მაე ჰონგ სონიდან ნაი სოის ბანაკისკენ სკუტერით 45 წუთის სავალზე ასფალტის გზა წყდება და იწყება ჩვეულებრივი „მესამე სამყაროს“ გზა - ოღრო-ჩოღრო გორაკები და ბილიკი, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას გაუკვალავს.
ეთნოსთა ჩაგვრა მიანმარში: სამხედრო რეჟიმისა და ბერების დომინაცია
ტაილანდში, მიანმარის საზღვართან, უკვე სამი ათწლეულია, ლტოლვილთათვის, ცხრა „დროებითი“ ბანაკია გახსნილი. ბანაკები ჯამში 140 000 ლტოლვილს, მიანმარიდან გამოქცეულთა ჭრელ ეთნიკურ მოზაიკას იფარებს: კარენები, როჰინგიები, ჩინები, მონები, შანები...
მიანმარში ეთნიკურ ჯგუფებს ძირითადად სამხედრო რეჟიმი დევნიდა. სამხედროები დღესაც ძალადობენ ეთნიკურ უმცირესობებზე. როჰინგიას ეთნოსს კი ულტრანაციონალისტი ბერები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. მუსლიმების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ტაილანდისთვის „ლტოლვილის“ სტატუსით შეეფარებინა თავი, რადგან საკმაოდ სახიფათო და რთული პროცესია მიანმარიდან ტაილანდის საზღვარზე გადასვლა. 2015 წლის 2 მაისს ტაილანდის პოლიციამ 26 ლტოლვილის მკვდარი სხეული იპოვა. ოფიციალური მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ პოლიციის წინასწარი ვარაუდით როჰინგიები შიმშილით, დაღლილობითა და დაავადებებით დაიხოცნენ.
უსაბუთო, მიუსაფარი, აღმსარებლობით მუსლიმი 800 000-მდე როჰინგია მიანმარის ტერიტორიაზე, რახინას შტატში (Rakhina State) მიწიერ ჯოჯოხეთში ცხოვრობს. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ყველაზე დაჩაგრული უმცირესობაა დღევანდელ მსოფლიოში. შემზარავი სურათები გუგლის საძიებელში ერთმანეთის მიყოლებით „ვარდება“: ქუჩაში ჩამომხრჩვალი დედა-შვილი, გადამწვარი სახლები, UNHCR-ის კარვებთან დაყრილი მკვდარი სხეულები და ქუჩის პროტესტის მონაწილეების სასოწარკვეთილი სახეები. მუსლიმთა მცირე ჯგუფი ამ საშინელ ჩაგვრას შეიარაღებული, ბორდოსფერში გამოწყობილი ბუდისტი ბერებისგან განიცდის. როჭიკის სამოსში გამოწყობილი თავგადაპარსული ბერები, რომლებიც მსოფლიოში მედიტაციის, ბალანსისა და მშვიდობის სიმბოლოდ ქცეულან, მიწასთან ასწორებენ მუსლიმთა ამ უმცირესობას. ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ტერორიზმს რელიგია არ აქვს, თუმცა ხშირად რელიგიის სახელით სრულდება.
2015 წლის 4 თებერვალს BBC-ის საიტზე მიანმარში გაეროს წარგზავნილის განცხადება გავრცელდა. იუნგი ლი ფარდას ხდიდა ბუდისტ ბერთა სისასტიკეს მუსლიმთა მიმართ და მიანმარის სახელმწიფოს მიერ ამგვარი ჩაგვრის უგულებელყოფას. მის განცხადებას ტერორისტული მოძრაობის ლიდერი, ბუდისტი ბერი, აშინ უირათუ (Ashin wirathu) მოკლედ და ეფექტურად გამოეხმაურა. გაეროს წარგზავნილ ქალს „ბოზი“ და „ძუკნა“ უწოდა და ყველას ურჩია, ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ჩარეულიყო.
