განათლების სამინისტრო 2016 წლიდან 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვას იწყებს.
პროგრამის მიხედვით, რომელზე მუშაობაც ჯერჯერობით დასრულებული არ არის, 5-6 წლამდე ბავშვები პირველ კლასში შესვლამდე წინასასკოლო მზაობის 7-თვიან პროგრამას გაივლიან. განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, პროგრამამ სასკოლო ცხოვრებისთვის ბავშვის სრულფასოვანი მზაობა უნდა უზრუნველყოს.
“არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც სასკოლო მზაობის პროგრამას გადიან, დაწყებითი განათლების საფეხურზე გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე პროგრამის მიღმა დარჩენილები. ჩვენ გადავწყვიტეთ ინტენსიურად დაგვეწყო მუშაობა იმისთვის, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა განათლების სისტემის სავალდებულო ნაწილი გამხდარიყო”, - ამბობს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე.
ნათია ჯოხაძის თქმით, სკოლამდელი განათლებისა და წინასასკოლო მზაობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ. ასევე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს უშუალო ჩართულობით შეიქმნა სტრატეგია სკოლამდელი განათლების შესახებ. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა სასკოლო მზაობის პროგრამა. ასევე, დაიწერა გზამკვლევი იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში ბავშვებთან იმუშავებენ. ბავშვებისთვის განსავითარებელი უნარებისა და ჩვევების ჩამონათვალთან ერთად, სასკოლო მზაობის პროგრამა განსაზღვრავს ყველა იმ რესურსს, რაც მნიშვნელოვანია ამ პროგრამის ხარისხიანი განხორციელებისთვის. ნათია ჯოხაძის თქმით, ზაფხულში იგეგმება იმ აღმზრდელთა გადამზადება, რომლებიც სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩაერთვებიან. დეპარტამენტის უფროსის თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება რთული წარმოსადგენი იქნება აღმზრდელ/პედაგოგების გადამზადების გარეშე. მისივე ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უკვე მუშაობს შესაბამისი ტრენინგ/მოდულის შექმნაზე. სამინისტრომ სასკოლო მზაობის პროგრამის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად ბაღების ინფრასტრუქტურა აღრიცხა. იქ, სადაც აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად თავისუფალი სივრცე არ მოიძებნება, ასეთი სივრცეები საჯარო სკოლების შენობებში უნდა გამოინახოს.
"ნამდვილად არ გვაქვს საკმარისი ინსფრასტრუქტურა. ვგულისხმობ საბავშვო ბაღების დაწესებულებებს. იმისთვის რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს ამ პროგრამის მიღმა, განათლების სამინისტრო მის განკარგულებაში არსებულ რესურსს - საჯარო სკოლების თავისუფალ ფართებს - იყენებს. უშუალოდ არ ვყოფილვარ ამ კონკრეტული მოლაპარაკების მონაწილე, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიას აქვს ბიუჯეტი, რომლის მეშვეობითაც ეს ოთახები შესაბამისად მოეწყობა. 2016 წელს სასკოლო მზაობის პროგრამა ყველა მუნიციპალიტეტისთვის იქნება შეთავაზებული. ამ წლიდან ის ხელმისაწვდომი და ნებაყოფლობითი გახდება. მშობელი გადაწყვეტს, სურს თუ არა, რომ მისმა შვილმა ეს პროგრამა გაიაროს”, - ამბობს ნათია ჯოხაძე.
მისივე ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტები სასკოლო მზაობასა და დაწყებითი საფეხურის პროგრამებს შორის ბმის რელევანტურობაზე მუშაობენ. შესაბამისად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში იგეგმება გარკვეული ცვლილებების შეტანა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის და ადრეული განვითარების სპეციალისტის ანა ჯანელიძის თქმით, სასკოლო მზაობის პროგრამის შემუშავება 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. შემუშავებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტები.
