Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთელი წელი მზის მოლოდინში - ქობულეთის სეზონური ცხოვრება

03 ნოემბერი 2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მთელი წლის განმავლობაში ზაფხულისთვის ემზადებიან - იღებენ სესხებს, არემონტებენ სახლებს, რომ ტურისტები მოიზიდონ. თუკი დამსვენებელი ვერ მიიღეს, ვალი იზრდება, რადგან ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომლითაც სესხიც უნდა დაფარონ და მთელი წლის სამყოფი თანხაც გადადონ. ქობულეთელები სამუშაო ადგილების ნაკლებობას უჩივიან. აქ ზამთარში ცხოვრება ნელდება და 9 თვე ზაფხულის მოლოდინში გადის.

ციხისძირი - დაპირებული კომპენსაციების იმედად

მაყვალა ართმელაძემ ბიძინა ივანიშვილი პირველად ორი წლის წინ, 2016 წლის ნოემბერში ნახა. დილის 9 საათი იყო, როცა სახლიდან ხალათით გამოვიდა და ათიოდე მეტრში, ზღვის სანაპიროზე ივანიშვილი დაინახა. „ზღვას უყურებდა, ხეებს უყურებდა და ამბობდა, ძალიან მოუწესრიგებელი ყოფილა აქაურობაო“, - იხსენებს მაყვალა.

მაყვალა ართმელაძე ციხისძირში, სანერგე მეურნეობაში ცხოვრობს. სწორედ აქედან გაიტანეს ორი წლის წინ პირველი „მცურავი ხე“, რომელმაც დენდროლოგიურ პარკში მოსახვედრად ზღვა გადაცურა. მას შემდეგ ივანიშვილმა ციხისძირიდან კიდევ ბევრი ხე წაიღო და გადატანის სამუშაოების დროს დაზიანებული ქონებისთვის მოსახლეობას კომპენსაციაც გადაუხადა. მაგრამ დარჩა რამდენიმე მოსახლე, რომელმაც კომპენსაცია ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მათ განკარგვაში არსებული მიწის ნაკვეთი, ხეხილის ბაღები და  ბოსტნები დაზიანდა. ეს ბაღები მათი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.

„ბიძინამ თქვა, ყველა დააკმაყოფილეთ, გულები არავის დასწყვიტოთო. ვიფიქრე, მაგ კაცს ვნახავ, დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ მე ივანიშვილთან ვინ შემიშვებს, ან სად ვნახავ?“ - ამბობს მაყვალა.

ციხისძირისკენ მიმავალ გზაზე სიმწვანეში ალაგ-ალაგ გადათხრილი მიწა მოგხვდებათ თვალში. ეს ძირითადად ის ადგილებია, საიდანაც ივანიშვილმა ხეები გადაიტანა. ზოგიერთი ასეთი ტერიტორია მოსწორებულია, თუმცა არის ადგილებიც, რომლებიც ხის გადატანის შემდეგ კვლავაც გადათხრილი და მოუწესრიგებელი რჩება.

გზის ნაპირზე ორ მაღალ ხეს ვხედავთ, რომლებსაც გამოჭრილი გვერდები ლურსმნით აქვს მიჭედებული. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ხეებს ფერდები მაშინ ამოაჭრეს, როცა ივანიშვილისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. მათი თქმით, ხე გზაზე არ ეტეოდა, რადგან მოპირდაპირე მხარეს მოსახლეთა ეზოებია, ამიტომ, კომპანიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ხეებისთვის ფერდები გამოეჭრათ და შემდეგ უკან ჩაეჭედებინათ.

დაკარგული შემოსავალი

მაყვალა ართმელაძე ზღვის სანაპიროზე ცხოვრობს. მისი ოჯახის შემოსავალი ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული. ისევე როგორც ქობულეთის მცხოვრებთა უმეტესობა, ისიც სახლის გაქირავებით ირჩენს თავს. აქ ოფიციალურად თითქმის არავინ მუშაობს - არატურისტულ სეზონზე ადგილობრივები ზაფხულში მოყვანილ ხილზე, ბოსტნეულსა და საქონელზე არიან დამოკიდებული.

ასეა მაყვალაც - უკვე 27 წელია, მიწა დროებით სარგებლობაში, არენდით აქვს აღებული. კარტოფილი, ბალი, ციტრუსი ჰქონდა გაშენებული. მარტო ამით თავს ვერ ირჩენდა, მაგრამ უმუშევრობის, მრავალშვილიანი ოჯახისა და სეზონური შემოსავლის ფონზე, ხეხილის ბაღი ცხოვრებას მნიშვნელოვნად უადვილებდა.

„მნიშვნელოვანი წყარო იყო. რადგან არსად ვმუშაობდით და შემოსავალი არ გვქონდა, ჩვენთვის რაღაცას ნიშნავდა. მაგით არ ავშენებულვართ და სახლები არ გაგვიკეთებია, მაგრამ გვადგებოდა, რომ რაღაც საკვები გვეყიდა, ბავშვები სკოლაში წაგვეყვანა. ცოტათი პრობლემებს გვიხსნიდა“, - ამბობს მაყვალა.

თუმცა, უკვე ორი წელია ამ მიწის ნაკვეთით ვეღარ სარგებლობს. მისი ნარგავები  ხის გადატანას შეეწირა; დაუზიანეს ღობეც, რომლითაც ბაღი იყო შემოფარგლული, თუმცა მეზობლებისგან განსხვავებით, კომპენსაცია არ მიუღია.

„60 ძირამდე მანდარინის ხე მქონდა. 3-5 ტონას მოსავალს ვკრეფდით. ეს ყველაფერი განადგურდა. ამას ყველა დაადასტურებს“, - ამბობს მაყვალა.

თურქეთში სამუშაოდ წასულს ქმრის ავადმყოფობის შესახებ აცნობეს. როცა ჩამოვიდა, ავადმყოფი ქმრის გარდა, გადათელილი ბაღიც დახვდა. უნდოდა, გაერკვია, ვისთვის უნდა მიემართა კომპენსაციის მისაღებად, თუმცა თავი შეიკავა. არ მინდოდა ქმარს ენერვიულაო, ამბობს. „თუ იცოცხლებდა არავის ეგონა. წავიდე, განცხადებები ვწერო... არ მინდა, ვანერვიულო. არ მინდა, შეტევა გაუმეორდეს. ვიფიქრე, ჯანდაბას ეს მიწა, ოღონდ ეს იყოს კარგად-მეთქი“, - ამბობს მაყვალა.

მას შემდეგ რამდენჯერმე სცადა, კომპენსაციის საკითხი კომპანია „ზიმოსთან“ გაერკვია, რომელიც გადატანის სამუშაოებს აწარმოებდა, მაგრამ, როგორც თვითონ ჰყვება, სამუშაოების ხელმძღვანელი თავს არიდებდა მასთან შეხვედრას.

„რა მიწაც დარჩა, გამოუყენებელი დამრჩა. ნაყარი მიწა მიაყარეს, კიდევ ჩვენ გავასწორეთ ზოგან. ამ წითელ მიწაზე რა მოვა? ახლა დამსვენებელიც გვინდა, ამინდი ხელს არ გვიწყობს. უნდა ინერვიულო, საიდან გააკეთო ორი კაპიკი. ზაფხულის სეზონს ველოდებით მთელი ზამთარი“, - ჰყვება მაყვალა.

„ტყუილი დანაპირები“

ეთერ კაკალაძეც ციხისძირის სანერგე მეურნეობაში ცხოვრობს, ზღვის სანაპიროზე. ხის გადატანის სამუშაოებს მისი ნარგავებიც შეეწირა - მაყვალა ართმელაძის მსგავსად, კომპენსაცია დღემდე არც მას მიუღია.

„როცა გადატანა დაიწყო, მოლაპარაკება ასეთი იყო, ღობესაც გაგიკეთებთ და კომპენსაციასაც მოგცემთო. თუმცა ფულადობა არ უთქვამთ. ჩვენ კონკრეტულ თანხას ვერ მოვითხვდით, იმიტომ, რომ საკუთრებად არ გვაქვს რეგისტრირებული. რასაც მოგვცემდნენ, იმაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ არ მოუციათ. დაგვტოვეს ასე, მშრალად“, - ამბობს ეთერი.

ეთერი ფაბრიკაში მუშაობს. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარია, რაც მისი 7-სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.

მისი მეუღლე ამჟამად უმუშევარია, თუმცა ხის გადატანის დროს, კომპანია „ზიმოში“ იყო დასაქმებული.

„ადგილობრივებს „ზიმოში“ ნაკლებად ასაქმებენ. სიმართლე გითხრათ, ჩემი ქმარი იქ იმიტომ დაასაქმეს, რომ გაჩუმებულიყო. რომ გაიტანეს ხე, თავისთავად დამთავრდა [ეს სამუშაოც]“, - ჰყვება ეთერი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას კომპენსაცია სთხოვეს, ამ დრომდე არაფერი მიუღიათ.

„15 ძირი ნარგავი მომიჭრეს. ბალი მქონდა, მსხალი, ატამი,  კომში, მანდარინი და ნიგვზები, თხილები. რაც გამიფუჭეს იმის კომპენსაცია მინდა. მე იქ შრომა მქონდა ჩადებული. ეკალ-ბარდები იყო. გავასუფთავეთ და გავაკეთეთ ყანა. ხუთი შვილი მყავდა, ხომ მინდოდა რაღაც მიწა, სარჩო მქონოდა?! 23 წელი ვსარგებლობდი. თუ ღობეს გამიკეთებენ და ცოტა კომპენსაციასაც გადამიხდიან, ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ბევრს არ ვითხოვ, უმნიშვნელოს. ვის უნდა მოვთხოვო? ხელფასზე დაგირიცხავთო [კომპენსაციას], ეუბნებოდნენ ჩემს ქმარს და დავრჩით მოტყუებული, ტყუილი დანაპირები იყო“, - ამბობს ეთერი.

„ლიბერალმა“ ორივე ოჯახის კომპენსაციის საკითხის გასარკვევად კომპანია „ზიმოსთან“ დაკავშირება სცადა. კომპანიაში შეკითხვების მეილზე გადაგვეგზავნა გვთხოვეს. მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„ლიბერალმა“ ივლისის ბოლოს ქობულეთის საკრებულოში მუნიციპალიტეტის პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია გამართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა ორივე ოჯახს დახმარება აღუთქვა, მათი საკონტაქტო ინფორმაციაც ჩაინიშნა. სტატიის გამოქვეყნებამდე, მაყვალასა და ეთერს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით - მათი თქმით, დისკუსიის შემდეგ მათთან არავინ მისულა და არც დახმარებია.

გასესხებული ცხოვრება

„მე, ქალს, კალთით მომქონდა ზღვიდან ქვიშა და ისე ავაშენე ჩემი სახლი. ახლა იპოთეკამ რატომ უნდა წამართვას? რისთვის?“, - მედეა ლომთათიძე 72 წლისაა, იპოთეკური სესხით დაზარალებული. მისი მსგავსი პრობლემა ქობულეთში 200-მდე ოჯახს აქვს. „იპოთეკარების პრობლემა“ ქობულეთში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მასშტაბურია.

მედეას და მისი ოჯახის პრობლემები ბანკთან 2008 წლიდან იწყება. მეფრინველეობის ფერმა ჰქონდა. ომი რომ დაიწყო, ნისიად გატანილი პროდუქტი ყველამ უკან დაუბრუნა. მას შემდეგ წავიდა ჩემი საქმე უკან-უკანო, ამბობს. ბანკიდან გამოტანილი სესხის დაფარვაც ამის გამო ვერ შეძლო. მეუღლე პატიმარი ჰყავდა, ჯანმრთელობის პრობლემებით, ცალკე მასზე ფიქრი და ნერვიულობა უწევდა, ამას მკურნალობის ხარჯებიც ემატებოდა. შვილი არ მუშაობდა, შვილიშვილი სტუდენტი ჰყავდა. „რა უნდა მექნა, გეკითხებით?! ჩავდე სახლი იპოთეკაში, ვიფიქრე, რაღაცა საშველი იქნება-მეთქი, მაგრამ დღემდე არაფერი საშველი არ არის...“, ამბობს მედეა.

„მე ისევ ჩემს სახლში ვცხოვრობ, პირველ სართულზე. ხან მეჩხუბებიან, ხან სასამართლოს მიმართავენ და წერენ განცხადებებს, მიბარებენ სასამართლოში და ასე... საჯარო რეესტრში რომ ნახოთ, სახლი მეათე მოქალაქეზეა გადაფორმებული, საერთოდ დაიბნევით. ათასჯერ მოიყვანეს გამოსახლების ხალხი, ვერ გამომიყვანეს აქედან. მეზობლები დამეხმარნენ. 50 კაცი - ყველაზე გაუბედურებულები ერთად ვართ შეკრული და ერთმანეთს ვეხმარებით“, - გვიყვება მედეა.

იპოთეკით დაზარალებულები გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ. მედეა ამბობს, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის იმედი აქვს. „დრო გვინდა, არავინ ამბობს, რომ ვალს არ გადავიხდით“, - გვიყვება იგი.

„შვილებს ვფიცავარ, არავისი ზედმეტი არ მინდა, მომცენ გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხი, ცოტას შვილიც მომეხმარება, შვილიშვილიც, შევკრებთ ამ თანხას და რაღაცა იქნება... მარტო მე რომ არ ვარ ასეთ გაუბედურებულ დღეში, ალბათ ეს მაძლებინებს, თორემ თავს მოვიკლავდი ...“, - ამბობს მედეა.

მზე, რომელიც აჭმევთ

სეზონიდან-სეზონამდე თავი უნდა გაიტანოს მაყვალა ცქვიტიშვილმაც. პატარა მაღაზია აქვს ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე. პროდუქტები ნასესხები ფულით აქვს ნაყიდი, რა თქმა უნდა. იქნება მუშაობა, დაფარავს, თუ არადა... ასე რომ, შეჰყურებენ მზეს, ამინდს, ტურისტებს.

„რას ვაკეთებთ ზამთარში და ნახევრად  მშივრები ვართ. ერთი თვის ნამუშევარი 10-11 თვეს გეყოფა? კომუნალურები გვაქვს... პენსიონერებს განსაკუთრებით უჭირთ. მეც გამომაქვს სესხი, აბა, მაღაზიას რა ვუყო?! არსებობისთვის გამოვიტანე. იმისთვის, რომ ზაფხულში რაღაც გავყიდო და 20 კაპიკი მოვიგო. იქნებ, ახალ წლამდე მივაღწიო ამ ნავაჭრით. 21% გვაქვს წლიური... რომ თქვა, არ გამოვიტანო სესხს, რაფერ არ გამოიტან?! მშია, მწყურია, რაფერ არ გამოვიტანო?! 180 ლარი პენსია მაქვს, როგორ შეიძლება ვიხცოვრო ამ პენსიაზე?“, - ამბობს მაყვალა.

ნაქირავები ფართის ქირაც უნდა გადაიხადოს, მის წინ დაკავებული ადგილისაც. ამას ემატება ელექტროენერგიის გადასახადი და საგადასახადოს კუთვნილი თანხა. სესხის დასაფარად ზაფხულის თვეები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

ზამთარში მაღაზიას ვერ ამუშავებს. ყველა ნისიაზე მოდის, პური რომ პურია, ზოგს იმის ფულიც არ აქვსო, ჰყვება.

„მეზობლები არიან, ერთი ცხელი კერძით მოგიკითხავს, მეორე სხვანაირად, ნისიაზე ვერ ეტყვი უარს. მერე მე ვრჩები ვალში და პროცენტიანი ვალები მაქვს“, - გვიყვება მაყვალა. მაღაზიაში შვილიშვილიც ეხმარება, 11-12 წლის ბიჭი. ბებიას მოურიგდა, რომ მაღაზიაში დახმარების სანაცვლოდ მობილურ ტელეფონს განვადებით გამოუტანდნენ.

„მეხმარება ბავშვი მაღაზიაში, 5 ლარი მაინც ხომ უნდა მივცე დღეში?! ბავშვია, იქ კანფეტი მოუნდა, იქ ის... მეხვეწა, ტელეფონი გამომიტანე, მოგეხმარები მთელი ზაფხულიო, რაფერ გინდა უარი უთხრა? შვილიშვილია. ამ ფულს აგროვებს და შეაქვს ბანკში. ასეთი ცხოვრება გვაქვს. საშინელება“, - ამბობს მაყვალა.

ეთერ მოსიძე სათამაშოებს ყიდის. თავი ჩაუხრია და ხელში სათამაშო გველს ატრიალებს. ზამთარს სახლში ატარებს, არ მუშაობს, ზაფხულში კი ციხისძირიდან ქობულეთში ჩამოდის სავაჭროდ. უკვე ათი წელია, თავს ამით ირჩენს. ყველა რაღაცას წვალობს ოჯახში და მე ჩემი წამლის ფულისთვის ვშრომობო, გვიყვება. სათამაშოები მაღაზიიდან ნისიად აქვს გამოტანილი, 800 ლარის „ტავარი“.
 
„წინასწარ ვერ განვსაზღვრავ მოგებას, თუ წავიდა ვაჭრობა, დაფარავ ვალს და რაც დაგრჩება, ეგაა შენი. ნერვიულობაა, აბა რა არის?! ორჯერ გულის ოპერაცია გავიკეთე. წელს ვაჭრობა არ არის. ქოლგის ქვეშ რას ივაჭრებ. გუშინაც დალეწა ყველაფერი, ქარი და წვიმა იყო“, - ჰყვება ეთერი. ქირის ფული უნდა გადაიხადოს, ამას სავაჭრო ობიექტის გადასახადიც ემატება. რაც დარჩება, მისია. „1000 ლარამდე მრჩებოდა სეზონზე და წელს რაღაცა მეშინია. ჯერ არ ვიცი, რა იქნება“, - ამბობს ეთერი.

ქეთინო ტაკიძის ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ზაფხულში  ოთახების გაქირავებით აღებული ფულია.

„გაქირავებით, წლიდან-წლამდე წვალებით გადის ყველა. წვალება ჰქვია, თორემ ცხოვრება ამას არ ჰქვია. გამოგვაქვს ბანკიდან სესხი, ვაუმჯობესებთ პირობებს, რომ დამსვენებლები მივიღოთ და ძლივძლივობით ვფარავთ. თუ არ გვყოფნის გაქირავებით ამოღებული თანხა, ვიმატებთ კრედიტს. სტაბილური სამსახური ოჯახში არავის გვაქვს”, - ამბობს ქეთინო. ახალგაზრდებისთვის აქ არაფერი გასართობი არააო; წვიმის დროსაც კი გაჩერებულია ქალაქი, ყველაფერი მზეზეა დამოკიდებული და გათვლილიო.
 
„2008-ში ომი რომ იყო, პრინციპში მაშინ გაუარესდა ცხოვრების ხარისხი. ჩავარდა სეზონი, ხალხმა გამოტანილი სესხები ვერ გადაიხადა, მაქედან დაიწყო ეს უბედურება, ამდენი ვადაგადაცილება, ვეღარ ამოვიდნენ ვალიდან. ჩვენ ძალიან ვიწვალეთ, რომ დაგვეფარა, იმდენი რაღაც მოვიკელით, რომ ასე არ მომხდარიყო... გაბრაზდები, ვაიმე ბანკებიო, მაგრამ ბანკები რომ არ ყოფილიყო, ხალხის ნახევარი მშიერი დაწყდებოდა. თუმცა, პროცენტი ძალიან დიდია, ძალიან. არის 15%-იანი, 18%-იანი, 36%-იანიც არსებობს", - ამბობს ქეთინო.

რატომ ჩამოდიან ტურისტები ქობულეთში

ქობულეთი მშვიდი კურორტია. ბათუმისგან განსხვავებით, ზღვის გარდა, გართობის საშუალებები აქ ცოტაა. დამსვენებლები ამბობენ, რომ სწორედ ამ სიმშვიდის გამო ამჯობინებენ ქობულეთს.

18 წლის გიორგი ოჯახთან ერთად ისვენებს. ამბობს, რომ ქობულეთში გატარებული დროით მეტწილად კმაყოფილია. ძირითად დროს პლაჟზე ატარებს, საღამოობით სეირნობს ან კლუბში მიდის. თუ წვიმს, სახლში რჩება. ერთადერთი, რის შეცვლასაც ისურვებდა, დანაგვიანებული სანაპიროა.

„უფრო ნაგავს მივხედავდი, პლაჟსაც გავალამაზებდი. კმაყოფილი ვარ ასე თუ ისე“, - ამბობს გიორგი.             
36 წლის სერგეი ქობულეთში დასასვენებლად ოჯახთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა. უკვე მეორე დღეა აქ არის და თუმცა დათვალიერება მაინცდამაინც ვერ მოასწრო, ამბობს, რომ ჯერჯერობით ყველაფრით კმაყოფილია.

„მშვიდია, საოჯახო დასვენებისთვის კარგია. ბათუმს ვამჯობინეთ, რადგან ეს უფრო პატარაა, უფრო წყნარი. ჩვენც ქალაქიდან ვართ და სიმშვიდე გვირჩევნია“, - ამბობს სერგეი.

თამთა და ელენე თბილისიდან ჩამოვიდნენ. როგორც წესი, ბათუმში ისვენებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ოჯახთან და მეგობრებთან დასვენებისთვის აქ ყოფნა უკეთესია. თან ბათუმიც ახლოსაა.

