Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სვანეთი ნემსებზე - "ნენსკრა ჰესის" მოლოდინში

11 ივნისი 2015

2013 წელს სოფელ ხაიშში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივმა მოსახლეობამ  უძველესი ტრადიციის მიხედვით ხატზე დაიფიცა, რომ სოფელს არ დატოვებდა  და არ დაუშვებდა მის ჩაძირვას ხუდონჰესის აშენების გამო. ყველასთვის კარგად ცნობილია  ხატზე დაფიცების დრამატიზმი და სვანებისთვის ამ ტრადიციის მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, სასოწარკვეთისა და წინააღმდეგობის ეს გამოვლინება საზოგადოებამ არასერიოზულად აღიქვა.

მოქმედმა ხელისუფლებამ, ანუ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას არ დაუშვებდა,  თუმცა პირობა დაირღვა და ამჟამად სვანებს ნენსკრაჰესის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა.

2015 წლის 19 მარტს საპარტნიორო ფონდმა სამხრეთკორეულ კომპანია "K Waters"-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ზემო სვანეთში, ენგურის მარჯვენა შენაკადზე, ნენსკრაზე, ჰესი აიგება,  ამ პროექტის ჯამური ღირებულება ერთი მილიარდი დოლარია.

ეთერ მჭედლიანი ითხოვს გამოითვალოს კუმულაციური ეფექტი.

პროექტი

მესტიის მუნიციპალიტეტი  სურეალისტური სილამაზის მწვანე და ლურჯი მთებით არის გარშემორტყმული,  რომელთა ქიმები მყინვარებს გადაუთეთრებია. ნენსკრაჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯაროდ განხილვაში მონაწილეობისთვის 2 ივნისს, 12-ის ნახევარზე, მუნიციპალიტეტის წინ ადგილობრივთა პატარა ჯგუფი უკვე შეკრებილიყო.  ერთმანეთში დროდადრო სვანურად, ძირითადად კი, თბილისიდან ჩამოსული დამსწრეების გასაგებად, ქართულად ლაპარაკობდნენ. ადგილზე იყო ნინო ჩხობაძეც, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი და "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე. განხილვა 12 საათზე დაიწყო და 3 საათი გაგრძელდა.

გულმოდგინედ მომზადებული მესტიელები ჰესის აშენებას უშუალოდ წარდგენილი პროექტიდან გამომდინარე აკრიტიკებენ.  ბევრი მესტიელი კარგად გაეცნო ჰესების მუშაობის პლუს-მინუსებს, სვანეთის კლიმატს და უშუალოდ ნენსკრაჰესის პროექტს. მაგრამ მათი სიტყვა განიხილება როგორც "არაპროფესიონალის აზრი", როგორც "ახირება". მეორე მხრივ, წონა აქვს ჩხობაძის კითხვებსა და არგუმენტებს, რადგან პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ყოფილი მინისტრი - თუნდაც მესტიელთაგან განსხვავებით,  ყველაზე ნაკლებად დაზარალდეს ჰესის აშენებით - მაინც მეტი ავტორიტეტით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, გასაგებია ის აღტაცება, რომლითაც მესტიელები ნინო ჩხობაძეს შეხვდნენ და დისკუსიაში მონაწილეობისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს.

ჰესის პროექტის მხარდამჭერთა არგუმენტები ერთი შეხედვით მყარი და სანდო ჩანს. 135 მეტრის სიმაღლის ნენსკრას კაშხალმა საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ნაწილი უნდა ჩაანაცვლოს  - ნენსკრა პოტენციურად წელიწადში  1.2 მილიარდ კვტ/სთ-ს აწარმოებს. საქართველო კი სულ 10 მილიარდ კვტ/სთ-ს მოიხმარს.  გამომუშავებული ენერგიის 100% საქართველოში რჩება. ნენსკრაჰესი წყალსაცავში 182 მილიონ ტონა წყალს დააგროვებს და ამ მარაგს ზამთრის პრობლემურ სეზონზე გამოიყენებს. მშენებლობის დროს არ იქნება საჭირო ოჯახების გასახლება. მშენებლობაზე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც უმუშევრობის პირობებში მიმზიდველად ჟღერს (თუმცა, სვანებს ეჭვი აქვთ, რომ ინვესტორი კომპანია იაფ და კვალიფიციურ მუშახელს ჩამოიყვანს და ქართველ მუშათა მხოლოდ მცირედი პროცენტი დასაქმდება). პროექტის მიერ გამომუშავებული თანხიდან 5.9 მილიონი კი წლიურად გადაერიცხება ადგილობრივ ბიუჯეტს.

პროექტის წარდგენის შემდეგ იქ შეკრებილმა მოსახლეობამ და სტუმრებმა  პროექტის არასრულობასა და მის ნეგატიურ ეფექტებზე იმსჯელეს.

ადგილობრივმა ექიმმა და სხვა დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ უკვე აშკარაა  მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე ჰესის აშენების შემთხვევაში. ამ ნეგატიურ ეფექტებს ვერ უარყოფენ ვერც პროექტის შემდგენელნი, თუმცა 2 ივნისისთვის არსებულ ანგარიშში ეს არ განუხილავთ:

ომარ ჭკადუა, ექიმი: „ეს არის ჩაკეტილი ეკოლოგიური სისტემა და ვრცელდება მთელ სვანეთზე. ახლა მაგალითს მოვიტან: დაავადებების გამო მესტიის რაიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში პათოლოგიით 50 ბავშვი გავუშვი თბილისში. როცა პედიატრი გვყავდა, მაშინ ნაკლებად გვიჭირდა, მაგრამ ახლა პედიატრი რატომღაც გაიწვიეს, ალბათ სიმართლის თქმის გამო (საუბარია პათოლოგიების მიზეზებზე, ჰესების კრიტიკაზე). ერთ თვეში 50 ბავშვის სუნთქვითი სისტემის პათოლოგია ძალიან დიდი რიცხვია“.  

ჯუღული ახვლედიანი, პროექტის წარმდგენი: „არავინ ამბობს, რომ ამას ზემოქმედება არ ექნება, ამას ვინ ამბობს? ეს არსად წერია“.

მირონ ფირცხელანი, ენერგეტიკისა და საინჟინრო მეცნიერებების დოქტორი:  „ენგურის დაგუბების შედეგად ავადმყოფობა სამჯერ გაიზარდა და განსაკუთრებით ეს ეხება იდრიანს, რომელიც გადასახლების კატასტროფის წინაშე დგას, ეხება ხაიშის თემს და ყველაზე მეტად ჭუბერს. იმიტომ რომ ეს არის ვიწრო ხეობაა, ამას თქვენ გვერდს ვერ აუვლით“.

ყველაზე დიდი კრიტიკა, რომელიც პროექტმა დაიმსახურა, კუმულაციური ეფექტის მსუბუქი განხილვა ან იგნორირებაა. ნენსკრაჰესი უმეტესწილად განხილულია ენგურისა და ხუდონის ზემოქმედებების გაუთვალისწინებლად, რადგან ეს უკანასკნელი ორი K Waters-ის პროექტი არ არის. თუმცა, ერთი და იგივე აუზია და პირდაპირ კავშირშია ამ ორი ჰესის ნეგატიურ, ნეიტრალურ და პოზიტიურ ეფექტებთან. "ხუდონ ჰესი არაფერს იზამს, მარტო მაგის წყალსაცავი 7 კილომეტრიაო... დაამატეთ ეს 7 კილომეტრი ენგურჰესის დატბორვას, დაამატეთ ამ ახალი, ნენსკრაჰესის დატბორვას", - ამბობს მესტიელი ეთერ მჭედლიანი და ცრემლებს ვერ იკავებს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვისას კარგად გამოჩნდა, რომ გამოყენებული კრიტერიუმები  ცალმხრივია. ტერიტორია, სადაც სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ნაყოფიერი ნიადაგია,  სიტყვიერი მოხსენების დროს უვარგისად ჩაითვალა და აღინიშნა, რომ მისი დაზიანება მშენებლობის დროს გარდაუვალია. მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ საძოვრებზე სწორედ ამ ადგილას გამოჰყავთ საქონელი: "ტყე ნადგურდება, დღეს დაზუსტდა, რომ 450 ჰექტარი ხვდება ამ პროექტის ქვეშ. ეს თურმე არაფერი. გარდა ამისა, ეს ბატონი ბრძანებს, რომ სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი არაფერი დაზიანდება. იქ, სადაც ესენი წყალსაცავს აშენებენ, უშუალოდ სოფლის ქვედა ვაკის საძოვრებია, იმით არსებობს იმ სოფლის საქონელი".

