შემოწმების არაჰუმანური მეთოდი, სასმელად უვარგისი წყალი, ჰიგიენური პაკეტების არქონა, არაკეთილმოწყობილი საშხაპეები, არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება, არასრულფასოვანი კვება დედებისა და შვილებისთვის - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც ქალთა #5 დაწესებულების შესახებ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში მოხვდა. გარდა ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოთხოვნებისა, ქალებს, მათი ბუნებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დამატებით სხვა პირობებიც სჭირდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები დაწესებულებაში 2015 წლის 19-20 თებერვალს იმყოფებოდნენ, როგორც ირკვევა, რიგი პრობლემები დაწესებულებაში დღემდე რჩება. თუმცა ამას ქალთა #5 დაწესებულების დირექტორი ნესტან ვერულაშვილი ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ქალ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა კომფორტისა და რეაბილიტაციისთვის დაწესებულებაში სულ უფრო მეტი რამ კეთდება.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ქალ პატიმართათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დაწესებულების დატოვებისა და უკან დაბრუნებისას შემოწმებაა. მათ ნახევრად შიშველ მდგომარეობაში ბუქნების კეთება უწევთ, რაც მენსტრუაციული ციკლის დროს კიდევ უფრო უჭირთ. მათი თქმით, ეს დამამცირებელია და ამის თავიდან ასარიდებლად ხშირად სასამართლო პროცესზე წასვლაზეც კი უარს ამბობენ.
ნესტან ვერულაშვილის განმარტებით, პატიმართა ჩხრეკის მეთოდი მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. მისი თქმით, სრული შემოწმება ქალის მთლიანად გაშიშვლებას არ ითვალისწინებს, სხეული ნაწილობრივი გაშიშვლებით მოწმდება, რათა არ გამოეპაროთ რამე ფიზიკური დაზიანება. ბუქნებს კი სხვადასხვა აკრძალული ნივთის დაწესებულებაში შეტანის პრევენციისთვის აკეთებენ.
დაწესებულების დირექტორის თქმით, ღირსების შემლახავ მოპყრობად მიიჩნევა, თუ ქალს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი არაგანკერძოებულ, ელექტრომოწყობილობით აღჭურვილ ოთახში შეამოწმებს.
ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაეროს წესების (ბანგკოკის წესები) თანახმად, შიშველი ჩხრეკა სკანირებამ უნდა ჩაანაცვლოს.
თუმცა #5 დაწესებულების დირექტორი ამბობს, რომ ფიზიკური შემოწმება სკანირების პირობებშიც საჭირო იქნება, რათა პატიმარმა ფიზიკური დაზიანება არ დამალოს.
არანაკლებ მნიშნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ანგარიშის თანახმად, საკნებში სასმელად უვარგისი წყალი მოდის. კეთილმოუწყობელია დაწესებულების ყველა კორპუსის საშხაპეები - ჟანგიანი მილები, ბეტონის იატაკი, ერთი ტრაპი, საიდანაც წყალი გასვლას ვერ ასწრებს და ჭუჭყიანი გუბე დგება. ამასთან საშხაპეები ისეა განლაგებული, რომ დარღვეულია პრივატულობა.
ამაზე დაწესებულების დირექტორს თავისი არგუმენტი აქვს. მისი თქმით, საშხაპეებში ფარდის ჩამოკიდება დაუშვებელია, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ის თვითმკვლელობისთვის გამოუყენებიათ.
“არ არის ფარდები და ვერც იქნება, რადგან ამას მთელი რიგი ნეგატიური შედეგების გამოწვევა შეუძლია. გარეშე თვალი ამას სხვანაირად აღიქვამს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სად რას ვითხოვთ”.
კიდევ ერთ პრობლემას ჰიგიენური პაკეტების არქონა ქმნის. გარედან ამანათით ნებადართულია მხოლოდ 10 პაკეტის შემოგზავნა. ორმაგად ცუდ მდგომარეობაში არიან ის პატიმრები, ვისაც ახლობლები არ ჰყავთ ან ამანათის შეგზავნას ხშირად ვერ ახერხებენ.
ნესტან ვერულაშვილი ამბობს, რომ პაკეტების დარიგების ვალდებულება მათ კანონით არ აქვთ. მაგრამ განმარტავს, რომ ამ პრობლემის წესდებით დასარეგულირებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
“იურიდიულ სამსახურთან ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვთანამშრომლობთ. იურისტები მუშაობენ ქალთა დაწესებულების დებულებაზე, რომელიც მოიცავს მუშაობისას აღმოჩენილ ყველა პრიორიტეტულ საკითხს”, - აცხადებს “ლიბერალთან” ქალთა #5 დაწესებულების დირექტორი.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების მიხედვით, ქალებისთვის ჰიგიენური მოხმარების საგნების არმიწოდება ღირსების დამცირების ტოლფასია.
“ბანგკოკის მინიმალური სტანდარტების თანახმად, ქალები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჰიგიენური საშუალებებით და მათ შორის ჰიგიენური საფენებით, რომელიც მათ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს და არა ფუფუნების საგანს”.
