„ჟურნალისტიკა ნარკოდამოკიდებულებასავითაა. ჟურნალისტიკით ადამიანები შეპრყობილები ხდებიან. ციხეში რომ გამოამწყვდიო, ანდა ფეხებით ჩამოკიდო ჟურნალისტი, ის თავის საქმიანობას მაინც არ შეწყვეტს. ეს რაღაც გაუცნობიერებელი ინსტინქტივითაა. ასე რომ, თუ ხანში შესული ხარ, ახალგაზრდებს უნდა დაეხმარო იმიტომ, რომ ფიქრობ, ესაა გამოსავალი. მართლა მჯერა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას. მაგრამ ეს ბრძოლაა, ეს ომია“, - უთხრა ჯოშ ფრიდმანმა „ლიბერალს“ 2011 წელს. ოთხი წლის შემდეგაც პულიცერის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი ამბობს, რომ პროფესიისადმი თავდადება ერთადერთია, რასაც „ნამდვილი ჟურნალისტიკის“ გადარჩენა შეუძლია.
ჯოშუა ფრიდმანი ეთიოპიაში შიმშილის შესახებ მომზადებული მასალისთვის 1985 წელს პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. მოგვიანებით კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი და საგამოძიებო ჟურნალისტიკის პედაგოგი გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მას ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი” მასპინძლობს.
მაშინ, როდესაც მედია არ არის ბიზნესი, როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს დამოუკიდებლობის შენარჩუნება?
ის, რომ მედიასაქმიანობა მომგებიანი ბიზნესი არ არის, მხოლოდ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის არ ქმნის პრობლემას. მით უფრო, რომ სიტუაცია სწრაფად იცვლება. ეს შტატებშიც პრობლემური საკითხია. ახლა კრიტიკული ცვლილებების პერიოდში გვიწევს ცხოვრება და შესაბამისად, მთლიანად იცვლება ჟურნალისტიკის მოდელები. შეიძლება საქართველოში განსხვავებული იყოს ის მიზეზები, რომელთა გამოც მედია ბიზნესი არ არის, მაგრამ ამის შედეგებს ყველა ქვეყანა ერთნაირად იმკის.
მაგალითად, შეერთებულ შტატებში ახალგაზრდები ნაკლებად კითხულობენ ბეჭდურ მედიას. იგივე ხდება სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებების შემთხვევაშიც: იზრდება მკითხველისა და მაყურებლის საშუალო ასაკი. ეს ასაკობრივი ჯგუფი კი ხშირად აღარ არის ის სეგმენტი, რომლისთვის ხმის მიწვდენაც სურთ რეკლამის დამკვეთებს. ისინი ხვდებიან, რომ ბეჭდურ მედიაში რეკლამის განთავსებით, ვერ „გავლენ“ სასურველ დემოგრაფიულ ჯგუფზე. ამის მისაღწევად ისინი უკვე სხვაგან იწყებენ ფულის ხარჯვას. ბეჭდურ მედიას კი ფინანსური პრობლემები ექმნება და უმძიმდება. ცდილობენ ახალ-ახალი მოდელების მოსინჯვას, როგორ მოახერხონ ინტერნეტწყაროების იმგვარად გამოყენება, რომ ამით ფინანსურად ბეჭდურმა მედიამაც ისარგებლოს. მაგრამ უნივერსალური მოდელი ჯერ ვერავინ მოიფიქრა.
მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ფინანსური პრობლემები საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს. ეს საშიშია პროფესიონალური, მაღალი სტანდარტის ჟურნალისტიკისთვის, რადგან ახალგაზრდებს აღარ უნდათ ამ საქმის კეთება ან აღარ აკეთებენ ამას ეთიკური პრინციპების დაცვით. კარგი ჟურნალისტიკის კეთებასაც დიდი ფული სჭირდება. როდესაც რეპორტაჟებზე თვეობით სხვა ქვეყნებში ვმუშაობდი, ჩემს გაზეთს შეეძლო ჩემთვის 6-7 თვის მოცემა, ყველა საჭირო ხარჯის გადახდა იმისთვის, რომ საბოლოოდ კარგი პროდუქტი მიეღო, მაგრამ ახლა ამის ფუფუნება ბევრს არ აქვს. შედეგები კი აშკარაა: ჩვენ ვხვდებით უფრო და უფრო ნაკლებ ჟურნალისტურ გამოძიებას, ნაკლებ სიღრმისეულ რეპორტაჟს, ადამიანებიც არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი.
როგორ შეიძლება ამ პირობებში პროფესიონალური ჟურნალისტიკის გადარჩენა?
შტატებში ამ გზის საპოვნელად უამრავი ექსპერიმენტი მიმდინარეობს. საინტერესოა BuzzFeed-ის მაგალითი. ისინი უამრავი სხვადასხვა გზით (რაც არაა ჟურნალისტიკა) ცდილობენ მკითხველის მიზიდვას, აქვეყნებენ, მაგალითად „კატების 10 ყველაზე საინტერესო ფოტოს“, ჰყავთ ვიზიტორები ვებგვერდზე, აქვთ რეკლამები, შოულობენ ფულს და ამ ფულის ნაწილს შემდეგ საგამოძიებო ჟურნალისტური მასალების მომზადებაში ხარჯავენ. თუმცა არის ვებგევრდებიც, რომლებიც ამგვარ ღირებულებას სულაც არ ანიჭებენ მედიაპროდუქტს.
ერთი რამ აშკარაა, ჟურნალისტები ტოვებენ ტრადიციულ მედიას. ჩემი სტუდენტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გაზეთის, Washington Post-ის საერთაშორისო ამბების რედაქტორი იყო, იღებს შემოთავაზებას Buzz Feed-ისგან და თანხმდება, რადგან მიიჩნევს, რომ ეს უკეთესი სამსახურია. მის მომზადებულ პროდუქტს კი მეტი მკითხველი და გავლენა ექნება. ეს ძირეული ცვლილებების პერიოდია. ვიმედოვნებ, რომ ფრუსტრაციის და გაურკვევლობის მიუხედავად, ახალგაზრდა ჟურნალისტები არ დაკარგავენ სურვილს გააგრძელონ ამ პროფესიით მუშაობა.
ჟურნალისტებს სჭირდებათ თავდადება, პატიოსნება და გამბედაობა იმისთვის, რომ ასეთ პირობებში გააგრძელონ მუშაობა. პროფესიონალიზმი კი დაეხმარებათ მაშინ, როდესაც მთავრობა მათი საქმიანობის გაკონტროლებას ეცდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებენ ჟურნალისტებს, არაპროფესიონალიზმში სდებენ ბრალს და ხშირად მათ შეცდომებსაც იყენებენ იმისთვის, რომ თავისუფალი პრესა შეავიწროვონ. ამიტომ ამ თავისუფლების დასაცავად შესაბამისი პროფესიონალიზმი და უნარები გჭირდებათ, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს ფულის შოვნაში დაგეხმარებათ. ბევრი რამ უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ ცვლილებების ნაწილი რთული და საშიშიცაა. ისევ მხოლოდ თქვენს პირად არჩევანზეა დამოკიდებული, როგორ განაგრძობთ საქმიანობას.
თუმცა ის, რასაც ბევრი მკითხველი ჰყავს, ხშირად სულაც არაა ის, რასაც „კარგ ჟურნალისტიკას“ ვუწოდებთ, ხომ ასეა?
მართალია. მედიასაშუალებებმა აქტიურად დაიწყეს ამა თუ იმ მასალის აუდიტორიის გაზომვა - შემოწმება, რამდენმა ადამიანმა წაიკითხა და ა.შ.
თუმცა, არ მგონია, რომ მასალის პოპულარობა და მკითხველის რაოდენობა არის ის, რაც სტატიის ხარისხს განსაზღვრავს. ამისთვის სხვა კრიტერიუმები არსებობს. თუმცა, სამწუხაროდ, მედიამფლობელები იძულებული არიან „სტატიები ამგვარად გაზომონ“, რათა შემდეგ ეს მაჩვენებლები რეკლამის დამკვეთებს წარუდგინონ. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ხარისხის საზომი, ეს მხოლოდ ეკონომიკური წნეხის გამო ნაპოვნი გამოსავალია.
ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ თუ შემოსავლები არ გექნება, იმ ხარისხიან ჟურნალისტურ პროდუქტსაც ვერ შექმნი, ვერ მისცემ ჟურნალისტს საშუალებას, ფინანსებს, დროს, რომ ხანგრძლივად მოამზადოს სამუშაო, ვრცელი, სერიოზული მასალა. ასეთ დროს ზოგიერთი მედია თავად იგონებს ახალ მოდელს, როგორც Buzz Feed-ის შემთხვევა ვახსენეთ, იზიდავს „კლიკებს“ სულ სხვა მასალით და შემდეგ მნიშვნელობას ანიჭებს გაცილებით ღირებულს, აქედან მიღებულ ფულს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ხარჯავს. ყველამ თავისი ინდივიდუალური სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რადგან უნივერსალური მოდელი იმისა, თუ როგორ ვიშოვოთ ფული, „კარგი ჟურნალისტიკისთვის“ ჯერ კიდევ არ არსებობს.
და მაინც რა არის დღეს „კარგი ჟურნალისტიკა“? თქვენც და სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ ობიექტური ჟურნალისტიკის კონცეფციაც იცვლება.
მე მჯერა, რომ ეს მხოლოდ პროფესია არაა. ეს ხელობაა. ჟურნალისტი კი ის ადამიანია, ვისაც საოცარი ცნობისმოყვარეობა აქვს, სურს გაიგოს რა ხდება, გაიგოს ის, რასაც უმალავენ და უნდა, რომ სხვებსაც უთხრას ამის შესახებ. ჟურნალისტი ის ადამიანია, ვისაც არ სჯერა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ყოველთვის მართლები არიან, მაგრამ სჯერა, რომ საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ფაქტების შესახებ სიმართლის ცოდნა სჭირდება.
დღეს კარგი ჟურნალისტური მასალის შესაქმნელად ახალგაზრდებს გაცილებით მეტი ინსტრუმენტი, მეთოდი და საშუალება აქვთ, ვიდრე წლების წინ ჰქონდათ, მაგრამ მთავარი არ იცვლება, მიზანი - ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკაა, სწორედ ეს ქმნის შედარებით ობიექტურობას.
რაც შეეხება ეთიკას, ადამიანებმა პრაქტიკულად ყოველთვის იციან, რისი გაკეთებაა სწორი და რისი - არა. ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ ფაქტების ფაბრიკაციას გამართლება არ მოეძებნება. თუმცა ისევ ფინანსებს რომ დავუბრუნდეთ, ეს ყველაფერი დიდ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტურ სტანდარტებს. ხშირად რედაქტორებიც მიდიან დათმობაზე იმ საბაბით, რომ ნაწილობრივ მაინც შეძლონ ხარისხის შენარჩუნება. ცალკე ამბავია მაგალითად „მერდოკის მოდელი“. მედიის განვითარების პროცესს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ხშირად სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას აქვს ხოლმე გარკვეული გავლენა მასზე, რადგან სწორედ ისინი დებენ ფულს მედიაში. და როდესაც რეკლამის დამკვეთებისგან მიღებული ფინანსები იზრდება, მხოლოდ მაშინ ხდება მედია ნაკლებად პოლიტიზებული თუ პოლარიზებული.
რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჟურნალისტური განათლება?
ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია, არც მედიცინას ჰგავს და არც სამართალს. აქ ვერ იმოქმედებ მხოლოდ გაწერილი პრინციპებით და სახელმძღვანელო წესებით. კარგი ჟურნალისტიკის საკეთებლად თითოეული ჟურნალისტი საკუთარ, ინდივიდუალურ მიდგომას იმუშავებს. ჩვენ გირჩევთ, გაჩვენებთ, შემდეგ კი თქვენ თქვენი ინსტინქტის მიხედვით ირჩევთ, რა და როგორ აკეთოთ.
პრობლემა კი ისაა, რომ მასწავლებლები ხშირად თქვენსავით კარგად არ ერკვევიან ახალ ტექნოლოგიებში, იმაში, რაც თქვენთვის ძალიან ბუნებრივია. ამიტომ აუცილებელია, რომ ისინიც მუდმივად სწავლობდნენ ამ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ. ჟურნალისტიკის სწავლის პროცესი კი ბალეტს ჰგავს. თავიდან მხოლოდ პოზიციებს სწავლობ და მხოლოდ პრაქტიკაში იწყებ მათ ერთობლივ, თანმიმდევრულ გამოყენებას. ჟურნალისტიკაშიც ასეა, თავიდან თითოეული ელემენტის სწავლაა საჭირო, შემდეგ კი მიდიხარ, წერ, იღებ, მოგაქვს, იღებ შენიშვნებს. შემდეგ კი ისევ იმავე ელემენტების გამოყენებით ახალ და გაუმჯობესებულ მასალას ქმნი. მთავარი ამ პროცესის მუდმივობაა.