ლ. ბახტაძე - კარლო ჩხეიძე
“საქართველო“ #250, გიორგობისთვის 11 (24), 1917 წ.
პეტროგრადის დემოკრატიულ კრებაზე ბევრი ისტორიული პირი იყო. რომელნიც ამ ოცდაათ და ორმოც წლის წინად თავის მოქმედებით და ხმაურობით ავსებდნენ იმ ეპოქას, როდესაც ისინი მოქმედობდენ.
დღეს კი ისინი უფრო საპატიო წევრები არიან კრებისა, ვიდრე მომქმედნი პირნი.
ჩაიკოვსკი, ნატანსონი, ვერა ზასულიჩი, ფიგნერი და ბევრი სხვა – ძველი გვარდიაა რევოლიუციისა, ეს მისი ძველი ისტორიაა.
პრეზიდიუმის მაგიდას ისინი უძრავად უსხედან და მაღლიდან ისე გადმოყურებენ კრებას, თითქოს თითბრის ქანდაკებანი იყვნენ.
მაინც ჩაიკოვსკი, მას რომ ხედავთ, ჰფიქრობთ ანტოკოლსკი მოსე წინასწარმეტყველის ქანდაკება მოუტანიათ მეფის ალექსანდრე მესამის მუზეუმიდან და პრეზიდიუმის მაგიდასთან დაუდგამთო, ისე დიდებულია მისი სახე, ისე წააგავს იგი მოსესას... იგივე მაღალი შუბლი, იგივე გრძელი და სქელი წვერი, როგორ ანტოკოლსკის მოსეს აქვს, ოდნავ განზე ქარისაგან შერყეული...
მათ მე არ გაგაცნობთ, ვფიქრობ, მათი პიროვნება და მოქმედება ყველას მიერ ცნობილია. დღეს ისინი, თავის ცხოვრების საღამოს ისვენებენ და დასცქერიან შვილებს, რომელნიც მკიან მათგან მობნეულ კეთილ თესლს.
ახლა მიუახლოვდეთ კრების თავმჯდომარეს. იგიც ისტორიული პიროვნებაა! ჩხეიძეზე მოგახსენებთ:
ეს ფუთელი აზნაური ნამდვილი შემქმნელია რუსეთის რესპუბლიკისა.
როდესაც დიდი იმპერიის მეფეს თავიდან მძიმე გვირგვინი გადაუვარდა მიწაზე დაეცა, ყველა შეკრთა და დაიბნა.
ისეთი მარჯვე ბელადიც, როგორც მილიუკოვია, რომელიც მთელს თავის სიცოცხლეში იმის ცდაში იყო, რო მეფეს გვირგვინი გადავარდნოდა, ისიც შეკრთა, რა ნახა უმეფო რუსეთი. მას არ ეგონა თუ ქვეყანა არ დაიღუპებოდა და ერთ დღეს გაძლებდა იგი უმეფოთ.
მილიუკოვმა აიღო მეფის გვირგვინი, გაფერთხა იგი და რუსეთის დაღუპვისგან გადასარჩენათ, სხვების დაუკითხავათ, ხან ერთ დიდ მთავარს შესთავაზა იგი, ხან მეორეს...
ამ დროს ყველა დაიბნა, გარდა ჩხეიძისა. ჩხეიძემ გამოჰგლიჯა მილიუკოვს ხელიდან მეფის გვირგვინი და შორს გადაისროლა და საქვეყნოთ განაცხადა: ამიერიდან რუსეთში რესპუბლიკა უნდა დამყარდესო.
პეტრეს ქალაქში იგი ისე ცნობილია, რო მუსაიფში, როდესაც მასზე (!) საუბრობენ, ყველა მას „ნიკოლაი სიმონიჩათ“ იხსენიებს.
ბოლშევიკების გამოსვლამდის, თუ მისგან თანხმობას არ მიიღებენ, ისე მინისტრის ადგილს ვერავინ დაიკავებდა. კერენსკის ამაღლება ჩხეიძის საქმე იყო. სანამ ის ჩხეიძის თანაგრძნობით სარგებლობდა, მას მტერი ვერ ერეოდა. ბოლოს კერენსკიმ ვერ გაუძლო გუნდრუკის კმევას, თავბრუ დაესხა ცარიელ ტაძრის მზერით, ემზადებოდა კიდევ უკეთეს, უფრო დიდებულ ცხოვრებისათვის ეს გაუგეს და დაჰკარგა თანაგრძნობა ჩხეიძისა და კიდეც გადიჩეხა...
ჩხეიძე საუცხოვო, იშვიათი თავმჯდომარეა. მას ამ შვიდის თვის განმავლობაში ერთხელაც არ მიუმართავს იმ საშუალებისთვის, რომელსაც ასე ხშირად მიმართავდნენ როძიანკო და სხვები, მას ერთხელაც არ დაუთხოვნია საბჭოს წევრი კრებიდან, ისე დიდია მისი გავლენა, რო სიტყვა კმაროდა, წესიერების დასამყარებლად.
ამ კაცზე ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ, ვგონებ ჯერ ადრეა ამ კაცის ისტორიული ღვაწლის დაფასება, რომელიც დღიდან მისგან დაარსებულ რესპუბლიკისა, არც ძილი იცის და არც მოსვენება.. ან რა ითქმის იმ მეომარზე, უძილოდ დაღლილ მებრძოლზე, რომელსაც თოფზე მისძინებია, რომ მერმე გაორკეცებულ მხნეობით ისევ განაგრძოს ომი?!
სტილი დაცულია
სპეციალურად "ლიბერალისთვის" მასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა.