Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანამესაკნე წიგნები

17 ივლისი 2015

პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, სხვადასხვა ნივთები და საკითხავი ლიტერატურა - ეს ის ჩამონათვალია, რომლის ამანათით მიღება, შენახვა ან მაღაზიაში შეძენა მსჯავრდებულებს კანონით შეუძლიათ.

სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკაში მოხვედრამდე წიგნი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: მისი ზომა 21/30 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს; ასევე, არ დაიშვება ლიტერატურა, რომელიც შეიცავს პორნოგრაფიას, მშენებლობის, ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი ნივთირებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალას, რომელიც რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს მოიცავს და წიგნები, რომლებიც მსჯავრდებულის/ბრალდებულის უსაფრთხოებას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს.

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებში ჯამში 50 ათასამდე წიგნი ინახება. ბიბლიოთეკის გარდა, მსჯავრდებულს/ბრალდებულს კითხვა და წიგნის წაღება საკანშიც შეუძლია - არაუმეტეს სამი წიგნისა. მსჯავრდებულის ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამის წიგნს მოიძიებენ და გადასცემენ, "წიგნის განზრახ დაზიანება კი შესაბამის პასუხისმგებლობას გულისხმობს".

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებებს წიგნებით ეტაპობრივად (მინიმუმ წელიწადში ერთხელ) ამარაგებს: სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საპატრიარქო, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამომცემლობები, წიგნის ავტორები, ეროვნული ბიბლიოთეკა და ასევე დაწესებულებების თანამშრომლები.
თუმცა, ერთია წიგნები, მათი რაოდენობა, თანამედროვეობა და შინაარსი, მეორე კი ის, თუ რას ნიშნავს ციხის ბიბლიოთეკა თავად პატიმრებისთვის.

ქალთა #5 დაწესებულება

"ბიბლიოთეკა ოაზისია უდაბნოში, ჟანგბადია", - ერთ-ერთი პატიმრის ეს ფრაზა შესაძლოა კიჩურადაც მოგეჩვენოთ, თუმცა ვინც ხრიოკზე მდებარე რუსთავის ქალთა #5 დაწესებულებასთან ზაფხულში ერთხელ მაინც მოხვედრილა და თან ამ დაწესებულების ბიბლიოთეკაშიც ყოფილა, მიხვდება, რომ ამ ფრაზის გაგება პირდაპირაც შეიძლება და ირიბადაც - დიდი, ნათელი სივრცე კარგი ვენტილაციით, ვარდისფრად შეღებილი კედლები, პროექტორი და ეკრანი, დაბალ ხმაზე ჩართული სასიამოვნო მუსიკა, რამდენიმე "უინტერნეტო" კომპიუტერი და ოცამდე თარო სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნებითა და ვიდეოთეკით.

დაწესებულებაში რამდენიმე კორპუსია და ბიბლიოთეკაში ჩასვლის განრიგიც ამის მიხედვითაა დადგენილი - თითო კორპუსის პატიმრებისათვის კვირაში ორი დღე - დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ბიბლიოთეკაშივე ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც.

ქალთა #5 დაწესებულების ბიბლიოთეკა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ოსლოს საჯარო ბიბლიოთეკის ეგიდით წამოწყებული პროექტია. მეოთხე წელია ამ ბიბლიოთეკას ნინო ქოქოშვილი ხელმძღვანელობს. მომზადება ოსლოში გაიარა, სადაც არა მხოლოდ საბიბლიოთეკო საქმეს, არამედ მსჯავრდებულებთან ურთიერთობასაც ასწავლიდნენ.

