Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარტყოფის პანსიონატი - ცხოვრების ილუზია

25 ივნისი 2015

მარტყოფის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში 68 ადამიანი ცხოვრობს. ბავშვთა სახლების დახურვის შემდეგ 18 წელს გადაცილებული მზრუნველობამოკლებული შშმ პირები სწორედ აქ მოხვდნენ. წლების წინ ქმედუუნაროდ აღიარების გამო უმეტესობა კუთვნილ პენსიას დღემდე ვერ იღებს. დასაქმებული მხოლოდ ორი ადამიანია - ისინიც  იქვე, სახლში, მომვლელებად. რამდენიმე მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსიც შეჩერებული აქვს, რის გამოც პენსია შეუწყვიტეს. ჰყავთ შვილები, რომელთა ნახვასაც იშვიათად ახერხებენ.  დამოუკიდებლად ცხოვრება სურთ, მაგრამ არ აქვთ საცხოვრებელი, არც სამსახური. მათი დღეები ხშირად ზედმიწევნით ერთნაირია,  განაწილებული სამუშაო,  სხვადასხვა ხელსაქმე, ბაღის  და სახლის მოვლა, ერთმანეთზე ზრუნვა, ხანდახან კი არაფრის  სურვილი - ეზოში  მსხდარი მზესა და ცარიელ ქუჩას მიჩერებულები. 

სანამ ჭიშკარს გაგვიღებენ, ნაზი ეტლში მჯდომ მეგობარს ტოვებს და ეზოდან  კითხვებს გვაყრის, აინტერესებს ვინ ვართ, რატომ მოვედით, პენსიას როდის დაუნიშნავენ.  მერე ფოტოაპარატს შენიშნავს და გზადაგზა  სურათის გადასაღებად დანარჩენებს ეძახის.

სახლში შესულებს დერეფანში რამდენიმე ადამიანი გვეხვევა. სათითაოდ  ხელის ჩამორთმევას და საკუთარი თავის  ჩვენთვის გაცნობას ცდილობენ. ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან, თავიანთ ამბებს გვიყვებიან. ზოგს დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა, ზოგს - შვილის ნახვა, ზოგს - გარეთ დარჩენილი მეგობრების ბედი აწუხებს. მათ ნომერს გვაწერინებენ, გვთხოვენ, მოვიკითხოთ, როგორ ცხოვრობენ.

აიდა თავისი ოთახისკენ გვექაჩება. ოთახში სამი საწოლი და კარადები დგას. კედლები ცარიელია. აიდას კარადას ბოქლომი ადევს. ეშინია, მისი ნივთები არავინ აიღოს.  გვეუბნება, რომ პენსიის ფულით ბოქლომი თვითონ იყიდა. ერთი თვის წინ 33 წლის გახდა.

დიანასთან ერთად ოთახს კიდევ ორი გოგო ინაწილებს. ლოლას საწოლის თავზე თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი თავისივე შავ-თეთრი ფოტოებია გაკრული.

დიანა ხელში წერილს გვაჩეჩებს. გვთხოვს დავეხმაროთ მარტყოფის სახლის დატოვებასა და თემქაზე გადასვლაში. 55 წლისაა. ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრება უნდა. ამბობს, რომ იქ მისი ასაკის ხალხი ცხოვრობს. ტელევიზორში იცნო რამდენიმე ადამიანი, რომლებთან ერთადაც ადრე ეკლესიაში დადიოდა. ახლა ისინი ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობენ. 

„მეც მინდა ტელეფონი, კომპიუტერი, ატლასი, კარგი ამხანაგი, მინდა თავისუფალი ცხოვრება, მინდა ვმართო საკუთარი თავი, სანამ შემიძლია. ადრე დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, პედაგოგიური მაქვს დამთავრებული. ავტოგაერთიანებაში გამომთვლელ-ოპერატორად ვმუშაობდი. მერე 17 წელი ელიავაზე ვიმუშავე. პირველები ჩვენ ვიყავით, რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ  და  ელიავას ბაზარი გავხსენით.  მერე ფეხი და ხელი მომტეხეს, მიღალატეს, პანსიონატში მოვხვდი, ჯერ ძევრში ვიყავი, მერე - დუშეთში. 2012 წლის მარტიდან აქ ვარ. მინდა დამოუკიდებლად ვიცხოვრო, პენსია ავიღო“,  -ამბობს დიანა.

