Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტიქიური უბედურება - რატომ დააგვიანდა ტელემედიას

15 ივნისი 2015

13 ივნისს ღამით დაწყებულმა წვიმამ თბილისში, 14 ივნისს, გამთენიისას, სტიქიური უბედურება გამოიწვია. მოვლენის გაშუქება ტელევიზიებმა რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყეს. სტიქიის დაწყებისას ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო ახალი მედია იყო. იმ ადგილებში კი, სადაც ინტერნეტის მიწოდება შეწყდა ადამიანები ინფორმაციის გარეშე დარჩნენ.

ადიდებული მდინარე ვერეს მიერ დატბორილი სახლების, ძაღლების თავშესაფრისა და ზოოპარკის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიებიდან პირველმა “რუსთავი 2”-მა გადასცა. “კურიერის” სპეციალური გამოშვება ეთერში 2 საათსა და 20 წუთზე გავიდა. ეთერში გასვლამდე კი არხის ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტიქიის ამსახველი მასალა მოხვდა.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში თანამშრომლების მობილიზებას ახდენენ და მინიმალური, ანუ მცირე ადამიანური რესურსით გადიან ეთერში. მისი თქმით, სტიქიის დროს მათთვის მთავარი მიზანი მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო, რის გამოც სოციალურ ქსელებში გავრცელებული და მათი თანამშრომლების მიერ მობილურით გადაღებული მასალებიც გამოიყენეს.

“იმაზე გვიან გავედით ეთერში, ვიდრე უნდა გავსულიყავით, იმ მიზეზით, რომ ვერ მივდიოდით სტიქიის ადგილებზე. კამერები დასველდა. როცა მოვახერხეთ მაშინ გავედით, აღმოჩნდა რომ ჩვენს კოლეგებზე ადრე”, - აღნიშნა ლაფერაშვილმა, რომლის თქმითაც ტელევიზიის პარალელურად მაყურებელს ინფორმაციას ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით აწვდიდნენ.

“კურიერის” ეთერში გასვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხზე” “მოამბის” სპეციალური გამოშვება დაიწყო. ვებგვერდზე კი საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსზე” დაყრდნობით პირველი მასალა, თბილისის მერიის განცხადება დაიდო.

“მოამბის” დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ტელევიზიასთან ახლოს, სტიქიის ზონიდან ჟურნალისტი რატი ხვისტანი ჩაერთო. მოგვიანებით კი მაყურებელს, თვითმხილველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები შესთავაზეს. 

“მოამბის” პროდიუსერი, მაკა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მათი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე დაახლოებით 1 საათით ადრე მივიდა. მისი თქმით, მაუწყებლის ეპიცენტრის ადგილთან სიახლოვის გამო სხვა თანამშრომლებს ტელევიზიამდე მისვლა გაუჭირდათ.

 “ჩვენ ეს მასალები ადიდებული მდინარეების გავლით მოგვქონდა ტელევიზიამდე, რათა თქვენ გეყურებინათ. მე ამას დაგვიანებას ვერ დავარქმევ. “მოამბე” ეთერში გავიდა მაშინ, როცა ამის ტექნიკური შესაძლებლობა გვქონდა. ჩვენი გადამღები ჯგუფები სიცოცხლის რისკის ფასად იდგნენ და მასალას იღებდნენ ”, - ამბობს “მოამბის” პროდიუსერი, რომლის თქმითაც, მასალა სპეციალურ გამოშვებაში თითქმის დაუმონტაჟებელი გადიოდა.

“მოამბეზე” რამდენიმე წუთით ადრე ტელეკომპანია “იმედზე” სპეციალური საინფორმაციო გამოშვება დაიწყო.  “ქრონიკა” წამყვანის გარეშე 3 საათსა და 5 წუთზე დაიწყო, ეთერში კი გადამღები ჯგუფების მიერ მიწოდებული მასალები ეკრანზე გამოტანილი ტიტრით - “თბილისი, 14 ივნისი 01:00 მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორია” გადიოდა. “იმედის” მაყურებელმა სტიქიის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად მხოლოდ დილის 11 საათზე შეიტყო. დილის 9 საათამდე არხის ფეისბუქგვერდზე ბოლო გამოქვეყნებული მასალა  - “რამდენად მნიშვნელოვანია მარხვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის” იდო.

“იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაია თაბაგარი მაყურებლის დაგვიანებით ინფორმირებას ტექნიკური პრობლემებით ხსნის. მისი თქმით, ტელეკომპანიას სტიქიის დროს სატელეკომუნიკაციო ქსელების პრობლემა შეექმნა, ვერ ახერხებდნენ ინტერნეტისა და ეთერში შემავალი სატელეფონო ხაზის ამუშავებას.

“სტიქიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ჩვენი გადამღები ჯგუფები ცხელ წერტილებში იყვნენ. კადრები გვქონდა, თანამშრომლებმა იმუშავეს თავდაუზოგავად, სტუდია გამზადებული იყო, ტექნიკური პერსონალს ეთერში გასვლა შეეძლო, თუმცა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების ჩართვას ვერ ვახერხებდით ”, - აღნიშნა “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, რომელმაც განმარტა, რომ ვებგვერდზეც ინფორმაცია ინტერნეტის არქონის გამო ვერ განახლდა.

სტიქიის შესახებ მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ტელეკომპანია “მაესტრომ” დანარჩენ სამ ტელევიზიაზე ყველაზე გვიან, 14 ივნისს, დღის 12 საათზე შეძლო. “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, ხატია ქვათაძე საინფორმაციო გამოშვების სტიქიის დაწყებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გასვლას არხზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებით ხსნის.

“ჩვენ გვქონდა გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელიც პარასკევს “ცხრიანის” ბოლოს დავაანონსეთ. აბსოლუტურად ყველაფერი დაშლილი იყო ტელევიზიაში, წამყვანის გარეშეც კი ეთერში გასვლა შეუძლებელი იყო. ტექნიკური სამუშაოები ავაცილეთ ყველა იმ სავარაუდო თარიღს, როცა შეიძლებოდა რამე მომხდარიყო”, - ამბობს ქვათაძე, რომელიც  დასძენს, რომ მაყურებელს ინტერნეტის არქონის გამო ვერც სოციალური ქსელის საშუალებით მიაწოდეს ინფორმაცია.

სტიქიური უბედურებების გაშუქებისას ტელევიზიებისთვის რაიმე კონკრეტული რეგულაციები არ არსებობს. ამ დროს მაუწყებლებმა საზოგადოების ინფორმირება ისე უნდა შეძლოს, რომ პანიკა არ გამოიწვიოს მოსახლეობაში. “საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის” მიხედვით, მაუწყებელი სტიქიური უბედურებების გაშუქებისას და გარდაცვლილთა მონაცემების შესახებ ინფორმაციის გადმოცემისას მხოლოდ სანდო წყაროს უნდა დაეყრდნოს და აცნობოს მის შესახებ მაყურებელს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^