ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ხმათა 100% დათვალა. მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან. მესამე ადგილზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, დავით ბაქრაძე გავიდა. მან მეორე ტურისთვის უკვე დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძეს.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა პოლიტოლოგებსა და სოციოლოგებს, და სთხოვა, შეეფასებინათ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, გაეანალიზებინათ, რაზე მიუთითებს ეს შედეგები ხელისუფლებას, ოპოზიციას, საზოგადოებას...
იაგო კაჭკაჭიშვილი. სოციოლოგი: გუშინდელმა არჩევანმა ხელისუფლებას მიუთითა, რომ პრობლემებზე, რომლებიც ბევრი მიმართულებით დაგროვდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მათი მოუგვარებლობა სხვას არ გადააბრალოს.
ეს გადაბრალება სრულიად ნათლად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში, რომელმაც დამნაშავედ გამოაცხადა 3 აქტორი. ერთი მათგანია „რუსთავი 2“. მან თქვა, რომ „თუ გამორთავთ „რუსთავი 2-ს“ ქვეყანაში აღმშენებლობის მეტს ვერაფერს დავინახავთ“; მეორეა - არასამთავრობო ორგანიზაციები - თქვა, რომ „ისინი ასევე ამახინჯებენ რეალობას“; მესამე კი არის სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები, მისი თქმით, „ამ ადამიანებს ავ-კარგის გარჩევა არ შეუძლიათ“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარ უპირატესობაში არის გარკვეული მოულოდნელობა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო უნიადაგო ან შოკის მომგვრელი შედეგი. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩა როგორც ანგარიშგასაწევი ძალა, და ამასთან „ქართული ოცნების“ უმოქმედობის თუ უპასუხისმგებლობის ფონზე კიდევ უფრო გაიძლიერა პოზიციები.
შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ მასშტაბის მხარდაჭერას ბევრი არ ელოდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მასშტაბი არჩევნებში მოსული ამომრჩევლის რაოდენობის ფონზე გამოჩნდა. ეს დაახლოებით 47%-ია. შესაბამისად, ამომრჩევლის ნახევარზე მეტი სახლში დარჩა.
სახლში დარჩენილი ამორჩევლების გააქტიურებას, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მხრიდან ველი. არ ვიცი, რამდენად ბევრია ეს რაოდენობა, მაგრამ არის ამომრჩეველთა ნაწილი, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს, მაგრამ უშუალოდ სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონდათ და ამიტომ არ წავიდნენ არჩევნებზე. მაგრამ ახლა, როცა ხედავენ, რომ ხელისუფლება გასაჭირშია, შესაძლოა მივიდნენ და არჩევანი მისთვის პირადად მიუღებელი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთონ. ეს ერთი რესურსია.
მეორე რესურსია ის ადამიანები, რომლებმაც არჩევანი არც ზურაბიშვილის და არც ვაშაძის სასარგებლოდ არ გააკეთეს და ხმა სხვა ოპოზიციურ ძალას მისცეს, და ახლა როცა ნახეს, რომ მათი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გავიდა, მაინცდამაინც ვაშაძის სასარგებლოდ არ გააკეთებენ არჩევანს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი აქტივი ზოგადად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია, მას ყველაზე მეტი თავსებადობა „ევროპულ საქართველოსთან“ აქვს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ვინც „ევროპულ საქართველოს“ მისცა ხმა, იქიდან ყველა ვაშაძეს აირჩევს. თუმცა, უმრავლესობა ალბათ წავა.
ჩვენ მოვისმინეთ რესპუბლიკური პარტიის განცხადება ვაშაძის მხარდასაჭერად. შესაძლოა მათ არ ჰყავთ ბევრი ამომრჩეველი, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ყველა ხმა გადამწყვეტია.
სავარაუდოდ, ნათელაშვილის ამომრჩეველიც, რომელიც 4-5%-ის ფარგლებში მერყეობს, მათი ლიდერის მოწოდებით, წავა არჩევნებზე.
ანუ, თუ გავითვალისწინებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წონას, რაც დაახლოებით 40%-ია, და მას მივუმატებთ„ ევროპული საქართველოს“ დახლოებით 10%-ს, პლიუს რესპუბლიკელებს, ლეიბორისტებს და ა.შ. შემიძლია ვთქვა, რომ შანსები დაახლოებით თანაბარია, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო ოპოზიციური ელექტორატის ხარჯზე, რომელიც მთლიანად აღებული ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე მეტია, შეუძლია უპირატესობის მოპოვება და გამარჯვება.
ეს არჩევნები უნდა განვიხილოთ ფართო კონტექსტში, რასაც ხელისუფლების დანაწილების კონტექსტი ჰქვია. „ქართული ოცნება“, ცხადია, ახლავე არ დაკარგავს ხელისუფლებას, მაგრამ აღარ ექნება ერთპიროვნული მმართველისა და მოსახლეობის საყოველთაო მხარდამჭერით მოსარგებლე პოლიტიკური ძალის იმიჯი. ეს მითი დაიმსხვრა.
შესაძლოა, პრეზიდენტს დიდი ფუნქციები არ აქვს, მაგრამ, იმას რომ ქვეყნის პირველი პოსტი შეიძლება ოპოზიციური პარტიის ხელში აღმოჩნდეს, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას დიდ ნაპრალს უჩენს.
გია ხუხაშვილი. პოლიტოლოგი: ასეთი ტიპის არჩევნებს არჩევნებს საერთოდ არ ვეძახი. ვგულისხმობ იმას, რომ ეს იყო, ე.წ. ნეგატიური ტიპის არჩევნები, როდესაც ხმას არა ვიღაცის სასარგებლოდ, არამედ წინააღმდეგ აძლევდნენ. უფრო გასაგები რომ იყოს, არჩევნების ბედი გადაწყვიტა იმ ამომრჩეველმა, რომლისთვისაც წამყვანი იყო არა პოზიტიური გზავნილი - ვიღაცის პატივისცემა, არამედ სიძულვილი. ვისაც არ უნდოდა ვაშაძე, ხმას აძლევდა ზურაბიშვილს (მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არც ის მოსწონდა) და - პირიქით. ეს იყო ნეგატიურ გზავნილზე დაფუძნებული კამპანია.
ვნახეთ, რომ წამყვანი ფაქტორი ტალახის სროლა და ერთმანეთის შეურაცხყოფა იყო. შესაბამისად, ვინც არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, მას ლეგიტიმაცია არ ექნება, არ ეყოლება საკუთარი მხარდამჭერები: ეს ერთჯერადი კონტრაქტის ხარჯზე მოხდება და არა სახალხო პატივისცემითა და სიყვარულით.
ნეგატიურ ტალღაზე მოსული პოლიტიკური ლიდერი, ბუნებრივია, სიტუაციის მძევალია, ან ვიღაცის თოჯინა ხდება, ან იმდენად სუსტია, რომ მის არსებობას მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, კონსტიტუციაც ამაზე მეტყველებს.
ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია არა საკუთრივ პრეზიდენტის პერსონა, არამედ პოლიტიკური კონტექსტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ: „ქართულმა ოცნებამ“ განიცადა დეგრადაცია, რაც ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე (როგორც არ უნდა დამთავრდეს) დაჩქარდება. დეგრადაციის პროცესს მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაც ვერ შეაჩერებს. ფაქტობრივად, დავინახეთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა განწირულია.
არითმეტიკულად და, პრინციპში, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ყველაფერი რომ დავთვალოთ და რესურსები შევაფასოთ, უპირატესობა ვაშაძეს აქვს. ამ არჩევნებში ხელისუფლების ერთადერთი შანსი სისტემურ მანკიერებებზე სისტემური პასუხის გაცემა იქნებოდა. პოლიტიკური ნების ჩვენება, რომ არსებობს სისტემური კორუფციისა და მაფიოზური თემების აღკვეთის ნება, ამას შეეძლო რაღაც შედეგის მოტანა. შესაძლებელია თუ არა ამ ორი კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით რეაბილიტაცია, ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ნაბიჯები დაგვიანებულია. ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ. ახლა რომც გააკეთონ, შეიძლება ეფექტი ვერ მიიღონ, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, მძევლები არიან. ამის პირდაპირი სიმპტომი იყო ოქუაშვილის „ქეისი“, რამაც მძიმე დაპირისპირების ფონზე ხელისუფლებას კაპიტულაცია გამოაცხადებინა. წარმოიდგინეთ, ვინმე ოქუაშვილი, რომ ამას ახერხებს. როგორც ჩანს, მომრავლდნენ ასეთი ბუნდოვანი მენტალობის ადამიანები, რომლებსაც სადღაც სეიფში ხელშეუხებლობის გარანტიები აქვთ. ჩემი აზრით, ეს სახელმწიფოებრივად ძალიან სახიფათოა.
იმისთვის, რომ 2020 წლისთვის დეგრადაციის პროცესი შეჩერდეს, პოზიტიური დღის წესრიგია საჭირო, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით უნდა წარმოადგინო და განახორციელო. მთავარ გამოწვევებს უნდა უპასუხო. ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული სამი საკითხი - უმუშევრობა, სოციალური რისკები და ეკონომიკის განვითარება. ასევე, საჭიროა, ქვეყნის გამთლიანების პრობლემაზე ორიენტირებული საინტერესო ნაბიჯები.
საკმაოდ დიდხანს მქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც შემობრუნება შეეძლო. ამ შუალედში კი ამას საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არ დამიკლია. რაზეც მე და სხვებიც დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, ამას გამგები გაიგებდა, მაგრამ, ან არ უნდათ, ან აღარ შეუძლიათ. პრინციპში ორივე შედეგი ერთნაირია - კატასტროფა.
კორნელი კაკაჩია. პოლიტოლოგი: „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც თავში ჰქონდა ავარდნილი, საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიიღო. ამის შემდეგ მას მოუწევს „რეალობის შეგრძნება“.
აქამდე ასე იყო, და ქართული ლეგენდა ამას ამბობს, რომ მხოლოდ 2 ვადით აძლევს მმართველ პარტიებს ვადას და, მგონი, ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ 2020 წლისთვის არ არის გამორიცხული რეჟიმის ცვლილება, ანუ ხელისუფლების სათავეში სხვა პარტიის მოსვლა .
თვითონ პრეზიდენტი შეიძლება არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს შეკვეცილი უფლებების ფონზე, მაგრამ რეალურად ეს იყო ტესტი, რამდენად შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა სერიოზული შეცდომები. პირველი ის იყო, რომ შეეძლოთ, საერთოდ არცერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ მხარი და, ასე ვთქვათ, პირდაპირ ოპოზიციური პარტიებისთვის დაეთმოთ ეს არჩევნები. მათ კი წარმოადგინეს ისეთი კანდიდატი, რომელიც თავიდანვე ძალიან წინააღმდეგობრივი იყო. ამას დაემატა ივანიშვილის ფაქტორი - მან სერიოზული ანტირეკლამა გაწია და ის სკანდალები, რომლებიც კამპანიას ერთვოდა.
მთლიანობაში თუ შევხედავთ, არც თუ ისე ცუდი შედეგი გვაქვს, იმიტომ რომ ქართული ელექტორატი მომავალ წლებში ალბათ კიდევ უფრო დააბალანსებს ვითარებას და გამოჩნდება კიდევ ერთი-ორი პოლიტიკური პარტია, რომლებიც, მაგალითად, პირობითად იქნება იმ 50%-ის ინტერესების გამომხატველი, რომელიც სახლში დარჩა. სამწუხაროდ, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ამომრჩევლის ყველაზე დიდი ნაწილი ამ არჩევნებზე არ წასულა. მათი დიდი ნაწილი საკმაოდ ნიჰილისტურად არის განწყობილი ქართული პოლიტიკისადმი და ამან განაპირობა ის შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.