სპეციალისტების შეფასებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გაზის ბალონების ჩამონტაჟება, გაზის ჩატუმბვა, ტექნიკურ მოთხოვნილებებთან შესაბამისობისა და ფირნიშის ბარეთების გაცემა ყოველგვარი სტანდარტისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ხდება. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშიც.
თბილისის საკრებულოს წევრის, შალვა ოგბაიძის თქმით, ყვითელ იმიკროავტობუსების მძღოლებმა ხარჯის შემცირების მიზნით დაიწყეს დიზელის ძრავის ამოღება და ელიავას ბაზრობაზე შეძენილი მეორადი ძრავების მიკროავტობუსებში ჩაყენება, შემდეგ კი მათი გაზზე გადაყვანა. რაც, უსაფრთხო მგზავრობას რისკის ქვეშ აყენებს.
ოგბაიძე ამბობს, რომ გაზზე გადაყვანილი მიკროავტობუსების რაოდენობისა და მათი უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შესახებ თბილისის სატრანსპორტო სამსახურიდან ინფორმაცია გამოითხოვა. თბილისის მიკროავტობუსში შემავალმა ოთხივე კომპანიამ („ფაბლიქ ქარი“, „კაპიტალ გრუპი“, „თბილ ლაინი“ და „თბილ ქარი“)წერილობით, ერთი და იმავე ტექსტით უპასუხეს, რომ კომპანიებმა M2 კატეგორიის ავტობუსების მცირე ნაწილზე მოდიფიცირების სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით განახორციელეს. თითოეულ მათგანზე კი გაიცა ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობების შესაბამისობის ბარათი. კომპანიებმა ამ ბარათების ასლებიც წარმოადგინეს. რომელთაგან სამს გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში რეგისტრირებული შპს ე&მ გასცემს. ხოლო ერთს- თბილისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე რეგისტრირებული შპს „კამარა“. ოთხივე ბარათი 2015 წლის აპრილშია გაცემული.
ლიბერალი შეეცადა თბილისში რეგისტრირებულ კომპანიას, შპს „კამარას“ დაკავშირებოდა, თუმცა საჯარო რეესტრში დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართზე ვერ მიაკვლია.
კომპანია თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენელი, ნათია მიქიაშვილი განმარტავს, რომ კომპანიამ 2011-2012 წლებში ასამდე მიკროავტობუსი საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაზზე გადაიყვანა. რაც, მსოფლიოში ნავთობზე ფასის გაზრდამ და შესაბამისად საწვავის გაძვირებამ განაპირობა. „ძალიან ბევრ ქვეყანაში დაიწყეს ეს საპილოტე პროგრამა, იმისათვის, რომ საწვავის ფასის ზრდის მიუხედავად მოსახლეობას სამგზავრო ტარიფი არ გაძვირებოდა. ჩვენც ჩავერთეთ ამ პროგრამაში, რადგან მგზარობის ტარიფის გაზრდა უარყოფითად აისახებოდა ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ სოციალურ ვითარებაზე.“
ნათია მიქიაშვილის თქმით, საპილოტე პროგრამა ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით განხორციელდა. მიკროავტობუსებში, რომლებშიც დამონტაჟებულია ბუნებრივი აირის ბალონები შესაბამისი სერტიფიკატის მქონე კომპანიებშია შემოწმებული. მისი თქმით, კომპანია მიკროავტობუსების შემოწმებისას რამდენიმე ფირმასთან თანამშრომლობდა, რომლებიც თბილისში მოქმედებენ,- „ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის რეგიონებში მოქმედი კომპანიები, რაც არასწორია, კომპანიას შეიძლება იურიდიული მისამართი საქართველოს ნებისმიერ წერტილში ქონდეს რეგისტრირებული.“
მისი თქმით, პროგრამა ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან ნავთობის ფასმა იკლო და მისი გაგრძელება საჭირო აღარ გახდა. ამბობს, რომ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება გაუმართაობის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში გახდეს, შესაბამისად ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც კომპანიის მფლობელობაშია ტექნიკური დათვალიერება მუდმივი ხორციელდება.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გაზზე მუშაობს თავის მხრივ საფრთხისშემცველი არ არის, პრობლემას წარმოადგენს ის თუ რამდენად უსაფრთხოდ და სტანდარტების დაცვითაა ეს სისტემა მათში ჩამონტაჟებული, რამდენად უსაფრთხოდ ხდება მათში გაზის ჩატუმბვა“,- განმარტავს ტრანსპორტისა და გზების პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია. მისი შეფასებით, გაზზე გადაყვანილი მანქანები გზისთვის შესაბამისობის ტესტირებას გადიან, მაგრამ ყველა ამ ფირმის სანდოობას, რომელიც ამ ტესტირებას ახორციელებს და სახელმწიფოს მიერაა დელეგირებული ეჭვქვეშ აყენებს, რადგან, მისი შეფასებით, ისინი შესაბამის სტანდარტს არ აკმაყოფილებენ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილაბაში ( #80) მოცემულია ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობების განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ის სავალდებულოა, როგორც აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის საწარმოებისთვის, ასევე აკრედიტირებული ტესტირების ცენტრებისთვის. გარდა ამისა, ყველა მძღოლისთვის, რომელიც მართავს აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
ყველა კატეგორიის აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის დაყენებისას სავალდებულოა ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების ჩატარება.
