Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომბინაცია ბურთი და ბოთლი

11 ივნისი 2015

დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი კეთილშობილი კომბინაცია, როგორიცაა ბურთი და ბოთლი - ბურთი მაინცდამაინც ფეხბურთის და ბოთლი მაინცდამაინც ლუდის. ბავშვობიდან მოყოლებული, ეს კომბინაცია ყველას გვახსოვს და ლუდის ყველა რეკლამაც ფეხბურთის დროს მაქვს ნანახი, ისე რას ავიტკიებდი თავს...

არიან გუნდები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან ლუდს. არსებობს ლუდის სახეობა, რომელსაც მხოლოდ ერთი გუნდის გულშემატკივრები სვამენ, განსაკუთრებით კი ერთ კონკრეტულ ქალაქში. საკმარისია მიუნხენში ეს ლუდი შეუკვეთო, რომ "მიუნხენ 1860"-ის ფანები მაშინვე გიცნობენ და ალბათ მოგხვდება კიდეც, იმიტომ რომ ეს "ბაიერნის" ლუდია. ის ისმევა ბევრი, როდესაც "ბაიერნი" იგებს და ორჯერ მეტი, როდესაც გუნდი აგებს.

რატომ არის ფეხბურთი და ლუდი ასე დამეგობრებული? რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ამ სასმელის იმ რაოდენობით მიღება, როდესაც ლუდის მოყვარული მამაკაცები და ქალები ფესტივალზე 30 ლიტრამდე სითხეს სვამენ. ჩვეულებრივ ლუდის ის რაოდენობა, რაც ადამიანმა თამაშის დროს შეიძლება დალიოს, ტვინის ფუნქციების განსაკუთრებულ გააქტიურებას იწვევს, სწორედ იმ ფუნქციების, რომელიც გამომგონებლობაზეა პასუხისმგებელი. ამ დროს, ერთი მხრივ, მუხრუჭდება ოპერატიული მეხსიერება, მეორე მხრივ კი, ვითარდება წარმოსახვა.

ლუდი გვეხმარება დავინახოთ კომბინაციები. რატომ? იმიტომ, რომ შენელებულად ვაზროვნებთ და ვხვდებით პასის გენიალობას. როდესაც ოპერატიულად აზროვნებ, მთავარია, ვინ მიიღო ბურთი, სად დაარტყა და გავიდა თუ არა გოლი, მაგრამ ლუდით დაყოვნებული აზროვნებისას, შენ ხედავ, რომ პასი ზუსტად იქ გაკეთდა, სადაც საჭირო იყო და აღფრთოვანებაში მოდიხარ იმით, რაც ფეხბურთის გაცილებით ღრმა ნაწილია, ვიდრე გოლი.

წარმოიდგინეთ, ფეხბურთი ეს არის ფინტი, ბურთის ფეხებს შორის გატარება, გონებამახვილური პასი, სიჩქარისა და ტრაექტორიის გამოცნობა, მოედნის ხედვა, როდესაც მარჯვნივ ვითარდება შეტევა და ბურთი მარცხენა ფლანგზე, ზუსტად იქ გადაგაქვს, სადაც იცი, რომ შენი თანაგუნდელი სამ ფეხბურთელს ერთად მოატყუებს, ბოლოსდაბოლოს ფეხბურთი უბურთოდ თამაშია. სვამ ლუდს და ისეთი დეტალები ხდება შენთვის გასაგები, თითქმის ფეხბურთელის დონეზე გესმის ფეხბურთი.

ამბობენ, სასმელი ჯანმრთელობისთვის საზიანოაო. მოდი შევთანხმდეთ, არაერთი რამ არის ცუდი და საზიანო, მათ შორის სექსი 50 წლის შემდეგ. რა ვქნათ?! არც გალაკტიონის მამა იყო ახალგაზრდა და ბავშვის დაბადებასაც ვერ მოესწრო. როგორ მოვქცეულიყავით, იმის გამო, რომ თეორეტიკოსებმა გვითხრეს, ესა და ეს მავნეაო, გალაკტიონზე გვეთქვა უარი?!

ლუდს საგულშემატკივრო თვალსაზრისით ვგულშემატკივრობ - არ ვემხრობი მის უაზრო, ყოველდღიურ სმას, მაგრამ დღევანდელ სამყაროში, რომელიც სპორტული გადაცემებითაა სავსე, ვერ წარმომიდგენია ან რატომ უნდა წარმოვიდგინო, რომ ფეხბურთს უყურებდე და ლუდი გვერდით არ გედგას?! კი ბატონო, უნივრო ხაშიც არსებობს, ადამიანები იმიზეზებენ შეხვედრაზე წასვლას და ა.შ. სწორია, თუ შეხვედრაზე მიდიხარ, ნიორი არ გინდა. თუმცა როცა არც ნიორია, არც ჭაჭა და არც თონის პური, მაშინ ეს ხაში ხაში არ არის. ხაში კულტურული ფენომენია.

 

ფეხბურთიც ადამიანის მიერ გამოგონილი კულტურული ფენომენია გამოგონილი ლუდის ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც ფეხბურთს არავინ უყურებს სახლში. ინგლისი და ადამიანმა ფეხბურთს სახლში უყუროს?! პაბში რომ ფეხბურთს უყურებენ, ყურებაც მასეთი უნდა - სვამენ ლუდს და ეს საოცრად ბუნებრივი კომბინაციაა.

ზოგიერთ ქვეყანაში სტადიონზე ლუდის დალევა აკრძალულია, ზოგან ნებადართული. ფეხბურთისგან ლუდის მოშორება არაფერს მოგვცემს. კულტურა, ფეხბურთის საყურებლად ლუდხანაში რომ მივდივართ, მაღალი კულტურაა. ასეთ დროს ჩვენთან ჩხუბი და გაუგებრობა არ ხდება, მაგ მხრივ საქართველო ხომ "ბედნიერი" ქვეყანაა - მივდივართ კლუბში, სადაც ყველა ერთი გუნდის ან ნაკრების გულშემატკივარია. კი ბატონო, გვიკამათია, მაგრამ ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებების გამო ქართველებს ერთმანეთი არ დაგვიხოცავს. ლუდის გარეშე ეს ამბავი არ იქნება.

ადამიანებს შეიძლება მიაწოდო წმინდა სამეცნიერო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლუდი კი არა, ფეხბურთიც კი მავნებელია. სასარგებლოა თეატრი - გადაიხდი ფულს, ნახავ სპექტაკლს, მიიღებ სიამოვნებას. თუ მსახიობებმა ვერ ითამაშეს, შექსპირის ტექსტი, მხატვრობა, მუსიკალური გაფორმება მაინც იქნება კარგი. ფეხბურთის საყურებლად კიდევ მიდიხარ და ფულს იხდი რისთვის? იმისთვის რომ ინფარქტით წამოგიღონ სახლში ან, პირიქით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო. ამაში ლუდი გვეხმარება, გვეხმარება, რომ შევჩერდეთ წამზე, ზუსტად ისე, როგორც გოეთესთან - "შეყოვნდი წამო, მშვენიერი ხარ". ლუდი აყოვნებს მშვენიერებას და გაფიქსირებინებს მას.

1981 წელს თბილისის "დინამოს" გამარჯვება კიდევ ერთი ამბით იყო გამორჩეული - გამოჩნდა თაობა, რომელმაც ამ გამარჯვების აღსანიშნავად ლუდი დალია. მე მაშინაც ძველ თაობას წარმოვადგენდი და ღვინო მქონდა. მაგრამ მეზობლად ლუდი დავინახე და გამიკვირდა - როგორ, ლუდით აპირებენ გამარჯვების დასველებას? არადა, გუნდი პატრიარქმა დალოცა და ოთარს, გაბელიას, ცოდვები შეუნდო. ასეთ ვითარებაში ძველი თაობა ლუდს როგორ დავლევდით?! მაშინ ჩაისახა ამ მეგობრობის ქართული ვერსია.

ფეხბურთი და ლუდი განუყრელ წყვილად რჩებიან. რაც არ უყვარს ფეხბურთს, ერთი მხრივ ეს არის არაყი და გამოთაყვანება, მეორე მხრივ კი, ღვინო, იმ უბრალო მიზეზით, რომ ღვინო თავისკენ ექაჩება მოვლენებს. წარმოიდგინეთ, დედმამიშვილების სადღეგრძელო, თამადა ყურადღებას ითხოვს, ამ დროს კი მსაჯმა ჯარიმა დადო და გოლი შეიძლება გავიდეს. ამ მხრივ ლუდი უპრეტენზიოა, მას არ ვესაუბრებით, როგორც ღვინოს, რომელსაც ვუხსნით - ვიცავთ შენს წესებს!

ლუდი საჩუქარია, და თუ ფეხბურთი თანამედროვე ადამიანის უკანასკნელი, უმაღლესი დონის თამაშია, ლუდი ადამიანთან შეთამაშებული სასმელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^