Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული საგამომცემლო საქმე - წარსული და მომავალი

15 ივლისი 2015

ქართული საგამომცემლო ბიზნესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. 2006 წლიდან საგამომცემლო სფეროში მოღვაწე გამომცემელთა რაოდენობა მატულობდა, იზრდებოდა გამოცემული და თარგმნილი ლიტერატურის რაოდენობაც. თუმცა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემისა და გავრცელების უფლების ჩამორთმევამ საგამომცემლო ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინდელმა განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა უფასო სახელმძღვანელოების პროექტის ფარგლებში ქართველი გამომცემლების მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა/რეალიზაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განახორციელა. გამომცემლებს კი წიგნის ღირებულების მხოლოდ 10% გადაუხადა. რაც, როგორც გამომცემლები ამბობდნენ, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაზე დახარჯულ ხარჯს მინიმალურადაც კი არ ფარავდა. ისინი სახელმწიფოს მათ მიერ გაწეულ შრომაში ადეკვატური ღირებულების გადახდას სთხოვდნენ.

გამომცემლები ამბობენ, რომ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით ბიზნესს მნიშვნელოვანი ფინანსური და მორალური ზიანი მიადგა, რადგან მაშინდელი განათლების მინისტრი გამომცემელთა დემონიზაციას ეწეოდა და მათ სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების მოწინააღმდეგეებად რაცხავდა. საქმე კი სხვაგვარად იყო - ისინი თავიანთი საავტორო უფლებების დაცვასა და გაწეული შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვდნენ.

გამომცემლობა ლოგოს პრესის" ხელმძღვანელი ლაშა ბერაია ამბობს, რომ 2012 წელს გამომცემელთა პოზიცია საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო, რადგან უფლება, რისთვისაც ისინი იბრძვიან - არამატერიალურია. საავტორო უფლებების საკითხი უმრავლესობისთვის უმნიშვნელოა. ისინი ვერ ხვდებიან, რამხელა ზარალი მიადგა ამით საგამომცემლო საქმეს და რა საფრთხეები შეექმნა სფეროს, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან მოყოლებული ვითარდებოდა.

საქართველო კავკასიის რეგიონში გამოცემული/თარგმნილი ლიტერატურის რაოდენობით მოწინავე პოზიციას იკავებს. გამომცემელთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საგამომცემლო ბიზნესის ბრუნვა 2011 წელს 24 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა (2007 წელს ის 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა).

2012 წელს გამომცემლობები: ინტელექტი", დიოგენე", არტანუჯი" და ლოგოს პრესი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ გაერთიანდნენ და რამდენიმე სარჩელი მოამზადეს. ერთი ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანეს და მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. ამჯერად საქმე მეორე ინსტანციაშია - 2014 წლის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამინისტროს სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. მეორე სარჩელით გამომცემლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების იმ დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ მათ მფლობელობაში არსებული საავტორო უფლებები გადაიბარა. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი წარმოებაში ჯერ არ მიუღია.

საქართველოში მხატვრული და სხვა ჟანრის წიგნების მკითხველთა რაოდენობის სიმცირის გამო გამომცემლები სწორედ სასკოლო სახელმძღვანელოებიდან მიღებული თანხებით ახერხებდნენ ემუშავათ მხატვრული ლიტერატურის გამოცემაზე და ქართული წიგნის ბაზარი გაემდიდრებინათ თარგმნილი უცხოური პროზითა თუ პოეზიით, გამოეცათ ქართველ ავტორთა წიგნები.

2012 წელს მიყენებული დარტყმა გამომცემლებზე სხვადასხვაგვარად აისახა. თამარ ლებანიძე გამომცემლობა დიოგენეს" მომავალს პესიმისტურად უყურებს. 2012 წლამდე შეძენილ ოფისსა და მაღაზიას ყიდის. ამბობს, რომ გამომცემლობა ვალებში იხრჩობა", ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ და დავალიანებები როგორც ადგილობრივ სტამბებთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთანაც აქვთ: რადიკალურად შემცირდა ჩვენ მიერ გამოცემული წიგნების რაოდენობა. ის, რაც 2013-2014 წლებში გამოვეცით, ძველი პროექტები იყო. წელს, მაგალითად, მარსელ პრუსტის წიგნს გამოვცემთ. ამ პროექტზე მუშაობა 6 წლის წინ დავიწყეთ. ახალი პროექტები თითქმის აღარ გაქვს".

