მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ბოლო სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის განათლების სამინისტროს ახალი პროექტიც იყო. სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ ახალ საგნების “მე და საზოგადოების“ და „მე და სამშობლოს“ დანერგავამდე მისი განხილვა ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა მოხდეს.
მეუფე გრიგოლმა პროგრამა დადებითად შეაფასა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამაში რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელიც პასუხის გაცემას მოითხოვს.
მეუფე გრიგოლის განცხადებას იმავე დღეს უპასუხა განათლების მინისტრმა, რომელიც მიესალმა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფისა და დაინტერესებული პირების ჩართულობას.
“ეს პროგრამა საჯაროდ ხელმისაწვდომია, მივესალმებით ნებისმიერი მხარის ჩართულობას, მით უმეტეს, რომ ეს ინტერესი პროფესიული ინტერესითაა გამოწვეული. გამოგვადგება, თუ რამე ხარვეზია, რისკია, შესაცვლელია, გვეცოდინება საწყის ეტაპზე. ვაგრძელებთ კომუნიკაციას, მუშაობას იმისთვის, რომ ამ საგნიდან საუკეთესო შედეგი მივიღოთ“, - აცხადებს სანიკიძე.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლმა ქეთევან ჩხობაძემ „ლიბერალს“ განუცხადა, რომ ახალ საგნებთან დაკავშირებით მართლმადიდებელი და სხვა რელიგიური ჯგუფების მონაწილეობით სამინისტროში არაერთი შეხვედრა გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრები კონსტრუქციულად წარიმართა და ამ საკითხზე თანამშრომლობა გრძელდება, რადგან პროგრამის რევიზია ჯერ დასრულებული არ არის.
მისივე თქმით, საგანი “მე და საზოგადოების” შექმნის პროცესში დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტები და საზოგადოებრივი მეცნიერებების სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
რას გულისხმობს საგნები „მე და საზოგადოება“ და „ჩემი სამშობლო“?
„ლიბერალი“ გთავაზობთ ამონარიდებს პროგრამიდან, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
„საქართველოს სკოლებში იწყება ახალი საგნის სწავლება სახელწოდებით - „მე და საზოგადოება“. შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ახალი საგნისათვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსი სახელმძღვანელოს სახით ჯერ არ არსებობს. ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ შესაბამისი სახელმძღვანელოს გამოცხადდება კონკურსი.
„მე და საზოგადოება“ 2015-2016 სასწავლო წლებში თბილისსა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში გაივლის პილოტირებას, ხოლო 2016-2017 სასწავლო წლიდან ახალი საგანი მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდება და საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის საგანი დაწყებით საფეხურზეც დაინერგება. საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება ამ ეტაპზე მესამე და მეოთხე კლასში დაიწყება.
საგანი - „მე და საზოგადოება“ მიზნად ისახავს:
- დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის პიროვნებად აღქმაში; განუვითაროს თვითგამოხატვის უნარი;
- ასწავლოს პირისპირ შეხედოს დაბრკოლებებს და იპოვოს საკუთარ თავში მათი გადალახვის ძალა;
- ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში;
- ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება თავისი ოჯახისა და თემის, ბუნებრივი გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; გააცნობიერებინოს, რომ თავისი უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული;
- დაეხმაროს საზოგადოების ცალკეული ინდივიდების ერთობად აღქმაში;
- შესძინოს საბაზისო ცოდნა მშობლიური გარემოს შესახებ;
- გამოუმუშაოს თანამედროვე ცვალებად გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;
- საკუთარი ქვეყნის მაგალითების საფუძველზე გამოუმუშავოს ასაკთან შესაბამისი წარმოდგენა ადამიანების, მოვლენების, კულტურის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ.
მიმართულებების აღწერა:
1. პიროვნული განვითარება და იდენტობა - ამ მიმართულების მიზანია, მოსწავლეს ასწავლოს საკუთარი და სხვისი ქცევის ანალიზი, საკუთარი თავის თვითშეფასება, რაც მომავალში საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრაში დაეხმარება; საგნის ეს მიმართულება ხელს შეუწყობს მოსწავლეს, ჩამოყალიბდეს ღირსების, პასუხისმგებლობის, დადებითი თვითშეფასებისა და ზნეობრივი პრინციპების მქონე პიროვნებად, რომელსაც ექნება თვითკონტროლისა და თვითგამოხატვის უნარები.
2. ინიციატივა და მეწარმეობა - მიმართულების მიზანია მოსწავლეს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება განუვითაროს; აღჭურვოს იგი ისეთი ცხოვრებისეული უნარებით როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში მიზნების შესაბამისად მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა, დროის, რესურსების სწორად ხარჯვა და დაზოგვა.
3. სოციალურ-კულტურული განვითარება და მოქალაქეობა - მიმართულების მიზანია, მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი საკუთარი ქალაქის/სოფლის, რეგიონისა და ქვეყნის მიმართ; დაანახოს თავისი ადგილი მშობლიურ გარემოში; შეასწავლოს მის გარშემო მიმდინარე სოციალურ და კულტურულ პროცესებში მონაწილეობის საშუალებები. ამასთან, მოსწავლემ უნდა გაიაზროს დროის ფენომენი; დაინახოს, როგორ ვითარდება ცხოვრებისეული მოვლენები და რა სახის ცვლილებებს აქვს ადგილი მის ლოკალურ გარემოში. აღნიშნული მიმართულება ჰუმანური ღირებულებების (კონფლიქტურ სიტუაციებში არაძალადობრივი გზებით მოქმედება, ტოლერანტობა, თანასწორობა) ჩამოყალიბებასა და აქტიური მოქალაქის აღზრდასაც უწყობს ხელს, რომელსაც გააზრებული აქვს საერთო წესების მნიშვნელობა; ავლენს მზრუნველ დამოკიდებულებას ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ; აღიქვამს მის ქვეყანაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობას.