ტესტირების ცენტრი ვალდებულია ვარგისად მიჩნეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშულებაზე გააფორმოს და გასცეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ბარათი და შესაბამისობის ფირნიში.
შესაბამისობის ფირნიში წარმოადგენს აირბალონიანი მოწყობილობის ვარგისობის დამადასტურებელ დოკუმენტს და იგი სავალდებულოა გამოსაყენებლად ყველა იმ პირისათვის, რომლის მფლობელობაშიცაა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
შესაბამისობის ბარათი კი არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შედეგებს და დასკვნას მისი ტექნიკურად გამართულობის შესახებ.
„დღესდღეობით რეგლამენტში გაწერილი სტანდარტები ქაღალდზევე დაწერილად რჩება, რადგან პროცესი სახელმწიფოს მხრიდან არ კონტროლდება. დიდი ნაწილი იმ სადგურებისა, რომლებშიც გაზის ბალონებს ამონტაჟებენ არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს“,- ამბობს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც კვაშილავა საუბრობს უშუალოდ გაზის ჩატუმბვის პროცესს შეეხება, რომლის დროსაც ასევე არ არის დაცული ელემენტარული სტანდარტისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც ბალონის სისქის, ჩატუმბული გაზის წნევისა და ტემპერატურის კონტროლს მოიცავს.
კვაშილავას შეფასებით, ფირნიშის გაცემა ფაქტობრივად ფიქტიურია, რადგან ის ხშირად ავტომობილის შემოწმების გარეშეც გაიცემა,- „როგორც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ფირმები უამრავია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და ფაქტობრივად მათი არანაირი აღრიცხვა არ ხდება. საკმარისია ერთი პატარა ოთახი საოფისე ფართისთვის, რომ ნებართვების გაცემა აწარმოონ. ფაქტობრივად ქაღალდს ყიდულობს მძღოლი, რომელსაც რეალურად არანაირი გარანტი არ აქვს, რომ მანქანაში სტანდარტის შესაბამისადაა ჩამონტაჟებული გაზის ბალონი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ინსტიტუტი , რომელიც ამ ყველაფრის მონიტორინგს ყოველდღიურად განახორციელებს. მარტო ქაღალდზე ამის აღნიშვნით და სხვა სუბიექტებისათვის საქმის გადაბარებით ეს პროცესი ვარ მოწესრიგდება“, -ამბობს გელა კვაშილავა.
მისი თქმით, 2014 წლის მონაცემებით ქვეყანაში მილიონ ასი ათასამდე მანქანაა, ამათგან 350 000 ოც წელზე მეტი ხნისაა. რადგან არ არსებობს ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება, არ არსებობს არც ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი ავტომობილია გაზზე გადაყვანილი. კვაშილავას თქმით, სავარაუდოდ ეს რიცხვი საერთო რაოდენობის 20%-დან 30%-მდეა.