არ არის დათვლილი პოტენციური ეკომიგრანტების რაოდენობაც, რადგან ტექნიკურად, ჰესის მშენებლობისას გასახლება საჭირო არ გახდება. სამაგიეროდ ჰესის გამო შექმნილი ნეგატიური ეფექტები: სასოფლო-სამეურნეო პრობლემები, ჯანმრთელობის გაუარესება, ტენიანობის მომატება, სვანებს გადასახლებას მომავალში აიძულებს. "ენგურჰესის მერე მივიღეთ ეკომიგრანტების პირველი ნაკადი საქართველოში. ეს ხდებოდა და ეს ჯერ კიდევ ხდება სამწუხაროდ. ეს ჩვენ სოციალურ ანგარიშში არ გვიწერია ასე მკაფიოდ - ტენიანობის გაზრდასთან ერთად რამდენი ეკომიგრანტის გადასახლება დასჭირდება და რა დაუჯდება სახელმწიფოს? ეს წინასწარ უნდა იყოს ნაჩვენები", - აცხადებს ნინო ჩხობაძე.

ნინო ჩხობაძემ ხაზი გაუსვა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას: - „ნენსკრას ხეობა მდიდარია მდინარის კალმახით. ეს არის წითელი ნუსხის სახეობა. ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცოტა მდინარე დაგვრჩა, რომელშიც ეს სახეობაა დამკვიდრებული და პრაქტიკულად შეიძლება ეს ერთ დღეს დავკარგოთ. აჭარის წყალზე უკვე აღარა გვაქვს, ჭოროხზე თითქმის აღარ გვაქვს, ძალიან ბევრი მდინარეა  დაზიანებული“.

საბოლოოდ კი შეაფასა:

"ანუ პრობლემას ჩვენ ვხედავთ: მეწყერებში, ტენიანობის ზრდაში, ტემპერატურის შეცვლაში, ეკოსისტემის მთლიან რღვევაში და იმ უნიკალური ეკოსისტემის დაკარგვაში, რომელიც ეხება მდინარის კალმახს და არამარტო კალმახს - ხელუხლებელ ტყეებსაც. პირველ რიგში, ჩვენ შევეხებით არამარტო ერთ პატარა ხეობას, არამედ სვანეთის მთელ ეკოსისტემას,  გვინდა თუ არა, ეს ცვლილებები ენგურჰესმა უკვე გამოიწვია. დღესდღეობით, ეკოსისტემაში რაღაც ტიპის სტაბილიზაცია  ხდება. კიდევ ერთმა ჩარევამ კი შეიძლება, კატასტროფული მოვლენები გამოიწვიოს".

მირონ ფირცხელანმა, ენერგეტიკისა და საინჟინრო მეცნიერებების დოქტორმა, გარემოზე და ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასთან ერთად გარე ასპექტები, პირველ რიგში, სვანეთის კულტურული მნიშვნელობა წამოსწია წინ. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშიც  არის აღნიშნული, რომ ჰესის აშენების ადგილას დიდი ალბათობაა იყოს არქეოლოგიური არტეფაქტები. მათი დაზიანებისა და დაკარგვის შანსი  დიდია, რადგან მშენებლობა, ცხადია, არ მოხდება არქეოლოგიური სტანდარტების გათვალისწინებით, ამასთან დასძინა: „8-9 საუკუნის ძეგლები არსად ისე არ გვაქვს შემონახული, როგორც სვანეთში. არსად გვაქვს ამდენი წინარექრისტიანული საგალობელი, ამდენი ფერხული... როგორც კი აქედან ეს ხალხი წავა, როგორც ჭუბერი წავიდა, ენა იკარგება, წეს-ჩვეულებები იკარგება...“