რას გულისხმობს საგანი „ჩვენი საქართველო“?
,,ჩვენი საქართველო’’ მოსწავლეს ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის შესწავლას ინტეგრირებული ფორმით სთავაზობს. სასწავლო კურსის ცენტრშია მოსწავლე და უშუალოდ მის გარშემო არსებული გარემო, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოს გულისხმობს. მოსწავლე, ქვეყნის მხარეთმცოდნეობითი პრინციპების შესწავლის საფუძველზე გაითავისებს, რომ იგი, საზოგადოების სხვა წევრების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეა; გაიაზრებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საერთო გარემო, წარსული, აწმყო და მომავალი აერთიანებთ და რომ დღევანდელი საქართველო, როგორც სახელმწიფო, მათ ერთიანობას ეფუძნება.
მოსწავლე გაეცნობა, თუ როგორი გავლენა აქვს წარსულს აწმყოზე და გარემო პირობებს საზოგადოების განვითარებაზე. იგი თვალნათლივ დაინახავს ადამიანთა გამოცდილების მრავალფეროვნებას. გაიგებს, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი საქართველოში, როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს, როგორ შრომობდა და ომობდა, რა ყოფითი თავისებურებები ახასიათებდა.
ყოველივე ზემოთქმული მოსწავლის ცნობიერებაში სამშობლოს ცნების გამთლიანებას შეუწყობს ხელს.
საგანი “ჩვენი საქართველო” მიზნად ისახავს:
- დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი ქვეყნის მრავალმხრივად დანახვაში და მისდამი სიყვარულის გაღრმავებაში;
- სამოქალაქო პოზიციის შემუშავების, კრიტიკისა და საკუთარი აზრის დაცვის უნარის გამომუშავებაში;
- განუვითაროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასებისა და საგანგებო ვითარებაში ადეკვატურად მოქმედების უნარი;
- შესძინოს ცოდნა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების, მისი მრავალფეროვანი კულტურის შესახებ;
- შესძინოს ცოდნა საქართველოს ბუნებრივი პირობების, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკის გავრცელებული დარგების, სოციალური, კულტურული და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შესახებ;
- მისცეს მას მოქალაქისთვის აუცილებელი ცოდნა ადამიანის უფლებებისა და ეთიკის სფეროდან;
- გაუღვივოს წარსულის მიმართ ცნობისმოყვარეობა (საკუთარი სამშობლოს იმ ადგილების შესწავლით, რომელთაც წარსულში მომხდარი სხვადასხვა საინტერესო ამბავი, პიროვნება და კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლი უკავშირდება);
- დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი მისი ბუნებრივი, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებაა;
- აღაქმევინოს თავი რეფერენტული ჯგუფის (ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა, სატიტულო ნაცია და ა.შ.), ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წევრად.
- გააცნობიერებინოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საერთო გარემო, წარსული, აწმყო და მომავალი აერთიანებთ და რომ დღევანდელი საქართველო, როგორც სახელმწიფო, მათ ერთიანობას ეფუძნება;
- ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება თავისი რეგიონის, ქვეყნის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
მიმართულებების აღწერა:
1. დრო, სივრცე და ცვალებადობა - ამ მიმართულების მიზანია შესძინოს მოსწავლეს დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარები; აჩვენოს დროისა და სივრცის ურთიერთმიმართება. აქ აქცენტი კეთდება ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებზე, როგორებიცაა: რუკისა და თვალსაჩინოებების კითხვა, ანალიზი და ინტერპრეტაცია; ეს მიმართულება მოსწავლეს ასევე გამოუმუშავებს დროის მონაკვეთების (ეპოქა, წელი, საუკუნე) აღქმას; დროსა და სივრცეში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარს.
2. მოქალაქეობა - ამ მიმართულების მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეს აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ჰუმანური ღირებულების შეძენაში; გამოუმუშავოს სოციალიზაციისთვის საჭირო უნარები; ასწავლოს საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირება და დაეხმაროს საკუთარი და სხვისი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3. მეწარმეობა და ეკონომიკა - ამ მიმართულების მიზანია განუვითაროს მოსწავლეს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება; აღჭურვოს იგი ისეთი ცხოვრებისეული უნარებით, როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა; ასწავლოს მას თანხის, დროისა და რესურსების რაციონალური გამოყენება.
4. სოციალურ-კულტურული განვითარება - ამ მიმართულების მიზანია, მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი საკუთარი ქალაქის/სოფლის, რეგიონისა და ქვეყნის მიმართ; დაანახოს მას საკუთარი ადგილი მშობლიურ გარემოში; დაეხმაროს გარშემო არსებული პრობლემების ამოცნობაში და ასწავლოს სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები ამ სირთულეების გადასაჭრელად.
ამასთან, მიმართულება მოსწავლეს აჩვენებს ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას; საქართველოს მოსახლეობის ყოფით თავისებურებებს და მათი ჩამოყალიბების ისტორიულ საფუძვლებს. აჩვევს მზრუნველ დამოკიდებულებას ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.
5. სახელმწიფოებრივი განვითარება - ამ მიმართულების მიზანია შეასწავლოს მოსწავლეს სახელმწიფოს რაობა და ფუნქციები; დაეხმაროს მას პოლიტიკური პროცესების აღქმაში; ხელი შეუწყოს ქართულ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებული ისტორიული და თანამედროვე მოვლენების გააზრებასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში.