Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თაღლითობის გაუხსნელი საქმე

08 ივნისი 2015

საფულის დაკარგვიდან ორი დღის შემდეგ გივი სუმბაძემ იუსტიციის სახლში ახალი ID ბარათი შეუკვეთა, ძველი პირადობის მოწმობა მაშინვე, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ "საქართველოს ბანკის" სახელფასო ბარათი - გააუქმა.

ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, 23 წლის გივი სუმბაძემ, 2013 წლის 29 დეკემბერს საჯარო ტრანსპორტში  საფულე, სახელფასო ბარათი და პირადობის მოწმობა დაკარგა. მან იმავე დღეს პოლიციას მიმართა

საფულის დაკარგვიდან ორი დღის შემდეგ გივი სუმბაძემ იუსტიციის სახლში ახალი ID ბარათი შეუკვეთა, ძველი პირადობის მოწმობა მაშინვე, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ "საქართველოს ბანკის" სახელფასო ბარათი - გააუქმა.

2 თვის შემდეგ გივიმ  აღმოაჩინა, რომ მის სახელზე “საქართველოს ბანკში” კიდევ ერთი ბარათი დაემზადებინათ, საბანკო ანგარიშიდან თანხა მოხსნილი დახვდა, ხოლო პირადი ინფორმაცია შეცვლილი იყო.

“საქართველოს ბანკში” შექმნილი სირთულეების გამო გივიმ გადაწყვიტა ანგარიში “თი-ბი-სი ბანკში” გაეხსნა, სადაც გაირკვა, რომ გივის სახელზე ორი სწრაფი განვადება იყო გაკეთებული. პირველი 30 იანვარს, მეორე 3 თებერვალს (დაკარგული ID ბარათის გაუქმებიდან 1 თვის შემდეგ).  

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მერვე სამმართველოში ამ საქმეზე გამოძიება 2014 წლის 17 თებერვლიდან დღემდე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტული საქმის გამოძიება წელიწადი და 4 თვე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაწელილიყო:

“არ ჩანს, რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს, თორემ ყველა ბანკომატთან კამერაა, ყველა ბანკში კამერაა, ყველა საუბარი იწერება. მაქსიმუმ 2-3 თვეში უნდა გახსნილიყო ეს საქმე. ბანკი ვალდებულია მსგავსი ოპერაციების შესრულებისას გადაამოწმოს ხელმოწერა და პირის მონაცემები.”

გივი სუმბაძის ინფორმაციით, პოლიციამ შეძლო “საქართველოს ბანკიდან” ამოეღო ბანკომატით გადაღებული ფოტოები. კამერის ჩანაწერები და აუდიო მასალა, როგორც გივის პოლიციის განყოფილებაში განუმარტეს, ბანკში წაშლილი დახვდათ, ხოლო ფოტომასალა უხარისხო აღმოჩნდა და პირის ვინაობა ვერ დადგინდა.

“ლიბერალმა” სცადა ეს ინფორმაცია შსს-ში გადაემოწმებინა, თუმცა მათ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციას არც ერთ შემთხვევაში არ წაშლიდნენ. მისი მტკიცებით, მასალები ბანკებში წლობით ინახება. “ან პოლიცია იტყუება, ან ბანკები”, - მიიჩნევს უტიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების დეტალებზე არ საუბრობენ. ამჟამად მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი, რომ საქმე სისხლის სამართლის 180-ე მუხლის II ნაწილის “ბ” პუნქტით, თაღლითობის მუხლითაა აღძრული.

გივი სუმბაძე “თი-ბი-სი” ბანკთან კომუნიკაციის პრობლემებზე საუბრობს:

“ბანკში მითხრეს, რომ ეს სესხი, რომელიც “თი-ბი-სი”-ში ვიღაც ჩემთვის უცნობ პირზე ჩემი სახელით გასცეს, იყო გადამოწმებული, თავდებად იდგნენ ვიღაც ადამიანები. ვერბალურად ის ინფორმაციაც მომაწოდეს, თუ რომელ ფილიალში, რომელმა ოპერატორმა გასცა სესხი. შემდეგ როცა მოვითხოვე ეს ინფორმაცია წერილობით, აღარ გადმომცეს.”