წლების წინ სასამართლომ დიანა ქმედუუნაროდ აღიარა, რის გამოც პენსიას ვერ იღებს. მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის დირექტორი ლელა კიკნაძე ამბობს, რომ მათთვის ეს სერიოზული პრობლემაა, სახლში მცხოვრები 68 ადამიანიდან 38 ქმედუუნაროდაა აღიარებული.

აპრილიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სამოქალაქო კოდექსში არსებული მიდგომა შეიცვალა. ცვლილებების მიზეზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამო პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად ცნო. ამის გამო პარლამენტს როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან“ რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.

ტერმინ ქმედუუნაროს ნაცვლად სამოქალაქო კოდექსში გაჩნდა ცნება „ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდაჭერის მიმღები). ცვლილების მიხედვით, „მხარდაჭერის მიმღები“ პირი მიიჩნევა ქმედუნარიან პირად, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეიძლება სასამართლომ დაუნიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში.

„სასამართლო დადგენილებაში ეწერა, რომ პირს ქმედუუნაროდ აღიარებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაენიშნოს მეურვე. მეურვე მათ არავინ ჰყავდათ.  სოც. სამსახური მათი კანონიერი წარმომადგენელია. აქ არის პრობლემა, ადამიანს შეუძლია სახელმწიფოს მიერ დარიცხული პენსია განკარგოს, მაგრამ  ამის უფლება არ აქვს, ეს თანხა გროვდება.  13 ივლისს გვაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთ-ერთი მომჩივანი ჩვენი ბენეფიციარია. ვითხოვთ გადაიხედოს მისი საქმე და მას კუთვნილი პენსიის განკარგვის საშუალება მიეცეს”, - ამბობს ლელა კიკნაძე.

ის ერთ-ერთი მომჩივანი 40 წლის მარიკაა. ფოთში დაიბადა და გაიზარდა, ბავშვობაში ავარიაში მოხვდა, ფეხი დაუზიანდა. ადრეულ ასაკში დაოჯახდა, მაგრამ შვილთან ერთად მალევე სახლში დაბრუნდა. რთული ცხოვრების გამო, ჯერ თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, შემდეგ რამდენიმე სახლი გამოიცვალა. გახსნის დღიდან მარტყოფის პანსიონატში ცხოვრობს. მისი შვილი უკვე 22 წლისაა. ბებიამ გაზარდა.

„ჩემი შვილის იმედით ვცოცხლობ. დედაჩემი თავს ევლება, მზრუნველობას  არ აკლებს. მე არ ჩავდივარ, თვითონ ჩამოდის ხოლმე.  როცა ვფიქრობდი, რომ ამქვეყნად ყოფნა აღარ მინდოდა, მაშინ  ჩემი შვილი გამოჩნდა,  ჩემს სანახავად მოვიდა. პენსია რომ მქონდეს, ჩემს შვილს გავუგზავნიდი. პენსია იმისთვის მინდა, რომ პატივი ვცე იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის ძვირფასია. ხანდახან სახლიდან ოც ლარს მიგზავნიან და ქვეყანა ჩემი მგონია“, - ამბობს მარიკა.

მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. როგორც სახლის ფსიქოლოგი რუსუდან მანგოშვილი ამბობს, მთავარი აქცენტი შრომით თერაპიაზეა. ექვს თვეში ერთხელ ხდება ბენეფიციარების შეფასება და ინდივიდუალური გეგმის მიხედვით აქტივობები იგეგმება. შრომით თერაპიაში ქარგვა, ქსოვა, ბაღის მოვლა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა იგულისხმება.

„საყოფაცხოვრებო უნარების გამომუშავების მიზნით ბენეფიციარებს განაწილებული აქვთ ტერიტორია,  რომელ დღეს რომელმა უნდა დაალაგოს და დაასუფთაოს. მოსწონთ  ეს პროცესი, თვითრეალიზებას ახდენენ.  როცა ჩაკეტილ სივრცეში ხარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სურვილების მიხედვით სხვადასხვა საქმიანობაში არიან ჩართული. მათთან საგანმანათლებლო კუთხით არავის უმუშავია ისე, რომ შემეცნებითი უნარები ჰქონდეთ განვითარებული. ამიტომ ამ მხრივ რთული მუშაობა გვიწვეს, თან ამ ასაკში უფრო ხანგრძლივი პროცესია და ამის შესწავლა უფრო რთულია“,  - ამბობს ფსიქოლოგი.

