Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეფორმირების მესამე ეტაპი - საფრთხე თუ წინსვლა სასამართლო სისტემისთვის

23 მაისი 2015

იუსტიციის სამინისტრომ მართლმსაჯულების რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტებზე მუშაობა დაასრულა. ცვლილებათა პაკეტი სასამართლო სისტემას  ეხება და როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მესამე ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება. თუმცა მოსამართლეთა ნაწილი მიიჩნევ, რომ მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, აღნიშნული კანონპროექტების ნაწილი კონკრეტული პირების წინააღმდეგ მიმართული აქტია.

კანონპროექტები ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევის პროცედურები, მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოპოვების პროცედურა, მოსამართლეთა მივლინების წესი, დისციპლინური სამართალწარმოება და სხვა.

ცვლილებათა პაკეტი სასამართლოს თავმჯდომარისა და მენეჯერის ფუნქციების გამიჯვნასა და თავმჯდომარისთვის საქმეების განხილვის ვალდებულებასაც ითვალისწინებს. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, თავმჯდომარეებს არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არამედ თავად რიგითი მოსამართლეები აირჩევენ.

მოსამართლეები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტები ბევრი დადებითი ცვლილების მომტანი და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა არის საკითხები, რომელიც მათი კრიტიკის საგანი ხდება. ასეთია კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედი თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა და დისციპლინური სამართალწარმოება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის შეფასებით, აღნიშნული ნორმები იმდენად უარყოფითია,  კანონპროექტების დადებით მხარეებს ფარავს. ის ხელისუფლების მიერ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების შემდეგ უკან სვლას ნიშნავს.

კერძოდ, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, კანონის ამოქმედების შემდეგ სასამართლოების ამჟამინდელ თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მოსამართლეები პიროვნულ შეურაცხყოფად აღიქვამენ და ეჭვობენ, რომ მათი თანამდებობებიდან ჩამოშორება მხოლოდ იმის გამო უნდათ, რომ ისინი წინა ხელისუფლების პერიოდში დაინიშნნენ.

“არის განცდა იმისა, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არა სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, არამედ თავმჯდომარეთა ჩამოშორებაა”, - ამბობს “ლიბერალთან” საუბრისას ლევან მურუსიძე.

აღნიშნულ ცვლილებას ვენეციის კომისიაც უარყოფითად აფასებს. ანალოგიური დამოკიდებულება  აქვს კოალიციის - “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” - წარმომადგენლებსაც, რომელშიც 32  ორგანიზაციაა გაერთიანებული.

კანონის ამჟამინდელი ვერსიის თანახმად, სააპელაციო და რაიონული/საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს 5 წლის ვადით თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს. შესაბამისად, ამჟამინდელი თავმჯდომარეები წლების წინ, იმ დროს არსებული კანონის შესაბამისად დანიშნეს.

“კოალიციისთვის ბუნდოვანია, რა კრიტიკული საჭიროება განაპირობებს სასამართლოს თავმჯდომარეთა ერთდროულ, ფართომასშტაბიან გათავისუფლებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, კოალიციას მსგავსი არასტაბილური გარემოს შექმნა სასამართლო ხელისუფლების ინტერესებისთვის დამაზიანებლად მიაჩნია”, - აღნიშნულია კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ გავრცელებულ შენიშვნების დოკუმენტში.

აღნიშნულზე თავისი არგუმენტები აქვს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. მისი განმარტებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ პრაქტიკის დასრულება სურს, რომლითაც სასამართლოები სამინისტროებივით იმართება - სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელია და დანარჩენი მოსამართლეები მას ემორჩილებიან. 

„არ შეიძლება ასე იყოს სასამართლოში, არ შეიძლება მოსამართლე სასამართლოს თავმჯდომარეს ექვემდებარებოდეს. მას ეკითხებოდეს, როგორ გადაწყვიტოს ესა თუ ის საქმე“. 

როგორც იუსტიციის მინისტრი „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რიგით მოსამართლეს თავმჯდომარის არჩევა თავად შეეძლოს, ისე როგორც ეს სტრასბურგის სასამართლოშია. თეა წულუკიანი  მიიჩნევს, რომ უკანონო არა ამჟამინდელი თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, არამედ მათ მიერ წლების განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებია.

თეა წულუკიანი განმარტავს, რომ სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეებს არჩევნებში კენჭისყრის კანონიერი უფლება ექნებათ. 

ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეები თავიანთი პოზიციის დაცვას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ, რადგან სწორედ აღნიშნული სასამართლო განიხილავს კანონებსია და კანონპროექტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს. იუსტიციის მინისტრის თქმით,  ასეთ შემთხვევაში მათსა და მოსამართლეებს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება  და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს მენეჯერებმა მისი ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოს აპარატის მოქმედი მოსამსახურეების თანამდებობაზე გადანიშვნა უნდა უზრუნველყონ. თუმცა ბუნდოვანია, რა იგულისხმება „გადანიშვნაში“.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს, რომ გადანიშვნა არა კადრების შეცვლას, არამედ ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის ფუნქციების გადანაწილებას გულისხმობს. კანონპროექტით სასამართლოს თავმჯდომარისა და მენეჯერის უფლება-მოვალეობები იმიჯნება, შედეგად ადმინისტრაციის თანამშრომლებს ფუნქციები ეზრდებათ და გადანიშვნაც სწორედ ამიტომაა საჭირო. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია დისციპლინური სამართალწარმოების საკითხი. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობით, 8 ხმით იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ  2/3-ის, ანუ 10 ხმის მოგროვება უმეტეს შემთხვევებში შეუძლებელი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოში 9 მოსამართლე და 6 არამოსამართლე წევრია, კონსენსუსამდე მისვლა ხშირად ვერ ხერხდებოდა.

გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ინიციატივით სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი შემოდის, რომელიც მოსამართლეთა სახელზე შესულ საჩივრებს განიხილავს, დაიწყებს და შეწყვეტს მათ წინააღმდეგ დისციპლინურ დევნას, მოსამართლეებს ჩამოართმევს ახსნა-განმარტებებს და ა.შ. აღნიშნული ფუნქციები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს აქვს. თუმცა საბჭოს მდივნისგან განსხვავებით, მას არა მოსამართლეთა კონფერენცია, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე შიშობს, რომ შესაძლოა ეს ცვლილება კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს დისციპლინური დევნა ის მექანიზმი იყო, რომელსაც წარსულში „ურჩი“ მოსამართლეების წინაღმდეგ აქტიურად იყენებდნენ.

“სადაც კი მივდივართ, ყველა შეხვედრა დისციპლინური დევნით იწყება. შემოდის გადაწყვეტილების 10-ის ნაცვლად 8 ხმით მიღება, ინსპექტორის ინსტიტუტი. ამ ყველაფერმა კომპლექსურად შექმნა იმის განცდა და შიში, რომ თავმჯდომარეების მოცილებისთან შემდეგ კონკრეტული მოსამართლეების მოცილების საკითხი დადგება. ეს განცდა აქვს მთელ სისტემას”,- აცხადებს ლევან მურუსიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, თუკი დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი მაინც შემოვა, მაშინ ის მოსამართლე უნდა იყოს და მოსამართლეთა კონფერენციამ უნდა შეარჩიოს.

საპირისპირო მოსაზრება აქვს იუსტიციის მინისტრს. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ დისციპლინური საჩივრები არამოსამართლე პირმა უნდა განიხილოს. მიზეზი კი ისაა, რომ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საბჭოს მდივანს, თავისი სამოსამართლო საქმიანობიდან გამომდინარე, საჩივრების განსახილველად არასაკმარისი დრო აქვს. ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოსაზრებით, საბჭოს მდივანი მიუკერძოებლობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რადგან მოსამართლეები მისი კოლეგები არიან.

„ბატონი ლევანის დანიშვნის შემდეგ მასთან 484 საჩივარი შევიდა. მან წინასწარი შემოწმება განახორციელა და 384 დახურა ისე, რომ მოსამართლე არც კი გამოკითხა. შესაბამისად, 384 საჩივარი პასუხგაუცემელი დარჩა.  22 საჩივარზე მან დაადგინა, რომ მოსამართლის მიერ დისციპლინურ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, მაგრამ სანქცია არ დააკისრა და მათ კონფიდენციალური კერძო სარეკომენდაციო ბარათი მისწერა. დარჩენილი საჩივრები მიმდინარეა და არავინ იცის, როდის ან რა შედეგით დასრულდება. ფაქტია, რომ მის ხელში ეს პროცედურა არაეფექტიანია. მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, თუკი მისი უფლება დაირღვა, რა რეაგირება მოჰყვა მას“, - აღნიშნავს მინისტრი.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, რეფორმის მესამე ეტაპი არ შეჩერდება და მისადმი რეზისტენტულობას მასში მონაწილეობის მიღება ჯობია. 

„რომელ მოსამართლესაც მართლმსაჯულების რეფორმა არ უნდა, მას ქვეყნის მომავლის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად არ ესმის.  ასე რომ რეფორმა არ შეჩერდება, ის ჩატარდება და მისი სხვა ტალღებიც იქნება“.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლევან მურუსიძე ინსპექტორის ინსტიტუტისა და თავმჯდომარეთა თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებს სასამართლოს დამოუკიდებლობის გზაზე  უკანგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საჭიროა 15-20 წელი ქვეყნის სათავეში მყოფ ძალას ამის ნება ჰქონდეს და ამ მიმართულებით შესაბამის ქმედით ნაბიჯებს დგამდეს.

“ჩვენთან ჩამოსულ ინგლისელ კოლეგებს საბჭოს ერთმა წევრმა ჰკითხა, როგორ მიაღწიეთ დამოუკიდებელ სასამართლოსო. მისი პასუხი იყო - 100 წლის განმავლობაში ზედიზედ ისეთი ხელისუფლება უნდა გყავდეთ, ვინც გულწრფელად დაინტერესებულია, რომ სასმართლო დამოუკიდებელი იყოს და ამ მხრივ ჩვენ გაგვიმართლაო. აქ 100 წელზე არაა საუბარი, მაგრამ 15-20 წელი მაინც ხომ უნდა გადაებას”,- აღნიშნავს მურუსიძე.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^