Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ხელი ხელს” საოჯახო საცხოვრისების შესანარჩუნებლად მთავრობას დაფინანსების გაზრდას სთხოვს

31 ოქტომბერი 2018

ხელი ხელსორგანიზაცია, რომლის საოჯახო საცხოვრისებშიც უკვე მეშვიდე წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ, მომავალი წლიდან შესაძლოა, ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას სთხოვს. „ხელი ხელს" დამფუძნებლის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ მცხოვრებლების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა შეუძლებელი გახდება და შესაძლოა, მცირე დაფინანსების გამო, ერთი სახლის დახურვაც წელსვე მოუწიოთ.

„ხელი ხელს” ორგანიზაციას ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” აფინანსებს. ფონდისვე დახმარებით, 2011 წლიდან დღემდე გურჯაანსა და თბილისში სულ ექვსი სახლი გაიხსნა და მასში 28 შეზღუდული შესაძლებლობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს. იმისთვის, რომ სახლი ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად დაახლოებული იყოს, თითოეულ საცხოვრებელში ხუთზე მეტი ადამიანი არაა.

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო”, „ხელი ხელს” ორგანიზაციის დამფუძნებელის თქმით, მომავალი წლიდან მათ დაფინანსებას უმცირებს, 2020 წლიდან კი - საერთოდ შეწყვეტს, რადგან ფონდის დახმარებითვე, ამ წლების განმავლობაში, შემუშავდა საქართველოსთვის მორგებული საოჯახო საცხოვრისების სტრატეგია, ფონდმა მსგავსი საცხოვრებლების პრაქტიკა დანერგა და ახლა მისი ფინანსური ჩანაცვლების ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება.

ამ დროისთვის, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში (სათემო საცხოვრებლების ქვეპროგრამა), ჯანდაცვის სამინისტრო ამ სახლის ბინადრებს დღეში 16 ლარით აფინანსებს. თუმცა, „ხელი ხელს” ორგანიზაციის დამფუძნებელი, მაია შიშნიაშვილი „ლიბერალთან” განმარტავს, რომ ეს ბენეფიციარების მოვლის მხოლოდ 50%-ს ფარავს.  დანარჩენ ხარჯს ფონდისგან მიღებული გრანტით აფინანსებენ.

ორგანიზაცია სამინისტროსგან 2019 წლის ბიუჯეტში ითხოვს, რომ 16 ლარის ნაცვლად, ბენეფიციართა დაფინანსება 32 ლარამდე გაიზარდოს. სამინისტროში ორგანიზაციამ უკვე წარადგინა დათვლილი ხარჯები, რატომაა საჭირო სერვისის შესანარჩუნებლად 32 ლარი.

შიშნიაშვილის თქმით, ეს თანხა მოიცავს: სახლის ქირას, კომუნალურ გადასახადებს, ასისტენტების მომსახურებას, რომელებიც თითოეულ სახლში მაქსიმუმ 5 ადამიანს ეხმარებიან. ასევე, თბილისსა და გურჯაანში მდებარე სახლების მენეჯერების, ორი კოორდინატორისა და ბუღალტერის ანაზღაურებას:„სახელმწიფოს 16 ლარი კი მხოლოდ კვებასა და კომუნალურ გადასახადებში ყოფნის საცხოვრისით მომსახურების სერვისს".

2017 წელს სათემო ორგანიზაციების ბიუჯეტი 1 330 000 ლარით იყო განსაზღვრული, 2018 წელს ეს თანხა 70 ათასი ლარით გაიზარდა.

აქედან საოჯახო ტიპის საცხოვრისით მომსახურების სერვისზე, რომელსაც „ხელი ხელს” აწვდის, წლიურად დაახლოებით 160 000 ლარი აქვს გამოყოფილი. ორგანიზაცია ამ დაფინანსების გაორმაგებას და დაახლოებით 150 ათასი ლარის დამატებას ითხოვს.

რა არის საოჯახო ტიპის საცხოვრებელი და რატომაა ის ინსტიტუციების ალტერნატიული, სწორი ფორმა?

ქრისტინე 32 წლისაა, პირველად მას მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონში, 2015 წელს შევხვდი. ის დანარჩენ 70 ადამიანთან ერთად პანსიონში წლების განმავლობაში, სენაკის ბავშვთა სახლიდან გადმოსვლის შემდეგ ცხოვრობდა.

3 წელია, „ხელი ხელს” ორგანიზაციის სახლში, მუხიანში, ორ მეგობართან, გრიგორთან და თამუნასთან ერთად ორ სართულიან, დიდი ეზოთი გარშემოტყმულ სახლშია. მისი დამხმარე, ასისტენტი, სოფო, მთელ დღეს მასთან ერთად ატარებს და ეხმარება. ინსტიტუციიდან გადმოსვლის შემდეგ ქრისტინემ მხარდაჭერის სხვადასხვა ეტაპი გაიარა. სოციალურ საწარმო „ბაბალეში" იყო სტაჟიორი, სადაც დასაქმდა. ახლა კი „დადარში", რომელიც ასევე სოციალური საწარმოა, ხელნაკეთ თოჯინებს აკეთებს და ნელ-ნელა ეჩვევა დამოუკიდებელ ცხოვრებას.

