ფანტასტიკის ჟანრის ფილმების მოყვარულებისთვის უცხო არ არის სიუჟეტი, როდესაც გარკვეულ ადგილას “დროისა და სივრცის” გამრუდება ხდება, წარმოიქმნება “პორტალი” და იქ მოხვედრილი ადამიანები უკვალოდ ქრებიან - სხვა განზომილებაში გადაინაცვლებენ ხოლმე.
არაეთიკური შედარების მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა მსგავსი ადგილები რეალურად დაუტოვა მის მსხვერპლ საზოგადოებებს. თბილისში კი ყველაზე ტრაგიკულ, მასობრივი გაუჩინარების ადგილად ორთაჭალის ციხე იქცა.
მეფის რეჟიმის დროს ორთაჭალის საგუბერნიო ციხის, ე.წ. “გუბერნსკის” რეპუტაცია მეტეხის საპატიმროს ფონზე უფრო ნაკლებად საშიში და “ლიბერალური” იყო. მეტეხის ციხე ძირითადად პოლიტიკური პატიმრებისთვის განკუთვნილ მკაცრი რეჟიმის საპატიმროდ იქცა და “უგალოვნიკების” ძირითადი მასის მიმღებად და გადამამუშავებლად ორთაჭალის ციხე დარჩა.
საბჭოთა ოკუპაციის პირველივე თვეებიდან, მასობრივი რეპრესიების დაწყების კვალობაზე, რომლის მთავარი სამიზნე პოლიტიკური მოწინააღმდეგეები იყვნენ, გადაიტვირთა მეტეხის საპატიმრო. მთელი 1920-იანი წლების განმავლობაში ორთაჭალას მეტეხთან და ჩეკას წინასწარი დაკავების იზოლატორ-სარდაფებთან “პოლიტიკურების” დიდი ნაკადების მიღება და მიმოცვლა უწევდა. ამ დროისათვის პოლიტპატიმრები ჯერ კიდევ ახერხებდნენ მეფის ციხეებში დამყარებული სტატუსკვოს შენარჩუნებას და “უგალოვნიკებსა” და “ბიტოვიკებისაგან” განცალკევებულ კოლონიად არსებობას, თუმცა საყოველთაო კრიზისის და გაღატაკების პირმშო, შიმშილი და ეპიდემიები ერთნაირად ურტყამდა უკვე “#1 გამასწორებელ სახლად” გადანათლულ “გუბერნსკის” ყველა ბინადარს:
“...ჩვენ აქ ცივი წყალიც სანატრელი გვაქვს. უკვე სიცივეები დაიწყო და ვყრივართ იატაკზე ფანჯრებჩამტვრეულ საკნებში, იატაკი კი ცემენტისაა. ავად გახდები და იმედი არ უნდა გქონდეს საავადმყოფოსი; წამლობას თავი დაანებე, საჭმელსაც არ გვაძლევენ, ჩვეულებრივი “კომუნისტური ულუფა” არის იქაც და მეტი არაფერი. პირდაპირ ომი გვაქვს სიკვდილთან, ომი უთანასწორო და მსხვერპლიც დღითიდღე მატულობს. ერთი ვირის ტაჩკა აქვსთ სპეციალურათ ამ საქმისათვის და ძლივ აუდის. ეჰ, ისევ ჩვენი ვირი. მხოლოდ ამ პირუტყვს აქვს შეგნებული თავისი მოვალეობა: მუდამ მზათაა, გაბმულია; წაიღებს ერთს, დატოვებს სასაფლაოზე და მოდის დაღონებული, თითქო ტირისო (არავინ იცის, მხოლოდ ხალხს სტირის თუ თავის ჯანს); მოვა საავადმყოფოს კარებთან, მოაბრუნებს “ტაჩკას” და შემოსძახებს თავისებურ მაღალ ხმაზე, ორთაჭალის ჰანგებზე, თითქო მსახურთ უძახის -გამოიტანეთ ვისიც რიგიაო. ან იქნებ ტუსაღებს ამხნევებს -ნუ გეშინიათ, არც თქვენ დაგტოვებთო. ვირი მაინც უყვარსთ ტუსაღებს და ნატრობენ: ნეტა საავათმყოფოს ქონდეს ასე შეგნებული თავის დანიშნულება, მაშინ საწყალ ვირსაც ნაკლები ჯაფა ექნებოდაო...”
1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან ერთდროულად ორმა მოვლენამ განაპირობა ორთაჭალის ციხის ერთ-ერთ ყველაზე საზარელ ადგილად გადაქცევა. 1920-იან წლებში “კონტრრევლუციასთან” ბრძოლისას “წითელი ტერორის” საუკეთესო ტრადიციების დაცვით საბჭოთა რეჟიმი არ ერიდებოდა მსხვერპლთა განადგურების ფაქტის გასაჯაროებას, მათი დახვრეტის შესახებ ცნობის პრესაში განთავსებასაც კი. როგორც წესი, ციხიდან პატიმრის პირადი ნივთების და ტანისამოსის ახლობლებისათვის დაბრუნება ან “პერედაჩის” მიღებაზე უარი მსხვერპლის დახვრეტის ან სიკვდილის არაოფიციალური ნიშანი იყო. გადასახლების შემთხვევაში კი, როგორც წესი, პატიმარს თადარიგის დაჭერის საშუალებას აძლევდნენ და თარიღსაც ატყობინებდნენ.
1930-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც ოფიციალური პროპაგანდით საბჭოთა სახელმწიფომ ლამის უკვე მიაღწია სოციალისტური საზოგადოების ფორმაციას, “კონტრრევოლუციაც” დამარცხდა, სამოქალაქო ომისა და წითელი ტერორის პრაქტიკაც ოფიციალურად წარსულს ჩაჰბარდა. თუმცა მალევე დაწყებული “შეფარული მტრების” გამომჟღავნების კამპანიისას, 1937-38 წლებში შუაღამით სახლიდან გაყვანილი ადამიანების კვალი ძალზე დამოკლდა და ძველ დროსთან შედარებით ძნელად მოსახელთებელი გახდა.
ამასობაში მეტეხის ციხე გაუქმდა -ძველი კორპუსების ნაწილი დაანგრიეს, ნაწილში კი ხელოვნების მუზეუმი განათავსეს. შესაბამისად, პატიმართა არნახული ნაკადი “გუბერნსკის” დააწვა და ჭირისუფლების გრძელმა რიგებმაც ტრამვაის “კრუგთან” გადაინაცვლა, სადაც 1936-1937 წლებიდან მასობრივი “წმენდის” მსხვერპლთა კვალი წყდებოდა. აქედან მოყოლებული, 1940-იანი წლების ბოლომდე, ერთეული გამონაკლისების გარდა, სასიკვდილო განაჩენი პრესით არ გამოცხადებულა. პატიმართა ათეულ ათასობით ახლობლები კი ციხესთან მრავალთვიანი მორიგეობის შემდეგ ერთხელაც სტანდარტულ პასუხს იღებდნენ ხოლმე -“გადასახლებულია მიმოწერის უფლების გარეშე 10 წლით”.
ამ დროიდან ორთაჭალის ციხე ერთგვარ “შავ ყუთად” იქცა, სადაც უკანასკნელ მომენტამდე თავად პატიმრებიც ვერ ხვდებოდნენ, საით მიჰყავდათ: უკან ხელახალ დაკითხვაზე -შინსახკომში, დასახვრეტად თუ “ეტაპზე”. 1937-38 წლების მასობრივი ტერორის მძიმე წლებში ორთაჭალის კედლებში გამეფებული რეჟიმი ალბათ წარმოუდგენლად ჩანდა 1920-იან წლებგამოვლილი ვეტერანი “პოლიტიკურებისათვის”.
