Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰანს-იოზეფ ფელი: “კაცობრიობა უნდა გამოვიდეს ძველი, ტრადიციული ენერგიის წარმოებიდან”

29 ივნისი 2015

ჰანს-იოზეფ ფელი: მისი ავტორობით შეიქმნა გერმანიის "კანონი განახლებადი ენერგიის შესახებ", რომლითაც 2000 წ. ენერგეტიკის სფეროში გარდამავალი ეტაპი დაიწყო. მოგვიანებით ეს კანონი სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს. ფელი არის გერმანიის მწვანეთა პარტიის წევრი. 1998-2013 იყო გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და მუშაობდა სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფში, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიისა და ენერგეტიკის სფეროს პოლიტიკის საკითხებით იყო დაკავებული. ბ-ნ ფელს რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული განახლებადი ენერგიის დარგში ისეთი საკითხების შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობისათვის, როგორიცაა მზის ენერგიის ტექნოლოგიები, ჰელიოთერმული და გეოთერმული ენერგეტიკა, ბიოენერგია და ბატარეები ელექტრონული მანქანებისათვის. ამჟამად ის ენერგეტიკის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრია. ეს ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისა და პარლამენტის წევრების გაერთიანებაა, რომელიც მსოფლიოში ენერგეტიკის დარგის განვითარების საკითხებზე კვლევებს აწარმოებს და შესაბამის მასალებს აქვეყნებს.

ჰანს-იოსეფ ფელი მთავარი გამომსვლელი იყო 12 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - "სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი".

ლიბერალი ჰანს იოზეფ ფელის ესაუბრა:


თქვენ დაესწარით კავკასიის ენერგეტიკულ კონფერენციას. რა შთაბეჭდილებით მიდიხართ?

კონფერენცია ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან მან შეკრიბა განახლებადი ენერგიების ლობისტები. ასეთი კონფერენციების დროს, ხალხი ერთმანეთს ხვდება, გამოცდილებას იზიარებს, ერთმანეთის შრომას ეცნობა და ამდენად, ბევრი სიკეთე მოაქვს.

მიდის თუ არა საქართველო სწორი ენერგეტიკული კურსით?  რას ფიქრობთ ქვეყნის ენერგეტიკულ სტრატეგიაზე?

საქართველოში, მთავრობა თითქოს ფიქრობს განახლებად ენერგიებზე და ენერგოეფექტურობაზე, მაგრამ ჩარჩოიდეა იმდენად სუსტია, რომ ძნელი იქნება სერიოზული მიზნების მიღწევა.  ამიტომ აუცილებელია, რომ მედია და საზოგადოება ჩაერთოს ამ დისკუსიაში. რაც უფრო მეტხანს რჩება სახელმწიფო წიაღისეული ენერგიის იმედად, მით მეტი იქნება პრობლემა, როგორც გარემოსდაცვითი კუთხით, ასევე სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ხალხმა ეს უნდა შეიგნოს. მაგალითად, ახლა დიდი დისკუსიაა, ე.წ. ნახშირბადის გაბერილ ფასებზე (carbon bubble).  უფრო კონკრეტულად კი ეს ნიშნავს, რომ წიაღისეულის ენერგიების რესურსებში ჩადებული ინვესტიციები ტვირთად აწვება დამფინანსებლებს - მსოფლიოს უდიდეს ბანკებს. ამიტომ, ის ქვეყნები, რომლებიც ამ მიმართულებით მიდიან, მალე ეკონომიკურ პრობლემებს წააწყდებიან. ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ ამას და პრიორიტეტი სუფთა ენერგიებისკენ მივმართოთ.

რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ეს არა მხოლოდ გარემოსდაცვით, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს?