მარტყოფის პანსიონატში 60-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ისევ განაგრძობს ცხოვრებას. ასეთივე დიდ ინსტიტუციებში არიან დუშეთსა და ძევრში. მათი მოვლისთვის სახელმწიფო, საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებისგან განსხვავებით, საშუალოდ 27 ლარს იხდის.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, სახალხო დამცველის ანგარიშებში სამივე ინსტიტუცია შშმ პირების უფლებების დარღვევის კუთხით აქტიურად ხვდება, ეს დაწესებულებები კვლავ განაგრძობენ ფუნქციონირებას.

მაგალითად, 2017 წელს ომბუდსმენის განცხადებაში ეწერა, რომ მარტყოფის პანსიონატში ბენეფიციარების დასჯისთვის ხშირად იყენებენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გადაყვანის მეთოდს. ასევე, ხშირად ხდება ბენეფიციარებს შორის დაპირისპირება, რაც მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს.

დუშეთში ბენეფიციარები 2016 წელს, ომბუდსმენის მონიტორებთან ინტერვიუს დროს იყენებდნენ ფრაზებს, როგორიცაა: „ერთმანეთს სცემეს,“ „ერთმანეთს თავების დაჭრით ემუქრებოდნენ,“ „ყელში უჭერდა ხელს და ძლივს გააგდებინეს“ და სხვა. პროტესტის გამოსახატავად ამბობენ, რომ გამოუყენებიათ ისეთი გზები, როგორიცაა, „შიშველი შიმშილობა“, „პირის ამოკერვა“, „მუცლის გამოფატვრა“.

მსგავსი უფლებების დარღვევების ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშებში ყოველ წელს ხვდება.  

2006 წლიდან ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შედეგად,  46 ბავშვთა ინსტიტუცია დაიხურა, თუმცა ეს არ შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც ბავშვებს, არც მოზრდილთა პანსიონატების ნაწილს.

2014 წელს შემუშავდა სათემო ორგანიზაციების სტანდარტი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებდა, ეტაპობრივად დაეხურა დიდი ინსტიტუციები და შშმ ადამიანებისთვის ოჯახურ გარემოსთან დაახლოებული პირობები შეექმნა.

სათემო საცხოვრებლები, როგორც წესი, ითვალისწინებდა მაქსიმუმ 6-კაციან საცხოვრისებს. თუმცა გია კაკაჩია, რომელიც ორგანიზაცია „პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის” წარმომადგენელია, ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომ დიდი ინსტიტუციების ასე სწრაფად გამოთავისუფლება შეუძლებელი იყო, შუალედურ გამოსავლად სახელმწიფომ აქამდე არსებული, 24-კაციანი სათემო ორგანიზაციების არსებობა დაუშვა:

„24-კაციანი სათემო მომსახურება იდეალური არაა, მაგრამ რახან ქვეყანაში ამაზე დიდი ინსტიტუციები ჯერ კიდევ არსებობს, ჩაითვალა, რომ ეს შედარებით უმტკივნეულო ნაბიჯი იქნებოდა, და მას მცირე, 6-კაციანი საოჯახო საცხოვრისები მოჰყვებოდა. თუმცა, იმის მერე 5 წელი გავიდა, ვითარება კი არ შეცვლილა”.

შარშან, 2017 წელს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამას დაემატა ქვეპროგრამა, რომლითაც სახელწიფო უკვე იღებს ვალდებულებას, ინსტიტუციებში მყოფი შშმ პირებისთვის ნელ-ნელა შეიქმნას ოჯახზე ორიენტირებული გარემო-პირობები: „ ეს ჩანაწერი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემდეგი ნაბიჯი არ მოჰყოლია. თუ ვამბობთ, რომ მოდელი საოჯახო ტიპის საცხოვრისებზე გადადის, შესაბამისი დაფინანსებაც უნდა გამოინახოს”, - ამბობს კაკაჩია და აქვე განმარტავს, რომ რეალურად, 24-იანი საცხოვრებლები უფრო მეტად მოვლაზეა ორიენტირებული და მსგავს დაწესებულებებში შეუძლებელია, შშმ ადამიანებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლება, ხელშეწყობა და რაც მთავარია, რეალიზება:

„ხელი ხელს” ორგანიზაცია ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც დანერგა 4-5-იანი საცხოვრებლები. ესაა რეალურად, დეინსტიტუციონალიზაციის სწორი ფორმა, როცა შშმ პირებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ ოჯახურ გარემოში, მათი მხარდაჭერის შედეგად, გამოუმუშავდეთ უნარ-ჩვევები, რომელიც საბოლოოდ იმ ეტაპამდე მიგვიყვანს, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება”.

მაია შიშნიაშვილი, „ხელი ხელს” ორგანიზაციის სახლებში მცხოვრებთა ეტაპობრივ განვითარებაზე საუბრობს. ამ სახლის მაცხოვრებლების ნაწილი სწორედ დიდი ინსტიტიციებიდან არიან, ნაწილი მინდობითი აღზრდის სისტემიდან (18 წლის გახდომის შემდეგ), ნაწილი კი -  მათი ბიოლოგიური ოჯახებიდან.