“საქართველოს ბანკში” განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე საუბარი მათთვის მიზანშეწონილი არ არის.

"საქართველოს ბანკში” მესამე პირის მიერ საბანკო ოპერაციების შესრულებისთვის საჭიროა მინდობილობა. "საბანკო ოპერაციის შესრულებას ვერ შეძლებს ის, ვისი პირადობის მოწმობაც ბაზაში აქტიური არ არის".

“საქართველოს ბანკის” მსგავსად, “თი-ბი-სი”-მაც უარყო მესამე პირის მიერ სესხის გამოტანის შესაძლებლობა.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, ანა სოტრაძე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრსა და ბანკებს ერთიანი ბაზა აქვთ. ანას თქმით, როგორც კი მათ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ინფორმაცია დოკუმენტის გაუქმების შესახებ, ეს სიახლე ავტომატურად აისახება მათთან, ვისაც ამ ბაზასთან წვდომა აქვს, ამ შემთხვევაში - ბანკებთან:

“იმ შემთხვევაში, თუ მათ, ვინც ამ ბაზას იყენებს, რაიმე ტექნიკური ხარვეზი აქვთ და არ აახლებენ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, საჭიროა ეს პრობლემა მოაგვარონ. ვინც არის უფლებამოსილი პირი, ბაზაში ხედავს ზუსტად იმას, რასაც ვხედავთ ჩვენ.”

რამდენიმე დღის წინ გივი სუმბაძემ “ტრიბასგან” (პრობლემური აქტივების მართვის კომპანიისგან) წერილი მიიღო, რომელიც მასსა და "თი-ბი-სი" ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 4853 ლარის ოდენობის ჯარიმის 7 საბანკო დღეში გადახდას ავალდებულებდა. თანხა ვადაგადაცილებული დღეების შესაბამისად იზრდება:

"საკრედიტო საქმე გადაეგზავნება სასამართლო ორგანოებს, რის შედეგადაც დავალიანების თანხის ამოღების მიზნით, აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედება თქვენს საბანკო ანგარიშებს ან/და უძრავ-მოძრავ ქონებას აუქციონის წესით რეალიზაციისთვის." - წერია "ტრიბას" წერილში.

გივიმ პოლიციის განყოფილებას მიმართა ცნობისთვის, რომელიც დაუდასტურებდა "ტრიბას", რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კომპანიაში წარდგენილი ცნობის ხარჯზე, გივის თანხის გადახდის მოთხოვნით წერილი აღარ მიუღია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელი, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სრულიად უცხო ადამიანი სხვა პირის პირადობის მოწმობას წარადგენს, ბანკს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გადაამოწმოს ეს ნამდვილად ის ადამიანია, რომელიც პირადობის მოწმობაზეა დაფიქსირებული, თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკს არ აქვს უფლება გასცეს სესხი:

“მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ სესხის ხელშეკრულება ბათილად ცნონ. გივის არ გამოუხატავას ნება ამ ხელშეკრულების დადებაზე და ბუნებრივია არ ეკისრება ვალდებულება, რომ ეს თანხა გადაიხადოს. ბანკმაც უნდა გამოარკვიოს, თვითონ ბანკის თანამშრომელი ხომ არ არღვევდა კანონს, როდესაც არ გადაამოწმა სათანადოდ? გამოძიება დაწყებულია, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თუმცა მნიშვნელოვანია გივის  ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს.”

გამოძიება გრძელდება, თუმცა არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემისგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო "ლიბერალის" მრავალი მცდელობის მიუხედავად თავის შეკავებას ამჯობინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^