სახლში სულ 28 მომვლელი, ექიმი-თერაპევტი, ფსიქოლოგი, ექიმი-ფსიქიატრი, ოთხი ექთანი, ერთი უფროსი მედდა მუშაობს. ასევე, მზარეული, მისი დამხმარე, დამლაგებლები, მუსიკისა და ქარგვის პედაგოგები.

მადონას და ირმას ოთახის კედლები მომღერალ დიანა ღურწკაიას ფოტოებითაა დაფარული. ირმა ეტლში ზის, მადონა გვერდიდან არ შორდება, სულ მასზე ზრუნავს. ათი წელია  მეგობრობენ, ქუთაისიდან ერთად გადმოიყვანეს მარტყოფის სახლში.

მადონას ხუთი წლის შვილი ჰყავს. საპატრიარქოს ბავშვთა სახლში იზრდება. სულ ერთხელ ნახა. სოციალურმა მუშაკმა მარტყოფში ჩამოიყვანა. უნდოდა ცოტა ხნით მაინც მასთან დაეტოვებინათ, მაგრამ უთხრეს, რომ არ შეიძლებოდა. მადონამ შვილის მამა ქუთაისის მზრუნველობამოკლებულთა პანსიონატში გაიცნო. მარტყოფში გადმოსვლის შემდეგ კაცი ამოეწერა ინსტიტუციიდან და დამოუკიდებლად ცხოვრობს. მადონამ დარჩენა ამჯობინა.

ქუთაისში ცხოვრების ათი წლის მანძილზე მადონა პენსიას იღებდა. ბავშვობაში გადატანილი ოპერაციის გამო ერთი ფილტვით ცხოვრობს, ამას ერთვის ბრონქული ასთმა. ერთი წელია გარდაბნის რაიონის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამო მას სამედიცინო ჯგუფი შეუცვალეს და პენსია შეუწყდა. სახლის თერაპევტის აზრით,  მადონა საავადმყოფოში უნდა დაწვეს, გამოკვლევები ჩაიტაროს და კომისიაზე თავიდან გავიდეს. მადონა საავადმყოფოში დაწოლაზე უარს ამბობს.

არავინ აკითხავს. დედა გარდაეცვალა. ცნობათა ბიუროში მამას მიაკვლია, დაურეკა - “ვინ მოგცა ჩემი ნომერიო,  მე ვუთხარი ღმერთმა მომცა-მეთქი. ყურმილი დამიკიდა“.

დედამ სიმაც სულ პატარა მიატოვა. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლიდან სენაკის ბავშვთა სახლში მოხვდა. აღმზრდელი დაეხმარა და მშობლები იპოვა.

„შემახვედრეს მშობლებს, მაგრამ მათ არ მიმიღეს. პანსიონატში გაზრდილი ხარ და მრცხვენიაო, დედამ მითხრა. დამემართა დეპრესია. ძმები და დები ვნახე, მათაც უარი თქვეს ჩემს მიღებაზე. დედამ მითხრა, ძალიან ცუდად იყავი და იმიტომ მიგატოვეო.  ახლა სულ ვტირი ხოლმე. ვფიქრობ, რატომ არ უნდათ ჩემი დანახვა. მამამ თავიდან კარგად მიმიღო, მაგრამ მერე ისიც დედის აზრზე გადავიდა. შერცხვება ოჯახიო, აქ რომ იცხოვროო და საერთოდ დაგვივიწყეო. ამიტომ ჩემმა ძმამ 20 წლის ასაკში ისევ სენაკში დამაბრუნა. მას შემდეგ არავინ მინახავს. ახლა 30 წლის ვარ, არც მირეკავენ, არ მკითხულობენ“, - ამბობს სიმა.

ოთახში და-ძმების, მეგობრების და მასწავლებლების ფოტოები აქვს გაკრული. სიმღერაში მიღებული სიგელიც კედელზეა. 

ყველა ოთახი ერთნაირია, საწოლების განლაგებაც კი იგივე, მხოლოდ კედლებზე გაკრული ფოტოები და ნახატები იცვლება.