ბანგკოკში ყოფნისას მრავალ მოგზაურს ვესაუბრე მიანმარსა და ეთნოსებს შორის კონფლიქტების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მიანმარის ვიზა ადვილი მოსაპოვებელია, ფრთხილად მას შემდეგ უნდა იყო, რაც საზღვარს გადაკვეთ. 24 წლის ფრანგმა მოგზაურმა, რომელიც უკვე ორი წელია აზიაში იმყოფება, მითხრა, რომ იქ ტურისტები მხოლოდ დამთვალიერებლებად რჩებიან. მიანმარში ტაძრებისგან და ტურისტული ქუჩებისგან მოშორებით თუ შეგნიშნეს, სამხედროები აუცილებლად გკითხავენ, სად მიდიხარ, რას აკეთებ, მოგთხოვენ ტურისტულ არეალში დაბრუნებას და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კარგადაც გცემენ. ასეთი რამ მას შეემთხვა კიდეც. სამხედროებთან „გადაყრა“ კი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არც ისე რთულია, რადგან 1962-2011 წლების განმავლობაში მიანმარს სამხედროები მართავდნენ. ისინი ხშირად აიძულებდნენ ხალხს ადგილსამყოფელის შეცვლას, იძულებით ამუშავებდნენ როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს. დღეს კი ნომინალური დემოკრატიის ქვეშ მათი გავლენა ისევ ძლიერია.
ლტოლვილთა ბანაკები და „გრძელკისრიანების“ სოფელი
ტაილანდის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში 112,000 ქრისტიანი კარენია, ანუ ლტოლვილთა 80%. მათი ბანაკი ჩრდილოეთ ტაილანდში, მიანმარის საზღვართან, ეროვნული პარკის ახლოს, მაე ჰონგ სონის რეგიონში მდებარეობს. 30 წლის წინ კარენებს ბირმის სამხედრო რეჟიმის ატანა - მათ სოფლებზე მუდმივი თავდასხმა, გაუპატიურება, იძულებითი მუშაობა და სხვა ძალადობა - უწევდათ. დღეს ისინი ტაილანდის ტერიტორიაზე ბანაკებში ცხოვრობენ. მათ ოფიციალურად აქვთ აკრძალული ბანაკის ტერიტორიის დატოვება და ძირითადად გარედან შესულ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი. გარე დახმარება გაეროსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შედის. ოცდაათი წლის განმავლობაში ბანაკის ტერიტორიაზე დაიბადა და გაიზარდა თაობა, რომელთაც ერთადერთი რეალობაში - შემოღობილ სივრცესა და სიღარიბეში უწევთ ცხოვრება.
კარენის ეთნოსი 5 ჯგუფად იყოფა, ერთ-ერთი მათგანი, კაიები (kayah) 200-კაციანი ქვეჯგუფია. ისინი ბანაკში არ ცხოვრობენ. კაიებს გამორჩეული ტრადიცია აქვთ, ქალები ყელზე ხუთკილოგრამიან რგოლებს ატარებენ. ამ ტრადიციის გამო ტაილანდმა კაიებს რამდენიმე პატარა სოფელი გამოუყო და ისინი ტურისტულ სანახაობებად აქცია. სოფლებს „longneck vilage”-ებს ეძახიან. ამ სახელში არ დევს არც გეოგრაფიული, არც კულტურული მნიშვნელობა. ის უბრალოდ მიუთითებს ტურისტებს, რომ აქ ცხოვრობს ხალხი, რომელთაც გრძელი კისრები აქვთ. ეს სოფლები ადამიანების ზოოპარკადაა ქცეული და კოლონიალურ გამოფენებს მოგვაგონებენ. ტურისტების ნაწილი უარს ამბობს ამ ადგილების მონახულებაზე, ტურისტული სააგენტოების ნაწილი კი - ამ სოფლებში ტურის მოწყობაზე. tripadviser-ზე მოგზაურების მიმოხილვაში ამოიკითხავთ, რომ სოფელში შესვლა და ფოტოს გადაღება ფასიანია, რომ იმ ბამბუკის ტრადიციულ სახლებში საერთოდ არავინ ცხოვრობს, კაიები მხოლოდ ტურისტების გამო ატარებენ აქ მთელ დღეს. კაიებზე ფოტო და ვიდეომასალის დიდი ნაწილი ტურისტების მიერ გადაღებული „სელფებია“. ტურისტული „სელფების“ მაგიური ძალა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ყველაფერს ხიბლს უკარგავს.
