Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთის ბინადრები

12 ივნისი 2015

საქართველოში ოთხი სახეობის მთის ჩლიქოსანი, ე.წ. ღრუ-რქიანების წარმომადგენლებია გავრცელებული. მათ შორისაა აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, ნიამორი, რომელიც საკმაოდ მცირერიცხოვნებით გამოირჩევა, და არჩვი. ეს ის ოთხი სახეობაა, რომლებიც კავკასიონზე ბინადრობს.

არჩვი

მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება არჩვი - ის არა მარტო დიდ, არამედ მცირე კავკასიონზეც (აჭარის მთიანეთი და მესხეთის ქედი) ვრცელდება.

არჩვი მცირე ზომის ცხოველია, მდედრებსაც და მამრებსაც ორი პატარა, ბოლოებმოკაუჭებული რქები აქვთ, რასაც არაერთი ლეგენდა უკავშირდება, მაგალითად ის, რომ თავდაცვის შემთხვევაში არჩვი რქების დახმარებით ხეზე ეკიდება. რა თქმა უნდა, ეს ლეგენდა სიმართლეს არ შეესაბამება. არჩვს გამორჩეული სტვენისებური ხმა აქვს. ამას უკავშირდება მისი ქართული სახელი - ფსიტი. აღმოსავლეთ საქართველოში ამ ცხოველს უმეტესად ფსიტად იცნობენ, დასავლეთში კი - არჩვად.

არჩვი მთელ კავკასიონზეა გავრცელებული, თუმცა ამ შემთხვევაში მისი გავრცელება სპორადული და მთელი საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ფრაგმენტირებულია. 3 წლის განმავლობაში აღვრიცხავდით არჩვების რაოდენობას და ამ პერიოდის განმავლობაში ცხოველის მაქსიმალური რაოდენობა 2013 წელს დაფიქსირდა - 3267 ინდივიდი კავკასიონზე და 500-600 ინდივიდი მცირე კავკასიონზე. ჩლიქოსნებისთვის რაოდენობის ასეთი მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. არჩვებს პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრება ახასიათებთ, შეიძლება წარმოიქმნას 7-8-10-ინდივიდიანი ჯგუფი. საქართველოში ამაზე დიდი ჯგუფი ჩვენ არ შეგვხვედრია. გაცილებით უფრო ხშირი 2-3-ინდივიდიანი ჯგუფებია.

სქესობრივი დიმორფიზმი, ანუ განსხვავება მდედრსა და მამრს შორის ძალიან სუსტად არის გამოხატული - მამრი ცოტათი უფრო დიდია, მას შედარებით დიდი რქებიც აქვს, თუმცა ამ განსხვავების დანახვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ცხოველს ახლოდან ვაკვირდებით. შორ მანძილზე, ამის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც ამ ცხოველის სქესის დადგენა რთულია.

არჩვი საკმაოდ პოპულარული სანადირო ობიექტია. მართალია, ძირითადი სანადირო ობიექტი მაინც ჯიხვი გახლავთ, თუმცა მასზე ნადირობის შემთხვევაში, ჯიხვი თუ არა, არჩვი მაინც უნდა მოიპოვონ.

ნიამორი

დღეისათვის საქართველოში ნიამორის რაოდენობა საკმაოდ მცირერიცხოვანია. XX საუკუნის დასაწყისისთვის ეს ცხოველი გავრცელებული იყო მცირე კავკასიონზეც, მათ შორის, ბორჯომის ხეობაშიც, სადაც ნიამორისთვის საკმაოდ კარგი ადგილებია - მას ახასიათებს სპეციფიკური ჰაბიტატი, როგორიც არის მდინარისპირა, ტყით დაფარული კლდე.

ნიამორი შინაური თხის წინაპარია და ძალიან კარგად დაძვრება კლდეებზე და ისეთ ადგილებში, სადაც ნიამორი ბუდობს, მთის სხვა ჩლიქოსნებსაც კი უჭირთ ცხოვრება. დღეისათვის ამ ცხოველის რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია. ის მხოლოდ თუშეთშია დარჩენილი, პერიოდულად ხევსურეთშიც ჩნდება.

რაც შეეხება თუშეთს, ნიამორი აქაც დაფიქსირდა და თითქმის ყველა ხეობაში ბუდობს., თუმცა მათი რიცხოვნობა როგორც თუშეთში, ასევე ხევსურეთში საკმაოდ მცირეა - ერთიანად სულ 300-მდე ინდივიდი. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ბრაკონიერობის შედეგად ნიამორი ერთეულების სახით იყო წარმოდგენილი და ამიტომ ბოლო წლების პროგრესი საკმაოდ თვალშისაცემია.

რაც შეეხება მცირე კავკასიონს, საქართველოს ნაწილში ნიამორი მთლიანად განადგურებულია, თუმცა ჩვენს მოსაზღვრე ტერიტორიაზე, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც დიდი რაოდენობით არის შემორჩენილი. იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს მცირე კავკასიონის ნაწილში თითქოს ნიამორს წააწყდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არ არსებობს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ამ ცხოველის აღდგენას ცდილობდნენ, მაგრამ ეს პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს და ნიამორის ბუნებაში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. 

ნიამორი მოზრდილი ცხოველია, სქესობრივი დიმორფიზმი კარგად არის გამოხატული - მდედრს პატარა, მამრს კი დიდი, ხმალისებრი რქები აქვს. სწორედ რქები გახდა მისი განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - ნიამორის რქები საკმაოდ პოპულარული სასმისია, არანაკლებ პოპულარული, ვიდრე ჯიხვის, თუმცა უფრო მცირე ზომისაა.

აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი

აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვსა და დასავლეთ კავკასიურ ჯიხვთან დაკავშირებით დღესაც საკმაოდ ბევრი კამათობს - ეს ერთი თუ ორი სახეობაა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, მიჩნეულია, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი ორი დამოუკიდებელი და ენდემური სახეობაა და ორივე მათგანს განადგურება ემუქრება.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. აღმოსავლეთით მისი არეალი შემოსაზღვრულია აზერბაიჯანში მდებარე მთა ბაბადაგის მთიანი მასივით. რაც შეეხება დასავლეთ საზღვრებს, ზოგი ავტორის მიხედვით იგი მთა შხარამდე მიდის (საქართველოს ბიომრავალფეროვნების მასალები, 1996), ხოლო ზოგის მიხედვით კი - მდინარე ენგურის წყალშემკრები აუზით შემოისაზღვრება. ჩრდილოეთით არეალის საზღვარი შესაძლებელია მდინარე მალკასაუზამდეც მიდიოდეს.

ქვეყნების მიხედვით, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი გავრცელებულია აზერბაიჯანში, საქართველოში, რუსეთში (ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილო ოსეთი-ალანია, ინგუშეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი).

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის არეალის სიგრძე დაახლოებით 500 კმ-ია. არეალის ყველაზე ფართო ნაწილი (სიგანე- 70-კმ-მდე) დაღესტანში მდებარეობს, მდინარეების - ავარისყოისუსა და ანდისყოისუს აუზებში, ასევე თუშეთის ალაზნის აუზშიც, ხოლო ყველაზე ვიწრო კი (დაახლოებით 12 კმ-ი) ჩრდილო ოსეთში.

დასავლეთ კავკასიური ჯიხვი მხოლოდ კავკასიონის დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული: მთა ჩუგუშიდან მდინარე ბაქსანის სათავეებამდე. თუმცა, როგორც ლიტერატურული მონაცემებიდან არის ცნობილი, გასულ საუკუნეში დასავლეთ კავკასიური ჯიხვი ზოგჯერ ამ საზღვრის დასავლეთითაც გვხვდებოდა (ბალყარეთის ჩერეკის სათავეებამდე). არ არის გამორიცხული, რომ ბალყარეთის ჩერეკის სათავეებში ჯიხვის ორივე სახეობა ბინადრობდა. ასევე შესაძლებელი იყო ამ ორი სახეობის შეხვედრა მდინარე დიგორის მიდამოებში, ხოლო არდონის სათავეებში დასავლეთ კავკასიური ჯიხვი უკვე აღარ გვხვდება.

ამ სახეობის არსებობა აღნიშნულია მდინარე ბაქსანის სათავეებში, ასევე მდინარე მალკას მიდამოებში, თუმცა იალბუზის ჩრდილოეთით იგი აღარ გვხვდება.

ორივე სახეობა კავკასიონის გარდა, მთელ მსოფლიოში არსად გვხვდება. ეს მათ განსაკუთრებულად ძვირფას სახეობებად აქცევს, რადგან მათი გადაშენების შემთხვევაში ამ სახეობების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

დასავლეთ კავკასიური ჯიხვი

განადგურებასთან ახლოსაა ორივე სახეობა, განსაკუთრებით დიდი საფრთხის წინაშე დასავლეთ კავკასიური ჯიხვი დგას, რომლის არეალიც შედარებით მცირეა. ის საქართველოს ფარგლებში - სვანეთის მთებში, სამეგრელოს მთიანეთსა და ნაწილობრივ რაჭაში - გვხვდება.

აღნიშნული ორი სახეობა მორფოლოგიურად ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია - დასავლეთ კავკასიურ ჯიხვის ზევითკენ მიმართულ, უკან გადაწეულ ხმლისებრი ფორმის რქებს ხრახნისებური ფორმა არ აქვს. რქების წინა ზედაპირზე ნაოჭები უფრო მკვეთრადაა გამოხატული - ტალღისებურია. განივ ჭრილში, ფუძესთან უფრო ოთხკუთხაა, მომრგვალებული კუთხეებით რქები ფუძესთან გარეთ და ზემოთ, შუა ნაწილში ასევე გარეთ და უკან მიემართება, ხოლო რქების ბოლო 1/3 შიგნით ბრუნდება ისე, რომ ბოლოები ერთმანეთისკენაა მიმართული.

დასავლეთ კავკასიურ ჯიხვს გვარის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით უფრო მოკლე, მაგრამ ყველაზე მსხვილი რქები აქვს.

სქესობრივი დიმორფიზმი აქაც ძალიან მკვეთრად არის გამოხატული - მამრს გაცილებით უფრო დიდი რქები აქვს. ამას გარდა, მათთვის დამახასიათებელია მდედრებისა და მამრების ცალ-ცალკე ცხოვრება - მამრები ყოველთვის ცალკე ცხოვრობენ, ცალკე ჯგუფებს ქმნიან; მდედრები ცალკე ჯგუფად ცხოვრობენ, მათი გამრავლება დეკემბერში იწყება. შესაბამისად მამრები მდედრების ჯგუფში სწორედ ამ დროს შედიან. ეს თვისება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ კავკასიური ჯიხვებისთვისაა დამახასიათებელი.

რაც შეეხება მათ რაოდენობას, დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, ეს ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი სახეობაა სრულიად საქართველოში. 2012 წლიდან მოყოლებული, 3 წლის განმავლობაში მთის ჩლიქოსნების აღრიცხვებს ვატარებთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ სვანეთში დავაფიქსირეთ, ისიც ორი ინდივიდის სახით (ასეთ შემთხვევებში, გასაგები მიზეზების გამო, ზუსტი ადგილის დასახელებას ვუფრთხით). სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ამ ცხოველების რაოდებობა ძალიან შემცირებულია, მიზეზი კი ბრაკონიერობა გახლავთ.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი

კავკასიონზე გავრცელებული მთის ჩლიქოსნების ყველაზე დიდი წარმომადგენელი აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვია. ეს საკმაოდ დიდი ზომის, ძლიერი ცხოველია და მისი რქების ფორმა განსხვავდება დასავლეთ კავკასიური ჯიხვის რქის ფორმისგან.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ყველა დანარჩენისაგან რქების ფორმით გამოირჩევა. მისი რქები განზეა გასული და ხრახნისებური ფორმა აქვს. ფორმით ცხვრის რქებს წააგავს. რქის წინა და შიდა ზედაპირებზე ტალღისებური ნაოჭები აქვს. რქები ჩვეულებრივ მოშავო ფერისაა. ფუძესთან, ქალაზე არ არის გამოხატული კოჟრები.

ზრდასრული მდედრების რქები სიგრძეში 20-22 სმ-ს, ხოლო მამრებში კი, 10 -15 წლის ასაკისთვის, 70-90 სმ-ს აღწევს, ფუძის 30 სმ-იან გარშემოწერილობით. რქების წვერებს შორის მანძილი 26-35 სმ-მდეა.

პატარების რქები სწორი ან ოდნავ მოხრილია ერთ სიბრტყეში და განივ კვეთში ოვალურია. ერთი წლის მამრების რქები განივ კვეთში ფუძესთან სამკუთხაა, აქვს პატარა განივი ღარები და ზემოთ იხრება, მერე განზე გადის და ბოლოს უკან არის გადახრილი.

3 წლის ასაკიდან განივი ტალღისებური ნაოჭები (ჩვეულებრივ 2-3 თითოეულ წლიურ სეგმენტში) შესამჩნევია ფრონტალურ ზედაპირზე, ხოლო მცირე ზომის ღარები კი ასაკთან ერთად ნელ-ნელა ქრება. რქების სპირალური ხვეული ასაკთან ერთად ვითარდება. რქის ბოლოები 6-7 წლის ასაკამდე წვეტიანია, ხოლო 8-9 წლის ასაკის ზევით მამრებში, როგორც წესი, “დაფოჩილი” ან წატეხილია.

ცხოვრების ნირით ორივე სახეობა ერთმანეთს ჰგავს. მამრები აქაც ცალკე ცხოვრობენ და მხოლოდ გამრავლების პერიოდში, რომელიც ასევე დეკემბერში იწყება, უერთდებიან მდედრებს, რის შედეგადაც წარმოქმნიან საკმაოდ დიდ ჯგუფებს. 2013 წელს, მოულოდნელად, თუშეთში 200-ინდივიდიანი ჯგუფი დავაფიქსირეთ. სამწუხაროდ, 2014 წელს ამ რაოდენობის ჯიხვების დაფიქსირება ვერ მოხერხდა.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის მოპოვების ძირითადი მიზეზი მათი დიდი რქებია. როდესაც ჯიხვზე ვსაუბრობთ, გარდა იმისა, რომ საქართველოში მისი რქები, როგორც ტრადიციული სასმისი ისე გამოიყენება, ასევე მას დიდი საფრთხე ემუქრება, საფრთხე, რომელსაც ტროფეის მიზნით მოპოვება ჰქვია. ამ შემთხვევაში შეგნებულად ვამბობ ტროფეის მიზნით მოპოვებას და არასატროფეო ნადირობა, იმიტომ რომ ეს ორი საკითხი შინაარსობრივად განსხვავდება.

ტროფეის მიზნით მოპოვება უსისტემო ნადირობაა, როდესაც მოიპოვებენ ნებისმიერ ცხოველს, რომელიც შემდეგ ან აღმოჩნდება სატროფეო, ან არა. აფრიკული დიდი ხუთეულის (სპილოს, კამეჩის, მარტორქის, ლომის და ლეოპარდის) შემდეგ, მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სანადირო ობიექტები მთის ჩლიქოსნები არიან და ნებისმიერი მონადირისათვის ძალიან დიდ პრესტიჟს წარმოადგენს, თუ მას ყველა სახეობის ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი რქები აქვს მოპოვებული. სწორედ ეს ხდება ამ ცხოველებზე ნადირობის ძალიან დიდი მოტივატორი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

რას წარმოადგენს სატროფეო ნადირობა - აქ თავისთავად იგულისხმება, რომ სატროფეო ნადირობა ეს არის ნადირობა ტროფეის მოპოვების მიზნით. მაგრამ აქ სერიოზული განსხვავებებია. სატროფეო ნადირობის შემთხვევაში, რომელსაც ორგანიზებული სახე აქვს, მიზნობრივად ხდება დიდი ზომის გარკვეული ჩლიქოსნების მოპოვება. მონადირე საკმაოდ დიდ თანხას იხდის და შემდეგ ის კონკრეტულად რომელიღაც ერთი ინდივიდის მოსაკლავად მიდის. რა თქმა უნდა, ეს მაინცდამაინც კარგი არ არის, მაგრამ ცხოველების უსისტემო ხოცვა უფრო ცუდი შედეგის მომტანია.

ექსპერიმენტი პაკისტანში

ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა პაკისტანში, ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებული და მოწესრიგებული ქვეყნების რიგს არ მიეკუთვნება.

პაკისტანში გავრცელებულია მთის ჩლიქოსნების ყველაზე დიდი წარმომადგენელი - ე.წ. მარხური, ჩაპრა ფალცონერი, რქახრახნილი თხა. ძალიან დიდი ცხოველი, რომელსაც ხვეული რქები აქვს და შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანადირო ობიექტია მთელ მსოფლიოში. მარხორი გავრცელებულია ჰიმალაებში, ტიბეტში, ცენტრალურ აზიაში. მასზე ნადირობის პოპულარობის გამო მათი რაოდენობა მკვეთრად კლებულობდა, თუმცა მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებული მეთოდის შედეგად, ამ ცხოველზე ნადირობის პროცესი მოწესრიგდა.

პაკისტანში მარხურზე ნადირობის ლიცენზიის ფასი 50 ათასი ევროა. თითოეული სანადირო ადგილი და სატროფეო ლიცენზია ადგილობრივ თემებს გადაეცა, იმ სოფლებს, რომლებიც ამ სანადირო ადგილების გარშემო ცხოვრობენ. ზოგადად, ჯიხვზე იქნება თუ მარხურზე ნადირობა ადგილობრივთა გარეშე შეუძლებელია - ჩამოსულმა არც ბილიკები იცის და არც ადგილობრივ სპეციფიკაში ერკვევა კარგად. ასე რომ, ნადირობა მას შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

თემი, რომელიც ნადირობის ლიცენზიას ფლობს, „ზრდის“ თავის ცხოველებს, უფრთხილდება მათ, რომ არავინ ინადიროს. ცხოველმა უნდა მიაღწიოს გარკვეულ ასაკს, რომ მას სატროფეო ღირებულება ჰქონდეს. ამიტომ თემის წევრები, რომლებიც სულმოუთქმელად ელიან უცხოელი მონადირეების გამოჩენას, განსაკუთრებით უფრთხილდებიან სატროფეო ღირებულების მქონე ინდივიდს.

ამ მიდგომას პაკისტანში ეფექტური შედეგი ჰქონდა, ლიცენზიის ღირებულებას ემატება ადგილობრივი მოსახლეობის დაქირავება, საოჯახო სასტუმროებში ცხოვრება, სუვენირების შეძენა, ანუ საერთო ჯამში ეს საკმაოდ დიდი შემოსავალია და მნიშვნელოვანია თითოეული თემისათვის. ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ დღეისათვის პაკისტანში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მარხორის რიცხვი იზრდება.

სატროფეო ნადირობა პოპულარულია შუა აზიის ქვეყნებშიც, თუმცა მათ პაკისტანის მოდელი არ გამოუყენებიათ, შესაბამისად, სიტუაცია გაცილებით მძიმეა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შუააზიური ქვეყნის წარმომადგენელი პირად საუბარში ასეთ ისტორიას მომიყვა - ადგილობრივები ჩასული მონადირის ფიზიკურ შესაძლებლობებს საკმაოდ კარგად აფასებენ. თუ ეს მონადირე კარგად ჩასუქებულია და იქაურ გარემოში გადაადგილება უჭირს, მიჰყავთ მთაში, აჩვენებენ მარხურს, ან, ე.წ. მარკო პოლოს ცხვარს, ან ნებისმიერ სხვა ცხოველს. მონადირეები ესვრიან მას, კლავენ, მიუხედავად მისი სატროფეო ღირებულებისა. სანამ მონადირე ნანადირევთან ფოტოს გადასაღებად ჩავა, ერთ-ერთი ჩასაფრებული ადგილობრივი ცხოველს პატარა რქებს აცლის, დიდ რქებს აკერებს, რომელიც ადრე ჰქონდა და ასე ატყუებენ უცხოელს. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ცხოველისთვის სასარგებლო არ არის და, შესაბამისად, მათი რიცხოვნობაც მცირეა.

პაკისტანში, ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში, მონადირეებს ყველაზე დიდი ცხოველის (რაც ყველაზე ასაკოვან ცხოველს ნიშნავს) მოპოვების უფლება მისცეს. მათი ღირებულება ნაკლებია, რადგან პოპულაციის გამრავლებაში ისინი დიდ როლს არ ასრულებენ. თუმცა ბოლო კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოწესრიგებული სატროფეო ნადირობა არც ისე უხიფათოა ცხოველის პოპულაციისთვის, რადგან ასაკოვანი ცხოველის მოპოვებაც საფრთხეს უქმნის სოციალური ცხოველების სტრუქტურას. ამას შედეგად შობადობის შემცირებაც მოჰყვება. ამიტომაც, ამ საკითხსაც დიდი ყურადღება და ფრთხილი მიდგომა სჭირდება. ამ საკითხში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. თუკი ადგილობრივ მოსახლეობას „საკუთრების“ გრძნობა არ აქვს, ის არ გაუფრთხილდება გარეულ ცხოველს, რომელიც თითქოსდა არავის ეკუთვნის, სინამდვილეში კი ის ყველას „საკუთრებაა“ და მასზე ყველა უნდა ზრუნავდეს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა გაჩნდეს. მხოლოდ მაშინ მიიღება კონსერვაციული ეფექტი. მაგრამ, თუ სატროფეო ნადირობა, მაგალითად, რომელიმე მსხვილი კომპანიის ხელში მოხვდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ (იგულისხმება მთელი თემი) არ მიიღო შემოსავალი, ასეთ სატროფეო ნადირობას არანაირი ეფექტი არ ექნება და მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ადგილობრივი მოსახლეობა, თავის მხრივ, ეცდება, რომ ცხოველი დამატებით მოიპოვოს, რადგან ისინი მათ არ ეკუთვნის და რაც სხვისია, მას სხვა უნდა გაუფრთხილდეს.

საქართველოში სატროფეო ნადირობა არ არის გავრცელებული, თუმცა საკმაოდ ხშირია ბრაკონიერობა. სამწუხაროდ, 90-იან წლებში, როდესაც ბრაკონიერობის რიცხვი ძალიან დიდი იყო, ჯიხვებს ვერტმფრენებიდანაც კი ხოცავდნენ - გვინახავს 60-მდე მოკლული ჯიხვი, რომლებსაც მხოლოდ რქები ჰქონდათ მოჭრილი...  

 

ჟურნალ "ლიბერალისა" და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^