სრულიად საქართველოს ბერ-მონაზონთა ყრილობისთვის
„საქართველო“, #157, მკათათვის 20 (2), 1917 წ.
(მოწოდება)
დღევანდელი ჩვენი ცხოვრება მთლად გარდაქმნის პროცესშია. უარყოფილ წესწყობილების ნანგრევებზე ისახება ახალი ფორმები სასურველი მყობადისა. ყოველი ჯგუფი, ანუ წრე, რომელსაც კი სწამს მომავალი, გაორკეცებული ენერგიით ისწრაფვის, რათა ისარგებლოს მოპოებულ უფლებით და თვითვე შექმნას სასურველი პირობები თვისი მომავალი ცხოვრებისა... ჩვენმა მშობელმა ეკლესიამ უკვე მოიპოვა თავისუფლება და ახალს ნიადაგზე აწყობს თვის ორგანიზაციას. ჩვენი მშობელი ერიც ირაზმება თავისუფლების მოპოვებისთვის.
ნურც ჩვენ ჩამოვრჩებით მათ. ჩვენც შევადგეთ განუყოფელ ნაწილს ჩვენ ერის სხეულისას. დღეს ისე არავის უჭირს აღდგომა და განახლება, როგორც ქართულ მონასტრებს და ქართველ ბერ-მონაზვნობას. თქვენ კარგად იცით აწინდელი მათი დამაღონებელი მდგომარეობა. მთელი მეცხრამეტე საუკუნის უპატრონობამ და დევნამ სამარის კარს მიიყვანა და უქადდა მათ სრულს მოსპობას. ოდესღაც ერის მნათობნი და მეთაურნი, მდიდარნი თავისი სულიერი და ქონებრივი ძლიერებით, დღეს იგინი ფერფლად ქცეულან, სადაც თავი შეუფარებიათ ორიოდე ღა განდეგილს. ჩვენ თვალწინ ხდებოდა ეს შეგნებული და სისტემატიური ნგრევა ჩვენს დიდებათა, უაღრესი მტკივნეულობით განვიცდიდით ყოველს, ტაძარზე უპატრონობისაგან ჩამოვარდნილს, ქვას, მაგრამ უფლება აყრილ ვიყავით, რათა ხელი გაგვეწოდა მის შესაჩერებლად - ძარღვი ჩვენი საეკლესიო მოქმედებისა მტრისგან დამბლად იყო ქცეული ...
დღეს უკვე ეს უფლება მოპოებულია და ჩვენს სურვილზე და უნარზეა დაყრდნობილი ჩვენი აღდგენა. თუ გვსურს ჩვენ ჩვენი განახლება და მომავალი, ჩვენვე უნდა ჩავბეროთ ცხოველმყოფელი სული ამ ნანგრევებს და ფერფლისაგან აღვადგინოთ დღეს დაცემული ჩვენი სავანენი და ბერმონაზნობა; ჩვენ უნდა აღვადგინოთ მათი მთლიანი სული და ორგანიულად შევადუღოთ იგი ჩვენს მდიდარ ტრადიციებთან, რომლიდგანაც უნდა ამოვკრიბოთ სახელმძღვანელო აზრები და ზოგადი სახე ჩვენი შემოქმედებისა; ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენს შეგნებაში ჩვენი სწრაფვის მიზანი და შევიმუშავოთ მისკენ სავალი გზის გეგმა.
აი ამისთვის, მოგიწოდებთ თქვენ სრულიად საქართველოს ბერ-მონაზონთა კრებაზე, რომელიც განზრახულია ქალაქ თბილისში მახლობელს დროში. კრების მოსაწვევად და საჭირო მასალის დასამზადებლად თბილისში მუშაობს წინასწარი საორგანიზაციო ბიურო, რომელიც მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით კი თვით ქართველ ბერ-მონაზნობას, დაეხმაროს მას როგორც საორგანიზაციო შრომაში, აგრეთვე ყოველგვარი მასალის დამზადებაში, მოხსენებების წაკითხვაში და სხვა; და უმორჩილესად სთხოვეს მათ, წინდაწინვე აცნობონ, ვინ ან რა სახით მოისურვებს მონაწილეობის მიღებას განზრახულ საქმეში.
ყოველგვარი მიწერ-მოწერა ამ საქმის შესახებ უნდა მიიმართოს საორგანიზაციო ბიუროს თავმჯდომარის სახელზე: ქ. თბილისი, სასინოდო კანტორის შენობა, არქიმანდრიტს მ. ნაზარს.
საორგანიზაციო ბიუროს თავმჯდომარე ნაზარი არქიმანდრიტი
მდივანი ივ. ბერიაშვილი.
***
მოსე ჯანაშვილი - ცოლოსანი ეპისკოპოსები
„საქართველო“, #160, მკათათვის 23 (5), 1917 წ.
შატბერდის მატიანე იუწყება:
„კათალიკოზნი, რომელი ევნონისითგან მომართ იყვნეს - თავაჩაგ, ევლალე, იოველ, სამოველ (!), გეორგი (!) კვირიონ, იზიდ-ბაზიდ, თე (ე-მერვე), პეტრე, ესენი ცხრანი ცოლოსანნი იყვნეს“.