“...აბაზანისა და ტუალეტის ნესტიანი, ბინძური და მრუმე საღებავით დაფარული კედლები აჭრელებული იყო ფრჩხილებით ან შემთხვევით შერჩენილი თმის სარჭებით ამოკაწრული წარწერებით. ამ წარწერებით ჩვენი შვილების შესახებ ვეკითხებოდით და “ახლებიც” ხშირად გვატყობინებდნენ ცნობებს იმავე გზით. დროდადრო წარწერებს შლიდნენ, ჩვენ გვაფრთხილებდნენ, რომ შეგვეწყვიტა მიმოწერა და კარცერით გვემუქრებოდნენ, მაგრამ მიმოწერა მაინც გრძელდებოდა. საშინელება იყო ბავშვების წმინდა სახელების ამოკითხვა ამ მყრალ, სამარცხვინო კედლებზე.
...დადგა მარტის თვე. იშვიათად ცივი, თოვლიანი და ქარიშხლიანი. განთიადისას ფანჯარასა და ფარებს შუა ვხედავდით, როგორ სქლად ბარდნიდა თოვლი. ერთ საღამოს მოულოდნელად ჯგუფებად დაიწყეს ჩვენი გაყვანა კამერებიდან. ამან მძაფრი მღელვარება გამოიწვია -ჩანს დაკითხვაზე -გადავწყვიტეთ. ყოველმა ჩვენგანმა რეპეტიცია დაიწყო, რას და როგორ ილაპარაკებდა. კორიდორში ჯგროდ შეკრებილი მოველოდით დაკითხვის დაწყებას, მაგრამ საქმე სხვაგვარად წავიდა. ვიღაც სამხედროფორმიანი ხალხი გამოჩნდა და თითოეული ჩვენგანის გვარით, სახელით და მამის სახელით გამოძახება დაიწყო და გვეუბნებოდნენ, რომ განაჩენი გამოტანილია. განაჩენი კი -სამიდან ხუთამდე ან რვა წელი იყო, სამწლიანები კი სულ ცოტანი. მე რვა წელი მივიღე. ვტიროდით, ვითხოვდით დაკითხვას. ზოგმა უარი განაცხადა განაჩენზე ხელის მოწერაზე, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. იგივე მოხდა სხვა რამდენიმე კამერაშიც. ჩვენც ეტაპის ლოდინი დავიწყეთ. რვა მარტის ღამით გვიბრძანეს ბარგი შეგვეკრა, ვისაც კი ასეთი რამ გაგვაჩნდა. ჩავიცვით თბილი ტანსაცმელი, უქონლებს გავუზიარეთ. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ჩვენი კამერებიდან გამოყვანა და ეზოში ჩაშვება. ციხის უზარმაზარი ეზოს გავლით დიდხანს მივყავდით სადღაც. სიარულს გადაჩვეულები ვჩერდებოდით ხოლმე, ვჯდებოდით, რათა თეძოს სახსრების ტკივილი ჩაგვეხშო. თავს დაგვღრიალებდნენ და გვაჩქარებდნენ. საბოლოოდ ცარიელ, ელექტრონის შუქით მკვეთრად განათებულ მოედანზე გაგვიყვანეს, სადაც სტუდებეკერები იყო გამწკრივებული. ჩვენამდე განწირულმა ყვირილმა და ყრუ გუგუნმა მოაღწია. ეს ციხის მეორე მხარეს, რიგში მდგომი ჩვენი ახლობლები რაღაცნაირად მიხვდნენ, რომ მივყავართ და საშინლად აღელვებულები მოვარდნენ. ჩვენ აქ ქვითინი ამოვუშვით და თავისთავად, საპასუხო გუგუნიც მოგვესმა მწუხარებისაგან გაგიჟებული ჩვენების ტალღისაგან. ჩვენ ბავშვებისგან, დედ-მამისგან, მშობლიური მხარიდან, ყველაფრისაგან გვგლეჯდნენ, რასაც კი ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდა. ქარი სქელ ფანტელებს