მაგალითად, შევხედოთ ამერიკაში “ფიქლის” (შეილის) გაზის  ბიზნესს.  შეილის გაზი და შეილის ნავთობი იმდენად ღრმადაა დედამიწის ზედაპირიდან და იმდენად ძვირი ჯდება მისი ამოღება, რომ ინვესტორები უკვე ვეღარ რისკავენ ფულის ჩადებას, რადგან დიდხანს აღარ უბრუნდებათ დაბანდებული ფული.  ასე რომ, ეს ბიზნესი უკვე ეკონომიკური წნეხის ქვეშაა.  მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიარდს უტოლდება ამ სფეროს დასაფინანსებლად აღებული სესხების ოდენობა. ბანკებს ეშინიათ, რომ ისინი ვეღარ ამოიღებენ გაცემულ ვალებს.

მომავალ წლებში, როცა წიაღისეულის ენერგიის ფასები მათი მარაგების სწრაფი კლების გამო მოიმატებს, ეკონომიკური კრიზისი ახალ ფაზაში შევა.  განახლებადი ენერგიები ახლა მათთან შედარებით იაფია, ხოლო მომხმარებელს უყვარს სიიაფე. ამიტომ წიაღისეულის ენერგიის ბიზნესი ორმაგ გასაჭირშია:  გაზრდილი ფასების პარალელურად დაიკარგება მომხმარებელი. ეს ინვესტორებზე იმოქმედებს ცუდად.

გქონდათ თუ არა დრო, დაკვირვებოდით, რამდენად იცნობს საქართველოს მთავრობა ამ ტენდენციებს და რას აკეთებს მათ დასანერგად?

დიახ, მქონდა დრო, დაველაპარაკე ენერგეტიკის მინისტრებს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავრობას უნდა ამ გზით სიარული. მაგრამ როცა ვკითხე, როგორ და რა გათვლებით, მაინცდამაინც ძლიერი არგუმენტები ვერ მოვისმინე. ასეთ დროს მედიას აქვს მნიშვნელოვანი როლი, რომ გააშუქოს, რა ხდება მსოფლიოში, რა გამოცდილებაა დაგროვილი.  მაგალითად, “გარდიანი” არის ბრიტანული გამოცემა, რომელიც სულ აშუქებს ასეთ საკითხებს. თუმცა არსებობენ მედიები, რომლებიც ბიზნესსექტორთან და ტრადიციული ენერგიების ბიზნესთან არიან მჭიდრო კავშირში (მათით ფინანსდებიან) და მათგან არ უნდა ველოდოთ მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის მიღებას. როცა მედია კარგად მუშაობს, ხალხი იგებს და იღებს სიახლეს, ითხოვს მის დანერგვას და პოლიტიკოსებს სხვა გზა არ აქვთ, რომ არ მისდიონ მათ ნებას: მათ უნდა შექმნან ახალი სტრატეგია, ფეხი აუწყონ მსოფლიოს ტენდენციებს.

მთელი კავკასია ახლა იწყებს ფიქრს განახლებად ენერგიებზე. კარგი დროა, ეს ქვეყნები გაერთიანდნენ, დასახონ ახალი მიზნები ერთად და აიღონ მაგალითი ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა, მაგალითად, დანია, შვედეთი, კოსტა-რიკა, შოტლანდია, ჰავაი და ასე შემდეგ. ამ ქვეყნების მიზანია, საბოლოოდ 100 პროცენტით გადავიდნენ განახლებად ენერგიებზე. საქართველოც ამ გზას უნდა დაადგეს.

მანამდე ახსენეთ, რომ ბაქოში იყავით კონფერენციაზე.  რა იყო იქ მთავარი თემა?

ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო მზის ენერგიის პოტენციალზე კავკასიის რეგიონში. ვნახე არაერთი ინვესტორი, ვინც მზადაა ამ სექტორში ჩადოს ფული.  ტრადიციული ენერგიის ბიზნესში მყოფი ხალხიც აზერბაიჯანში უკვე ფიქრობს, რომ წიაღისეულის ენერგიიდან, განახლებადზე გადავიდნენ.

ამის კარგი მაგალითი გერმანიაში გვაქვს: მაგალითად, კომპანია E.ON - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვანახშირის და ატომური ენერგიის მწარმოებელი კომპანია - განახლებადი ენერგიის ბიზნესზე გადადის, იმიტომ რომ გერმანიაში საბოლოოდ უნდა შეწყდეს ატომური ენერგიის წარმოება.  მგონია, რომ დანარჩენმა კომპანიებმაც უნდა მიბაძონ E.ON-ს.

ჩვენ სხვა სურათი გვაქვს კავკასიაში. მაგალითად, სომხეთი ახალი ატომური ენერგიის რეაქტორის აშენებას აპირებს …

მოკლედ გეტყვით სომხეთზე: თუ სომეხმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი რეაქტორი ააშენონ, სრულიად შემცდარან.  როცა ახალ რეაქტორს აშენებ, ეს დიდი ფინანსური კატასტროფაა: მაღალი ღირებულების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის, ხალხის მიერ ატომური ენერგიის მიუღებლობის გამო. შეხედეთ რა ხდება ორ ატომურ რეაქტორზე ევროპაში: ერთი ფინეთში რომ შენდება და მეორე - საფრანგეთში. ორივე ფინანსური კატასტროფის მაგალითია. 3-ჯერ მეტი ხარჯები გახდა საჭირო ასაშენებლად, ვიდრე თავიდან თვლიდნენ. 10 წლის განმავლობაში ის ენერგიას არ მოიტანს.

სომხეთმა რომ ეს რეაქტორი მართლა ააშენოს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მესამედი დასჭირდება და ვინ უნდა გადაიხადოს ეს კოლოსალური თანხა?  მაგრამ, თუ სომხეთში ხალხი მზის და ქარის ენერგიის შესაძლებლობებზე ალაპარაკდება, ამ ენერგიის ფასიც ნაკლები იქნება და ატომური ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო მსხვერპლს, მათ შორის, ატომურ ნარჩენებს, ნამდვილად გადასწონის.

როგორც ვიცით, სომხეთი დიდადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე, რაც მათ ასევე ენერგეტიკულად მოწყვლადს ხდის …

ყველა ქვეყანა, მათ შორის, ევროპული, რომელსაც ნედლი წიაღისეული პროდუქცია შემოაქვს სხვა ქვეყნიდან, დიდ პრობლემებს აწყდება იმპორტირებული პროდუქციის ფასების გამო. ეს არც შიდა ეკონომიკას ეხმარება, რადგან დასაქმება გარეთაა და არა შიგნით. ფული გარეთ მიდის, დიდი ვალებია აღებული ამისთვის.  ამჟამად ევროპა ვალებშია ჩაფლული წიაღისეული ნედლეულის შემოტანის ხარჯების გამო.  ფინანსების გარდა, ეს ერთ ქვეყანას მეორეზე ენერგეტიკულად დამოკიდებულს ხდის. თუ გინდა, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი იყო, ის ენერგია უნდა გამოიყენო მაქსიმალურად, რაც შენს ქვეყანაში გაქვს.  ბევრ ქვეყანას მსოფლიოში აქვს მზის და ბიოენერგია: ამ კუთხით, წარმოუდგენელი შესაძლებლობებია.  მაგრამ ზოგი ქვეყნის შემთხვევაში, პრობლემა შესაბამისი ტექნოლოგიების ნაკლებობაა.

დიახ, ამის წინააღდეგ არის არგუმენტები, რომ ტექნოლოგიები არაა და რაც არის, არც თუ ისე იაფია …

ეს არგუმენტი ვალიდური იყო 5 წლის წინ. განახლებადი ენერგიები ძვირი იყო, მაგრამ ხალხი, ვინც ამას ამბობს, თვალყურს არ ადევნებს, რა ძვრები ხდება ამ მიმართულებით: მზის და ქარის ენერგიები ბევრად იაფია, მით უმეტეს, თუ შევადარებთ გაზის, ქვანახშირის და ატომურ ენერგიებს.  ტრადიციული,  ძვირი ენერგია ისტორიას ეკუთვნის. გაზი, ნავთობი და ატომური ენერგია მალე კიდევ უფრო გაძვირდება, როცა მათი მარაგები ამოწურვის საზღვრამდე მივა.

დღეს უკვე მასობრივად იწარმოება მსოფლიოში განახლებადი ენერგიები და დღეიდან 10 წელიწადში ის უფრო გაიაფდება.

რა შეღავათებს მიიღებს საქართველო განახლებადი ენერგიებისგან?

თუ საქართველო სუფთა ენერგიის სტრატეგიას აირჩევს და 100 პროცენტით განახლებადი ენერგიის წარმოებას დაისახავს მიზნად, მრავალი შეღავათი ექნება: ენერგოუსაფრთხოება შინ წარმოებული ენერგიის გამო, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილების პრევენციაში მონაწილეობის მიღება, ხალხის დასაქმება. როცა ყველა განახლებად ენერგიას იყენებ: მზის, ქარის, ბიოენერგიას, ჰიდროენერგიას. ზოგჯერ კარგია დამბების აშენებაც, მაგრამ ეს პროცესი მდგრადი უნდა იყოს. ხოლო ნავთობი, ქვანახშირი და ატომური ენერგია არასოდეს აღარ იქნება მდგრადი.

რა ამოცანების წინაშე დგანან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები განახლებადი ენერგიების დანერგვამდე, საწყის ეტაპზე?

ბოლო 2 წელია, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები დიდ ინვესტირებას აკეთებენ განახლებად ენერგიებში: ჩინეთი, ბრაზილია, აფრიკა, სამხრეთი ამერიკა (კოსტა რიკა). ისინი მიხვდნენ, რომ განახლებადი ენერგიის ბაზარი საუკეთესოა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობისთვის.  ეს ჯერ კიდევ ახალი ხილია ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რუსეთში და დედამიწის სხვა ნაწილებში, მაგრამ ერთი ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი - ვინც გვიან შეუერთდება ამ მიმართულებას, ეკონომიკურად დაზარალდებიან და ეს უკვე სახეზეა.

რა იქნება ჩვენი გამოწვევა?

განსაკუთრებით დიდი გამოწვევა აზერბაიჯანს აქვს: ქვეყანას, რომელიც ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია. ამ სექტორს ბევრი დასაქმებული ჰყავს და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო ადგილები არ დაიკარგოს.  ნავთობისა და გაზის სექტორში დასაქმებული ხალხი განახლებადი ენერგიის სექტორში უნდა დასაქმდეს, რომ არ მივიღოთ ეკონომიკური კოლაფსი და სოციალური აფეთქება.

მაგალითად, ავიღოთ ბიოგაზი. ამის მწარმოებელი პერიფერიებში დასახლებული ხალხია. მიეცი მათ მიწა და  დაასაქმებენ ხალხს ბიოგაზის ინფრასტრუქტურის აშენების დროს, ააშენებენ ახალ სახლებს, სოფლებს და იხეირებენ როგორც ენერგიით, ასევე ეკონომიკის განვითარებით იმისგან განსხვავებით, რაშიც არიან ისინი დღეს დასაქმებულები: ტრადიციული ენერგიის წარმოებაში.

ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანში ნავთობის უდიდესი მწარმოებელი კომპანია “სოკარი” სახელმწიფო კუთვნილებაშია. საქმე გვაქვს უდიდეს შემოსავლებთან და კორუფციასთან. თქვენი აზრით, ასეთი ბიზნესი როგორ უნდა გადაიქცეს ახალი ტექნოლოგიების, მწვანე ბიზნესად?

დიდი მწარმოებლების და მათი ძველი ტექნოლოგიების ლობი მთელს მსოფლიოში დიდია.  ამის გამო ხდება დიდი უკუსვლა და მუშაობს კლიმატის, გარემოს და საზოგადოების კეთილდღეობის საპირისპიროდ.  კორუფცია ყველგან არის.  არსებობს ანტიკორუფციული კანონები, მაგრამ კორუფცია მაინც ჩნდება.  სწორედ ამიტომ მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ ახალი სტრატეგია კორუფციის წინააღმდეგ.

მთავრობამ რა უნდა შეიმუშავოს, როცა მთავრობისაა ეს ბიზნესი?

ამ დროს ხალხი, არასამთავრობო სექტორი უნდა გამოვიდეს.  ბრალი დასდონ კორუმპირებულებს, ციხეში ჩასვან, მიიღონ ანტიკორუფციული კანონები და საკუთარ ქვეყნებში დანერგონ. ამით მაგალითი მისცენ სხვას, რომ ვინც კორუმპირებულია, ციხე არ ასცდება. ასე სხვებსაც შეეშინდებათ.

დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებსაც კი უნდა მშვიდობა საკუთარ ქვეყანაში. თუ ისინი დაინახავენ ხალხის უკმაყოფილებას, სოციალურ აფეთქებას, სიტუაცია შეიცვლება.  პოლიტიკოსები სულ წნეხის ქვეშ უნდა იყვნენ, რომ თუ კორუმპირებულები იქნებიან, მათ არ აქვთ მომავალი არცერთ ქვეყანაში.

საქართველოს მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, რომ ჰიდროენერგიების ნაცვლად ხედვა სხვა განახლებადი ენერგიებისკენაც მიმართოს?

თუ ხედავ, რომ შენს ქვეყანაში ქარის და მზის ენერგიების პოტენციალი გაქვს, უნდა ეძებო ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ამ ენერგიებს ელექტროენერგიად გარდაქმნის.  მაგალითად, თუ გაქვს ბიოსაწვავი, ის მდინარეში კი არ უნდა გადაყარო, არამედ გადაამუშაო და ენერგია გამოიმუშაო.

ბევრი შესაძლებლობა არსებობს ამ კუთხით. მთავარია, ამის დანახვა და ხედვის ჩამოყალიბება. ინვესტიციები კი გაჩნდება, როგორც კი მთავრობა სტრატეგიას შეადგენს.

როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობა აქტიურად ლობირებს დიდ ჰესებს. რას ფიქრობთ ამაზე?

ჰიდროენერგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგიაა, რომლის გამომუშავების დროს გარემოში მავნე გამოფრქვევები არ ხდება. ეს ენერგია სუფთა და განხლებადია და ასევე კარგი შემავსებელია არასტაბილური მზისა და ქარის ენერგიების მერყეობის პერიოდში.  მაგრამ, როცა შენ გაქვს ქარისა და მზის ენერგიაც, ამდენი ჰიდროენერგიის წარმოება აუცილებელი არაა.  შესაძლოა, შეამცირო ინვესტიციები ჰიდროს მიმართულებით და შეავსო ის მზისა და ქარის ენერგიაში ჩადებული ინვესტიციებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰიდროენერგია კი არის განახლებადი, მაგრამ მისი წარმოებაც უნდა იყოს მდგრადი: ესაა გადამწყვეტი. ამისთვის ხალხის სხვაგან გადასახლება არ უნდა იყოს საჭირო და ამასთან დაკავშირებულ სოციალურ აფეთქებებს არ უნდა იწვევდეს.

ჯერ უნდა გაიგო, რამდენი მზისა და ქარის ენერგია გაქვს და რაც გაკლია, ის შესაძლოა, ჰიდროთი ამოავსო.  პრობლემა ისაა, რომ მთავრობა გამოსავალს მხოლოდ ჰიდროთი განვითარებაში რომ  ხედავს.

ზოგადად, ჰიდროენერგია ძველი, საბჭოთა დროის ბიზნესგადმონაშთია. ის ევროპის ქვეყნებშიც და ჩინეთშიც გვხვდება დღეს და დაკავშირებულია ტრადიციულ კორუფციასთან და ამიტომაც არის საშიში. საბედნიეროდ, თქვენ არ გაქვთ ატომური ენერგია: მოსალოცი ამბავია.

კაცობრიობა უნდა გამოვიდეს ამ ძველი, ტრადიციული ენერგობიზნესებიდან.

დღეს არაერთი ქვეყანა აკეთებს კვლევებს იმაზე, თუ რა ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ყველა სფეროში. მაგალითად, ფინეთს 100%-ით განახლებად ენერგიებზე გადასვლა აქვს გადაწყვეტილი.  ეს წამახალისებელი შეიძლება იყოს საქართველოსთვის: გააკეთოს 100%-ით განახლებადი ენერგიების გეგმა, დაითვალოს, რამხელა ქარის და მზის ენერგიის პოტენციალი აქვს და როგორ მოახდენს ამის კომბინაციას.

რა სოციალურ შემდეგებს უნდა ველოდოთ განახლებადი ენერგიების ბიზნესში? მაგალითად, ცნობილია, რომ “ენერჯივენდეს” დადებითი სოციალური შედეგები ჰქონდა…

საქართველო ისეთივე შეღავათებს მიიღებს, როგორც დანარჩენი მსოფლიო. მაგალითად, გერმანიაში განახლებადი ენერგიების სექტორში 10 წლის წინ 40 000 დასაქმებული გვყავდა. ახლა კი ეს რიცხვი 400 000-ია.  გარდა დასაქმებისა, ხალხი თვითონაც დებს საკუთარ ფულს ახალ ტექნოლოგიებში და განახლებად ენერგიაში. ნებისმიერი გამოკითხვისას ჩანს, რომ გერმანიის მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს განახლებად ენერგიებს და მხოლოდ 5 პროცენტი უჭერს მხარს, მაგალითად, ატომურ ენერგიას.

ის ხალხი კი, ვინც ტრადიციულ ენერგიას უჭერს მხარს, ამ ბიზნესიდან არიან და იქიდან იღებენ ფულად სარგებელს.  ესენი არიან მდიდარი და კორუმპირებულები ხალხი. შეხედეთ “სიმენსის” მაგალითს:  “სიმენსი” კორუფციაში დაადანაშაულეს, საქმე ეხებოდა კომპანიის ბიზნესინტერესებს ტრადიციული ენერგეტიკის სფეროში.

ფუკუშიმას მერე, გერმანიაში მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება ატომური ენერგიის მიმართ. მანამდე თუ ამას მხოლოდ მწვანეები და სოციალ-დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ, ახლა კონსერვატორები და ლიბერალებიც ეწინააღმდეგებიან, რადგან ყველამ ზუსტად იცის, რომ თუ ასე არ იქნება, არჩევნებზე ხალხის ხმას დაკარგავენ.

10-20 წლის წინ განახლებადი ენერგიები ბევრად ძვირი იყო, ვიდრე დღეს. გერმანიისთვის ეგ გზა გრძელი და სირთულეებით აღსავსე იყო, მაგრამ შესაძლებელი საზოგადოების წნეხის და მოთხოვნის შემდეგ გახდა. ახლა ტექნოლოგიები იაფია და სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ მაგალითის აღება.

ჩინეთი ამ პროგრესისთვის ფეხის აყოლის საუკეთესო მაგალითია. ჩინეთი დიდ ინვესტირებას აკეთებს განახლებად ენერგიებში: შეიძლება ითქვას, ამ კუთხით, მსოფლიო ლიდერია. ისინი უკვე იწყებენ ქვანახშირის აკრძალვას.

რაც უფრო ჩამორჩებიან სხვა ქვეყნები ამ ფერხულს, მით უკან იქნებიან ისინი ეკონომიკურად.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^