თბილისის საჯარო სკოლებიდან არაქართულენოვანი სკოლების რაოდენობამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლო. 2010 წელს სომხური თემი განათლებისა და მეცნიერების მაშინდელ მინისტრს სომხურენოვანი სკოლების შენარჩუნების თხოვნითაც მიმართავდა. ამჟამად თბილისში ერთი სომხური (104-ე საჯარო) სკოლაა, ორ სკოლაში კი სომხურენოვანი სექტორი არსებობს. ერთი საჯარო სკოლაა დედაქალაქში აზერბაიჯანული თემისთვისაც, თუმცა სომხური სკოლის მსგავსად აზერბაიჯანულენოვანი სექტორიც ორ სკოლაშია.
“ლიბერალთან“ ინტერვიუში საქართველოში სომეხთა სათვისტომოს გამგეობის წევრი სანდრო ოჰანიანი ამბობს, რომ დედაქალაქში ბოლო 9 წლის განმავლობაში 8 სომხური სკოლა დაიხურა. მიზეზად მსურველების სიმცირე სახელდებოდა. თუმცა ის ამ არგუმენტს არ იზიარებს: „სომხური სკოლების დახურვის პროცესი 2003 წელს დაიწყო და 2011 წელს დასრულდა. დღეს სომხური სათვისტომო თბილისში 100 - 150 000-მდე ადამიანს ითვლის, სომხური სკოლა კი მხოლოდ ერთია. ეს სკოლა ქალაქის ცენტრშია, მაგრამ სომხები მხოლოდ ცენტრში არ ვცხოვრობთ და ამიტომ შეუძლებელია აქ ბავშვის გარეუბნებიდან ტარება. ეს ხელს უშლის შესრულდეს ჩვენი კონსტიტუციური უფლება - საშუალო განათლების მშობლიურ ენაზე მიღება“.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2004 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიები არ გაიცემოდა. შესაბამისად, საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში 2004 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიც.
2005 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიები გაიცემოდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე. თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის (2000 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე) ფორმა არ ასახავდა იმ ინფორმაციას, თუ რა ენაზე უნდა განხორციელებულიყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა. შესაბამისად, უწყებრივი სალიცენზიო და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი არ მოიცავს ინფორმაციას, თუ რამდენი არაქართულენოვანი სკოლა დაიხურა თბილისში 2004 წლიდან 2014 წლამდე.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის ცვლილების, ასევე, არაქართულენოვანი სკოლების დახურვის მიზეზების შესახებ გაცნობებთ, რომ რამდენიმე სკოლაში არაქართულენოვანი სექტორი გაუქმდა მოსწავლეთა კონტიგენტის არარსებობის გამო“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკის“ თავჯდომარე სუსანა ხაჩატურიანი ამბობს, რომ წლების განმავლობაში სომხური სკოლები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, ძალიან ადრე თბილისში 17 სომხური სკოლა არსებობდა, 90-იან წლებში - 8, შემდეგ - ექვსი, მაგრამ ამის მიზეზი მოსწავლეების სიმცირე იყო. მისი თქმით, თუკი მშობელს სურვილი აქვს მისმა შვილმა საშუალო განათლება მშობლიურ ენაზე მიიღოს, შეუძლია სამი საჯარო სკოლიდან რომელიმეში მიიყვანოს: „მართალია, ეს სკოლები ცოტაა და შორს მდებარეობენ, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ხელმისაწვდომია. საშუალო განათლების მიღება მშობლიურ ენაზე მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ პრობლემა დასაქმებაა, სომხური სკოლის კურსდამთავრებული სამსახურს ვერ პოულობს და ქუჩაში რჩება. ყველა ხომ უმაღლესში არ აბარებს“.
რაც შეეხება აზერბაიჯანულ სკოლებს, თბილისში მხოლოდ ერთი აზერბაიჯანული (73-ე საჯარო სკოლა), ერთი - ქართულ/რუსულ/აზერბაიჯანული და ერთიც ქართულ/აზერბაიჯანული სკოლაა.
საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის თავჯდომარე ლეილა სულეიმანოვა ამბობს, რომ თბილისში აზერბაიჯანული სკოლების რაოდენობა არ შემცირებულა, რამდენიც იყო ისევ ის რაოდენობაა, თუმცა საჯაროს სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად მთლიანობაში აზერბაიჯანული სკოლების რაოდენობა შემცირდა: „სულ ალბათ სადღაც 50-დე სკოლით ნაკლებია. თბილისის საჯარო სკოლებში აზერბაიჯანული ძირითადად იქ ისწავლება, სადაც თემის წევრები კომპაქტურად არიან ჩასახლებული. სადაც მოთხოვნა არსებობს იქ უნდა იყოს სკოლა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი უფლებაა განათლების ჩვენს ენაზე მიღება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოვალეობები, აუცილებლად პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა ფორმებით ქართული ენა უნდა ისწავლებოდეს, იქნება ეს ბილინგვური მეთოდი თუ სხვა“.
მშობლიური ენის შენარჩუნებაზე წუხან იეზიდებიც. „ლიბერალთან“ საუბარში „ქალთა სათემო ინიციატივის“ ხელმძღვანელი ლილი საფაროვა ამბობს, რომ ქურთული ენა, ანუ კურმანჯი კომპაქტურ ჩასახლებებში მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, თუმცა წერა-კითხვა და მშობლიური ენის აკადემიური ცოდნა პრობლემაა. ენის შენარჩუნებას ხელს უშლის ის ფაქტიც, რომ ქურთული ენა არსად ისწავლება. ლილი საფაროვას თქმით, ადრე, ვარდების რევოლუციამდე ქურთული ენა ფაკულტატივის სახით ოთხ სკოლაში ისწავლებოდა, მაგრამ მერე ისიც გაუქმდა.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათა შორისი ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელის შალვა ტაბატაძის თქმით, არაქართულენოვანი სკოლების რაოდენობა 2004 წლიდან 2014 წლამდე შემცირდა, მაგრამ ეს არ აღემატებოდა ოპტიმიზაციის შედეგად სკოლების შემცირების ზოგად ტენდენციას.
„მაგალითად, თუ სკოლების რაოდენობა 2004 წლამდე მთელ საქართველოში 3500-ს აღწევდა, დღეს გვაქვს 2084 საჯარო სკოლა, ანუ ოპტიმიზაციის შედეგად სკოლების რაოდენობა მთელ სისტემაში დაახლოებით 40%-მდე შემცირდა. ანალოგიური ვითარებაა არაქართულენოვან სკოლებთან დაკავშირებითაც, ანუ 2004-2005 წლებში იყო 343 არაქართულენოვანი სკოლა, დღეს მათი რაოდენობა 213-მდეა შემცირებული. ამ შემთხვევაშიც არაქართულენოვანი სკოლები რაოდენობა დაახლოებით 40%-ითაა შემცირებული. შესაბამისად, ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არაქართულენოვანი სკოლები ეთნიკური ნიშნით იხურებოდა“.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინფორმაციით, 2004-2013 წლის ჩათვლით არაქართულენოვანი სკოლების კლების დინამიკა ასე გამოიყურებოდა: 2004-2005 წლებში სულ 150 აზერბაიჯანული სკოლა არსებობდა, მომდევნო სასწავლო წელს ას სკოლამდე შემცირდა, 2013 წელს კი 85 აზერბაიჯანული სკოლა დარჩა. 2004-2005 წლებში სულ 133 სომხური სკოლა იყო, 2013 წელს კი - 117 საჯარო სკოლა. 55 რუსული საჯარო სკოლიდან 2013 წლის ინფორმაციით 11 საჯარო სკოლა დარჩა. ერთი უკრაინული სკოლაც არსებობდა, რომელიც 2011 წელს გაუქმდა. 2004 წელს ოთხი ოსური სკოლა იყო, მომდევნო სასწავლო წელს ორი დარჩა, 2011 წელს კი სულ გაუქმდა.