Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა - კვლავ პრიორიტეტებს მიღმა

23 ივლისი 2015

ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების მექანიზმების ამუშავება, სოციალური მუშაკების გადამზადება, მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა თუ ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა  - ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ჯერ კიდევ 2006 წელს მიღებული  ეს  ნორმები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისს უნდა შესულიყო ძალაში, კვლავ გარკვეული დროით გადავადდა

„ვერ ესწრება სოციალური მუშაკების სათანადო მომზადება, მათი დატრენინგება, სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა, ასევე ოჯახში ძალადობის დაცვის მექანიზმების შემუშავება“, - განცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მირიან წიკლაურმა კანონით განსაზღვრული ვალდებულებების გადავადების ძირითად მიზეზებზე საუბრისას. კანონპროექტის განხილვისას მან თქვა, რომ  სოციალური მუშაკების არსებული რესურსი საკმარისი არ არის  კანონით განსაზღვრული  ამოცანების შესასრულებლად.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“ მთელი რიგი ნორმების ამოქმედებას  2015 წლის 1 ივლისის ნაცვლად 2017 წლის 1 სექტემბრამდე გადაწევას გულისხმობდა. თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში განხილვის შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და 2016 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება;

საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა უზრუნველყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა;

საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე, ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა; შესაბამისი სამართლებრივი საკითხების მარეგულირებელი ნორმების მოქმედება კი 2016 წლის 1 ივლისამდე შეჩერდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტს მოთხოვნით მიმართავდა, აემოქმედებინა ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის შესახებ კანონის  მე-8 მუხლი, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ის კანონის მთავარი ღირებულება იყო, განსაზღვრავდა პრევენციულ ღონისძიებებს და ასახელებდა ორგანოს, რომელსაც ეს პრევენციული ღონისძიებები უნდა განეხორციელებინა.

მე-8 მუხლის თანახმად, რომლის ამოქმედებაც ერთი წლით გადაიდო,  ჯანდაცვის სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურება ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებისთვის. სოციალური მომსახურება  კი მოიცავს: ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებებს; შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა რისკჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას; დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას; დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგს; მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი შესრულების ხელშეწყობას.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სოციალური დაცვის მექანიზმის გარეშე ძალადობასთან ბრძოლა არ არსებობს. მისი თქმით, კანონის ყველა მუხლი რომელიც გლობალურად ოჯახში ძალადობის საკითხის მოგვარებას გულისხმობდა, შეჩერებულია: “ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კანონის აღსრულება. ჩემთვის ეს კანონი, სადაც სოციალური ნაწილი შეჩერებულია, საერთოდ ვერ აღსრულდება. მისი მხოლოდ მცირე ნაწილი სრულდება, რომელიც მიმართულია ღონისძიებებზე. ეს მას შემდეგ, რაც  ძალადობა უკვე მოხდება, ზიანი უკვე მიყენებულია და დროებითი ღონისძიებები ისევ ფორსმაჟორული პრინციპით ტარდება, რაც, რა თქმა უნდა, იმ შედეგს არ გვაძლევს რისთვისაც მიღებულია ეს კანონი. როცა მოძალადეს მსხვერპლს გამოგლიჯავ, რომ არ მოკლას, ეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის,  ეს  სიცოცხლის გადარჩენაა“.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ხელოვნურია ის არგუმენტი, რაც მთავრობას საკანონმდებლო ნორმების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით აქვს. რეალური მიზეზი კი ის არის, რომ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა სახელმწიფოსთვის ჯერ კიდევ არ არის მნიშვნელოვანი თემა: “ერთი წლის შემდეგ ისევ ასეთი სიტუაცია იქნება, თუ არგუმენტია, რომ სრულფასოვნად უნდა აამოქმედონ სოციალური მომსახურების მექანიზმები. მაშინ ამაზე მუშაობა ახლა უნდა დაიწყონ და მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა ჩაიდოს სოციალური სამსახურის გაძლიერება.  მსგავსი კი არაფერი  ხდება“.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სოციალური მუშაკების ჩაბმის უზრუნველყოფა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმითაც არის გათვალისწინებული. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს საუწყებათაშორისო საბჭოსა და სახელმწიფო ფონდთან ერთად 2015 წლის დასრულებამდე უნდა მოეხერხებინა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სოციალური მუშაკის როლის კონცეფციის ჩამოყალიბება და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სოციალური მუშაკების მომზადება.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე სალომე ნამიჭეიშვილი ამბობს, რომ  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ კონცეფციაზე მუშაობა ორი წლის წინ  ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ქალთა ფონდთან ერთად დაიწყო, თუმცა კონცეფცია თაროზე დევს და მას შემდეგ პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა.

„თავისთავად კრიტიკას იმსახურებს ის, რომ  ამაზე საუბარი 2006 წლიდან მიმდინარეობს და ამდენი წელი დაიკარგა. თუმცა ჩვენი რეკომენდაციაც იყო, რომ ეს ვადები სოციალურ მუშაკებთან დაკავშრებით გადაწეულიყო. რადგან როცა ვიკითხეთ, როგორ აპირებდნენ ამ სოციალური  მექანიზმების ამოქმედებას, პასუხი იყო ის, რომ ეს ფუნქციები დაემატებინათ ისევ იმ 240 სოციალური მუშაკისთვის, რომლებიც ისედაც შავ დღეში არიან სხვადასხვა მიზეზის გამო და მათი ინტერვენცია არ არის ეფექტიანი. ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ რამეს ჩვენ მხარს არ დავუჭერდით, რადგან სახელმწიფო ფორმალურად და ხელოვნურად ეუბნება საზოგადოებას, რომ რაღაც გააკეთა და ქულებს იწერს.  ჩვენ თავისთავად ვაკრიტიკებთ, რომ ეს ვადა გადაიწია, ეს ნიშნავს, რომ  მათთვის ეს საკითხი პრიორიტეტული არ იყო და არ დაიწყეს თანმიმდევრული, წინასწარი სამუშაოების განხორციელება. რას აკეთებდნენ 2015 წლამდე. ამას კი ვაკრიტიკებთ, მაგრამ ჩვენი სოციალური მუშაკების გამოწვევებიდან გამომდინარე ვთქვით, რომ ვადები გადაეწიათ. მე ვფიქრობ რომ ეს უფრო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა, ვიდრე სოციალური მუშაკებისთვის ფუნქციების ხელოვნურად დამატება“, - ამბობს სალომე ნამიჭეიშვილი.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^