მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს:
ციცინო შენგელია 33 წლის აქტივისტი ქალია. როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობიდან ფემინისტია, თავისუფალ დროს სახელოსნოში ატარებს, სადაც საყვარელი საქმითაა დაკავებული - ხელთნაკეთ ნივთებს ამზადებს.
ყველაზე მეტად ხეზე მუშაობა უყვარს; საქმე, რომელიც ქალის ხელობად არ არის მიჩნეული. სწორედ ამით ამსხვრევს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ ესა თუ ის საქმე უფრო კაცისაა, ვიდრე ქალის.
ციცინო მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ქალს შეუძლია და აქვს უფლება აკეთოს ის საქმე, რომელიც მას უყვარს.
დააკლიკეთ ბმულს და შემოუერთდით ფემინსტრიმს
პოდკასტში ციცინო თავის ამბავს ჰყვება:
„რადგან მამა ადრე გარდამეცვალა, ქალების გარემოცვაში ვიზრდებოდი. შესაბამისად, არ მქონია ჩამოყალიბებული ხედვა - რა არის ქალისა და მამაკაცის როლი ოჯახში. არ მეგონა, რომ საზოგადოება ამას განასხვავებდა და მისთვის არსებობდა საქმეები, რომლებსაც ქალი ვერ გააკეთებდა, ან რომელსაც კაცი ვერ გააკეთებდა.
გარემოში, სადაც მე ვიზრდებოდი, ვაწყდებოდი უამრავ სტერეოტიპს. კონკრეტულად ჩემს კლასში ბიჭებს მეტი ყურადღება ექცეოდა ტექნიკური საგნების სწავლისას, მათი უპირატესობა იგრძნობოდა თუნდაც ეზოში თამაშის დროსაც.
ეს ყოველთვის აჩენდა ჩემში პროტესტს, ვერ ვხვდებოდი, რით იყვნენ ისინი ჩემზე უპირატესნი და შესაბამისად, ყოველთვის ვიბრძოდი, რომ მათთან თანასწორი ვყოფილიყავი.
მერე ჩამოყალიბდა კიდევ ერთი სტერეოტიპი - კაცის აზროვნება აქვს, ბიჭივით აზროვნებს. ეს განაპირობებული იყო იმით, რომ ტექნიკური საგნები კარგად გამომდიოდა. როცა პატარა ხარ და თავში გიდებენ იმას, რომ არასტანდარტული აზროვნება გაქვს, ქალის გონებისგან განსხვავებული, ეს მიდგომა გბოჭავს, რომ განვითარდე და წინ წახვიდე. ერთი მხრივ, ეს მაკომპლექსებდა, იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი რით ვიყავი განსხვავებული სხვა გოგოებისგან; მეორე მხრივ, ძალიან მიჭირდა იმ სამყაროში, მასკულინურ წყობაში ჩემი თავის აღმოჩენა, რადგან ვიზუალურად სქესი მასხვავებდა.
ბავშვობაშივე მივხვდი, რომ ეს სტერეოტიპი უნდა დამემსხვრია. არ არსებობს ქალისა და კაცის აზროვნება და არ არსებობს ქალისა და კაცის გონება და საქმე, რადგან ყოველი ადამიანის შესაძლებლობა ინდივიდუალურია.
აქტივისტის ცხოვრება რეგიონში მარტივი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გაქვს ძლიერი ქალის იმიჯი, მაინც არ აღიქმები თანასწორად.
უკვე ორი წელია ჩართული ვარ კამპანიაში „თანასწორობა გვჭირდება”, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და პოლიტიკაში მათი ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს. ამ კამპანიაში ჩართვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბევრი ქალი არ არის ჩემს მდგომარეობაში და მათ სჭირდებათ სტიმული, მოტივაცია და უბრალოდ ცოდნა იმისა, რომ მარტო არ არიან.
მინდა გაგიზიაროთ ერთი შემთხვევა, რომელიც ერთ-ერთ კერძო კომპანიაში გადამხდა.
მე ვიყავი იმ თანამდებობაზე, რომელიც კაცის პოზიციად იყო მიჩნეული. ეს ისევ და ისევ იმ სტერეოტიპებიდან გამომდინარე, რომ ეს ქალის საქმეა და ის კაცის. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მე და ჩემი კოლეგა მამაკაცები ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით, სამუშაოს ერთნაირად ვასრულებდით, მაგრამ განსხვავებულ ხელფასს ვიღებდით - მე ნაკლებს.
