Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გრძელვადიანი ეფექტი

23 ოქტომბერი 2018

წინა კვირაში საქართველო პირველად წარდგა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სცენაზე. მის პერფორმანსს ევროპელი მაყურებელი (როგორც ჩვევია) შენიშვნებს კი არ აძლევდა, აღტაცებით უკრავდა ტაშს. მეტიც, ზოგიერთმა ნაწარმოებმა, მაგალითად, ნინო ხარატიშვილის რომანმა „კატა და გენერალი“ ბუხმესეს დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე დაიპყრო გერმანელი მკითხველის გული.

სექტემბრის ბოლოდან აჭრელდა „ფრანკფურტ ამ მაინი“ სხვადასხვა ქართულ თემაზე ორგანიზებული ღონისძიების ბანერებითა თუ ქართული ანბანით. მთავარი ბანერი იუწყებოდა, რომ საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის მესეში გამართული წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარია. ფრანკფურტის მესე მსოფლიოში ყველაზე დიდი საგამოფენო ბაზრობაა, რომლის წლიური ბრუნვაც 660 მილიონს აღემატება.

საქართველოს, როგორც წიგნის ფესტივალის საპატიო სტუმრის ერთ-ერთი რეკლამა.

საგულისხმოა, რომ ქართული ლიტერატურის ტრიუმფი არა ევროპის ლიტერატურულ ქალაქებში: პარიზში, პრაღაში ან დუბლინში, არამედ ბიზნესზე ორიენტირებულ ფრანკფურტში შედგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული ლიტერატურა არის არა დასავლეთ ევროპელების მიერ რომანტიზებული,  მოკლევადიანი ეგზოტიკური ტრენდი, არამედ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რომლის მონეტიზებას დიდი პოტენციალი აქვს.

წიგნის ბაზრობა, გერმანულად - „ბუხმესე“ (Buchmesse) არა მხოლოდ მკითხველისა და მათი საყვარელი თუ ახალი ავტორების ერთმანეთთან შეხვედრის ადგილია (რაც სინამდვილეში მხოლოდ ორ დღეს გასტანს), ის წარმოადგენს პლატფორმას, სადაც გამომცემლობებს, წიგნების მაღაზიებსა და ავტორებს ერთმანეთთან დაკავშირების შანსი ეძლევათ -  მათ ხუთი დღე აქვთ, რომ ბუხმესეს დიდსა და პატარა სცენებზე საკუთარი საუკეთესო მხარე წარმოაჩინონ, გამართონ პერფორმანსები, წარმოთქვან ამაღელვებელი სიტყვები, ჩაერთონ ცხარე დისკუსიებში და შედეგად, რაც შეიძლება მეტი მიმზიდველი გარიგება მოიზიდონ.

საინტერესო პერფორმანსი შალვა ბაკურაძის შესრულებით. პოეტმა ლოცვა „მამაო ჩვენო“ ძველ ბიზანტიური აქცენტით წაიკითხა

საქართველო დიდი ხანია ფიქრობს, რით განაცვიფროს ევროპული ბაზარი - უძველესი ღვინის ტრადიციით, მაკურნებელი ბორჯომითა თუ უნიკალური კულინარიით. ამ ქართულმა პროდუქტებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ამგვარად ხიბლავდა, ევროპელ მომხმარებლამდე თითქოს ვერც მიაღწია. რთული ეკონომიკურ-საბაზრო ანალიზის ნაცვლად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ექსპორტ-იმპორტს ევროპაში დიდი ხნის წინ გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები განსაზღვრავს - და არა მაინცდამაინც გემოვნება. ასე რომ, გაწბილება ჯერ ადრეა.