ატრიალებდა. გაყინულები დიდხანს ვიდექით, რადგან სხვა კამერების პატიმრების მოლოდინში საბარგოებში ჩასხდომამდე დიდხანს გვაჩერებდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ხან გარკვევით, ხანაც ყრუდ გვესმოდა ყვირილი და გუგუნი. ეს ჩვენს ახლობლებს ერეკებოდნენ, მაგრამ ისინი კიდევ და კიდევ აწყდებოდნენ ჩვენკენ. საპასუხოდ ჩვენ უფრო ძლიერ ვქვითინებდით. ბოლოსდაბოლოს გვიბრძანეს ჩასხდომა, ერთმანეთის მიყოლებით ვძვრებოდით საბარგულში და იატაკზე ვთავსდებოდით. თითოეული მათგანის კუთხეში დაცვა -ოთხი ახალგაზრდა ყმაწვილი იდგა, უზარმაზარ ბეწვის ქურქსა და ქუდში, ფეხზე შეყენებული თოფებით. ისინი რუსეთიდან სპეციალურად გადმოიყვანეს ამ საქმისათვის...”
1940-იანი წლების ბოლოდან ორთაჭალიდან “10 წლით მიმოწერის უფლების გარეშე” გამქრალი ადამიანების ახლობლებთან “მმაჩის” ცნობებმა დაიწყო დენა, რომლებიც გადასახლებაში მყოფი პატიმრების სხვადასხვა ავადმყოფობით გარდაცვალების შესახებ იუწყებოდნენ. საბჭოთა რეჟიმის მამებმა მაინც სახიფათოდ მიიჩნიეს იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ “გადასახლებულთა” დიდი ნაწილი სინამდვილეში მალევე დახვრიტეს თბილისში. ნაწილი ძიებისას სასტიკ წამებას და ციხის არაადამიანურ პირობებს ემსხვერპლა, გადასახლებულთა ნაწილმა კი საკონცენტრაციო ბანაკამდე ვერც ჩააღწია.
1990 წელს ფაბრიკის ეზოში მუშების ბარაკების უკან გარაჟის მშენებლობა წამოიწყეს. ფერდობზე მიწის მოჭრისას დიდი რაოდენობით ნაპოვნმა ძვლებმა, მშენებლები შეაშინა და დასახმარებლად ოფიციალურ ორგანოებს მიმართეს. ინფორმაცია გავრცელდა -“რუსთაველის საზოგადოების” წევრების ინიციატივით, კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფმა ფაქტი ფირზე გადაიღო. ცნობა საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა სავარაუდო სამარხის აღმოჩენის შესახებ პრესაშიც გამოჩნდა. თუმცა საზოგადოების რეაქცია ცივი და მოულოდნელი გამოდგა -ადგილი ძალიან ახლოს იყო -ორთაჭალის ციხესთან -და “ეროვნული მოძრაობის” წარმომადგენლებმაც პირად საუბრებში აღმომჩენებს აგრძნობინეს, რომ “ციხის სასაფლაო” ხსოვნის საყურადღებო ადგილი არ იყო.
დღეს ორთაჭალის ციხის სასაფლაო საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და ნაგვით სავსე, მიტოვებული და გაველურებული ადგილია. ადგილი, სადაც გვერდიგვერდ წვანან, პროფესიონალი ჯიბის ქურდი, რამდენიმე კილოგრამი “სოციალისტური საკუთრების” დამშეული გამტაცებელი, მეფის კატორღაგამოვლილი ძველი რევოლუციონერი და დამფუძნებელი კრების დეპუტატი - იმ ათიათასობით “ზეკის” მცირე ნაწილი, რომლებიც ორთაჭალის “პორტალმა” ახლო მანძილზე გადაამისამართა.