გიორგი მობილური ჯგუფის წევრებმა ქუჩაში, ველზე მუშაობისას გაიცნეს. თავდაპირველად ის მათთან 15 წუთზე მეტს არ ატარებდა. ნელ-ნელა ჯგუფის წევრებსა და გიორგის შორის ნდობა გაჩნდა. ანა - სოციალური მუშაკი ყვება, რომ გიორგიზე ზრუნვა ადვილი არ იყო. ბავშვი, რომელსაც ოჯახში ფიზიკური ძალადობისა და უგულვებელყოფის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ახლა მიმღებ ოჯახში ცხოვრობს.
“ძალიან კარგად გრძნობს თავს და კარგი ურთიერთობა აქვს მიმღები ოჯახის წევრებთან. ბავშვისთვის ახალ გარემოსთან შეგუება ადვილი არ იყო. საჭირო გახდა მედიკამენტოზური მკურნალობა. ახლა თავს კარგად გრძნობს. აკადემიური მოსწრება გააუმჯობესა. სასკოლო დავალებებს ყოველდღიურად ამზადებს. მიმღებ ოჯახთან გაჩნდა ნდობისა და სტაბილურობის განცდა”, - ყვება ანა.
გიორგი ქუჩაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ახალი სერვისის დახმარებით ის ახლა ოჯახურ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას.
ის ერთ-ერთია იმ 400 ბავშვიდან, რომლებსაც თბილისსა და ქუთაისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაეწიათ დახმარება. პროექტი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მხარდაჭერას, მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ითვალისწინებს.
პროექტს ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებთან, თბილისის და ქუთაისის მერიებთან თანამშრომლობით.
ინიციატივის შედეგად დაარსდა მომსახურებები და მექანიზმები, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს გამოავლენენ; შესთავაზებენ მათ დაუყოვნებლივ დახმარებასა და დაცვას; იმუშავებენ მათთან და მათ ოჯახებთან, რომ ჩართონ ეს ბავშვები არსებულ სოციალურ და ბავშვთა დაცვის მომსახურებებში (მინდობითი აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლი) ან მოახდინონ მათი რეინტეგრაცია ბიოლოგიურ ოჯახში. არასამთავრობო ორგანიზაციები - კარიტას საქართველო, ვორლდ ვიჟენი, ბავშვი და გარემო - ბავშვებს სათანადო, მათზე ინდივიდუალურად მორგებულ მომსახურებებს აწვდიან.
ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი მომსახურებები:
თბილისში 2013 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს 3 მობილური ჯგუფი; 1 მობილური ჯგუფი ამოქმედდა ქუთაისში 2015 წლის გაზაფხულზე;
3 დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრი მოქმედებს თბილისში 2014 წლის მაისიდან;
1 ტრანზიტული ცენტრი ფუნქციონირებს თბილისში, ხოლო 1 ტრანზიტული ცენტრი რუსთავში 2014 წლის მაისიდან;
1 დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრი თბილისში და ერთი ქუთაისში 2015 წლის აპრილსა და მაისში გაიხსნა.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ საუბრისას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ორი წლის წინ, როცა პროექტზე ფიქრი დაიწყო, პროგრამის მხარდამჭერებს არ ჰქონიათ ილუზია, რომ პროგრამის ამუშავებიდან მალევე ბავშვები ქუჩაში აღარ იცხოვრებდნენ.
“ბავშვების ქუჩაში ყოფნას მრავალი მიზეზი აქვს. ეს პრობლემა კომპლექსურია. ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ამოქმედდა.”, - ამბობს მაია ქურციკიძე.
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნუცი ოდიშარიას თქმით, 2004 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემაზე მუშაობა, თუმცა ბავშვების მხარდამჭერი სერვისების ინსტიტუციონალიზაცია აქამდე არ მომხდარა და ახლა სერვისების განვითარება სახელმწიფო დონეზე ხდება.
“ეს არის სპეციფიკური ჯგუფი სპეციფიკური საჭიროებებით. დღესაც ვმუშაობთ ამ სერვისების დახვეწაზე, რომ ის უფრო სასარგებლო გავხადოთ ოჯახებისა და ბავშვებისთვის. ეს არ არიან ბავშვები, რომლებსაც ერთი წარსული არ აქვთ. გვყავს მეზობელი ქვეყნებიდან მიგრანტები, რომლებიც სეზონურად ჩამოდიან. იმედი გვაქვს, რომ სერვისები გაფართოვდება. დაიხვეწება და რაღაც დროის შემდეგ ქუჩაში ამდენ ბავშვს აღარ ვნახავთ”, - ნუცა ოდიაშარია.
მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მარი წერეთელის თქმით, ბავშვებთან მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების არქონაა.
“სხვადასხვა უწყებებმა ერთად შევქმენით ერთიანი დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა კანონში, მათ შორის სოციალური დახმარების შესახებ კანონში, ცვლილებებს ითვალისწინებს. გაჩნდება დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. დღეს ამით დევნილები სარგებლობენ. გაჩნდება ახალი ჯგუფი - მიუსაფარი ბავშვების. გვექნება საშუალება დავიწყოთ მათი დახმარება და არ დაველოდოთ დოკუმენტების მოწესრიგებას. ჩავრთოთ ისინი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში”, - ამბობს მარი წერეთელი.
მარი წერეთლის ინფორმაციით,მობილური მომსახურებით სულ ისარგებლა 400-მდე ბავშვმა. დღის, კრიზისული და ტრანზიტული მომსახურებებით ისარგებლა 158 მდე ბავშვმა. გადავიდა მინდობით აღზრდაში - 10 ბავშვი. ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა 6 ბავშვი. მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადავიდა 6 ბავშვი. სკოლაში ინტეგრაცია/რეინტეგრაცია - 26 ბენეფიციარი.
“მობილური ჯგუფი პირველი რგოლია, რომელიც პირველ კონტაქტს ამყარებს ბავშვთან. შემდეგ, ნდობის ფაქტორის გაჩენის შემთხვევაში, გადაჰყავთ დღის ცენტრში, სადაც მათ ხვდებათ კარგად დატრენინგებულ პროფესიონალთა ჯგუფი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ისინი გარეთ აღარ გაუშვან. სთავაზობენ სხვადასხვა აქტივობებს. აქვეა 24 საათი კრიზისული ინტერტვენციის ცენტრები, სადაც ღამე დარჩენაც შეუძლიათ. შემდეგი ეტაპია ტრანზიტული ცენტრი, რომელიც გრძელვადიანი და 24-საათიანია. აქედან კი ვმუშაობთ იმაზე, რომ ბავშვი ან ბიოლოგიურ ოჯახში დავაბრუნოთ, ან სხვა ოჯახთან მიახლოებულ სერვისებში გადავიყვანოთ”, – ამბობს მარი წერეთელი.
არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს კარიტასის” წარმომადგენლის თამარ შარაშიძის თქმით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ამ ბავშვების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა.
“თითოეული ჩვენგანი 20 თეთრის მიცემით ქუჩაში ბავშვების ყოფნას ვუწყობთ ხელს. საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ არ მივცეთ ფული, ქვეყანაში უკვე არსებული სერვისების საშუალებით მივცეთ ნათელი მომავალი”, - ამბობს თამარ შარაშიძე.