მაე ჰონგ სონიდან ნაი სოის ბანაკისკენ სკუტერით 45 წუთის სავალზე ასფალტის გზა წყდება და იწყება ჩვეულებრივი „მესამე სამყაროს“ გზა - ოღრო-ჩოღრო გორაკები და ბილიკი, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას გაუკვალავს. ზედმეტად დანგრეული გზის გამო სკუტერი გავაჩერე და გზაზევე დავტოვე (ერთხელ უკვე გადმოვვარდი და ნაქირავები სკუტერის ავარიის ხარჯების გადახდის შემეშინდა). გზა ფეხით გავაგრძელე. ბანაკის შესასვლელთან, შლაგბაუმის გვერდით ჯიხური იდგა, სადაც ორ მცველს ეძინა. დარაჯის გაღვიძების შემდეგ გავარკვიე, ბანაკში შესვლის უფლება მაე ჰონგ სონში, გაეროს ოფისში უნდა ამეღო. ამიტომ ბანაკის გვერდზე მდებარე კაიების სოფელი მოვინახულე.
სოფლის შესასვლელი თავდაპირველად ცარიელ გადასაღებ პავილიონს მოგაგონებთ. პირველი შენობა ბამბუკით ნაგები მაღაზიაა, სადაც ხელნაკეთი სუვენირები იყიდება. უბრალო ლითონის სამკაულების, ფერადი შარფებისა და ხისგან გამოჩორკნილი პატარა ქანდაკებების თვალიერებისას გამყიდველი გამოჩნდა - კარენი გოგო, გრძელი კისრით. უხერხულობა ვიგრძენი, რადგან პირველივე შენობა მაღაზია იყო, გამყიდველი კი - გრძელკისერა. ნადვილად არ მინდოდა იმ ტურისტების რიცხვში ჩავწერილიყავი, რომლებიც „ავთენტურობასა“ და „ეგზოტიზმის“ ძიებაში არიან, სინამდვილეში კი ხელს უწყობენ ყოვლად არაბუნებრივი და პარალელური კულტურის შექმნას, სპეციალურად მათი თვალისთვის. აღმოჩნდა, რომ ამ სოფელში შესვლა უფასო იყო, არ იყო პოპულარული ტურისტთა შორის, არც მოგზაურთა დანიშნულების ადგილს წარმოადგენდა, როგორც დანარჩენ „გრძელკისერათა“ სოფლები. აქ მცხოვრებნი სოფლის გვერდზე განლაგებულ, გაეროს მფარველობის ქვეშ მყოფ ბანაკში სხვა კარენ ლტოლვილებს ეხმარებიან. ზოგიერთ მათგანს გაეროს სკოლაში, რომელიც სოფელშივე მდებარეობს, ინგლისური შეუსწავლია და თარჯიმნებად მუშაობენ ან ტურისტებზე ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან.
არამარტო „გრძელკისერა“ კაიები
კაიების სოფელში სახლები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიჯრილი. ბამბუკის სახლების ბანზე იქ მცხოვრებნი სხედან და საქმიანობენ - ან ძაფს ართავენ, ან ხალიჩას ქსოვენ, ან სამკაულებს აკეთებენ. სოფლის ბოლოს ფრენბურთის მოედანია. სკოლის დამთავრების შემდეგ 15-დან 25 წლამდე ბიჭები ყოველდღე ბამბუკის ქერქით შეკრული ბურთით მწველი მზის ქვეშ სამი-ოთხი საათის განმავლობაში კეინბოლს თამაშობენ. ეს მათი მთავარი გასართობია. მზის ჩასვლამდე, დაახლოებით ერთი საათით ადრე, თამაშს წყვეტენ და აბაზანის მისაღებად მიდიან. უნდათ, რომ მოასწრონ, რადგან თუ მზე აღარ ათბობს, ცივი წყლით აბაზანის მიღება ძალიან უსიამოვნოა. თამაშის წესები ფრენბურთისაა, თუმცა ბურთს მხოლოდ ფეხით ეხებიან. ბიჭები ჩვეულებრივ ფეხბურთის ფორმებს ატარებენ, თმის ვარცხნილობა ფეხბურთის ვარსკვლავებივით ექსტრავაგანტული აქვთ. ისეთ ფორმაში არიან, თითქოს ყოველდღე 8 საათს ვარჯიშობდნენ სპორტულ დარბაზში. ბურთს ხან თავით იღებდნენ, ხან წვივით, ხანაც მუხლით, მოწინააღმდეგის მხარეს კი „სალტოებით“ და „მაკრატელათი“ ურტყამდნენ. ქულის მოპოვების გარდა, აკრობატული შესაძლებლობების დემონსტრირებაც თამაშის ნაწილია.