2014 წელს 5-6 წლის ბავშვის სწავლისა და განვითარების სტანდარტების განახლებული ვერსია - სასკოლო მზაობის პროგრამის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელო - მომზადდა. ამჟამად დამატებით იქმნება აქტივობათა წიგნი - დამხმარე რესურსი აღმზრდელ-პედაგოგებისთვის. პირველი ორი დოკუმენტის სამუშაო ვერსიას ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი ექსპერტები განიხილავენ. მისივე თქმით, დოკუმენტებზე შინაარსობრივად მუშაობა 15 ივნისისთვის დასრულდება, ხოლო ამის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ის დასაბეჭდად მომზადდება. რაც შეეხება აქტივობათა წიგნს, მასზე მუშაობას ავტორები 15 ივნისისთვის დაასრულებენ და ის პროგრამის დანარჩენ შემადგენელ ნაწილებთან ერთად დაიბეჭდება.
ანა ჯანელიძის თქმით, 5-6 წლის ბავშვის სწავლისა და განვითარების სტანდარტების განახლებულ ვერსიაში 5-დან 6 წლამდე ბავშვის სწავლისა და განვითარების მისაღწევი შედეგები და შედეგების გაუმჯობესების სტრატეგიების ნიმუშებია მოცემული. შედეგები განვითარების სფეროების მიხედვითაა წარმოდგენილი. დოკუმენტი ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებს (2010), თუმცა საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, მასში შეტანილია მცირედი ცვლილებები.
ანა ჯანელიძე აღნიშნავს, რომ აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელო პროგრამის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც პროგრამის ძირითად პრინციპებს, სტრატეგიებს, პროცესებს, საქმიანობებსა და შინაარსს განსაზღვრავს. სახელმძღვანელოს მიზანია, აღმზრდელ-პედაგოგს მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ დაგეგმოს, წარმართოს და შეაფასოს თითოეული ბავშვის შესაძლებლობებზე, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი.
აქტივობათა წიგნი კი მოიცავს სხვადასხვა თემების მიხედვით შემუშავებულ კვირის გეგმებს და შესაბამის აქტივობებს, რომელიც 30 კვირაზეა გაწერილი. ეს არის დამხმარე რესურსი აღმზრდელ-პედაგოგისთვის, სადაც მოცემულია მრავალფეროვანი მაგალითები, რომლებსაც აღმზრდელ-პედაგოგები ბავშვების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად გამოიყენებენ.
ანა ჯანელიძე სასკოლო მზაობის პროგრამასა და პირველი კლასის პროგრამებს შორის განსხვავებაზე საუბრისას ამბობს, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის დღის განრიგი ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს ითვალისწინებს. ორიენტირებულია თამაშსა და ბავშვისთვის სახალისო აქტივობებზე, ერთმანეთს ენაცვლება აქტიური და მშვიდი საქმიანობები. საქმიანობების ხანგრძლივობა შეესაბამება ბავშვის განვითარების საფეხურს. ბავშვები დამოუკიდებლად ირჩევენ მათთვის შეთავაზებული აქტივობებიდან სასურველს. აღმზრდელ-პედაგოგები თემების განსაზღვრის პროცესში, აქტივობების დაგეგმვისას და შემდეგ, განხორციელების დროს, ითვალისწინებენ ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს. პროგრამა განსაკუთრებით უწყობს ხელს სოციალურ-ემოციური და სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება, უკეთ მომზადებულები შეხვდნენ პირველი კლასის სასკოლო გამოწვევებს, სადაც სასწავლო პროცესი ნაკლებადაა ორიენტირებული თამაშსა და ბავშვის თავისუფალ არჩევანზე, მოითხოვს ახალი წესების მორჩილებას და სხვა.
ანა ჯანელიძის თქმით, აქამდე შემუშავებული პროგრამები ყველა ბავშვისთვის ერთ მიდგომას გულისხმობს, სასკოლო მზაობის პროგრამა კი აღმზრდელს პროგრამის მიზნების მისაღწევად ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობის პრინციპებსა და მეთოდებს ასწავლის.
“მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მასშტაბით ყველა ბავშვისთვის თანაბარი პირობების შექმნას სკოლაში სწავლის წარმატებული დასაწყისისთვის“, - ამბობს ანა ჯანელიძე.
ანა ჯანელიძეს პროგრამის სრულფასოვანი განხორციელებისთვის იმ საჭირო რესურსების შესახებ დავუსვით კითხვა, რომელთა უზრუნველყოფაზე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, ქალაქის მერია და მუნიციპალიტეტები იზრუნებენ.