რამდენიმე დღის წინ ქალთა #5 დაწესებულებაში ქალთა მოძრაობის სახელით ნაზი ჯანეზაშვილი იმყოფებოდა. როგორც მან “ლიბერალთან” საუბრისას განაცხადა, მათი სტუმრობისას დაწესებულების მაღაზიაში ჰიგიენური პაკეტი იყიდებოდა.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, დაწესებულებაში 18 სამედიცინო და დამხმარე პერსონალი ჰყავთ. გარედან ისეთი სპეციალობის ექიმებს იწვევენ, როგორიცაა: ფსიქიატრი, ნევროლოგი, ორთოპედი, სტომატოლოგი, რენტგენოლოგი, ლაბორანტი, ენდოკრინოლოგი და გინეკოლოგი. თუმცა, ანგარიშის თანახმად, მათთან კონსულტაციაზე ჩაწერილ პაციენტებს რიგში ყოფნა თვეების განმავლობაში უწევთ. ანალოგიური მდგომარეობაა ოპერაციების გაკეთებასთან დაკავშირებითაც.
ნესტან ვერულაშვილი განმარტავს, რომ რიგები ექიმთან კონსულტაციასა და ოპერაციებზე ახლაც არის, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა საქმე გეგმურ ვიზიტებსა და ოპერაციებს ეხება. რაც შეეხება გადაუდებელ შემთხვევებს, ასეთ დროს პატიმარი დაწესებულებიდან ქალაქის კლინიკებში დაუყოვნებლივ გაჰყავთ.
“იყო პერიოდი, როცა ოპერაციის გასაკეთებლად რიგში უწევდათ ყოფნა და ექიმებსაც განუსაზღვრელი ვადით ველოდებოდით. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ასე აღარაა”.
დაწესებულების დირექტორი ანგარიშის იმ ნაწილს ეთანხმება, სადაც ექიმის მიერ დანიშნული წამლის სხვა მედიკამენტით ჩანაცვლებაზეა საუბარი. მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს გასაცემი მედიკამენტების სია. დაწესებულების ექიმმა იცის, რომ მედიკამენტი ამ სიიდან უნდა შეარჩიოს, თუმცა ეს არ იცის ქალაქის სტაციონარის ექიმმა. ციხის დირექტორი და სამედიცინო ნაწილის წარმომადგენლები ზოგჯერ იმასაც ახერხებენ, რომ პატიმრებმა დანიშნული წამლები მიიღონ.
რაც შეეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომპონენტს, 293 პატიმარს მხოლოდ 2 ფსიქოლოგი ჰყავს. თუმცა ნესტან ვერულაშვილი აცხადებს, რომ ამ რესურსით მუშაობა შესაძლებელია, რადგან ფსიქოლოგის დახმარება ყველას არ სჭირდება.
დაწესებულებაში ცალკე შენობაში, დედათა და ბავშვთა საცხოვრებელში შვილიანი და ორსული პატიმრები ცხოვრობენ. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მათი მთავარი პრობლემა ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უქონლობაა, რის გამოც ბავშვები ხშირად გარეთ ვერ გაჰყავთ. ამ პრობლემის არსებობას ნაზი ჯანეზაშვილიც ადასტურებს. ის დედებს პირადად შეხვდა და როგორც მათგან შეიტყო, გარკვეული ტანსაცმელი მათ საპატრიარქომ მიაწოდა. თუმცა ეს პრობლემას ბოლომდე ვერ ჭრის.
მათთან დაკავშირებით პრობლემურია დედების და ბავშვების დაშორების საკითხიც. ქართული კანონმდებლობით, ბავშვი ციხეში 3 წლამდე რჩება. შემდეგ კი დაწესებულებას ტოვებს და ცხოვრებას გარეთ აგრძელებს. ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მათ დაშორებამდე მოსამზადებელი პროგრამა უნდა არსებობდეს, რომელიც დედას და შვილებს განშორებას და ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას გაუადვილებს.
“არ არსებობს ინსტიტუციური მექანიზმი, რომ ბავშვი და დედა ერთმანეთთან დაშორებისთვის და ერთმანეთის გარეშე ცხოვრებისთვის მოამზადონ. მათთან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები შედიან და მუშაობენ. თუმცა ეს საკითხი ინსტიტუციურად არაა მოგვარებული. ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ამ საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი “ლიბერალთან”.
რამდენადაც ციხეში შვილის ყოლა ერთგვარი პრივილეგიაა, რადგან დედები განსხვავებულ პირობებში არიან, მეორე მხრივ, ეს ხელისშემშლელი ფაქტორია - ბავშვების გამო ისინი ვერ ახერხებენ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, რადგან ბავშვებს ვერავის უტოვებენ. შესაბამისად, ვერც ტრენინგებს ესწრებიან და ვერც რაიმე პროფესიას სწავლობენ.
პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების თანახმად, დაწესებულებაში კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ბაგა-ბაღი უნდა არსებობდეს, სადაც ბავშვების დატოვება იქნება შესაძლებელი.
ნესტან ვერულაშვილი ამბობს, რომ ბაღის შექმნის საკითხი დღის წესრიგში, სავარაუდოდ, ხანგრძლივი პაემნების არსებობის პირობებში დადგება. დაწესებულების დირექტორი ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ დედათა კორპუსის შემადგენლობა გაიზრდება.
ქალი პატიმრების გრძელვადიანი პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კანონით დადგენილი ვადა 2015 წლის 31 დეკემბერია. ნესტან ვერულაშვილის ინფორმაციით, მაკეტი უკვე არსებობს და რომ არა 13-14 ივნისს დატრიალებული სტიქიური უბედურება, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული იქნებოდა.
“ჩვენ უკეთესის მოლოდინში ვართ, ახალ აგურებს ვდებთ. ეს არ არის ბოლო, რომლის შემდეგაც არაფერი შეიცვლება. ჩვენ ვიყავით ჭაობში და აქედან ნელ-ნელა ამოვდივართ. ეს არ არის მარტივი გზა და ამის გასავლელად ჩვენ თანადგომა გვჭირდება”.