Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"კაბელების საქმის" გათავისუფლებული ბრალდებულები

22 ივნისი 2015

.. კაბელების საქმე, თავდაცვის სამინისტროს ხუთი დაკავებული მაღალჩინოსანი - 2014 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოებამ ეს სიტყვები არაერთხელ მოისმინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე მედიის ყურადღების ცენტრში იყო, მხოლოდ ბრალდებულთა  სახელები და გვარები იყო ცნობილი. თუმცა ამ ადამიანების უკან მათი განვლილი ცხოვრება, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება და ოჯახებია. „ლიბერალი, .. კაბელების საქმის საზოგადოებისთვის უცნობი მხარეების გარკვევას შეეცადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით 19 ივნისს ისინი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

გიზო ღლონტი - თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

პროფესიით შესყიდვების სპეციალისტის გიზო ღლონტის სამუშაო გამოცდილება 28 წელს ითვლის - დაწყებული ქარხნიდან, დამთავრებული თავდაცვის სამინისტროთი. შუალედებში იყო - თბილისის გამგეობა, საგადასახადო, ფინანსური პოლიცია და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტროში მუშაობის გამოცდილება 2008 წელსაც ჰქონდა, თუმცა მცირე ხნით. 2013 წლიდან კი უწყებაში შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა, ვიდრე 2014 წლის 28 ოქტომბერს სამსახურში მიმავალი არ დააკავეს.

გიზო ღლონტი დაკავების დღეს იხსენებს. მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც ამ დროს ფიქრობდა, მისი ოჯახის წევრები იყვნენ, რომელთაც მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის გაგება პროკურატურის ბრიფინგიდან მოუწევდათ. მას ორი შვილი - მეოთხეკურსელი გოგონა და აბიტურიენტი ბიჭი ჰყავს. როგორც მამა ამბობს, მათ სტრესის კვალი დღემდე შემორჩათ. გიზო ღლონტისთვის მთელი ამ თვეების განმავლობაში ყელაზე რთულად გადასატანი ის იყო, რომ სკოლაში მისი შვილის ბოლო ზარსა და გამოსაშვებ საღამოს ვერ დაესწრო.

„მის ცხოვრებაში ეს ერთხელ მოხდა. ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ ასეთ დროს მის გვერდით არ ვიყავი. მე ვერ ვხედავდი, მაგრამ და ჩემი ოჯახის წევრებს საოცარი სტრესის გადატანა მოუხდათ. როდის იჩენს ეს თავს, არ ვიცი”.

თუმცა, მიუხედავად გლდანის #8 დაწესებულებაში გატარებული რვა თვისა, ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნისა და უსამართლობის განცდისა, გიზო ღლონტი ამ პროექტში (ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების პროექტი) მონაწილეობით მაინც ბედნიერია.

შესყიდვების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების პროცესში საკუთარ როლზე საუბრობს. მისი თქმით, ეს პროექტი თავდაცვის ბევრი მინისტრის აუხდენელი ოცნება იყო. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა რომ მასზე იყო დამოკიდებული, ეს 2008 წლის აგვისტოს ომში უკეთესად გამოჩნდა. თუმცა პროექტის დიდი ფინანსური ხარჯისა და თავდაცვის სამინისტროს მწირი ბიუჯეტის გამო წლების განმავლობაში ეს პროექტი განუხორციელებელი რჩებოდა.

გიზო ღლონტი განმარტავს, რომ მათ პროექტის განხორციელების ალტერნატიულ გზებს მიაკვლიეს, რომლის მეშვეობითაც მომსახურებას არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო, არამედ ბევრი სამთავრობო უწყება მინიმალურ ფასად მიიღებდა.

„ამ პროექტით უწყებები ფაქტობრივად უფასოდ მიიღებდნენ იმ მომსახურებას, რომელშიც წარსულშიც და ახლაც სახელმწიფო კოლოსალურ თანხას იხდის. საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ყოველწლიურად ხარჯავენ, ჩვენ კი  21 წლის მომსახურებაში 6 მლნ ლარი გადავიხადეთ”.

გიზო ღლონტი კომპანია „სილქნეტთან” ხელშეკრულების დადების დეტალებსა და პროცედურებს განმარტავს. მისი თქმით, ეს საიდუმლო ხელშეკრულება იყო და შეეძლოთ, რომ რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები ცალ-ცალკე ეწარმოებინათ. მაგრამ გამჭვირვალობის მიზნით, მათ ამ სეგმენტის ცხრა კომპანიას წერილი მისწერეს და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. კომპანიებს შორის „სილქნეტი” და „დელტაკომიც” იყვნენ. გიზო ღლონტის ინფორმაციით, ყველამ თითო, ხოლო „სილქნეტმა” 4 წინადადება წარმოადგინა.

გარდა ამისა, მოგვიანებით კომპანია დამატებითი ინიციატივით გამოვიდა და  თავდაცვის სამინისტროს მომსახურების გაწევა ერთი წლის ნაცვლად 21 წლის განმავლობაში უფასოდ შესთავაზა. შედეგად თავდაცვის სამინისტრო და პროექტში ჩართული სხვა უწყებები მხოლოდ ერთი წლის თანხას გადაიხდიდნენ, 20 წელი კი უფასო მომსახურებას მიიღებდნენ. მისი ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო 60 მილიონამდე ლარს დაზოგავდა. მისი თქმით, უწყებამ კომპანია „სილქნეტს” უპირატესობა სწორედ ამ ნიშნით მიანიჭა.

შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ ედებათ მათ ბრალად გაფლანგვა, როცა მილიონობით ლარი დაზოგეს.

 

არჩილ ალავიძე - თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი.

ე.წ. კაბელების საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული არჩილ ალავიძეა. იგი მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და 83 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს.

მეხსიერების პრობლემების მქონე დედისთვის ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისი ცნობაც შეეძლო. ერთ დღეს კი სახლიდან ისე წავიდა, რომ დედას არც კი დაემშვიდობა. 8 თვის განმავლობაში ეგონა, რომ მისი შვილი მივლინებით საზღვარგარეთ იყო წასული. თუმცა მის გარეშე ყოფნა ძალიან უჭირდა. არჩილ ალავიძის მეუღლე იხსენებს, რომ მისი დედამთილი არჩილს ყოველ ღამე მთელ სახლში ეძებდა.

„კარის ყოველ ზარზე ბავშვი და ჩემი დედამთილი გარბოდნენ. ეგონათ, რომ არჩილი მოვიდა, ბოლოს ზარი საერთოდ გავაუქმე”, - იხსენებს არჩილ ალავიძის მეუღლე.

მივლინება მამის გაუჩინარების მიზეზი იყო არჩილ ალავიძის შვილისთვისაც. მან მამა ბოლოს 2014 წლის 28 ოქტომბერს მაშინ ნახა, როცა ის მას სკოლაში მიჰყავდა. შვილის დატოვების შემდეგ არჩილს გამოსასვლელთან შეიარღებული პირები დახვდნენ და დააკავეს.  

ამ დროს მას მეუღლე კორპუსთან 40 წუთის განმავლობაში ელოდებოდა. იმის გამო, რომ არჩილი არც სატელეფონო ზარს პასუხობდა და მის შესახებ არც სამსახურში იცოდნენ რაიმე, მისი მეუღლე ძალიან შეშინდა. ბოლოს ისევ არჩილმა დაურეკა და უთხრა, რომ დააკავეს.

არჩილის მეუღლე სტომატოლოგია, მაგრამ მისი შემოსავალი ოჯახის სარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. გარდა ყოველდღიური საჭიროებებისა, ოჯახს იპოთეკური სესხი ჰქონდა და მათი მეგობრებისა და ახლობლების თანადგომა რომ არა, ისინი ბინის გარეშე დარჩებოდნენ.

არჩილ ალავიძემ მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა და ბიზნესი წამოიწყო. მოგვიანებით სახელმწიფო მომარაგების სამმართველოში მუშაობდა, რომელიც ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტროდ გადაკეთდა. შემდეგ იყო მრეწველობისა და ეკონომიკის სამინისტროები და სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.

იგი თავდაცვის სამინისტროში 2009 წლის იანვრიდან დაკავებამდე მუშაობდა. უწყებაში მისი საქმიანობის ძირითად სფეროს შესყიდვები წარმოადგენდა.  

არჩილ ალავიძის განმარტებით, პროექტში მისი ჩართულობა მინიმალური იყო და მისი როლი მხოლოდ გარკვეული დოკუმენტების მოწესრიგებით შემოიფარგლებოდა. მას არ შეეძლო არც რაიმე გადაწყვეტილების მიღება და არც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.

არჩილ ალავიძე ამბობს, რომ მას ბრალისა და დანაშაულის შესახებ პროკურატურიდან არავინ დალაპარაკებია და რვა თვე ციხეში ისე გაატარა, რომ ბოლომდე ვერ გაიგო, რატომ დააკავეს. მისი თქმით, პროკურატურას რაიმე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდა, 8 თვის გასვლამდე დაამტკიცებდა. მაგრამ, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე არაფერს აკეთებდა, რადგან მათ მიზანს მიაღწიეს - ირაკლი ალასანია მმართველი გუნდის წევრი აღარ არის.