განმარტავს, რომ მათი ბენეფიციარები წლების განმავლობაში დახურულ სივრცეში, ათობით ადამიანთან ერთად ცხოვრობდნენ. ამ დაწესებულებებში ადამიანებს დაკარგული აქვთ ფუნქციური უნარ-ჩვევები, თვითმოვლის, საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობები. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც არ შეუძლიათ, ამის გარეშე კი თავისუფლები ვერასდროს იქნებიან:

ჩვენთან პირველად რომ გადმოვიდნენ, ისიც არ იცოდნენ რაზე ეოცნებათ, რა უნდოდათ, რა სჭირდებოდათ. მათი არსებობა, რეალური, საზოგადოებაში ცხოვრების მიღმა მიდიოდა, დახურულ სივრცეში, სეგრეგაციაში. ინსტიტუციიდან გადმოსვლის შედეგ, 2-იდან 3 წლამდე ინტენსიური მუშაობაა საჭირო, მათი ადამიანების მიმართ უნდობლობა რომ შევცალოთ, თვითგამორკვევა შეძლონ,  ნახონ რეალური ცხოვრება და არჩევანები გააკეთონ, ოცნებები გაუჩნდეთ. მხოლოდ ამის მერე იწყება ცვლილებები - მუშაობა, ურთიერთობები, მეგობრობა, სწავლა, მიღწევები, თავდაჯერებულობა და ბოლოს საკუთარი ცხოვრების წარმართვა. ეს ყველაფერი მხოლოდ სოციუმში, თემში, საოჯახო გარემოში სწორმა და ღირსეულმა მხარდაჭერამ შეიძლება მოიტანოს. შემიძლია თითოეული აქ მცხოვრები ადამიანის ისტორია მოგიყვეთ - თუ როგორ გადაიქცნენ ძლიერ, დამოუკიდებელ და რეალიზებულ ადამიანებად", - ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი და აქვე ფინანსურ ნიუანსებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ინსტიტუციიდან გადმოსულ ადამიანს, სახლში ცხოვრების პირველ ეტაპზე გაცილებით მეტი რესურსი სჭირდება, მეტი სწავლება და ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში მხარდაჭერა, ვიდრე ოჯახურ გარემოში გაზრდილ შშმ ადამიანს:

“დრო რომ გავიდა, გამოცდილების დაგროვების შემდეგ მივხვდით, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც მომსახურებაში ჩნდებოდა შეზღუდული შესაძლებლობებით კი არა, ინსტიტუციაში ცხოვრების უარყოფითი გამოცდილებით იყო გამოწვეული”.

შიშნიაშვილის განმარტებით, სახელმწიფო დაფინანსება(16 ლარი) პირველად, საერთო ხარჯების მხოლოდ 30%-ი იყო. ეტაპობრივად, ეს თანხა 50%-ი გახდა და „ეს ნიშნავს, რომ პროცესი სწორად მიდის, სერვისი ვითარდება და აქ მცხოვრებლების დამოუკიდებლობის ხარისხიც იზრდება. მხარდაჭერის ინტენსივობა კლებულობს. თუმცა, წინ ჯერ ძალიან ბევრი ეტაპია გასავლელი, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია”.

გაიზარდება თუ არა „ხელი ხელს” საოჯახო ტიპის მცხოვრებლების ყოველდღიური დაფინანსება, ამ შეკითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ აქვსთ. „ლიბერალს” განუცხადეს, რომ ორგანიზაციამ გააცნო მათ დეტალები და შესაბამის საკითხზე ჯერ მსჯელობენ.

მაია შიშნიაშვილი ამბობს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის დაფინანსების გაზრდაზე უარს იტყვის, მალე 6 სახლიდან ერთ-ერთის დახურვა და მასში მცხოვრებლების სხვა სახლებში გადანაწილება მოუწევთ. 2020 წლიდან კი - სერვისის გადარჩენაზე ფიქრი:

„წარმოდგენაც არ მინდა, რომ შესაძლოა ისევ უკან, დიდ ინსტიტუციებში დაბრუნდნენ. რა მოუვათ ადამიანებს, რომლებსაც წლები დასჭირდათ, რომ თავისუფლების ფასი ეგრძნოთ? ან რა დაემართება დეინსტიტუციონალიზაციის იდეას? რა მოუვათ იმ მშობლებს, რომლებმაც დაინახეს, იმედი გაუჩნდათ, რომ მათი შვილები მათ გარეშეც ღირსეულ ცხოვრებას შეძლებენ საოჯახო გარემოში? და ჩვენი, ერთად დახარჯული ძალისხმევა წყალში ჩაიყაროს. და რაც მთავარია, რატომ ხარჯავს სახელმწიფო სოლიდურ თანხას შშმ პირთა ზრუნვაზე და არ წარმართავს მას სწორ მხარდაჭერაში?", - ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი.

„ხელი ხელს” ორგანიზაციამ ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, ბიუჯეტში აღნიშნული თანხების გათვალისწინების თხოვნით, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა და ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტსაც მიმართა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^