ამათგან უკანასკნელი (პეტრე) გარდაიცვალა 353 წელს. კვირიონი არის იგივე დიდი იერარქი კირიონი, რომელიც აგრეთვე ყოფილა ცოლოსანი მამადმთავარი.
კატალიკოზების და ქართველ სხვა ეპისკოპოზების ცოლოსნობა დამყარებული იყო თვით სახარების სიტყვაზე. „მოციქულთა საქმეში“ ამ უმთავრეს საქრისტიანო წიგნში სწერია:
„ჯერ არს ეპისკოპოზისა, რათა უბრალო იყოს, ერთის ცოლისა ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ-მოყვარე, სწავლულ, არა-მეღვინე, არა -ანგარ..., თვისისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა. ხოლო უკუეთუ ვინმე თვისისა სახლისა განგება არა იცის, ვითარმე ეკლესიათა ღმრთისათა მოღვაწეობა აგოს?“ (ა ტიმ. 372-5)
იქვე დიაკვნების შესახებ ვკითხულობთ:
:დიაკონნიცა არნ (!) ერისა ცოლისა ქმარ, შვილთა კეთილად ზედა-მდგომელ და თვისისა სახლისა“ (ა ტიმ. 3, 12).
ცხადია, ცოლოსნობა „წმიდა“-ობას არ უსპობდა ეპისკოპოსს და შვილიერობა მას ცოდვაში არ აგდებდა, პირიქით, მისი კარგი მეოჯახეობა ნიშანი იყო მის კაი ეპისკოპოსობისაც: თვისი სახლის კეთილად გამგებელს ეკლესიის მოღვაწებაც მოემარჯვებოდა.
ასეთი გონიერი წესი მერე დაამახინჯეს ბერებმა. მაგრამ არა სრულად, ვინაითგან ცოლოსნობა აუკრძალეს მხოლოდ ეპისკოპოსს, ხოლო დიაკვნები და ღვდლები (!) ისევ ძველს წესზე დარჩნენ: - ცოლოსნებად.
თვით ღმერთს და ბუნებად ყოველი კაცი გაუჩენია მამად და დედად და რა საჭიროა, კაცმა ეს ნიჭი შვილიერობისა! ეს თვით ღვთის წინააღმდეგობს. განა ღმერთმა არ უბრძანა ადამს და ევას“ გამრავლდით და იუფლეთო. ბერწად დარჩენა რაბამ დიდი დანაშაულობაა, სჩანს თუნდაც იქიდგან, რომ ფრანგობას ყოველ წლივ აკლდება მოსახლეობა ხელოვნურ ბერწობის გამო.
ჩვენში მონოზნობა, როგორც სჩანს მის ქართულ იგივეობიდამ ბერობა გონიერებაზე იყო დამკვიდრებული: ბერად იმოსებოდა მხოლოდ ბერი, 60-70 წლის ბერ-კაცი, რომელსაც თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა უკვე გაევლო და ახლა სურდა მოეხადა ვალი საყდრის წინაშეც თავისი ბერობით.
ესეთი წესი შემდეგში ქართველებმაც დაამახინჯეს ბერძნების მონოზნობის მობაძვით: ბერად შედგომა იწყეს ჭაბუკობიდანვე და ამნაირად მოისპეს ის, რაც შეადგენს ყოველი ადამიანის უსაღმრთოეს მოვალეობას: საოჯახო სიხარულსა და ნუგეშზე მოგახსენებთ.
ასე გალად დარჩომამ მრავალი სიბოროტე და ცოდვა დაბადა სისხლ-ხორცით აღსავსე ბერებ შორის. საკმაოა წავუკითხოთ იოანნე მმარხველის ცნობილი კანონები, რომ მათში ნახოთ ცოლოსნებისთვის წარმოუდგენელი სასჯელები ამა თუ იმ მოუგონარ დანაშაულისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბერებს შორის.
გალად დარჩენილი, გინდა თუ არა, გრძნობს მარტოობას, ეულობას. მასში ნელ-ნელა იხშობა უნარი საქმიანობისა, სიბრაზე ეფინება მის სულს, შურით და, ხშირად, სიძულვილითაც შეჰყურებს ცოლ-შვილით გაბედნიერებულ მოძმეებს, და რადგან ვერ სძლევს ბუნების მოთხოვნილებას, ამიტომ ამგვარ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს საიდუმლოდ და „გარყვნილ ბერის“ სახელს ისაკუთრებს.
აი ამიტომაც ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, კათალიკოზობის აღდგენის დღიდანვე დაუყოვნებლივ აღვადგინოთ ჩვენი ქართული ჩვეულება: - ცოლოსნობა ბერებისა.
ქართველები ცოტა ხალხი ვართ, დე ნუვინ მოსცდება თვისისა ამ ქვეყნიურ უმთავრეს მოწოდების შეუსრულებლად!
სტილი დაცულია
სპეციალურად "ლიბერალისთვის" მასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა.