Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლარისა აქ აღარ ცხოვრობს

09 ნოემბერი 2018

რეჟისორ დიმიტრი კრიმოვის “უმზითვო” - ფესტივალ „საჩუქარის“ მთავარი მოვლენა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თავისი მრავალწლიანი ისტორიით, დრამატული სერიალის სიუჟეტს უფრო ჰგავს - 90-იან წლებში დაარსებით, პიტერ ბრუკის წახალისებითა და თანადგომით, მოულოდნელი პოლიტიკური ზიგზაგებით, დროებითი აკრძალვითა და განახლებით, მოძიებული სიახლეებითა თუ „პოლიფონიური“ ჟანრებით... ფესტივალი წელს თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეპატიჟება ხელოვნებასთან დამეგობრებულებსაც და მასთან შემთხვევით მოხვედრილებსაც. დრამატული სპექტაკლები, ლიტერატურული შეხვედრები, გამოფენები, ფოლკლორული საღამოები, თანამედროვე ცეკვისა და ფიზიკური თეატრების ნიმუშები მაყურებელს თანამედროვე ევროპულ ხელოვნებაზე გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის. მით უმეტეს, რომ წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში ორი სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყანა - ნორვეგია და იტალია მოექცა.

მაგალითად, მაყურებელს შეეძლო ნორვეგიული პანტომიმური დასის - Krumple-ის შესაძლებლობები ცნობილი ფრანგი რეჟისორისა და რეფორმატორის, ჟაკ ლეკოკის საერთაშორისო თეატრალური სკოლის კურსდამთავრებულთა უნარებისა და ნიჭის მიხედვით შეეფასებინა. ისინი სამეფო უბნის თეატრში პანტომიმის, ცეკვისა და პოეზიის სიურრეალისტური შერწყმით თანამედროვე ზღაპარს ქმნიდნენ რწმენადაკარგულ ადამიანებზე; ან თუნდაც, სარდინიის ნაციონალური თეატრის მიერ წარმოდგენილი შექსპირის „მაკბეტი“ (პრესტიჟული თეატრალური პრემია „უბუს“ მფლობელი რეჟისორისა და სცენოგრაფის, ალესანდრო სერას სრულიად მოულოდნელი ვიზუალურ-სემანტიკური ვერსია), რომელშიც მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ და თანაც სარდინიულ ენაზე მეტყველებდნენ. კინემატოგრაფიულად მახვილი „სმენის“ მქონეთ, ამ სპექტაკლის შემდეგ ალბათ გაახენდებოდათ პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმი „კეისარი უნდა მოკვდეს“, რომელიც ასევე მკაცრი შავ-თეთრი სტილისტიკით გამოირჩეოდა და რომელშიც მხოლოდ პატიმარი-მამაკაცები მონაწილეობენ. 

გამორჩეული იყო უძველესი პოლიფონიური სიმღერები სარდინიული ფოლკლორული ანსამბლის TENORE MURALES-ის შესრულებით, რომელთა მოსმენა ეთნოგრაფიულ ცენტრ „ვინერიაში“ იყო შესაძლებელი (ბარათაშვილის ქუჩაზე).

12 და 13 ნოემბერს თეატრალებს ისევ ელით ნორვეგიული საღამოები. ამჯერად მარჯანიშვილის თეატრში, სადაც ცნობილი თანამედროვე ნორვეგიელი რეჟისორისა და ქორეოგრაფის, ალან ლუსიენ ოიენის წარმოდგენა „სიმულაკრი“ გაიმართება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ოიენი სახელოვანი პინა ბაუშის გარდაცვალებიდან ცხრა წლის შემდეგ, ვუპერტალის ცეკვის თეატრის მიერ პირველი მიწვეული ქორეოგრაფია! ამდენად, უკვე დამაინტრიგებელია სახელოვანი დასისა და ნოვატორი ქორეოგრაფის თანამშრომლობის ნახვა.

 წელს „საჩუქარზე“ ასევე წარმოადგინეს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ქეთი დოლიძის სპექტაკლი „კილი და დუ“, რომელიც მან გაზაფხულზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე განახორციელა  ჯეინ მარტინის პიესის მიხედვით (სხვათა შორის, ეს პიესა დიდი ხნის წინ, ქეთი დოლიძემ კინომსახიობთა თეატრის სცენაზეც დადგა). ახალი წარმოდგენა უფრო მძაფრად აშიშვლებს დღევანელ მტკივნეულ და დამაფიქრებელ კითხვებს: მიტევება თუ არპატიება? სიცოცხლის დაბადება თუ მოძალადისგან ჩასახული ნაყოფის მოშორება? რელიგიური ფანატიზმი თუ ადამიანური შემწყნარებლობა?..

და მაინც, არა მგონია, ფესტივალზე უკვე წარმოდგენილმა თუ ჯერ არნანახმა სპექტაკლებმა დიმიტრი კრიმოვის მიერ „დრამატული ხელოვნების სკოლაში“ დადგმული „უმზითვოს“ შთაბეჭდილება, სიმძაფრე და ხარისხი გადაფარონ. ცნობილი რეჟისორი და სცენოგრაფი დიმიტრი კრიმოვი, რომელიც ფესტივალ „საჩუქარის“ მუდმივი სტუმარია და ლამის მის თილისმად იქცა, ამჯერადაც „კლასიკოსობანას თამაშობს“ და ალექსანდრ ოსტროვსკის ქრესტომათიული პიესის თანამედროვე და სანიმუშოდ თეატრალურ-პათანატომიურ სანახაობას გვთავაზობს. თეატრალებს ალბათ უნდა ახსოვდეთ კრიმოვის დადგმული ოსტროვსკის კიდევ ერთი პიესა „გვიანი სიყვარული“, რომელიც  ფესტივალ „საჩუქარზე“ რამდენიმე წლის წინ უჩვენეს.

„უმზითვოს“ თეატრალური მითოლოგია დღემდე სანიმუშოდ მყარია და ჯერ კიდევ კარგად დაზეთილი. მთავარ გმირს, ლარისა ოგუდალოვას მეცხრამეტე საუკუნეში რუსული სცენის ვარსკვლავები - მარია სავინა, მარია ერმოლოვა და ვერა კომისარჟევსკაია თამაშონდნენ. მეოცე საუკუნემ უფრო კინემატოგრაფიული მითები შემოგვინახა, პირველ რიგში, ლეგენდარულ ნინა ალისოვას განსახიერებული ლარისა იაკოვ პროტოზანოვის ფილმში (1937 წ.) და რომანსებითა და კარგი მსახიობებით დახუნძლული „სასტიკი რომანსი“ (1984), რომელიც ელდარ რიაზანოვმა წარმატებული კარიერის ზენიტში გადაიღო. ლარისას როლს ახალგაზრდა მსახიობი ლარისა გუზეევა თამაშობდა, ლარისას დედას - ალისა ფრენდლიხი, ხოლო ლარისას თაყვანისმცემლებს - ნიკიტა მიხალკოვი (პარატოვი), ვიქტორ პროსკურინი (ვოჟევატოვი), ანდრეი მიაგკოვი (კარანდიშევი) და ალექსეი პეტრენკო (კნუროვი).

"მაკბეტი". რეჟისორი: ალესანდრო სერა (ფოტო: ფესტივალის არქივიდან)

მთელი ეს ისტორიულ-კულტუროლოგიური ფონი - საგვარეულო აკლდამასავით ცივი, გრანდიოზული და ხელშეუხებელი, ნებისმიერ შემთხვევაში ხელისშემშლელი იქნებოდა რეჟისორისათვის. ის კი არა, დაახლოებით 15 წლის წინ, ოსტროვსკის პიესების ცნობილმა ინტერპრეტატორმა, პეტრე ფომენკომაც ვერ გაბედა ამ პიესში რადიკალური ცვლილების შეტანა და ვაჭრების სასტიკი, ცინიკური სამყარო რატომღაც ჩეხოვის სინატიფითა დახვეწილობით შემოსა, რითაც სპექტაკლი უბრალოდ, გზასაცდენილ მატარებელს დაემსგავსა, რომელიც სადგურებში განრიგის გარეშე ჩერდებოდა. და აი, კრიმოვის ახალი ვერსია, რომელიც „აკლდამის“ დარაჯებისათვის, ცხადია, შოკისმომგვრელი იქნება. თუმცა არა კრიტიკოსებისათვის, რომლებმაც განსხვავებული შეფასებისა და აქცენტების მიუხედავად, მაღალი შეფასება მისცეს რეჟისორის ნამუშევარს, ხოლო საერთაშორისო ფესტივალებმა - პრიზები და ჯილდოები არ დაიშურა.