„ბალონის ყიდვა, მისი ჩამონტაჟება, ფირნიშის გაცემა, გაზის ჩატუმბვა, შემოწმების გავლა, ეს მთლიანი პროცესია. დღესდღეობით კი ამ პროცესის ფაქტობრივად არცერთი ელემენტი არ ჯდება ნორმაში, სწორედ ამის გამო არსებობს რისკი. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა როცა ამ ნორმების დაუცველობით უბედური შემთხვევა მოხდა, მანქანები აფეთქდა, იყო მსხვერპლიც. ალბათობა იმისა, რომ ასეთმა შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს ძალიან მაღალია, რადგან გაზი საწვავთან შედარებით იაფია, დღითიდღე მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ავტომანქანები გაზზე გადაჰყავთ, როგორც კერძო მანქანები, ისე მიკროავტობუსები და ავტობუსები. ყველაფერ ამას ემატება მოუწესრიგებელი გზები, უსაფრთხოების კულტურის დაუცველობა, მაღალი სიჩქარე, რაც დამატებითი რისკ ფაქტორია. “
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში 2015 წლის 29 აპრილს შესული ცვლილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ზედამხედველობის არეალში მოექცა გაზგასამართი სადგურები, რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტო გააკონტროლებს და მონიტორინგს გაუწევს ამ ტიპის სადგურების უსაფრთხო ფუნქციონირებას.
სააგენტოს პირველი მოადგილის, რამაზ ობოლაძის განმარტებით, თავდაპირველად ადგილზე ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდება. ტექნიკურ რეგლამენტთან შესაძლო შეუსაბამობის შემთხვევაში, თუკი რეგლამენტის რომელიმე ნორმა არ დაკმაყოფილდება, სადგური დაჯარიმდება. ჯარიმა 200 ლარიდან 1500 ლარამდე იქნება.
ობოლაძის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი ამგვარი სადგურია ქვეყანაში, თუმცა პირველადი მოკვლევით, ამგვარი სადგურების რაოდენობა დაახლოებით 250 ობიექტამდეა.
ობოლაძის თქმით, ჯერ არ არის დადგენილი კონკრეტული თარიღი თუ როდიდან დაიწყება ინსპექტირება. ამ ეტაპზე კანონში შესული სიახლის შესახებ ოპერატორების ინფორმირება მიმდინარეობს.
2015 წლის 20 აპრილს „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ცვილიების მიხედვით, 2015 წლის 1 სექტემბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის სისტამისა და მისი ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას მხოლოდ ერთი ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი განახორციელებს.
იმ მძღოლებმა, კი რომლებიც უკვე აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მართავენ, მათი ავტომობილების ინსპექტირება აკრედიტაციის ცენტრში 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა განახორციელონ.
ცვილილების თანახმად, მას შემდეგ, რაც გაზზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას აკრედიტაციის ცენტრი დაადგენს, მათთვის ფირნიშიებს, მხოლოდ ერთი სააგანტო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა კი, 2017 წლის 31 დეკემბრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების სფეროში ელექტრონული კონტროლისა და აღრიცხვის სისტემის დანერგვის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება უნდა უზრუნველყონ.
„ამ ცვლილებებით, იქმნება კონტროლის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება დღეს არსებული უკონტროლო მდგომარეობა კანონიერ ჩარჩოში მოექცეს და დარეგულირდეს“,- ამბობს გელა კვაშილავა.
მისი თქმით, რადგან მხოლოდ ერთ სააგენტოს ექნება უფლება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობა შეამოწმოს და მხოლოდ ერთი სააგენტო გასცემს მათთვის ფირნიშებს, აღარ იარსებებს ისეთი სწარმოები, რომლებიც ფირნიშებსა და ტექნიკურ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის ბარათებს ყოველგვარი კონტროლის, რეგლამენტით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვის გარეშე გასცემენ. ამბობს, რომ ცვლილებით ასევე მოწესრიგდება აღრიცხვის სისტემა, რაც დღეს არ არსებობს, იარსებებს ზუსტი სტატისტიკა თუ რომდენი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა გაზზე გადაყვანილი.
ზემოთაღნიშნული ცვლილებების შედეგად უსაფრთხოებასა და ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებლობა სამ სააგენტოს ეკისრება. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გაზგასამართ სადგურებს გაუწევს ზედამხედველობასა და მონიტორინგს. აკრედიტაციის ცენტრი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის სისტამისა და მისი ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას, ხოლო მათთვის ფირნიშებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს. სპეციალისტების შეფასებით, ზედამხედველობის ამგვარი გადანაწილება არსებულ ვითარებას შეცვლის და კონტროლის რეალური მექანიზმებს გააჩენს, რაც თავის მხრივ დღეს არსებულ რისკებს შეამცირებს.