Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ABA - ხელმიუწვდომელი თერაპია აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის

04 ივნისი 2015

სახელმწიფო აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს. მშობლებს, რომლებსაც აუტიზმის მქონე შვილები ჰყავთ, თავად უწევთ თერაპიისთვის საჭირო თანხების მოძიება, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება.

ბექა 3 წლის იყო, როდესაც წინადადებების შემოკლება დაიწყო - საუბრის დროს გაცილებით ნაკლებ სიტყვას იყენებდა, ვიდრე მანამდე. პარალელურად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა სხვა პრობლემებმაც შეაწუხა - კუჭ-ნაწლავის და ყლაპვის რეფლექსი შეუსუტდა. როგორც ბექას დედა, ნინა ბანძელაძე ამბობს, მან დამოუკიდებლად მოიძია ინფორმაცია აუტიზმზე და ბექას ქცევის მიხედვით გაუჩნდა ეჭვი, რომ მის შვილს სწორედ აუტიზმი ჰქონდა. მაშინ საქართველოში აუტიზმის დადგენის შესაძლებლობა არ არსებობდა. ამიტომ ექიმმა ბექას სენსორული ინტეგრაციის დარღვევა დაუდგინა და მშობელს შვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნეიროფსიქოლოგთან და ოკუპაციურ თერაპევტთან  დაჰყავდა.

2007 წელს ბექა 10 წლის იყო, როცა საქართველოში აუტიზმის დადგენის შესაძლებლობა გაჩნდა. დედას ერთ-ერთ კლინიკაში სპეციალური ტესტი ჩაუტარდა. ADI-R Autism Diagnostic Interview – Revised - ესაა დაახლოებით 4-საათიანი ტესტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, აქვს თუ არა ბავშვს აუტიზმი. ბექას აუტიზმი დაუდასტურდა.

ახლა სკოლაში დადის. ყველაზე მეტად მათემატიკა, ქართული ენა და წერა უყვარს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით სარგებლობს, თუმცა არა აუტიზმის გამო.  საქართველოში აუტიზმის მქონე ბავშვი, თუ მას სხვა თანმდევი შეზღუდული შესაძლებლობა არ აქვს, არ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად  და შესაბამისად, ვერ იღებს სტატუსს.

ბექას სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ ბავშვს აქვს ინტელექტუალური შეზღუდვა, ქცევის აშლითა და დამატებით თანმხლები აუტიზმით.

ნინა ამბობს, რომ შეფასების დროს ბექას ისეთი დავალებების შესრულებას სთხოვდნენ, რაც შესაძლოა ბავშვს პრინციპულად არ გაეკეთებინა:

“როცა 13 წლის ბავშვს რაღაცის მოწოდებას სთხოვ და მას ამის გაკეთება არ უნდა, არ ნიშნავს, რომ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონეა”.

მიუხედავად შშმ სტატუსისა, ბექა ვერ სარგებლობს იმ საჭირო თერაპიებითა და სახელმწიფო მომსახურებებით, რაც აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს ესაჭიროებათ. ეს საჭიროებები კი სპეციფიკური და განსხვავებულია სხვა შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებისგან.

კერძოდ, აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საჭიროა ბიო-ფსიქო-ემოციური რეაბილიტაცია - გამოყენებით-ქცევითი ანალიზი, იგივე ABA თერაპია. ერთადერთი თერაპია, რომელსაც სამეცნიერო მტკიცებულება აქვს და რომელიც სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია მეტყველებისა და ოკუპაციური თერაპია.

ბექა სკოლის გარდა, დღეში 2-საათიანი თერაპიით იყო დატვირთული. ახლა შეწყვიტეს, რადგან თანხები არ აქვთ. ნინა ბანძელაძეს შვილისთვის დღეში 58 ლარი სჭირდება, კვირაში ხუთი დღე. თვეში თერაპიის ღირებულება კი 1160 ლარს შეადგენს.

“ესაა ის მინიმალური, რასაც ბექასთვის ვაკეთებ. ბავშვისთვის უმჯობესია, რომ დღეში გაცილებით მეტი საათი იყოს დატვირთული, თუმცა 2-საათიანი თერაპიაც ხედავთ, რომ საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული”, - ამბობს ნინა.

საქართველოში ABA ტერაპიის სერვისი მხოლოდ სამ ცენტრს აქვს: ილიას უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრს, ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ცენტრსა და ნეიროგანვითარების ცენტრს.

ABA თერაპია სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებული არაა.

ჯანდაცვის სამინისტრო თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში აუტიზმის მქონე 0-დან 7 წლამდე ბავშვებს ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. ეს პროგრამა ადრეული განვითარების პედაგოგის მომსახურებას ითვალისწინებს, რომელსაც ოკუპაციური თერაპევტის, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის ვალდებულებები აქვს შეთავსებული. თვეში ბავშვზე 144 ლარია გამოყოფილი და რიგითობის პრინციპითაა - უპირატესობა ინსტიტუციებში მყოფ, რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ენიჭებათ.   

რაც შეეხება ABA თერაპიის ღირებულებას, ფასი ყველა დაწესებულებაში განსხვავებულია.

ილიას უნივერსტიტეტში მისი ღირებულება ერთი ვიზიტი (1 საათი) 12 ლარია, ნეიროგანვითარების ცენტრში - 29 ლარი, ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ცენტრში კი - 40 ლარი.

თერაპია უნდა იყოს უწყვეტი, დღეში საათების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ბავშვის საჭირობებზეა დამოკიდებული, თუმცა რეკომენდებულია, რომ ამ თერაპიით ბავშვი დღის განმავლობაში 8 საათი იყოს დატვირთული.