„4 წლიდან აქ დავდიოდი. ძალიან პატარა ვიყავი და გართობას ვახსერხებდი. ახლა ბათუმში ბევრად მეტი გასართობია, ვიდრე აქ. ახლა ოჯახთან ერთად ვარ, თორემ ისე ბათუმში დავდივარ. აქ ისეთი ბარები და რესტორნები არ არის, როგორიც ახალგაზრდებს უნდათ. თუმცა ქობულეთს უხდება ეს ტაშფანდურა სიმღერები, მისთვის დამახასიათებელია და ვისაც გართობა უნდა აქაც გაერთობა, თუნდაც იმ ტაშფანდურაზე“, - ამბობს ელენე.

სამუშაო ადგილები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემებზე სასაუბროდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ჩვენი შეკითხვების ადრესატი მუნიციპალიტეტის მერიაა.

„ლიბერალი“ ერთ თვის განმავლობაში ცდილობდა ქობულეთის მერთან გასაუბრებას. მიუხედავად დაპირებისა, მერის პრესსამსახურში მუდმივად გვპასუხობდნენ, რომ იგი დაკავებულია. ქობულეთელების პრობლემებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბონდო თედორაძე გვესაუბრა.

„ადგილობრივი მთავრობა არ ფიქრობს სერიოზული ინვესტიციის განხორციელებაზე, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის“, - ამბობს თედორაძე და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მთავრობა სამუშაო ადგილებს ბიუჯეტის ხარჯზე, შტატების ხელოვნურად გაბერვით ქმნის.

„ახლა ძალიან ადვილია ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმება, ოღონდ ძალიან მაგარი მედროშე უნდა იყო, ან ნათესავი“, - ამბობს თედორაძე.

იგი იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემებზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემის მასშტაბი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიზარდა, როცა ქობულეთში დამსვენებელი არ ჩამოვიდა და მოსახლეობამ გამოტანილი სესხის დაფარვა ვეღარ შეძლო.

„ყველაზე დიდი პრობლემა მათ იმან შეუქმნა, რომ 2012 წელს აქ ივანიშვილი შეხვდა ხალხს და ყველას უფასო ფულს , საპროცენტო განაკვეთების 2-1%-მდე დაყვანას შეჰპირდა. უთხრა, რომ არცერთი ოჯახის გამოსახლება აღარ მოხდებოდა. ხალხმა ბევრი რამ დაიჯერა. ვინც გადახდისუნარიანი იყო, იმანაც კი შეწყვიტა გადახდა - რატომ უნდა ვიხადო 12-14%, თუ უფასო ფულს მოგვეცემენო?!“, - ამბობს თედორაძე.

მისი თქმით, სწორედ ამის გამო, იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა, რომელთაც გამოსახლება ემუქრებათ, გაათმაგდა.

„მთავრობა ხალხს ყოველწლიურად ჰპირდება, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ მოუგვარებელია. 95% ამ სახლებისა უკვე გაყიდულია, თუმცა ახალი მეპატრონეები ვერ შედიან, რადგან ყოველ გამოსახლებაზე ასობით მეზობელი იკრიბება და არ უშვებს“, - ამბობს თედორაძე.

მისი თქმით, ხალხი მთავრობისგან ბანკებთან შუამდგომლობას და სესხების რესტრუქტურიზაციას ითხოვს, თუმცა მთავრობა ამას არ თანხმდება, რადგან იპოთეკით დაზარალებული ხალხი მარტო ქობულეთში არ ცხოვრობს.

„ქობულეთელს რომ დაეხმარები და პროგრამას განახორციელებ, იგივე უნდა გააკეთო კახეთში, იმერეთში და სხვაგან“, - ამბობს დეპუტატი.

ამასობაში კი ზაფხულიც გავიდა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ისევ მოლოდინის რეჟიმზე გადავიდა. სეზონზე ტურისტებისგან ამოღებული თანხით თავი შემდეგ ზაფხულამდე უნდა გაიტანონ - თუ ამინდებში გაუმართლებთ, მომავალ წელს დამსვენებელი ბევრი ეყოლებათ, თუ არა - მორიგი სესხის იმედად უნდა იყვნენ, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება.

--------------------------

სტატია მომზადებულია პროექტის, „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^