კეინბოლის ყურებისას ანსუე, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, გავიცანი. ის ინგლისურად გამომელაპარაკა. სანამ ახალი ნაცნობი მოედანზე შევიდოდა, ცოტა ხანი ვესაუბრე. მითხრა, რომ ყველანი ამ სოფლის მცხოვრებლები არიან და მათ ძალიან უყვართ ფეხბურთი. კაიების სოფლის ბიჭები ბარსელონას და რეალის ფანებად იყოფიან.
ანსუე წარმოშობით მიანმარიდანაა, მაგრამ მიაჩნია, რომ ის და მისი და ტაილანდელები არიან. გაეროს ლტოლვილთა ბანაკში მუშაობს, ხუთი ენა იცის: ბირმული, ტაილანდური, ინგლისური და კიდევ ორი სხვა დიალექტი, რომლებზეც ბანაკში ბევრი ლტოლვილი ლაპარაკობს. ანსუეს შეყვარებული ბანაკში მცხოვრები ლტოლვილი გოგონაა. ანსუეც გოგონას ბანაკში მუშაობისას ნახულობს. ხანდახან სოფელშიც გადმოჰყავს ხოლმე. როცა მისი გამართული ინგლისურის მიზეზი ვიკითხე, მიპასუხა, რომ აქ, სკოლაში ისწავლა. ხელით მოედნის მარცხნივ მიმითითებს, სადაც ბამბუკის გრძელი შენობა დგას.
ბამბუკის ხისგან დაწნულ სკოლას ერთმანეთისგან ტიხრებით გამოყოფილი 4 საკლასო ოთახი აქვს. ასე რომ, ადამიანს შეუძლია, ოთხივე საგანს ერთდროულად მოუსმინოს (4 ინ 1 პრინციპით ააშენეს-მეთქი, ვერ იტყვით, ალბათ უფრო მცირე ხარჯების გამო). მხოლოდ მასწავლებლების ოთახია იზოლირებული.
ბირმულის მასწავლებელი, კაია გოგონა, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს, მათემატიკის ლტოლვილი მასწავლებლის შეყვარებულია. მათემატიკის მასწავლებელი ბანაკიდან გაკვეთილების ჩასატარებლად გადმოდის, შემდეგ ისევ უკან ბრუნდება. ბირმულის მასწავლებელი კი ბანაკში დასახმარებლად გადადის და ერთმანეთს ამგვარად ნახულობენ.