მრავალი  კონტრარგუმენტიც გაჟღერდა. მაგალითად ის, რომ პროექტზე მომუშავე შეფასების კომისია არ არის ნეიტრალური; რომ ჯანმრთელობის შესახებ სტატისტიკა არ შეესაბამება რეალურ რიცხვებს; ასევე, მესტიის გამგებლის მოადგილეს, მაიზერ ჯაფარიძეს, არ სჯერა, რომ ჭუბერისა და ნაკრას დასახლებებში ხალხი ერთსულოვნად წინააღმდეგია პროექტისა, მიუხედავად იმისა, რომ იქ შეკრებილმა ადგილობრივებმა ერთსულოვანი წინააღმდეგობა დაადასტურეს. კრიტიკის საგანი იყო განხილვის იმ დროს გასაჯაროება, როდესაც პროექტისთვის უკვე უამრავი ხარჯია გაღებული და გადაწყვეტილება რთული მისაღებია.

გზშ-ს განხილვის შემდეგ დისკუსია მუნიციპალიტეტის წინ გაგრძელდა.

ჰიდროელექტროენერგია - არასანდო რესურსი

K Waters არის კომპანია, რომელიც  ჰესებს ავღანეთში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და პაკისტანში აშენებს. ქვეყნებში, სადაც ეკოლოგიური პოლიტიკა მეათეხარისხოვანია.  ჩინეთი მთელ მსოფლიოში ცნობილია არასახარბიელო ეკოსისტემით. ჩინეთის ქალაქების თავზე გაწოლილია, ეგრეთ წოდებული, "სმოგი", გამონაბოლქვის ღრუბელი, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს დიდ პრობლემებს უქმნის. სამაგიეროდ, დასავლეთში ახალი კაშხლების დადგმის მცირე შანსია. პირიქით, შტატები ჰესების დემონტაჟს აქტიურად აწარმოებს, რათა მდინარეები "გაათავისუფლოს" - ჟურნალი National Georgraphic ამაყად აშუქებს, რომ 2014 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი კაშხლის დემონტაჟი მოხდა ელვუას მდინარიდან (Elwha River), ჩრდილო-დასავლეთ ვაშინგტონში, და აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში კაშხლების მშენებლობა მეოცე საუკუნეში დარჩა.

ჰესები განახლებად და სუფთა ენერგიას აწარმოებენ. თუმცა ეს ტერმინები შორს დგას პირდაპირი მნიშვნელობებისგან - განახლებადი უკავშირდება მდინარის უწყვეტ დინებას, ხოლო სუფთა ეწოდება იმ გაგებით, რომ მუშაობისას  ჰაერში მავნე აირებს არ გამოჰყოფს - ყოველ შემთხვევაში, ასე ითვლებოდა დიდი ხნის განმავლობაში.

პირველ რიგში, ნებისმიერი ჰესის დამონტაჟება/დაშლისას საგრძნობლად იზრდება გლობალური დათბობის ეფექტები, რადგან მანქანა-დანადგარები ინტენსიურად გამოყოფენ გამონაბოლქვს, შედუღებისას წარმოიქმნება აეროზოლები, ასევე წარმოიქმნება დიდი რაოდენობის მტვერი. არანაკლებ მავნეა სადგურის მუშაობისას გამოყოფილი ეფექტები. უახლესმა კვლევებმა დაადგინეს, რომ ერთი საათის განმავლობაში დიდი სადგური 0.06 ფუნტ ნახშიროჟანგის დიოქსიდს გამყოფს. ეს ეფექტი განპირობებულია კაშხალში დიდი რაოდენობით წყლის დაგროვებით. ეს წყალი ნიადაგში გადის და გარშემო მცენარეებს ალპობს, დამპალი მცენარე კი გამოჰყოფს მეთანს. ეს ყველაზე მცირეა მავნებელი ეფექტების მოზაიკაში. ჰესის დადგმისას ნადგურდება ასობით ჰექტარი ტყე. წყლის დიდი ხნით შეკავება აშრობს ქვედა დინებას და ნადგურდება ფლორა და ფაუნა, ანუ საფრთხის ქვეშ დგება ბიომრავალფეროვნება. ჰესი მკვეთრად აუარესებს გარემოს ჯანმრთელობისა და მრეწველობის მხრივ. ჰესის აშენება პირდაპირ და მყისიერადაც რომ არ საჭიროებდეს მაცხოვრებელთა გასახლებას, არაპირდაპირი გზით ეკომიგრანტების რაოდენობას მაინც ყოველთვის ზრდის.

გლობალური დათბობა უკვე სახეზეა და აშკარაა მკვეთრად შეცვლილ კლიმატში. მისი შედეგია ინტენსიური წვიმები და  ინტენსიური გვალვაც, შესაბამისად მყინვარების დნობაც, რომლებიც მდინარის მასაზრდოებლები არიან. დღევანდელი კლიმატის პირობებში მეტი და ძლიერი გვალვაა მოსალოდნელი და ჰიდროელექტროენერგიაც უფრო და უფრო ნაკლებად სანდო ხდება. დღეს მსოფლიოს 17 ქვეყანა  ელექტროენერგიის 90%-ს ჰესებიდან იღებს, მათ შორის არიან: მოზამბიკი, ეთიოპია, ყირგიზეთი, ლაოსი, ალბანეთი და საქართველო. მათგან 14 მსოფლიოში ადამიანის განვითარების ინდექსით უდაბლეს ადგილზე მყოფი ქვეყნებია. როგორც ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, ქვეყნები, რომლებიც ენერგიას მხოლოდ ერთი წყაროდან იღებენ,  შეიძლება ძალიან უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ეს ქვეყნები რისკავენ, რომ ვერ გაუმკლავდნენ გლობალურ დათბობას. ენერგიის მიღების გზები და საშუალებები აუცილებლად უნდა იყოს მისადაგებული კლიმატის ცვლილებებზე, რომელთა არსებობა და მომავალში გაძლიერება უდავოა. რამდენად გამართლებულია გლობალური დათბობის პირობებში ჰესის აშენება?

შევხედოთ ეკონომიკური კუთხით სიტუაციას, რათა გავიგოთ რამდენად აუცილებელი და პრიორიტეტულია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა დიდი ჰესებით.

2010 და 2011 წლებში საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის სალდო  მკვეთრად დადებითი იყო. სალდო ამჟამად  ოდნავ უარყოფითია - 10/20 მილიონი დოლარი. თუ აუცილებელია, რომ ჰიდროელექტრო ენერგიაზე ვიყოთ დამოკიდებული, მის შესავსებად მცირე ზომის ჰესიც საკმარისია, მაგრამ ალტერნატიული ენერგია ასევე ეფექტური და ნაკლებად მავნე იქნება. უშუალოდ მოსახლეობა  ელექტროენერგიის 40%-ს მოიხმარს, ეს მოთხოვნა აბსოლუტურად შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ქარისა და სოლარული ენერგიით. ჯამში დეცენტრალიზებული სისტემებიდან შესაძლებელია  დაახლოებით 60%-ის დაკმაყოფილება.  შესაბამისად, არანაირი საჭიროება არ არის სვანეთის მოსახლეობისა და გარემოს დაზარალებისა - ნენსკრაჰესის აშენების ხარჯზე. ეს საკითხი სიღრმისეულად არ განიხილება.

ყველა წინაპირობა მხოლოდ ერთი არჩევნის წინაშე აყენებს საქართველოს ენერგოპოლიტიკას - აირჩიოს მდგრადი განვითარება და შეცვალოს კურსი, რათა არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ჰიდროენერგიაზე. მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველოს არ აქვს ჰიდრორესურსები - მდინარის ფიზიკური არსებობა არ უნდა ავტომატურად განაპირობებდეს მის რესურსად გამოცხადებას, თუკი ამ რესურსის გამოყენებისას მოსახლეობა და გარემო საბედისწერო ზარალის წინაშე დადგება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^