“საჭირო რესურსების ჩამონათვალი მოიცავს შემდეგს: ჯგუფის ინვენტარი, რომელიც შეესაბამება 5 წლის ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებს, მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის საბავშვო ლიტერატურა; სხვადასხვა ზომის და ფორმის ხის კუბურები;
ბუნებრივი მასალები; მუსიკალური ცენტრი; როლური თამაშებისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი რეკვიზიტები (მაგ. კოსტუმები და სხვა); სხვადასხვა ტიპის მასალები (მძივები, თასმები, ნაჭრები); მასალა წესებიანი და სამაგიდო თამაშებისთვის (დიდი ზომის კამათლები, ფაზლები, ბურთები და ა.შ.); მეორადი მასალები (კოლოფები, ყუთები, კონტეინერები, პლასტმასის ბოთლები და სხვა); სამუშაო/ხელოვნების მასალები (ფანქრები, სხვადასხვა ტიპის საღებავები, სხვადასხვა ტიპის ქაღალდები, საბავშვო მაკრატლების და ა.შ.) და სხვა”, - ამბობს ანა ჯანელიძე.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ყუფარაძე სახელწმიფოს მზაობას, მიიღოს სკოლამდელი განათლების სფეროში შესაბამისი კანონმდებლობა და შეიმუშაოს სტრატეგია, მნიშვნელოვანს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად შექმნილ დოკუმენტებს სახელმწიფო გაიზიარებს და დაამტკიცებს. გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად 2006 წლიდან ეხმარება სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს. სკოლამდელი განათლების დეცენტრალიზაცია სწორედ 2006 წელს განხორციელდა, მაშინ როცა ამ სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა თვიმმართველობამ აიღო.
მაია ყუფარაძის თქმით, დეცენტრალიზაციის შემდეგ ადგილობრივი თვიმმართველობების უმრავლესობას სასწავლო საგანმანათლელო პროგრამები არ გააჩნდა. ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდმა პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა სკოლამდელი განათლების პროგრამები, შეიქმნა ბავშვის განვითარების სტანდარტები.
“პროგრამები აღმზრდელს პირდაპირ კარნახობს ბავშვთან მუშაობის გეგმას. რა პედაგოგიური მიდგომები უნდა გამოიყენოს, რომ ბავშვისთვის ბაღში გატარებული დრო, მისი განვითარებისა და მოქალაქედ ჩამოყალიბების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გახდეს. არც თუ ისე სახარბიელო რეზულტატებზე გავედით - ეს სტანდარტები, რომლებსაც სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა, 71 თვითმმართველობის მუნიციპალიტეტიდან ძალიან ცოტამ მიიღო და დანერგა დებულებებით. მუნიციპალიტეტების უმრავლესობა პრაქტიკულად ამის გარეშე დარჩნენ. ეს იყო სფერო, რომელსაც საკანონმდებლო ბაზა არ გააჩნდა. არსებობდა თვიმმართველობის კანონი, სადაც სკოლამდელ განათლებას ნახევარი გვერდი ჰქონდა დათმობილი. ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებით მივედით დასკვნამდე, რომ ამ სისტემას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სავალდებულოა ბავშვისა და საზოგადოებისთვის, სტრატეგია, კანონი უნდა ჰქონდეს”, - ამბობს მაია ყუფარაძე.
მისივე თქმით, კანონპროექტი სკოლამდელი განათლების სფეროში სამსაფეხურიანი სწავლების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს: დაბადებიდან 2 წლამდე; ორი წლიდან 3 წლამდე და წინასასკოლო მზაობის ეტაპი.
მისივე თქმით, დეცენტრალიზაციის მიუხედავად, სტანდარტებისა და მართვის სისტემის ცენტრალიზაცია სამინისტროს დონეზე უნდა მოხდეს. ანუ თვიმმართველობებისთვის უნდა არსებობდეს სავალდებულოდ შესასრულებელი სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც სკოლამდელი განათლების სისტემის მართვა განხორციელდება. ასევე, უნდა არსებობდეს ხარისხის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო.
მისივე თქმით, კანონის მიხედვით, აღმზრდელს პედაგოგის სტატუსი მიენიჭება და ის ზუსტად განსაზღვრავს, თუ რა კომპეტენციები და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს აღმზრდელს.
კანონი ასევე საზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს ბავშვთა დაცვა ძალადობისგან და რა სტანდარტების დაცვის ვალდებულება ექნებათ თვიმმართველობებს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.