2014 წელს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების დროს ვადის გაგრძელების მოთხოვნის 286 შემთხვევა დაფიქსირდა. წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 6-ჯერ შემცირდა (51). წელს (144) გასულ წელთან (163) შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის მიმართვიანობის მაჩვენებელიც.
საგამოძიებო მოქმედებებისას სატელეფონო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის სტატისტიკური მონაცემები 2015 წლის პირველ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოვითხოვეთ 2011-2015 წლის სტატისტიკური მონაცემები, თუმცა აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო სამსახურებისგან მიმართვების აღრიცხვა მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო.
19 მაისს მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პროკურატურის თანამშრომლებმა გასულ წელს, 1 იანვრიდან - 30 აპრილის ჩათვლით, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოს 321-ჯერ მიმართეს, საიდანაც დაკმაყოფილდა 283. 2015 წლის ამავე პერიოდში მიმართვებისა და დაკმაყოფილებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ შემცირდა (118 - მიმართვა, 99 - დაკმაყოფილება).
2014 წელს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების დროს ვადის გაგრძელების მოთხოვნის 286 შემთხვევა დაფიქსირდა. წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 6-ჯერ შემცირდა (51). წელს (144) გასულ წელთან (163) შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის მიმართვიანობის მაჩვენებელიც.
სტატისტიკური მონაცემების შემცირება კანონმდებლობაში ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ცვლილებები შეტანის თვის მაჩვენებელშივე აისახა. ცვლილება 2014 წლის 18 აგვისტოს ამოქმედდა. თუმცა სასამართლოსთვის საგამოძიებო სამსახურების მხრიდან მიმართვების რაოდენობა ამ თვეში მაინც გასული წლის მაჩვენებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აღმოჩნდა (28) და მხოლოდ დეკემბრის (25) მონაცემს უსწრებდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე სტატისტიკური მაჩვენებლის შემცირებას საკომუნიკაციო საშუალებებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წვდომის უფლებით ხსნის. მისი თქმით, კანონის შეცვლის შემდეგ საგამოძიებო უწყებებს განჩინების მისაღებად გამკაცრებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწვეთ, რის გამოც ინფორმაციის მისაღებად ყველა შემთხვევაში სასამართლოს არ მიმართავენ.
“შსს-ს აქვს შესაძლებლობა უკანონოდ უსმინოს სატელეფონო საუბრებს სასამართლო კონტროლის გარეშე და თუკი ასეთი მიყურადების შედეგად აღმოაჩენს ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს სასამართლოს განჩინებისათვის”, - განმარტავს გოცირიძე, რომელიც ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის შესახებ სტატისტიკური მონაცემების უცვლელად დარჩენას საგამოძიებო უწყებებს პირდაპირი წვდომის უფლების არქონით ხსნის.
საგამოძიებო სამსახურების მიერ, ე.წ. გასაღების ფლობას საპარლამენტო უმრავლესობის, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, თამარ კორძაია სტატისტიკის შემცირების მიზეზად არ მიიჩნევს. დეპუტატი ფიქრობს, რომ სტატისტიკა ასახავს იმ რეალობას, რისი მიღწევაც კანონმდებლობაში შეტანილი (18/08/204) ცვლილებებით გახდა შესაძლებელი.
“გამოძიებამ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე ყველა სხვა საშუალება უნდა გამოიყენოს და მერე მიმართოს სასამართლოს. სწორედ ამ გარემოებებს უნდა გამოეწვიათ სტატისტიკის შემცირება. კანონმა შეავიწროვა დანაშაულის წრე, რომელზეც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეიძლება”, - განმარტავს კორძია.
სტატისტიკურ მონაცემებს არ ენდობა საპარლამენტო უმცირესობის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სერგო რატიანი. მისი თქმით, მთავარი პრობლემა სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეების არაფორმალურად მოსმენის საკითხია.
“სისტემა დგას შინაგან საქმეთა სამინისტროში და მას აქვს არაფორმალური წვდომა. ამიტომ სტატისტიკა მიმართვათა რაოდენობის შესახებ, შეიძლება იმას ამბობდეს, რომ ფორმალურად არც სჭირდებათ სასამართლოს ნებართვა”, - აღნიშნა სერგო რატიანმა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს აქვს. მასვე შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად კავშირგაბმულობის ქსელებიდან ინფორმაციის მოპოვება.
პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობაში გათვალისწინებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა. კანონმდებლების აზრით, ორეტაპიანმა სისტემამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე საგამოძიებო მოქმედებების დაწყება უნდა გამორიცხოს.
ამ ეტაპზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ელექტრონული კომუნიკაციების განმახორციელებელი კომპანიების მიერ პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის კანონიერებას სწავლობს. კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია ინსპექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.