ნინო 27 წლისაა, სამსახურში თბილისიდან დადის. რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევს, ციხის გადასახვევიდან დაწესებულებამდე კი ავტოსტოპით უხდება მგზავრობა. ამბობს, რომ ორ სამყაროს შორის უწევს მოგზაურობა, თუმცა თავს გარედან შემოსულად არ გრძნობს. არასდროს გასჭირვებია სამსახურთან შეგუება და "ციხეში შესვლისთანავე თავადაც ერთ-ერთი რიგითი პატიმარია". ფიქრობს, რომ დანაშაულისგან დაზღვეული არავინაა, რადგან შეცდომას ყველა უშვებს და არც ის აინტერესებს, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს აქ მყოფმა ადამიანებმა.

"აქ მოსვლისას ვიცოდი, რომ 1200 მსჯავრდებული ქალი იხდიდა სასჯელს, ოსლოს ციხეში კი სულ რაღაც 45 ქალი დამხვდა. თავიდან ბიბლიოთეკა მხოლოდ თეთრი კარკასი იყო. სწრაფად გვინდოდა გაგვეხსნა. პატიმრებიც გვაჩქარებდნენ. როდესაც ბიბლიოთეკა გავხსენით, მახსოვს მსჯავრდებულების ემოციები - აქ არ გვაქვს შეგრძნება, რომ სასჯელს ვიხდით, "სვაბოდაზე" ვართ. 70-80 ადამიანი ინტენსიურად კითხულობს, თუმცა ბიბლიოთეკით ამ დაწესებულების თითქმის ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული სარგებლობს. მოგეხსენებათ ბრალდებულები ციხეზე არიან, ჩვენ მათ ვუგზავნით კატალოგს, საიდანაც სასურველ წიგნებს არჩევენ. ზოგადად, პატიმრებს საკანში 5 წიგნის ატანის საშუალება აქვთ. თუმცა ისეც ხდება, რომ თუკი რაიმე თემაზე მუშაობენ ან წერენ, 10 წიგნსაც ვატანთ, შეზღუდვები აქ არ ვრცელდება", - ამბობს ნინო ქოქოშვილი.

ბიბლიოთეკარი რამდენიმე საინტერესო ფაქტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაწესებულებაში მყოფ რამდენიმე ქალს ბიბლიოთეკაში დაცული ყველა წიგნი აქვს წაკითხული, ხოლო ზოგიერთი მსჯავრდებული ინტენსიურად ერთსა და იმავე წიგნს კითხულობს.

ნანა

ნარკოდანაშაულისთვის ციხეში 21 წლის ასაკში მოხვდა. 9 წელია სასჯელს იხდის, თუმცა არ თვლის, რომ ეს დრო "წყალშია გადაყრილი". ამბობს, რომ 9 წელია საკუთარ ცხოვრებას გვერდიდან უყურებს, თუმცა პიროვნულად შედგა. მისი აზრით, ამაში ციხეში გატარებულმა დრომ თავისი წვლილი შეიტანა.

"აქ ბევრი დროა კითხვისთვის, ფიქრისთვის და საერთოდ ბევრი რამისთვის. ზოგადად, ადამიანებს გვიყვარს, როცა რაღაცებს მარტივად ვაღწევთ. ოცნება ფიქრზე ბევრად მარტივია. აქ დიდი დრო გაქვს იმისთვის, რომ იფიქრო - ოცნებას ეშვები და ფიქრს სწავლობ. წიგნთან ყოველთვის ვმეგობრობდი და ვთვლი, რომ ეს მამაჩემის დამსახურებაა. საყვარელი პერსონაჟებიც მყავს. "დორიან გრეის პორტრეტი" ჩემი ბავშვობის წიგნია და მისი გადაკითხვა ყოველწლიურად მინდა ხოლმე. ხშირად მიფიქრია - კი, ციხეში ვარ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ იმ სიტუაციაში არ ვარ, რომელშიც ჩემი საყვარელი პერსონაჟები მოხვედრილან", - ამბობს ნანა.

თამარი

54 წლისაა, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. ორი წელი აქვს მისჯილი - "წამლის" შეძენა-შენახვის ბრალდებით. მისთვის ციხე კოშმართან ასოცირდებოდა და აქ მოხვედრის პირველი დღეების გახსენება არც უნდა. ამბობს, ნიჟარაში შეკეტილი ლოკოკინასავით ვცხოვრობდი და საკნიდან პირველად სწორედ ბიბლიოთეკაში ჩასასვლელად გამოვედიო.

"სულ ლევან ბერძენიშვილის სიტყვები მახსენდება, ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს - ამდენი წიგნის წაკითხვა როდის მოასწარითო, მან უპასუხა - ციხეშიო. აქ ისეთი წიგნები აღმოვაჩინე, რომელმაც მომავალში ჩემი, 54 წლის ადამიანის მსოფლმხედველობა სრულად ამოატრიალა. მაგალითად, რობინ შარმას წიგნები. ორი ისეთი ადამიანი მყავს აქ, ვისთანაც ერთადაც სრულად ვტოვებ ამ სამყაროს და იმ გამოუცნობში ვარ ჩაფლული, რასაც ლიტერატურა, წიგნი ჰქვია. აქედან რომ გავალ, ცოტა გროტესკულად ვიტყვი - "მე ის თამრო აღარ ვარ"-მეთქი. ყოველდღე, ყოველ წუთს რაღაცას ვსწავლობ, ჩემი აქაური ყოფა შემეცნებითია და ჩემს გაოგნებას არ აქვს საზღვარი", - აღნიშნავს თამარი.
ციხეში წერაც დაიწყო, წარმოშობით გურიიდანაა და პირველი მოთხრობა "მონატრება გურიაზე" სწორედ ოზურგეთში, მისი ფანჯრიდან დანახულ აჭარა-გურიის მთების პეიზაჟს, იქაურ წვიმას და იმ ყველაფერს ეხება, ასე ძალიან რომ ენატრება. ახლა ახალ მოთხრობას წერს - "თეთრი და შავი". თუმცა ამბობს, რომ სტენდალს არ ბაძავს.

"აქ მოხვედრამდეც წიგნი ჩემთვის ყოველთვის განუყოფელი ნაწილი იყო, ბავშვობიდან მოყოლებული დედაჩემი მიმალავდა წიგნებს. მახსოვს, ბალზაკს რომ ვკითხულობდი, იმდენად მის სამყაროში ვიყავი, რომ სარეცხის მანქანასთან მჯდომიც კი არ ვკარგავდი დროს. დღესაც ასეა. სხვათა შორის, მიუხედავად აქაური ჭრელი კონტინგენტისა, არაერთ მოაზროვნე, ინტელექტუალ ადამიანს შეხვდებით", - ამბობს თამარი.
თამარიც და ნანაც კმაყოფილები არიან ციხის ბიბლიოთეკით, თუმცა სურვილი აქვთ, რომ ბიბლიოთეკას ბოლოს დროს თარგმნილი წიგნებიც დაემატოს, ვიდეოთეკა განახლდეს. როგორც ჩანს, რომ ეს არამხოლოდ მათი, არამედ ბიბლიოთეკით მოსარგებლე ქალი პატიმრების საერთო სურვილიცაა.

სასჯელაღსრულების #11 არასრულწლოვანთა დაწესებულება

მტვერი, მტვრიანი გზა და მტვრის ღრუბლები - მშრალ ამინდში სასჯელაღსრულების #11 დაწესებულების ადმინისტრაციის შენობამდე არცთუ კომფორტული გზით თუ მიხვალთ. შემოწმების სტანდარტული, მკაცრი პროცედურისა და რამდენიმე რკინის კარის გავლით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოხვდებით.

მკლავებმოსვირინგებული, 14-დან 18 წლამდე მოზარდების დაკვირვების ობიექტად ქცევის შემდეგ აშკარად გრძნობთ, რომ აქ უცხო ხართ.
ოფიციალური მონაცემებით ამ დაწესებულების ბიბლიოთეკაში, რომელიც ერთ საშუალო ზომის ოთახშია განთავსებული, 4549 წიგნია დაცული. არდადეგების დროს მოზარდებს დილიდან-საღამომდე შეუძლიათ ბიბლიოთეკაში ყოფნა, სკოლის პერიოდში კი (არასრულწლოვნები თბილისის ერთ-ერთი საჯაროს სკოლის მოსწავლეებად ირიცხებიან და სასწავლო პროგრამას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადიან) - გაკვეთილების შემდეგ.

თამარ შათირიშვილი #11 დაწესებულების სოციალური მუშაკი მოზარდების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე მუშაობს. ამბობს, რომ მოზარდთა ცხოვრებაში ბიბლიოთეკა ძალიან დიდ როლს თამაშობს. აქვთ მკითხველთა კლუბი, სადაც ამა თუ იმ ნაწარმოებს კითხულობენ, შემდეგ კი განიხილავენ.

"როგორც სოციალურ მუშაკს გარეთაც მიმუშავია და ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ხშირ შემთხვევაში, დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს უფრო მეტი ინტერესი აქვთ წიგნების მიმართ, ვიდრე გარეთ მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ სახლში ბევრს არა აქვს წიგნთან ურთიერთობის საშუალება იმის გამო, რომ მშობლები უმეტესად დაკავებული არიან, ან საშუალება არ აქვთ, რომ ბავშვს ესა თუ ის ნაწარმოები გააცნონ", - გვეუბნება თამარ შათირიშვილი.

ბიბლიოთეკაში მსჯავრდებულები შემოდიან. დამშვიდობებისას ციხის დირექტორის მოადგილის ფრაზა - "ჟურნალისტებთან საუბარი აქ ცოტა არ არის მოდაში" - არასრულწლოვანთა შემოსვლისთანავე იგრძნობა. კითხვებს მოკლედ, ან საერთოდ არ პასუხობენ, თუმცა ერთი-ორი მოზარდი შედარებით ვრცლადაც საუბრობს.

"მე უფრო დროის გასაყვანად ვკითხულობ, თან მაინტერესებს".
"სახალისოდ".
"დეტექტივები უფრო მაინტერესებს".
"მე არ ვკითხულობ".
"რელიგიაზე ვკითხულობ ხოლმე ხშირად, ქრისტიანულზე".
ერიდებათო, ამბობენ მეთვალყურეები.
"ახლა "99 ფრანკს" ვკითხულობ. კითხვა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვისი ცხოვრებით იცხოვრო, ანუ ის პერსონაჟი იყო, რომლის შესახებაც კითხულობ".
"ფავორიტი ნაწარმოები ან პერსონაჟი? ალბათ "დორიან გრეის პორტრეტი". აქ მოხვედრამდე არც ისე ხშირად ვკითხულობდი. ცხოვრებისეულადაც მეტი გამოცდილებაა და დროის გასაყვანადაც კარგია. მინდა, აქედან რომ გავალ, კითხვა გავაგრძელო, თუმცა არ ვიცი, რამდენად მომიხერხდება".

ქეთი კობალაძე, #11 დაწესებულების ფსიქოლოგი, ასევე, სოციალური, საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი მიმართულებით დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ მოზარდთა უმეტესობამ აქ დაიწყო კითხვა - თავიდან დროის გაყვანის მიზნით, შემდეგ კი სერიოზული ინტერესი გაუჩნდათ.

"ხშირად ვსაუბრობთ, კონკრეტულ თემებს ვარჩევთ, ზოგჯერ გვეკითხებიან კიდეც - რა ჯობია, თქვენ თუ გაქვთ წაკითხულიო. გარდა იმისა, რომ ამ მოზარდებს ცხოვრების მართლა დიდი ზოგჯერ სამწუხაროც გამოცდილება აქვთ, დამატებით ცდილობენ, რომ რაღაც გაკვეთილი კიდევ მიიღონ და ამაში წიგნები ნამდვილად ეხმარებათ", - ამბობს ქეთი კობალაძე.