ნეიროგანვითარების ცენტრის მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია გაბუნია ამბობს, რომ ნეიროგანვითარების ცენტრში ამ დროისთვის 280-მდე ბავშვი დადის, თუმცა მაღალი ფასის გამო, ბოლო თვეების განმავლობაში მშობლებმა თერაპიის საათები მნიშვნელოვნად შეამცირეს.

1 ივლისიდან თბილისში მცხოვრები აუტიზმის მქონე ბავშვების რეაბილიტაციას თბილისის მერია დააფინანსებს.

მერიის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელის, სოფო ასპანიძის ინფორმაციით, პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება და ამ პროგრამით 2-დან 16 წლამდე ბავშვები თვეში 20 ვიზიტით ისარგებლებენ. ანუ 1 ბავშვზე თვეში 420-ლარიანი დაფინანსებაა, რაც ნიშნავს, რომ ერთი თერაპიის ღირებულება 21 ლარია.

თავდაპირველად თბილისში სერვისის მიმწოდებლებმა მერიას უნდა წარუდგინონ იმ ბენეფიციართა სია, ვინც ამჟამად ფასიან მომსახურებას იღებენ. ამ ცენტრებს უნდა ჰყავდეთ ABA თერაპიისა და სხვა საჭირო თერაპიის სპეციალისტები.

პროგრამაში ჩართვის შემდეგ, მიმწოდებელმა მერიას უნდა წარუდგინოს წლიური გეგმა და სერვისის მიმწოდებლებმა შეისწავლონ ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებები.

პარალელურად, მერია 1 ივლისიდან სხვა ბავშვების სიების მიღებას დაიწყებს. თუმცა, თუ სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში ვაკანტური ადგილი გამოჩნდება, აუტიზმის მქონე ბავშვებიდან ყველაზე მცირე ასაკის ბავშვების ჩართვა 1 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.

სოფო ასპანიძის ინფორმაციით, თუ ბავშვს თერაპიაზე 20-ზე მეტი ვიზიტი სჭირდება, მშობელს თანხის დაფარვა საკუთარი სახსრებით მოუწევს.

აღნიშნული პროგრამა მთავრობამ უკვე მოიწონა, დაახლოებით 2 კვირაში საკრებულოს სხდომაზე მას კომიტეტი განიხილავს და ამის შემდეგ გაირკვევა, რა ფორმით ამოქმედდება პროგრამა.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი, ანა არგანაშვილი პროგრამის დაწყებას მიესალმება, თუმცა გარკვეული შენიშვნებიც აქვს.

კერძოდ, არგანაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია, ფარავს თუ არა პროგრამა აბსოლუტურად ყველა ბავშვს, ვისაც შესაბამისი მომსახურება სჭირდება და იქნება თუ არა რიგითობაზე დამოკიდებული რეგისტრაციის დროს ბავშვების პროგრამაში ჩართვა. 

გარდა ამისა, არგანაშვილი სერვისის მიმწოდებელთა მცირე რაოდენობაზე საუბრობს:

“ყველაფერთან ერთად, აუტიზმის მქონე ბავშვთა ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუ მათი რაოდენობა აღემატება სერვისის მიმწოდებელთა შესაძლებლობებს, პროგრამა ჩავარდება. ამიტომ, აუცილებელია, სახელმწიფომ სერვისი მიმწოდებელთა რაოდენობის ზრდაზე იზრუნოს”.

არგანაშვილი ფიქრობს, რომ მომსახურების მხოლოდ თბილისში მცხოვრები ბავშვებისთვის მიწოდება თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება:

“ისედაც ყველა მომსახურება თბილისშია თავმოყრილი. რეგიონებში მცხოვრებთათვის იმავე სერვისის მიწოდება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა არაა. აუცილებელია, ადგილობრივი თვითმმართველობებიც გააქტიურდნენ და ერთჯერადი ფულადი დახმარების ნაცვლად, პროგრამული და ხანგრძლივი აქტივობები წამოიწყონ”, - აცხადებს ანა არგანაშვილი.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, 2014 წელს დაბადებული ყოველი 68-ე ბავშვი აუტიზმის მქონეა. ეს მონაცემი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია (როცა ყოველი 88-ე ბავშვი იყო აუტიზმის მქონე). ბიჭებში მათი რაოდენობა 4%-ით მეტია.

ეს არის მდგომარეობა, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებში სხვადასხვაგვარადაა გამოვლენილი, თუმცა ძირითადი პრობლემები მეტყველების, კომუნიკაციისა და ქცევის მხრივ არსებობს.

ნეიროგანვითარების ცენტრის მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი, მაია გაბუნია ამბობს, რომ აუტიზმის ადრეული დიაგნოსტიკა და ამოცნობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომავალში ბავშვის მდგომარეობას და მათი სოციალიზაცია ადრეული ჩარევების დროს გაცილებით მარტივია.

“პირველად ჯანდაცვაში აუცილებლად უნდა დაინერგოს სკრინინგული შეფასება და ბავშვის განვითარებაზე ზედამხედველობა. რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია. თუ პრობლემა არსებობს, 18 თვემდე ამის შემჩნევა უკვე შესაძლებელია. ამიტომ სკრინინგი და დიაგნოსტიკა სავალდებულო უნდა იყოს, რომ შესაძლო რისკები წინასწარ ავიცილოთ თავიდან და ბავშვები ყველა საჭირო მომსახურებაში დროულად ჩაერთონ”, - ამბობს გაბუნია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^