რეჟისორის წარმოსახვა კლასიკურ ტექსტს სრულად ათავისუფლებს სავალდებულო ჩარჩოებოდან და თქვენს თვალწინ არა ვოლგისპირა პროვინციული ქალაქის, არამედ მთელი რუსეთის გროტსკული და დრამატული სურათი იხატება. ტექსტში მტკიცედ ჩაბეტონებული ფსიქოლოგიზმი მოულოდნელად კარნავალურობით იცვლება, ხოლო ყოფითი სცენები - კომიკურ პირობითობად. იბადება თანამედროვე და აგრესიული დრამატურგია, რომლის შიგნით გრძნობთ თანამედროვე ადამიანის ცდუნებებს, სიგიჟეს, მარტოობასა და საიდუმლოს. 

ლარისა (მარია სმოლნიკოვას შესანიშნავად თამაშობს ამ როლს და რაღაცით ახალგაზრდა ჯულიეტ ბინოშს ჰგავს) პროვინციული ქალაქის საესტადო დივაა, რომელიც დროდადრო ხმას კარგავს და იძულებულია ფონოგრამით იმღეროს - „ერთადერთი ვარსკვლავი ჩანს ლურჯ ცაზე“. თუმცა ეს ჟანა აგუზაროვას 90-იანი წლების ჰიტია, რომელსაც კონკრეტული, მაგრამ მკვეთრად გასაგები დატვირთვა აქვს. დედას - ხარიტა ოგუდალოვას მამაკაცი (სერგეი მელქონიანი), ასრულებს, რომლის საესტრადო ნომრები, რაღაცით სოციალურ კაბარესაც ჰგავს, კარაოკესაც და ტრავესტიშოუს ელემეტებსაც  მოიცავს. მოქმედება სადღაც მიტოვებულ საწყობსა თუ დანგრეულ კინოთეატრში ხდება, რომლის სკამებზეც სპექტაკლის პერსონაჟები ადგილებს იცვლიან. ერთმანეთის საუბრებს ისმენენ, კომენტარებს აკეთებენ...

"უმზითვო". რეჟისორი: დიმიტრი კრიმოვი

მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვიდეოეკრანზე ვოლგის სანაპირო ჩანს, სადაც სპექტაკლის გმირები სეირნობენ. შემდეგ ისინი ეკრანიდან სცენაზე „გადმოდიან“ და ხილულ თუ უხილავ საზღვარს სცენასა და მაყურებელს შორის შლიან. და ვიდრე ლარისას ბედს  კარიკატურებად ქცეული კნუროვი (კონსტანტინ მუხანოვი), პარატოვი ( ევგენი სტარცევი) და ვოჟევატოვი (ვადიმ დუბნოვი) წყვეტენ, ამასობაში ვიდეოეკრანზე 2008 წლის რუსეთ-ჰოლანდიის ნახევარფინალური მატჩის ფრაგმენტებს უჩვენებენ. რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ წარმოდგენას...ლარისას სიკვდილი კი პირდაპირ ერთმება კომენტატორების ისტერიკას - „რასსია ვ პოლუფინალე!“ რაც მხოლოდ ადასტურებს, რომ სიყვარულის განადგურებასაც და საფეხბურთო კარიკატურულ-პატრიოტიზმს მაყურებელი თანაბარი ვნებათაღელვით აღიქვამს.

საფეხბურთო ვნება არა და არ ცხრება, ხოლო რეჟისორის „შინაგანი ხმა“ გვეუბნება, რომ ლარისა აქ აღარ ცხოვრობს!... ის შორეულ სამყაროში გადასახლდა, სადაც „ეული ვარსკვლავივით კიაფობს ცის კაბადონზე“. როგორც ერთ დროს დამსხვრეული საბჭოეთის უცნაური პოპ-დივა, ჟანა აგუზაროვა მღეროდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^