Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სასამართლო მეგობრის“ - Amicus Curiae - ინსტიტუტი დისკრიმინაციის საქმეებზე

09 ივნისი 2015

Amicus Curiae  – “სასამართლო მეგობარი“ უძველესი სამართლებრივი ინსტიტუტია. ის ჯერ კიდევ რომანულ სამართალში წარმოიშვა.  „სასამართლო მეგობრის“ ინსიტუტი თანამედროვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის იურისდიქციაშია. ის მოქმედებს, როგორც საერთო სამართლის, ისე კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში, აგრეთვე გვხვდება ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებშიც.

„სასამართლო მეგობრის“ ტრადიციული როლი მდგომარეობს გარეშე პირის მიერ სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდებაში, იმ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს.   ინფორმაციის წარმდგენი არ იღებს შეჯიბრებით პროცესში მონაწილეობას, არამედ წარსდგება, როგორც სასამართლოსთვის დახმარების გამწევი. 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დავებზე არ ითვალისწინებს „სასამართლო მეგობრის“ რანგში გარეშე პირთა მხრიდან სასამართლოსთვის მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობას. ქართული სამართალი „სასამართლო მეგობრის“ ინსტიტუტს საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში, ხოლო საერთო სასამართლოების დონეზე, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე ითვალისწინებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია შეასრულოს „სასამართლო მეგობრის“ ფუნქცია, როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოებში.  მაგრამ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი მსგავს შესაძლებლობას სახალხო დამცველს სპეციალურად არ ანიჭებს.

საყურადღებოა, რომ ევროკავშირის ქვეყნების დისკრიმინაციასთან ბრძოლის სამართალი  „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე.

ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად, ავსტრიაში, ხორვატიაში, კვიპროსში, ფინეთში, საბაერძნეთში, ნორვეგიაში, შვედეთში,  ლატვიასა და ლიტვაში, სადაც „თანასწორობის ორგანოს“ ომბუდსმენი წარმოადგენს,    დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე ომბუდსმენის მანდატი მოიცავს  სასამართლოში „სასამართლო მეგობრის“ რანგში მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობასაც.   
არსებობს მოსაზრება, რომ სახალხო დამცველისათვის  „სასამართლო მეგობრის“ რანგში დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭების შემთხვევაში, დაირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. მაგრამ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე კანონმდებელობა  მხარეებზე მტკიცების ტვირთის განსხვავებულად გადანაწილებას ითვალისწინებს,  რაც თავისმხრივ  დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავების სპეციფიურობაზე მიუთითებს.

მეტად საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი ქვეყნის სამართალში უცხო არ არის „სასამართლო მეგობრის“ ინსტიტუტი სამოქალაქო საქმეებზე, სადაც პროცესი წმინდა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით მიმდინარეობს. აღნიშნულის საუკეთესო მაგალითად შეერთებული შტატების შემთხვევა გამოდგება, სადაც „სასამართლო მეგობრის“ ინსტიტუტი შტატების სამართლის სისტემის ნაწილი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული არსებობს.

ქართულ სამართლებრივ სივრცეში დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სამართალწარმოება სიახლეს წარმოადგენს. ამიტომ, სასამართლო პრაქტიკა ამ მხრივ ძალზე მწირია. შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკის სწორად განვითარების ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების გადაწყვეტის დროს, სასამართლოს დასჭირდება დაეყრდნოს ამ სფეროში სპეციალური გამოცდილების მქონე შესაბამის დაწესებულებას, როგორიც სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტია. 

როდესაც საკითხი დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას შეეხება, სრულიად მისაღებია, რომ დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს მიენიჭოს „სასამართლო მეგობრის“ რანგში სასამართლოსთვის მოსაზრებების წარდგენის უფლებამოსილება.  ამიტომ, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის საქმეებზე „სასამართლო მეგობრის“ ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობა გააჩნდეს.

ანზორ ხატიაშვილი, ადვოკატი, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"
 


[1] იხ.  http://www.yalelawjournal.org/pdf/1158_hvj33ruz.pdf     გვ. 1653.

[1] იხ.   http://ink.library.smu.edu.sg/cgi/viewcontent.cgi?article=2927&context=sol_research    გვ.   1.

[1] იხ. https://www.humanrights.gov.au/intervention-and-amicus-curiae-functions-human-rights-and-equal-opportunity-commission-and-its#leg

[1] იგივე: https://www.humanrights.gov.au/intervention-and-amicus-curiae-functions-human-rights-and-equal-opportunity-commission-and-its#leg  

[1] იხ. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი.

[1] იხ. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ე“ პუნქტი.

[1] მოსაზრებებს წარადგენენ თანასწორობის ორგანოები, რომლებიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე არიან პასუხისმგებელი.

[1] იხ.   http://www.equineteurope.org/-Member-organisations- 

[1] იხ.   http://www.equineteurope.org/Office-of-the-Equal-Opportunities  pdf  ფაილი, იხ. გვ. 2.

[1] კერძოდ, სწორედ მოპასუხეზეა იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა: „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 8.2 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 3633.

[1] იხ.  https://c.ymcdn.com/sites/naccchildlaw.site-ym.com/resource/resmgr/amicus_curiae/amicuspracticalguide.pdf   გვ.  1.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^