ლაშა ბერაიას განცხადებით, გამომცემლობას არსებობის ისტორიაში წელს პირველად შეუმცირდა როგორც შემოსავალი, ისე გამოცემული წიგნების რაოდენობა. 

გამომცემლობა ინტელექტს"  ბანკის კრედიტი არ ჰქონია, ამიტომ საქმიანობის გაგრძელებას ჯერჯერობით წლების წინ დაგროვილი თანხით ახერხებს და უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაკოტრება არ ემუქრება.  თუმცა, როგორც ინტელექტის" წარმომადგენელი ზვიად კვარაცხელია აღნიშნავს, ჩანაფიქრი ბევრად მასშტაბური იყო. სახელმძღვანელოებიდან შემოსული თანხა თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნების გამოცემისა  და უცხოური ლიტერატურის თარგმნის საშუალებას იძლეოდა. შექმნილი მდგომარეობიდან კი ამ წიგნების მასშტაბურად გამოცემა შეუძლებელი გახდა.

გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენელი თიკო ბერიაშვილი ამბობს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებიდან მიღებული შემოსავალი გამომცემლებისთვის ძირითადი ფინანსური საყრდენი იყო, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი მარტივად დათვლადია, ამიტომაც გამომცემლებს სტაბილურობის განცდა ჰქონდათ და ამ გზით მიღებული შემოსავალი რომ არ დაეკარგათ, დღეს მეტი დებიუტანტი ავტორის და არა მხოლოდ მათი გამოცემის შესაძლებლობა ექნებოდათ: ეს ეხება არა მხოლოდ ქართველ ავტორებს. მაგალითად, არსებობს ლიტერატურა, რომელიც ბესტსელერი არ არის, თუმცა სამეცნიერო ან საგანმანათლებლო შინაარსისაა. ასეთი წიგნები სავარაუდოდ მცირე რაოდენობით გაიყიდება, თუმცა აუცილებელია მათი ქართულად თარგმნა, თუნდაც იმიტომ, რომ ბიბლიოთეკაში იდოს".

არაკომერციულ პროექტებზე საუბრისას ლოგოს პრესის" ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სასკოლო  სახელმძღვანელოებიდან მიღებული შემოსავლებით გამომცემლებს საშუალება ჰქონდათ გამოეცათ წიგნები, რომელთა ტირაჟი 500-1000-მდე მერყეობდა, რაც არასერიოზული რიცხვია, თუმცა დღეს წიგნების ბაზარი მრავალფეროვანი სწორედ ასეთი პროექტების ხარჯზეა: ის, რომ ქართულ ბაზარზე წიგნების ასეთი მრავალფეროვნებაა, იმის შედეგია, რომ სასკოლო წიგნებიდან მიღებულ თანხას გამომცემლები უხვად აბანდებდნენ სხვადასხვა ლიტერატურაში. სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რასაკვირველია, დისბალანსი შექმნა. არაერთი მსხვილი გამომცემლისთვის ეს შემოსავალი მნიშვნელოვანი იყო. მათი რესურსები ნელ-ნელა იწურება. ახალი პროექტებისთვის დღეს ნაკლები რესურსი გვაქვს. გამოცემული წიგნების რაოდენობა შემცირდა და მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. ბაზარი ღარიბდება. აღარ გამოიცემა ახალი წიგნები, რომლებიც გამომცემლებს გამზადებული აქვთ, მაგრამ სტამბაში ვერ აგზავნიან".

გამომცემლები ვარაუდობენ, რომ საგამომცემლო ბაზრის გაღარიბება მომდევნო წლებში უფრო თვალშისაცემი გახდება.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულ საგამომცემლო ბაზარზე არსებული ვითარების შესასწავლად არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც სისტემურად და აკადემიურად დაითვლიდა როგორც გამოცემული წიგნების რაოდენობას, ისე შემოსავლებს.

ერთადერთი ასეთი კვლევა ასოციაციის ინიციატივით 2012-2013 წლებში ჩატარდა. კვლევის მიზანი წიგნის ბაზრის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მოგროვება იყო. თუმცა, როგორც თავად კვლევის ავტორები განმარტავენ, ციფრები ზუსტი არ არის, რადგან გამომცემლები მათ მიახლოებულ ციფრებს აწვდიდნენ, ზოგიერთმა კი საერთოდ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. 

საქართველოში არსებული 68 გამომცემლობიდან მოქმედი და აქტიური მხოლოდ 40-ია. კვლევაში მონაწილეობა 34-მა გამომცემლობამ მიიღო, მათ შორის ბაზრის  თითქმის ყველა ლიდერმა და რამდენიმე მცირე ზომის კომპანიამაც.

კვლევა მნიშვნელოვან  ინფორმაციას იძლევა საგამომცემლო ბაზრის მასშტაბების შესახებაც. შეკითხვას, 2012 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ 34-დან 29 კომპანიამ უპასუხა. ფირმების ნახევარზე მეტმა (52%) მიუთითა, რომ მათი შემოსავალი 50,000 ლარზე ნაკლებს შეადგენდა (დაახლ. 30,200 აშშ დოლარი, გაცვლითი კურსი 1,63 აშშ დოლარი/ლარი). კომპანიების 21%-ის შემოსავალი 50,000-200,000 ლარს შორის მერყეობს (დაახლ. 30,200-120,800 აშშ დოლარი, გაცვლითი კურსი 1,63 აშშ დოლარი/ლარი).

იმ პასუხებზე დაყრდნობით, რომლებიც 34 კომპანიის გამოკითხვის შედეგად შეგროვდა, გაირკვა, რომ გამომცემლობებში სრულ და ნაწილობრივ შტატზე მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა (დამოუკიდებელი და მოკლევადიანი კონტრაქტით მომუშავე პერსონალი გათვალისწინებული არ ყოფილა) 1-დან 50-მდე მერყეობს. 34-დან არცერთ კომპანიას არ ჰყავს 50-ზე მეტი თანამშრომელი. ფირმების უმეტესობაში 5-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული. დაახლოებით ამავე რაოდენობის კომპანიებში კი 6-10 ადამიანი მუშაობს.

გამომცემელი ლაშა ბერია ამბობს, რომ საქართველოში საგამომცემლო საქმიანობა რთულია, რადგან ცოტაა მკითხველი.

ლიტვაში, ვილნიუსის წიგნის ფესტივალზე, კოლეგებთან საუბარში გაირკვა, რომ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც საქართველოს მოსახლეობაზე სამჯერ ნაკლებია, ჩვენზე 4 ჯერ მეტი მკითხველი ჰყავს. ვითარებაზე ქვეყნის სიმცირეც მოქმედებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მკითხველის ფაქტორი. საქართველო რთული ქვეყანაა. საქმიანობის დასაწყისში მდგომარეობას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი და მეგონა რომ 1000 ტირაჟით გამოცემული არისტოფანეს კომედიები ძალიან მალე გაიყიდებოდა. ბოლოს ფასდაკლებით გავყიდეთ", - ამბობს ლაშა ბერაია.

საქართველოში ბესტსელერად ითვლება წიგნი, რომელიც 8000-10000 ტირაჟით გამოდის და იყიდება. წიგნები ძირითადად 1000-იანი, 2000-იანი ტირაჟით იბეჭდება. ხშირია ისეთი წიგნებიც, რომელთა ტირაჟი 500-ს არ ცდება.

ქართული საგამომცემლო საქმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალია, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით უნდა წარდგეს.

დარჩა სამი წელი. დღეს ქართულ ლიტერატურაში საყურადღებო, ძლიერი ნაწარმოებები იქმნება, მაგრამ ამ ყველაფერს გამოცემა სჭირდება. გამომცემლობამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს როგორც ამ წიგნების ბეჭდვა, ისე მათი პოპულარიზაცია. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამ ყველაფრის უზრუნველყოფის შესაძლებლობა შეგვეზღუდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე ჩვენი ავტორების მხარდაჭერაც შეიზღუდება", - ამბობს არტანუჯის" გამომცემელი ზვიად კვარაცხელია. 

რთული სათქმელია, როგორ განვითარდება ქართული საგამომცემლო ბიზნესის მომავალი. გამომცემელთა ნაწილი მომავალს პესიმისტურად, ნაწილი კი იმედით უყურებს. თუმცა ყველა მათგანი სახელმწიფოსგან მხარდაჭერის სახით მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს - ნუ ჩაერევა სახელმწიფო მათ საქმიანობაში და ნუ შელახავს მათ საავტორო უფლებებს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^