მართლმსაჯულების რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტებში ცვლილებების შეტანას "თავისუფალი დემოკრატები" ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეთა შორის გარიგების შედეგად მიიჩნევენ. თავად გარიგების მიზნად კი, ე.წ. კაბელების საქმეში პროკურატურის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს ასახელებენ. თეა წულუკიანი ცვლილებებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უკავშირებს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ მინისტრს სრულიად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” ივანიშვილისა და მოსამართლეების შეხვედრის დამადასტურებელი ხელშესახები მტკიცებულება არ აქვთ, ე.წ. კაბელებისა და კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კითხვის ნიშნებს მართლაც აჩენს.
“გვქონდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილთან ასეთი შეხვედრა შედგა. უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ოცნების გუნდის მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეწოლა მიმდინარეობდა მოსამართლეზე, რომ მას პროკურატურის მტკიცებულებები დასაშვებად ეცნო", - აცხადებს "ლიბერალთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე.
საკითხი, რაზეც “დემოკრატები” აპელირებენ, ე.წ. კაბელების საქმეს უკავშირდება. კერძოდ, 2015 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა დაუშვებლად ცნო. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებდა, რომ ამ მტკიცებულების გარეშე საქმე ჩამოიშლებოდა და პროცესი არსებით განხილვამდეც კი არ მივიდოდა.
9 ივნისს პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თანაც ამას გრიფი “საიდუმლო” დაადო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღევანდელ შეხვედრაზე სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, პროკურატურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და გაუგებარია. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარეს ამით რამდენიმე კანონდარღვევის დაფარვა სურთ. კერძოდ, ბარათაშვილის თქმით:
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები კომპანია “დელტა კომს” გაუგზავნა, რისი უფლებაც მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ჰქონდა. პასუხი, რომელიც ექსპერტმა “დელტა კომისგან” მიიღო, ექსპერტიზის დასკვნას არ დაურთო. ექსპერტმა დამოუკიდებლად ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელის შედეგებიც ასევე არ დაურთო საქმეს.
“თავისუფალი დემოკრატები” ვარაუდობენ, რომ რადგან მთავარი მტკიცებულების დაუშვებლობის გამო პროკურატურას „საქმე ჩამოეშლებოდა“, სახელმწიფო ბრალდებამ მოსამართლეებთან მორიგება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტზე სცადა. საუბარია მართლმსაჯულების რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტებზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადა კანონის ამოქმედებისთანავე უწყდებოდათ.
"გარიგება იყო ასეთი: ეს მოსამართლეები ბოლომდე ამოწურავდნენ თავის ვადას და მიიღებდნენ ახალ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლებას, თუ "კაბელების საქმეზე" სააპელაციო სასამართლოში დადგებოდა ოცნების გუნდისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის სანატრელი შედეგი - მტკიცებულებები დასაშვები გახდებოდა", - აცხადებს ნინო გოგუაძე.
მისი ინფორმაციით, ივანიშვილთან შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე პარასკევს, 5 ივნისს იმყოფებოდნენ.
ამავე დღეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მოტივით კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ის ნაწილი შეიცვალა, რომელიც სასამართლოების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადას ეხებოდა. კანონპროექტის ახალი ვერსიით, ისინი ვადას ბოლომდე ამოწურავენ.
თუმცა ცვლილებებამდე რამდენიმე კვირით ადრე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიკალური მოსაზრება ჰქონდა. იგი არ იზიარებდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმ ნაწილს, რომლითაც კომისია თამჯდომარეებისთვის ვადის ბოლომდე ამოწურვას ითხოვდა. უფრო მეტიც, მინისტრი მზად იყო, მოსამართლეების საჩივრის შემთხვევაში დავა საკონსტიტუციო სასამართლოში გაეგრძელებინა. როგორც მან "ლიბერალთან" საუბრისას აღნიშნა, უკანონო არა ამჟამინდელი თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, არამედ მათ მიერ წლების განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებია.
"ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს წესი, არჩევითობა არის კარგი. მაგრამ დააცადეთ, ვინც არიან, დაამთავრონ თავიანთი ვადაო. მე კი მირჩევნია, რომ არ დავაცადო, იმიტომ, რომ ვერ დავაცდით, რადგან ეს სისტემა არ არის ჯანსაღი. ვენეციის კომისიამ, რაკი თვითონ წესი მოიწონა, რომ არჩევითობა კარგია, როგორ შეიძლება, რომ დანიშვნა ჯობიაო თქვას, იმიტომ რომ არჩევითობა ყოველთვის ჯობია დანიშვნას. წესი მოიწონა, მაგრამ რა ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის, ამას წყვეტს აღმასრულებელი ხელისუფლება და მმართველო პოლიტიკური ძალა", - განაცხადა რამდენიმე კვირის წინ თეა წულუკიანმა "ლიბერალთან" საუბრისას.
ნინო გოგუაძისთვის სასაცილოა ის არგუმენტი, რომ თეა წულუკიანმა გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციით შეცვალა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომისიის მოსაზრება მინისტრმა რეფორმირების პირველივე ეტაპზე იცოდა.
"მეორე არგუმენტი, რომ მან პიროვნულად მიიღო ეს გადაწვეტილება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს და ჩემთვის ღიმილის მომგვრელია, რადგან ამ მთავრობაში არცერთი მინისტრი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თვითონ არ იღებს და ეს მე ძალიან კარგად ვიცი".
მინისტრების გადაწყვეტილებებზე ივანიშვილის ზეგავლენის შესახებ საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ალასანიაც. მას მიაჩნია, რომ თეა წულუკიანმა კანონპროექტი ივანიშვილის პირადი დავალებით შეცვალა:
“ყველა საკვანძო და ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხიც კი ექსპრემიერთან თანხმდებოდა. მე ვიცნობ თეა წულუკიანს და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ასე მორჩილად დახვდებოდა ასეთი სახის დავალებას, რასაც ჩვენ ერთად ვებრძოდით წლების განმავლობაში. მან ჩემი გადმოსახედიდან ზუსტად ის გააკეთა, რასაც ზურაბ ადეიშვილი აკეთებდა”, - აცხადებს ალასანია.
პარტიის თავმჯდომარე მოსამართლეებისა და ივანიშვილის შეხვედრაში ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობაზე საუბრობს. მისი თქმით, სწორედ ის იყო ამ ორ მხარეს შორის შუამავალი. ალასანიას ინფორმაციით, “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე პროცესებს ფარცხალაძე მართავს.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილისა და მოსამართლეების შეხვედრის შესახებ ვიდეო-აუდიო მტკიცებულებების მოპოვება თითქმის შეუძლებელი იქნება. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის უტყუარობაში ეჭვი რომ შეპარვოდა, ხმამაღლა არ გააჟღერებდა მას.
“დიდი იმედი მაქვს, რომ საჯარო და საზოგადოებრივი სიფხიზლე გადააფიქრებინებს ამის ჩამფიქრებელ პროკურორებს, რომ ასეთი ხისტი ჩრდილოკორეული მეთოდით არ გააგრძელონ ეს საქმე. თუ არადა, ჩვენ ვიქნებით ბოლომდე შესულები ამ ბრძოლაში საზოგადებასთან ერთად. ჩვენ არ დავთმობთ სიმართლეს”, - აცხადებს ალასანია.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სასმართლოზე ზეწოლად აფასებს და ივანიშვილთან შეხვედრას უარყოფს.
"ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ გაითვალისწინა მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ასევე შეხვდა იუსტიციის მინისტრს, რის შემდეგაც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება”, - განაცხადა ლევან მურუსიძემ "კურიერის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ, ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. მას შემდეგ წინასასამართლო სხდომა მრავალჯერ გადაიდო. პირველი სხდომა პირველ აპრილს გაიმართა და იმ დროიდან დღემდე სასამართლო საქმის არსებით განხილვაზე ჯერ არ გადასულა. ბრალდებულებს პატიმრობის ვადა 28 ივლისს ეწურებათ.