მართალია, სასჯელაღსრულების #11 დაწესებულების ბიბლიოთეკაში 5000-ათასამდე წიგნია დაცული, თუმცა მას გადახალისება და ახალი გამოცემებით გამდიდრება სჭირდება, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ აქ არასრულწლოვნები იხდიან სასჯელს.

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულება

გლდანის "ცნობილ" ციხეში, დახურულ დაწესებულებაში, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში პატიმართა უფლებების უგულვებელყოფისა და სხვადასხვა დარღვევების გამო ხვდებოდა, ხოლო საზოგადოებას სკანდალური "ციხის კადრებით" დაამახსოვრდა, პატიმრებმა წელს პირველად აირჩიეს ბიბლიოთეკარი.

გიორგი ჯავახაძე, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ბიბლიოთეკარი, რადიაქტიული ნივთიერების გადატანის ბრალდებით იხდის სასჯელს. სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს 2011 წლიდან იხდის. მსჯავრდებულებმა ბიბლიოთეკარი საკუთარი რიგებიდან წელს პირველად შეარჩიეს. არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეს.

სამუშაო მაგიდასთან მჯდომი გიორგი ჯავახაძე ამბობს, რომ უწიგნოდ ცხოვრება არ შეიძლება და როცა კითხულობ, ნაწარმოების გმირთან ერთად უნდა ითევზაო, იმუშაო, ირბინო, იჯირითო. სხვანაირად არ გამოვა, უწიგნოდ ვერ იცხოვრებ.

"დაპატიმრებამ არ გამაბოროტა. თითოეული ჩვენთაგანის ხვედრი ღვთის ნებაა. რაც შეეხება ბიბლიოთეკას, მიშას დროს ვერ გაბედავდი ამა თუ იმ წიგნის მოთხოვნას, რასაც მოგიტანდნენ, ის უნდა წაგეკითხა. ჩვენც ასე ვიყავით - რაც მოჰქონდათ, იმას ვკითხულობდით. ბოლო აღწერით 11 ათას წიგნზე მეტი გვაქვს. მათი დაახლოებით 40% კორპუსებზეა გატანილი. როდესაც პატიმარი წიგნს ითხოვს, ჩემთან სოციალური მუშაკი მოდის, შეკვეთას მაძლევს - ვურჩევ, ვულაგებ და ვუგზავნი. პოეზიას ბევრი კითხულობს. აქ არიან პატიმრები, რომლებიც ლექსებს წერენ. აინტერესებთ დეტექტივები, ასევე, საქართველოს ისტორია. ახალი აღთქმა და ლოცვები იმ რაოდენობით გვაქვს, რომ ყველა კამერაშია. აგერ, ხომ ხედავთ, ყურანიც გვაქვს. მსჯავრდებულებს პროფესიული შინაარსის წიგნებიც აინტერესებთ, უფრო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგალითად, როგორ კეთდება სათბურები და ასეთი პრაქტიკული საკითხები. იცით რა ხდება? თუ ერთი კაცი მაინც არის კამერაში, ვინც ახლოს არის წიგნთან, შემდეგ ძალაუნებურად სხვებიც ინტერესდებიან", - ამბობს ბიბლიოთეკარი.

დამშვიდობებისას შეკითხვაზე, რომელიმე პერსონაჟთან თუ აიგივებს თავს, იღიმის და არა როგორც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების მსჯავრდებული, არამედ როგორც "კარცერი ლუქსის" პატიმარი ისე მპასუხობს - რა თქმა უნდა, "კაცთან, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".

მართალია "კარცერი ლუქსი" პოზიტიურ შინაარსს ატარებს და ბევრისთვის საოცნებო ადგილიც კია, მაგრამ სტატიის გმირები, ისევე, როგორც დაახლოებით 10 000 ადამიანი, საქართველოს სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებების საკნებში რეალურად იხდის სასჯელს და კარგი იქნება, თუ ციხის ბიბლიოთეკა მაინც არა მხოლოდ წიგნების სიმრავლით, არამედ ტექნიკური აღჭურვილობითაც დაემსგავსება ლუქსს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^