ერთი ოთახი განსხვავებულია, სახლის მესამე სართულზე. ოთახიდან გამოქცეულ ბიჭს მომვლელი ისევ უკან აბრუნებს. კარს იქეთ მძიმე სუნი დგას, ოცამდე ადამიანი ოთახის სხვადასხვა კუთხეში მიყუჟულა, ნაწილი იატაკზე წევს, ნაწილი ეტლში ზის.

სახლის ყველაზე აქტიური მცხოვრებლები ჯერ მუსიკის ოთახში, მერე შრომის ოთახში გვეპატიჟებიან. მაგიდის ირგვლივ შემომსხდარი გოგონები ქარგავენ. გამჭვირვალე პარკებში უკვე შესრულებული ნამუშევრები ალაგია. ხშირად გამოფენებზე იღებენ მონაწილეობას და მათ ნამუშევრებს ყიდიან.

მარი ქარგვას გულს ვერ უდებს. ის პანსიონატში ყველაზე პატარაა. 19 წლის. სხვების მსგავსად მანაც რამდენიმე ბავშვთა სახლი მოიარა. 6 წლამდე ქუთაისში, ოჯახში იზრდებოდა. დედამ ოჯახი მიატოვა, მამამ ბავშვთა სახლში წაიყვანა. წლების მერე და-ძმებმა იპოვეს. ძმამ რამდენჯერმე მოაკითხა.  საოჯახო ტიპის სახლში გადასვლა უნდა. ამბობს, რომ იქ ცოტა ხალხი და უფრო კარგი გარემო იქნება.

მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი 2012 წელს გაიხსნა. შენობა ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა. როდესაც ბავშვთა სახლები დაიშალა. 18 წელს გადაცილებული შშმ ადამიანები მარტყოფის პანსიონატში გადმოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრი იყო, მარტყოფის სახლის მხოლოდ 70 ბენეფიციარზე მოწყობა მოხერხდა. პანსიონატის დირექტორი ლელა კიკნაძე ამბობს, რომ სერიოზულ საკითხად რჩება ადგილების რაოდენობა. კოჯრის ბავშვთა სახლში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც 18 წლის ხდებიან,  მათი მინდობით აღზრდაში გაყვანა პრობლემაა, რადგან მსურველი ოჯახი არ არსებობს, სპეციალიზებულ ინსტიტუციებში კი მათთვის ადგილი არ არის.

„მათი აქ მოხვედრის შანსი მინიმალურია. რიგი ძალიან ნელა გადის, ფაქტობრივად არ გადის. იმის შანსიც მინიმალურია, რომ  ოჯახის წევრები მოაკითხავენ და წაიყვანენ.  როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოდან ვიცი, მარტყოფის პანსიონატში ჩარიცხვაზე ძალიან დიდი რიგია. როცა დეინსტიტუციონალიზაციაზე ვსაუბრობთ, მაშინ ამ დაწესებულებაში მიღება უნდა შეწყდეს და სამსახურებმა ამ ხალხის გაყვანაზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რადგან  ეს დაუსრულებელი პროცესი იქნება“, - ამბობს ლელა კიკნაძე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პანსიონატში განსაკუთრებით აწუხებთ, დამოუკიდებლად ცხოვრების მსურველი ბენეფიციარებისთვის თავშესაფრის არარსებობაა. პანსიონატში ორი წყვილი ცხოვრობს. გიას და მანიას შვილები საპატრიარქოს ბავშვთა სახლში იზრდებიან, სოფოს და ანატოლის  შვილი მინდობით  აღზრდაშია.

„მათ სჭირდებათ ჭერი, წავლენ და საკუთარ შვილთან ერთად  ცალკე იცხოვრებენ. სოფო და ანატოლი, ორივე მზრუნველობამოკლებულები იყვნენ. არ უნდათ მათმა შვილმაც იგივე გამოიარაოს. ვმუშაობთ იმაზე, რომ საკუთარი ფართი ჰქონდეთ. რთული საკითხია, რადგან სახელმწიფო გეუბნება, რისი საშუალებაც მქონდა  დაგაკმაყოფილე, გაქვს თავშესაფარი. კანონმდებლობაში წერია, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობა ვალდებულია 18 წელს მიღწეულ პირი, რომელიც ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ცხოვრობს, საცხოვრებლით უზრუნველყოს,  მაგრამ ეს მხოლოდ ჩანაწერია. ჩემს პრაქტიკაში ეს არასდროს აღსრულებულა“, - ამბობს ლელა კიკნაძე.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^