„საბას“ ცერემონიალის დასრულების შემდეგ ფრანკფურტის მერიაში ალაფურშეტი გაიმართა. ქართველი მოსამართლე სტრასბურგის უზენაეს სასამართლოში. ლადო ჭანტურია, ლაშა ბუღაძეს „საბას“ ნომინაციაში გამარჯვებას ულოცავს

მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენი ლიტერატურით ყოველთვის  ვამაყობდით, ენობრივი ბარიერის, კულტურული თავისებურებებისა და უფრო მეტად, ისტორიული კატაკლიზმების გამო მისი „გარეთ გატანა“ ვერც მოვახერხეთ და ვერც გავბედეთ. აკა მორჩილაძემ ევროპელებს ფესტივალის გახსნაზე ასე მიმართა: ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, თქვენ ჩვენსას - საერთოდ ვერაო. მაგრამ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ ქართული პროდუქტი ბოლო გვედრამდე ბეჯითად წაიკითხა. პირველად წაკითხვის ბედნიერება შესაშური მონდომებით შეირგო (რაც თვალნათლივ გამოჩნდა პანელებზე გერმანელი მოდერატორების მიერ დასმულ, ღრმა და საფუძვლიან შეკითხვებში), შემდეგ კი ხარბად მოიზიდა დიდი თუ პატარა გამომცემლობები; წიგნის სახლებში ლამაზ სტენდებზე წიგნები დაარიგა; ახლა კი ეშვება ქართული პროდუქტი მდგრად და ნელ გზაზე, ანუ ლიტერატურული წრეებიდან ქვევით - წიგნის მაღაზიაში მისულ მკითხველამდე.

საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში ზურაბ რთველიაშვილმა გაიმარჯვა. ის „საბას“ ცერემონიალზე - ასევე მრავალ სხვა ღონისძიებაზე ძველმოდური, სამხედრო სტილის ტანისამოსით წარდგა, რაც მისი კრებულის სათაურის - „პოეზიის დიქტატურა“ - ალუზიას წარმოადგენს

საქართველოდან მოწვეულმა ხელოვანებმა თავიანთი საუკეთესო მხარე თავმდაბლად, მაგრამ თავდაჯერებით წარმოაჩინეს და ის ქართულ, მუდამ კრიტიკულ თვალსაც კი მოაწონეს. ამას მოწმობს ქართულ ფეისბუქზე ვირალურად გავრცელებული აკა მორჩილაძეს სიტყვა ბუხმესეს გახსნაზე; ლაშა ბუღაძის სამადლობელი სიტყვა „საბას“ პრემიის მიღებისას და სხვა.

ბუხმესეს დიდსა თუ პატარა სცენაზე, „საბას“ დაჯილდოებაზე, პენ-მარათონის ვახშამზე, ყველგან იგრძნობოდა, რომ თითოეული ხელოვანი თუ გამომცემელი ერთად მუშაობდა და მონაწილეობდა რაღაც უფრო მეტზე, ვიდრე საკუთარი ბრენდის შექმნაა. ერთად შრომაში კი წიგნის ფესტივალმა ქართველი მწერლებისთვის ახალი პლატფორმა გახსნა, სადაც ერთმანეთი ახლიდან აღმოაჩინეს.

პენმარათონის გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, საღამოს, „დიოგენემ“ მწერლებს, ორგანიზატორებსა და მეგობრებს ვახშამი გაუმართა

გიორგი ლობჟანიძის ფეისბუქსტატუსი

ბაზრობის დასრულების შემდეგ კი ქართველი მწერლები ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმოიფანტნენ, რათა ევროპის ბაზარზე ახალი ხილი, ქართული ლიტერატურა გაეტანათ. ფრანკფურტის შემდეგ ზურაბ ქარუმიძე, აკა მორჩილაძე და სხვანი ბერლინში გაემგზავრნენ, რათა ბერლინური წიგნის სახლებში შეხვედროდნენ მკითხველებს; შემდეგ კი -მწერლები შვეიცარიაში ლიტერატურულ დღეებს დაესწრნენ.

ეს არის ბუხმესეს  გრძელვადიანი ეფექტის დასტური და ასევე წინასწარმეტყველებს, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ქართველი მწერლები და მთარგმნელები წარდგენილი იქნებიან სხვადასხვა ევროპული ლიტერატურული დაჯილდოების ცერემონიალზე, და იმედია, მიწვეულნი იქნებიან „დოიჩე ველესა“ და „არტეს“ გადაცემებში - არა უცნობი კავკასიის აღმოსაჩენად (რასაც „არტე“ ბოლო ათი წელია აშუქებს), არამედ უშუალოდ მათი ხელოვნების გასაცნობად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^