სუაიიმ, ბირმულის მასწავლებელმა, მითხრა, რომ 22 წლის წინ ლტოლვილების სოფელში სწორედ მაშინ დაიბადა, როცა ეს სოფელი დაარსდა. მისი მშობლები ამჟამად ჩიანგ მაიში ცხოვრობენ. იქ სამკაულებს, ნაჭრებს, ტანსაცმელს, შარფებს და ხალიჩებს ყიდიან. 13 წლამდე ისიც ატარებდა „გრძელ კისერს“, თუმცა შემდეგ მოიხსნა, რადგან სურდა არა მქსოველი ან ხელნაკეთობების გამყიდველი, არამედ მასწავლებელი და ბანაკის დამხმარე ყოფილიყო. თვითონ ბირმაში „გრძელი კისრისგან“ გათავისუფლებისთვის სურვილი საკმარისი არაა, ტრადიცია თემის ცხოვრებაში ბევრად ღრმადაა გამჯდარი. ლტოლვილთა სოფელში კი ეს არჩევანია: ან მოხელე ხდები და მუშაობ სოფლისა და ბანაკის სერვისში, ან ტურისტების მასპინძელი ხარ. ამ სოფელში ცოტა ატარებს გრძელ კისერს, სოფლის მცხოვრებლები ძირითადად გაეროში ლტოლვილების თარჯიმნად მუშაობენ, საქმეში ეხმარებიან ან სკოლაში ასწავლიან. სუაიისგან გავიგე, რომ სოფელი ბანაკზე უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან ბანაკში ბევრად მეტი ხალხია. თუმცა დაამატა, ჩვენც იმისთვის ვმუშაობთ, რომ აქაურობა გავაუმჯობესოთო. ანსუემაც დაადასტურა, რომ ამ სოფელს გაერომ ბევრი ისეთი რამ მისცა, რაც მიანმარში არასოდეს ექნებოდათ. მაგრამ თვითონ ბანაკი, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ გაეროს მუშაკებს აქვთ, ცუდ დღეშია. იქ არ არის ყველასთვის საკმარისი ადგილი, არაა საკმარისი საძინებლები, ბანაკის სკოლაც პატარაა, ამიტომ საკლასო ოთახები ყოველთვის გადაჭედილია, ბოლოს კი სევდიანად და სირცხვილით დაამატა, რომ ხშირად საჭმელიც არ არის ყველასთვის საკმარისი.
სკოლისა და მოედნის გარდა, სოფელს კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი აქვს. ბამბუკის ხის გადახურული ბანი ამ სოფლის ქრისტიანული ეკლესიაა. კაიები ქრისტიანები არიან. ანსუეს ვკითხე, დადიოდა თუ არა აქ. მითხრა, რომ მას რელიგია არ აინტერესებს, მაგრამ ბევრი კაია მოდის აქ ლოცვების მოსასმენად, რომლებსაც მისი და კითხულობს. რამდენჯერმე შევუბრუნე კითხვა, იქნებ ვერ იგებს, ზუსტად რას ვეკითხებით-მეთქი. ის კი მზისგან მოჭუტული თვალებით მიყურებდა, მიღიმოდა და მშვიდად მპასუხობდა: „yes, mysister, she,s like apriest". ბოლოსდაბოლოს შევეგუე, რომ მისი და, საფოსტო ბარათების მოდელი, ხელნაკეთობების პირველი მაღაზიის მფლობელი, „გრძელკისერა“ მღვდელი იყო.
კაიები ან ტყეში ნადირობენ, ან მოსავალს აგროვებენ, ქათმებს სოფელში თვითონაც ზრდიან. იშვიათად ყიდულობენ პროდუქტს მაე ჰონგ სონში ან სხვა კომერციულ წერტილებში. რამდენჯერმე ვივახშმე ბრინჯით, წიწაკის სოუსით და კვერცხით ანსუესთან ერთად იმ მაღაზიის ბანზე, რომელიც პირველი გვხვდება სოფლის შესასვლელში. ანსუე დასთან და დისშვილთან ერთად ცხოვრობს. მან მითხრა, რომ მის ოჯახში დედაც და ბებიაც ყელის რკალებს ატარებენ. გამყიდველი გოგონა სოფლის „ეგზოტიკურობის“ ნაწილი კი არა, არამედ ტრადიციის მიმდევარი კაიაა. და-ძმა გიტარაზე უკრავს. და - კარენულ სიმღერებს, ძმა - „Hotel chalifornia -ს.
ტაილანდის ჩრდილოეთში პაის ჰიპური თავისუფლება და მაე ჰონგ სონგის ავთენტური სილამაზე კარენების დაფარულ უბედურებასთან ერთად არსებობს. სხვა „გრძელკისრების სოფლებში“ კაიებს ცოცხალი საგნის ფუნქცია აქვთ შეთავსებული. გაერო ყალბი სულისკვეთებით გაჯერებულ სიტყვებს შთამაგონებელ პოსტერებზე აწერს და ამით ყიდის თავის იმიჯს - კარენთა ბანაკი კი რჩება შეუღწეველი, მჭიდროდ დასახლებული და დაუპურებელი. ის კეთილი ნების ელჩის, ანჯელინა ჯოლის ვიზიტით თუ მიიქცევს ვინმეს ყურადღებას.