მერე, როცა დავინტერესდი, რატომ ხდებოდა ასე, მითხრეს, რომ ახალ სახელფასო შკალაში გადასასვლელად ჩემზე უფრო ხანგრძლივი დაკვირვება იყო აუცილებელი, ვიდრე ეს კაცებს სჭირდებოდათ, რადგან კაცები თავიდანვე საქმისადმი უფრო მეტ მონდომებას იჩენდნენ და მეტად მოტივირებულნი იყვნენ, ვიდრე ქალები.
მახსოვს ძალიან მტკივნეულად აღიქვამდნენ შიდა საუბრებში, როცა ვამბობდი, რომ ბავშვი ავად მყავდა. ეს მათში სულ ეჭვს იწვევდა; ფიქრობდნენ - ბავშვთან წასვლას რომ ითხოვს, ალბათ დამატებით სხვა რაღაცებიც სჭირდება. რადგან ქალი ხარ, შენი უფროსი ფიქრობს, რომ მოტივაცია და მონდომება გაკლია, რომ საქმე წარმატებით შეასრულო.
ძალიან დამწყდა გული და დღემდე მახსოვს ფრაზა, როცა ერთ-ერთ თათბირზე უფროსმა მიმართა კოლეგა მამაკაცს, რომ იმ თვეს ის უსაქმურობდა, რადგან ციცინომაც კი შეასრულა გეგმა და მან კი - ვერა. მაშინ მივხვდი, რომ ქალები, რომლებიც წარმატებას ვაღწევთ, ხშირ შემთხვევაში “ც“ დამატებით ნაწილაკად აღვიქმებით და არ ფიქრობენ, რომ ჩვენ იმ საქმის, რომელიც ჩვენს საქმედ არ მიაჩნიათ, უბრალოდ მარტივად შესრულება შეგვიძლია.
ჩემს ქალაქში მიცნობენ როგორც ქალთა უფლებადამცველს. ხშირად მისვამენ შეკითხვას - რატომ მხოლოდ ქალების და არა ადამიანთა უფლებების დამცველი? ქალიც ხომ ადამიანია? რა თქმა უნდა, ქალი ადამიანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საზოგადოებამ სწორად გაიაზროს.
უბრალოდ, როცა ქალებზე ვსაუბრობთ, ქალთა უფლებებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქალებზე, როგორც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფზე. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტებს ფემიციდისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიაზროს ის როლი და მნიშვნელობა, რაც ქალ უფლებადამცველს აკისრია.
სამწუხაროდ, ოჯახში ძალიან ხშირია გენდერული ნიშნით ძალადობა, მსხვერპლი ხშირად ვერ საუბრობს ამის შესახებ, სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოება ხშირად ურტყამს მათ თვითშეფასებას, საზოგადოება კიცხავს მსხვერპლ ქალებს და ქალები ხშირად საკუთარ თავს იდანაშაულებენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ქალებისა და გოგოებისთვის სწავლება, მათი გაძლიერება, დახმარება თვითშეფასების ამაღლებაში, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ და იცოდნენ, რომ ისინი, ამ ბრძოლაში მარტონი არ არიან.
ჩემი აქტივიზმი, ჩემი ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის ჩემი საკუთარი უფლებების დაცვით დაიწყო და სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემს გარემოში უამრავი ქალია მსგავსი პრობლემით, რომლებსაც ამ მომენტში ჩემი დახმარება სჭირდებათ.
მე უამრავი შემთხვევა ვიცი, როდესაც ქალები გამოდიან მანკიერი და ჩაკეტილი წრიდან, არღვევენ სტერეოტიპებს, იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის და წარმატებით აგრძელებენ ცხოვრებას.
ასე რომ, ქალებო, არ დანებდეთ, ყველაფერი წინ გვაქვს“.
ციცინო უკვე რვა წელია ჩართულია აქტივიზმში და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობს. თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან მათთვის სოციალური თუ სხვა ტიპის ბენეფიტების მოსაპოვებლად. ასევე, ჰყავს ქალთა ფორუმ-თეატრის დასი და მათთან ერთად აქტიურად მუშაობს ცნობიერების ამაღლების საკითხებზე.
--------------------------------------------------------------------------------------
ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს “ფემინსტრიმი”. პროექტის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური აუდიო პოდკასტების შექმნის გზით.
პოდკასტების ყოველ ოთხშაბათს ფემინსტრიმის Facebook გვერდზე და „ლიბერალზე" გამოქვეყნდება.