„ყველაზე შეურაცხმყოფელი ის იყო, რომ არაფრის ახსნა არ იკადრეს. მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ ამ ამბავს, სხვა ახსნა ვერ მომიძებნია. ეს საქმე ბევრად ადრე გაჩნდა პროკურატურაში, მაგრამ თაროზე იყო შემოდებული. საგამოძიებო ორგანოებს გამზადებული საქმეები აქვთ და თუკი მოქმედების ნიშანი ექნებათ, სასწრაფოდ ამოიღებენ”.

 

დავით წიფურია - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი.

დავით წიფურიას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

მისი მეუღლე იხსენებს, რომ 28 ოქტომბერს მას პროკურატურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დავით წიფურია დააკავეს. ეს ამბავი იმდენად დაუჯერებლად ეჩვენა, იფიქრა, რომ ვიღაც ბოროტად ეხუმრებოდა. თუმცა შემდეგ მას მეუღლე დაელაპარაკა და დაუდასტურა, რომ ის მართლა დაკავებული იყო. დეტალების გასარკვევად პროკურატურაში წავიდნენ, თუმცა ამ დრომდე ვერ გაარკვიეს, ბრალდებულები ამ საქმესთან რა კავშირში არიან.

„დიდი სურვილიც  რომ გვქონოდა და ყველაფერზე ხელი აგვეღო, ჩვენ ამას მაინც ვერ ჩავიდენდით. შეიძლება გაფლანგო ის, რაც გაქვს. რაც არ გაქვს, როგორ უნდა გაფლანგო. მე ამ დრომდე ვიცოდი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ფინანსთა სამინისტრო და პრემიერი განაგებს”, - ამბობს დავით წიფურია.

მისი დაკავების შესახებ მხოლოდ უფროსმა შვილმა იცოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია ახალი ამბებიდან გაიგო. უმცროსებს კი ბოლომდე სჯეროდათ, რომ მათი მამა ამერიკაში იყო მივლინებით.

„ორი კვირა გაძლეს ასე. მერე ძალიან განიცდიდნენ, მამა რატომ არ გველაპარაკებაო. ეჭვიც კი ჰქონდათ, რომ მე ველაპარაკებოდი მას, მათ კი არ ვალაპარაკებდი. მაგრამ ბოლომდე ეგონათ, რომ მივლინებაში იყო”, - იხსენებს დავით წიფურიას მეუღლე.

ოჯახისთვის ემოციურთან ერთად ფინანსური თვალსაზრისითაც რთული იყო ეს 8 თვე. მიუხედავად იმისა, რომ დავით წიფურიას მეუღლე სტომატოლოგია, მისი შემოსავალი ოჯახის ხარჯებს ვერ ფარავდა და მათი მეგობრების დახმარების გარეშე ოჯახი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებოდა.

დავით წიფურია 1994 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, საიდანაც ქალაქის მთავარ სამმართველოში გადავიდა, შემდეგ ისევ სამინისტროში დაბრუნდა, ცოტა ხნით პატრულშიც იმუშავა. 2006 წლიდან კი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

ე.წ. კაბელების საქმეში მისი როლი მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რასაც მას მისი თანამდებობა ავალდებულებდა.

„ნებისმიერ ქვეყანაში კი არ დაიჭერდნენ, ძეგლს დაუდგამდნენ იმ ადამიანებს, ვინც ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ასე აამაღლა. ეს არის თავდაცვის სამინისტროს მართვის ხერხემალი. შესაბამისად ეს პროექტი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო”, - აცხადებს დავით წიფურია.

ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა მისთვის საამაყოა და დღეს რომ არჩევნის საშუალება ჰქონდეს, ისევ ისე მოიქცეოდა.

მისთვის გაუგებარია, რა ედება ბრალად.

დავით წიფურიას თქმით, ისინი შეგუებული იყვნენ, რომ 9 თვის განმავლობაში ციხეში მოუწევდათ ყოფნა, თუმცა „კოშმარი” ერთი თვით ადრე დასრულდა.

“მოსამართლე დავით ჯუღელი ჩემთვის მოსამართლის ეტალონია, მან ბოლომდე შეისწავლა საქმე და პროკურატურაზე უკეთესად იცოდა, ე.წ. კაბელების საქმის დეტალები”.

 ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი: სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი  - გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი - გიორგი ლობჟანიძე; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი - არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი - დავით წიფურია დააკავეს. მათ ბრალად  4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

მრავალჯერ გადადებული წინასასამართლო სხდომა ამ დრომდე არ დასრულებულა და სასამართლო არსებით განხილვაზე ჯერ არ გადასულა. მათი დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლე დავით ჯუღელმა ისინი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^