი აბჯარი, რომელიც ერთ-ერთ სკივრში ინახება:
„პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი;
მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,
შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ-გახსნილი“.
თავის მხრივ, სკივრს ზედ ეწერა:
„ზედა ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,
ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხრმალი ბასრისა, მჭრელიო;
თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო!
უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო“.
აღმოჩნდა, რომ ქაჯებთან საბრძოლველად სპეციალური აბჯარია საჭირო და როგორ არ გავიხსენოთ „ილიადა“, ის მომენტი, როდესაც აქილევსი და ჰექტორი შესაბმელად შეხვდებიან. აქილევსს ახალი აბჯარი მოსავს, რომელიც დედამ ერთ ღამეში დაამზადებინა ჰეფესტოსს, ჰექტორს კი - აქილევსის ძველი აღჭურვილობა, რომელიც აქილევსის მეგობარ პატროკლოსს აჰყარა. აქილევსს სხვაგვარად ვერც შეებრძოლები. ამ დაპირისპირებაში, ფაქტობრივად, ორი აქილევსი ებმის ერთმანეთს, ორი აბჯარი - ახალი და ძველი და ბუნებრივია, რომ ახალი ამარცხებს ძველს.
ასევე, შეუძლებელია ქაჯებთან ბრძოლა დევების აღჭურვილობის გარეშე. რუსთაველი გვიხსნის, რომ უბრალო ხერხით ბოროტებასთან ბრძოლა წარმოუდგენელია, რადგან ბრძოლა, კაცის კვლა, ისედაც ბოროტებაა. შოთა გვასწავლის, რომ თუკი სხვა გზა არ გვაქვს, ბოროტება ბოროტებით უნდა დაამარცხო, და დამარცხების მომენტში ან უკვე დამარცხებული, შეგიძლია რომ შეიყვარო!
მოგეხსენებათ, პოემაში ქაჯები მაგიური ძალით აღჭურვილი, მითოლოგიური არსებები არიან, რომელთაც დღის ღამედ გადაქცევა, წყალზე სიარული, ქარიშხლის გამოწვევა, ზღვის აღელვება და არაერთი სხვა გრძნეულების გამოვლენა შეუძლიათ. ამასთანავე:
„ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:
ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია...“.
მიუხედავად ამისა, ჩვენი გმირები მათ მაინც ამარცხებენ, სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, იმიტომ, რომ სიკეთეს უპირატესობა აქვს - „არსება მისი გრძელია!“.
ახლა კი, დროა მთავარი სათქმელი ვთქვათ - ამხელა გზის გამოვლის შემდეგ, ქართულ ლიტერატურაში მტერმა საკუთარი ადგილი იპოვა. საერთოდ, მტერს და მტრობას, როგორც ნებისმიერ მოვლენას, უნდა ჰქონდა დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. აი, ქართულ ლიტერატურაში მტერი დასრულდა იმით, რომ მოკვდა, მტრობა მოკვდა, რადგან ვაჟამ აღმოაჩინა, რომ მტრობა საერთოდ არ არსებობს!
რა თქმა უნდა, ზვიადაური ქისტების მტერია, მაგრამ ჯოყოლა ალხასტაიძესთვის სტუმარია, შესაბამისად, ვერ იქნება მტერი. მტრობა დაიწყება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზვიადაური ჯოყოლას სახლს დატოვებს. ქისტებმა ეს წესი ძალადობით დაარღვიეს და ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში სისხლის აღებისა და სტუმარ-მასპინძლობის წესი უპირისპირდება ერთმანეთს. უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც შეიძლება სტუმრის მოკვლა! ქისტებმა კი დაარღვიეს, მაგრამ ჯოყოლამ დაიცვა ეს წესი! ბოლოს კი ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მტრობა გაქრა, უკვე მკვდარ მტრებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მეგობრებად დარჩნენ: ზვიადაური, ჯოყოლა და აღაზა!
რთული სახეა, თუმცა აშკარაა, რომ მტრობა დამარცხდა და თუ როგორ ხდება ეს მოვლენა, ამაზე ვაჟა-ფშაველას სხვა პოემა აქვს დაწერილი.
ალუდა ქეთელაურმა დაამტკიცა, რომ მუცალი არ არის მტერი, ამიტომაც, მუსლიმ კაცს, ქრისტიანების წესისამებრ, ბერდიამ კურატი უნდა შესწიროს! ბუნებრივია, ბერდია ასე არ მოქცეულა და ქრისტიანობამ უარყო მუსლიმის ცხონების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ დანტეს სამოთხეში წარმართებიც გვხვდებიან.
და აი, ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ თქვენ თქვენი რწმენით არ ხართ მზად იყოთ ნამდვილები; ცხონების ამბავი თქვენზე უკეთ წარმართებმა, ღვთისშვილებმა იცოდნენო.
ისეთი ღრმა აღმოჩნდა ვაჟას სიტყვები, რომ მტერი არ არსებობს, საქართველოსა და მსოფლიოს მათ გასაგებად რამდენიმე საუკუნე დასჭირდება.
პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი