Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკო კახეთელიძე: ეს ხალხი გაწირეს

15 ივნისი 2015

ინტერვიუ ურბანისტ ნიკო კახეთელიძესთან

დიდი ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის - დაღუპული, დაკარგული, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ადამიანები. მომხდარის სხვადასხვა ვერსია და ფაქტი, რაც სახეზე გვაქვს…

რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობის ნალექის იყო, თუმცა არცთუ განსაკუთრებულად. მსგავსი ტიპის ნალექი თბილისში იცის ხოლმე, მაგრამ 13 ივნისს წვიმა შედარებით დიდხანს გაგრძელდა. 

მოხდა ის, რომ გარემოში ძალიან უხეშად ჩავერიეთ, აბსოლუტურად გაუთვლელად, გარემოს გაუთვალისწინებლად გაკეთდა ბევრი რამ. მეტსაც გეტყვით, გეოლოგია, გარემოზე ზემოქმედების შეფასება საერთოდ არ არსებობს.

ვაკე-საბურთალოს ახალი გზა და მდინარე სარკოფაგში. რა იყო პროექტის მომზადებისა და მშენებლობის დროს დაშვებული მთავარი შეცდომები და რამდენად იყო გათვლილი რისკები?

რამდენი ხანია ვკითხულობ და ამ გზის პროექტი ვერავინ ვერ წარმოადგინა. ამ პროექტზე ოფიციალურად ქალაქის არქიტექტურის სამსახურს არ უმსჯელია. ერთში დარწმუნებული ვარ - ამან სტიქიის მასშტაბი გაზარდა. ზოგადად, როგორც წესი, პროექტში პრევენციული, დამზღვევი ღონისძიებები უნდა ჩაიდოს. ამის მიხვედრას არ სჭირდება ინჟინრობა ან არქიტექტორობა.  

ბუნებრივია, რომ წლის განმავლობაში მდინარის კალაპოტი სხვადასხვა მოცულობის წყალს ატარებს. ამ მიმართულებით სხვადასხვა გამოთვლები, მით უმეტეს ისეთ მდინარესთან მიმართებაში, როგორიც დიდი სიმაღლიდან დაშვებული ვერეა, ძალიან რთულია, მაგრამ ამას კვლევა სჭირდება. ფაქტია, ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. კალაპოტის გადატანამ, მდინარის მილებში მოქცევამ ეს პროცესი დაამძიმა.

ამდენი ადამიანი დაიღუპა, ამდენი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა... მახსენდება ამ პროექტთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ. ამ გზის ამ პროექტით გაკეთება ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის მოფიქრებულია - გაავლეს ხაზი და გააკეთეს. აი ამაზე ვცოფდები. ასეთი რაღაცეების კეთება არ შეიძლება. ჩვენ თუ ამ საკითხის უფრო პროფესიულად განხილვა გვინდა, თემას პროექტით ხელში უნდა გავყვეთ და უნდა მყავდეს ოპონენტი.

"ლიბერალთან" საუბრისას შპს "საქგზა მეცნიერების" გენერალურმა დირექტორმა თამაზ შილაკაძემ აღნიშნა, რომ თბილისში მომხდარ კატასტროფასთან ვერეს გამტარ გვირაბს არაფერი აკავშირებს - "ეს იყო სუფთა სტიქია, იმხელა მასა წამოვიდა, კოსტავას ქუჩისხელა გვირაბიც ვერ გაატარებდა".

რა იცის? რაზე დაყრდნობით ამბობს ამას?

იცით, ფაქტობრივად იქ რა მოხდა? ბოლო გვირაბი რომ არის, გზაზე ამოსასვლელი, იქ გაიჭედა სამშენებლო ვაგონი და შესაბამისად გაჭედა ჩამოტანილი ხეები. გარკვეულწილად გვირაბი ამოილუქა, წყალი აიწია და ზოოპარკის ტერიტორიაზე მყისიერად შევარდა დიდი მოცულობის წყალი.

გვაჩვენოს ბატონმა შილაკაძემ პროექტი. საინტერესოა როგორია, რას ეყრდნობოდა ის და რატომ არ მოხვდა ის არქიტექტურის სამსახურში.

რა უნდა გაკეთდეს გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ?

ნებისმიერ პრობლემას, რომელიც მშენებლობის დროს ჩნდება, აქვს დამზღვევი ღონისძიება. თუ გაითვალისწინებ დამზღვევ ღონისძიებებს, პრობლემის მოხსნა შესაძლებელია.

ერთმნიშვნელოვნად რთულია რამის თქმა. ასე გაკეთებული უკვე ვნახეთ და შედეგიც მივიღეთ!  როდესაც ეს ტერიტორია გაიწმინდება, ბევრი რამ გამოჩნდება. ბუნებრივია, ჩაერთვებიან გეოლოგები, მშენებლები, არქიტექტორები. ჩაატარებენ გარკვეულ კვლევას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. დარწმუნებული ვარ გაჩნდება რამდენიმე იდეა, რომ, ვთქვათ, აქ ამის ან ამის გაკეთება შეიძლება. შემდგომ ამ იდეების მიზანშეწონილობის განხილვა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა უნდა მოჰყვეს.

სხვადასხვა საკვანძო ობიექტებიდან თუ ტერიტორიიდან შესაძლო ევაკუაციის გეგმა…

იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა, ცხოვრება უბრალოდ არ შეიძლება. თავის დროზე ამ ფართების დამტკიცება დიდი შეცდომა იყო. როდესაც სახელმწიფო ასეთ ნაბიჯს დგამს, ევაკუაციის გეგმის არსებობა/არარსებობის საკითხი ძალიან სასაცილო ხდება. ასეთ ადგილას, ასეთი საშიშროების ზოლში არ შეიძლება მიწა მისცე ადამიანს. ფაქტობრივად ხელს აწერ, რომ ამ ადამიანებს ევაკუაცია არ სჭირდებათ - ეს ხალხი გაწირეს.

სხვა, უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები. რა საფრთხეებს ხედავთ მათში?

ამ თემაზე არაპროფესიონალურად საუბარი არ მსურს. ჩვენი პრობლემაა, რომ საკმაოდ ხშირად საკითხებს ისე განიხილავენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორის როლს არ ვაკნინებ. პირიქით, უბრალოდ ასეთი საკითხები პროფესიულ სიბრტყეზე უნდა იყოს განხილული. ახლებთან ერთად არაერთი ძველი პროექტიცაა, რომელიც ნაღმს შეიცავს. ამ თემებთან დაკავშირებით ქალაქის მერს ვესაუბრე და მითხრა, რომ ამ საკითხებს გაითვალისწინებდა.

რამდენად მზადაა ქალაქი სტიქიურ მოვლენებთან გასამკლავებლად და რა არის თბილსის მთავარი პრობლემები დღეს?

თბილისი ბინების ქალაქად იქცა. თბილისი არ არის ის ქალაქი, სადაც ამდენი შენობა ასეთი ინტენსივობით შეიძლებოდა აშენებულიყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, სატრანსპორტო საშუალებას რომ ვერ გააჩერებ. 

სერიოზული პრობლემაა კომუნიკაციები, ეკოლოგია, რაც ამდენმა მშენებლობამ უარესად დაამძიმა. თავის დროზე, წყალმომარაგების მაგისტრალები ამ ოდენობის სახლებზე არ იყო გათვლილი. როგორც ვიცით, ამ პროცესს კერძო კომპანია უზრუნველყოფს. გეცოდინებათ, რომ პროექტის დამტკიცებაზე გადასახადი ძალიან დიდია. ამის რეგულაცია თუ არ მოხდება, კერძო კომპანია ყოველთვის გასცემს ნებართვას, რომ ამა თუ იმ ახალ შენობას ჩართავს ამ მაგისტრალში. პრობლემური კომუნიკაციები, სწორედ ის კომუნიკაციები, რომლებიც გარკვეულ კანონზომიერებს ექვემდებარება. ეს არ არის ელექტროენერგია, რომელსაც სადაც გინდა იქ გადაჭიმავ. ამ თვალსაზრისით, თბილისში ვითარება ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ვაკეში.

დადიან დეველოპერები და სადაც თუნდაც მცირე ფართს წააწყდებიან, იმაზე იწყებენ ფიქრს, რამდენად მრავალსართულიანი შენობა წამოჭინონ. დეველოპერი ბედნიერია ამით, ქალაქს კი საშინელ მდგომარეობაში აგდებს.

ყველაფერი მაინც გენერალური გეგმის გაუმართაობასთან მიდის. რომ არსებობდეს საკმარისად სტრუქტურიზებული გენერალური გეგმა, წესით იმას ვერ უნდა გადაუხვიო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^