Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მირზა შაფის ქუჩა - ქალაქისთვის წართმეული სული

31 ივლისი 2015

 მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელთაც ისტორიკოსების, არქიტექტორების, ურბანისტებისა თუ ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ძველი თბილისისთვის შეუფერებლად მიიჩნევენმერიისა და ინვესტორი კომპანიის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორმა მერიის წარმომადგენლებსა და სხვა სპეციალისტებს უნდა წარმოუდგინოს, როგორ შეცვალა ესკიზური პროექტი მათი სანებართვო პირობებისა და შენიშვნების მიხედვით. თუმცა ეს შეხვედრა ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო და ჯერაც არ არის ცნობილი, როდის გაიმართება.

 

ბადრი ცხადიაშვილი 20 წელზე მეტია მირზა შაფის ქუჩაზე ცხოვრობს. დღეს მისი ოჯახი ერთ-ერთია იმ სამ ოჯახთაგან, რომლებიც ამ ქუჩას ჯერ კიდევ შემორჩნენ.

ცხადიაშვილების ფანჯრებიდან დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი დასახლება უკვე 7 წელია აღარ ჩანს - მას შემდეგ, რაც 2008 წელს ქუჩაზე მდებარე 20-მდე სახლი ინვესტორმა კომპანიამ დაანგრია.

„სახლები მალე დაანგრიეს, მაგრამ შემდეგ კლდის ნგრევას და მასალის გატანას 3-4 წელი მოანდომეს. აქ რომ კლდეს ანგრევდნენ, ჩვენი სახლებიც ზანზარებდა, პირველი სართული დაიბზარა კიდეც. მეეჭვება აქ ახალი მშენებლობა უსაფრთხო და ეს უზარმაზარი კლდის მასა მყარი იყოს“, - ამბობს ცხადიაშვილი და მოჭრილი კლდის ფართობს გვაჩვენებს.

ამბობს, რომ აბანოთუბნის თავზე ამჟამად არსებული მოტიტვლებული სივრცის ნაცვლად 3-4-სართულიანი სახლები, რამდენიმე კერძო სახლი და ვიწრო სამანქანო გზა იყო. ახლა კი ბოტანიკური ბაღის შესასვლელამდე მთელი ქუჩა „აღებულია“.

ახალი პროექტი ცხადიაშვილებს და მათ მეზობლებს არ მოსწონთ.

„ეს იგივეა, ძველ თბილისში რომ ჩეხური 9-სართულიანი კორპუსი ჩადგა, უბანი მთელ ისტორიულ ღირებულებას დაკარგავს, ჩვენი შვილები კი სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან. ამის უფლებას არ მივცემთ“, - ამბობს ბადრი ცხადიაშვილი.

აზერბაიჯანელი პოეტის, მირზა შაფის სახელობის ქუჩა, რომელიც ახლა პრაქტიკულად აღარ არსებობს, სეიდაბადში, აბანოთუბანში, თაბორის მთის ძირში მდებარეობდა. თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა კლდის რელიეფს მიუყვებოდა. სახლები მხოლოდ ცალ მხარეს, კლდის ძირას იყო განლაგებული, აივნები კი ძველ ქალაქს გადაჰყურებდა. ქუჩის სხვადასხვა დონეები კიბეებით იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. ძირითადად მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული საცხოვრებელი სახლები კლდეზე შეფენილ, ტერასულ განაშენიანებას ქმნიდნენ. ეს კი,  როგორც არქიტექტორი ნინო ჩაჩხიანი წერს, მე-19 საუკუნეზე უფრო ადრინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი ბანიანი სახლების არსებობაზე მიგვანიშნებდა. მათ შორის იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ორი სახლიც N16 და N8 (ძეგლები 1022 და 1023).

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე მირზა შაფის ქუჩამ ბევრი ცვლილება განიცადა, ეს იყო სპარსელების მიერ ჩამოსახლებული სეიდების 21-ე საუკუნემდე შემონახული კომპაქტური დასახლება. გადმოცემის თანახმად, აქვე იყო, ე.წ. სურდოს ქვაც, რომელსაც ადამიანები  ძღვენს სწირავდნენ და სჯეროდათ, რომ ამის შემდეგ ავადმყოფებიც იკურნებოდნენ.

ნინო ჩაჩხიანი მიიჩნევს, რომ მირზა შაფის ქუჩა სიძველის, რელიეფის, ფორმის, განაშენიანების, ისტორიული მნიშვნელობის, ხედებისა თუ იქ მცხოვრები მუსლიმი თბილისელების კულტურის შენარჩუნების მიზნით მთლიანად ძეგლად უნდა აღიარებულიყო. დაცულიყო და გამაგრებულიყო, როგორც ერთიანი კომპლექსი. რეკონსტრუქცია კი საერთაშორისო ნორმების დაცვით მომხდარიყო.

თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

„ეს სურდოს ქვა, ეს სეიდები,  მირზა შაფის ეს განაშენიანება ჩვენ 2008 წელს დავკარგეთ, როდესაც ერთ ღამეში ეს ქუჩა ისე მთლიანად აღიგავა პირისაგან, რომ არ იყო გაცემულა დემონტაჟის ნებართვა, გადაწყვეტილება ქალაქმა არ იცოდა და პროექტი არავის ჰქონდა ნანახი“, - ამბობს „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი.

ნგრევა მირზა შაფის ქუჩაზე 2008 წლის 15 ნოემბერს დაიწყო. „თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება - ტფილისის ჰამქრის“ მტკიცებით, კომპანია „აპოლო გ.ს“-ს შენობების დემონტაჟის უფლება არ ჰქონდა. ასევე, უკანონო იყო მოგვიანებით მათ მიერ კლდის მოჭრაც. 4 დეკემბერს ქუჩა სახლებისგან უკვე გათავისუფლებული იყო.

იმავე წლის დეკემბერში თბილისში ახალი საინვესტიციო კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 100 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა და მისი ერთ-ერთი პროექტი სწორედ მირზა შაფის განაშენიანების პროექტი იქნებოდა. თუმცა ნგრევის ნებართვის დოკუმენტი მაშინ „ლიბერალის“ ჟურნალისტებმა ვერ მოიპოვეს. მერიის არქიტექტურის სამსახურს არ გაუცია N16-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟის ნებართვაც.

მერიიდან მიღებული მასალების მიხედვით, „აპოლო გ.ს.“-ს მაშინდელი დირექტორი მერიის ზედამხედველობის სამსახურს 2008 წლის 10 დეკემბერს ოფიციალური წერილით ატყობინებდა, რომ ასრულებდა რა მერიის დავალებას, 20 ნოემბერს კომპანიას მირზა შაფის ქ. #16, #24, #38 და #40-ში არსებული უკანონო მიშენება-დაშენების დემონტაჟის დროს ეს სახლები „შემოენგრა“.

"უკანონო მიშენება-დაშენებების დემონტაჟის დროს ინგრევა მიმდებარე ავარიული შენობებიც, რომელთა რეკონსტრუქცია და შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაცია შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - ნათქვამია ევგენიძის წერილში.

წერილი ასე სრულდება - "აღნიშნული ზემოქმედების შედეგად მირზა შაფის ქ. #20, #26, #34, #34ა, #44, #46-ში მდებარე შენობები მთლიანად ჩამოინგრა, ხოლო #28 და #32-ში მდებარე შენობები - ნაწილობრივ".


საინტერესოა, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური უკანონო მიშენება-დაშენების დემონტაჟს, როგორც წესი, თავად მესაკუთრეებს ავალებდა და გაუგებარი რჩებოდა, რატომ დაევალა ეს ინვესტორ კომპანიას. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ უძრავი ქონების ნაწილი, რომლის, როგორც თავად ამბობდნენ, უკანონო მიშენება-დაშენების დემონტაჟსაც „აპოლო გ.ს.“ ახორციელებდა, ამ კომპანიის საკუთრება ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო.  ამასთან, „აპოლო გ.ს.“-სა და „Capital Partners of Georgia”- შიც ერთი და იმავე ადამიანის გიორგი სვანიძის მონაწილეობა იკვეთებოდა. სვანიძე „Capital Partners of Georgia”-ს დამფუძნებელია, „აპოლო გ.ს.“-ის დამფუძნებელი კი თინათინ სვანიძეა.

მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა. 2014 წლის შემოდგომაზე თბილისის მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ ძველი პროექტი საბოლოოდ დაიწუნა და ის ძველი თბილისის გარემოსთვის შეუსაბამოდ მიიჩნია. 2015 წლის 2 მარტს კი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და ინვესტორმა (შპს „აპოლოგ.ს.“) მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შექმნაზე ღია კონკურსი გამოაცხადეს. ორი თვის შემდეგ, 20 მაისს საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად არქიტექტურული კომპანია „დემარკის“ (არქიტექტორი ვლადიმერ აბრამიშვილი) პროექტი გამოაცხადა. გამარჯვებულ პროექტს ინვესტორი კომპანია 20 000 აშშ დოლარით დააჯილდოებს. ქუჩაზე დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას სავარაუდოდ სასტუმროების ცნობილი ოპერატორი კომპანია "კემპინსკი" განახორციელებს.

„ტფილისის ჰამქარი“ ჯერ კიდევ 12 მაისს აცხადებდა, რომ წარმოდგენილი ცხრავე პროექტი არღვევდა ტრადიციულად ჩამოყალიბებული უბნის ერთიან მასშტაბს, უგულებელყოფდა ლანდშაფტის თავისებურებას, არ ითვალისწინებდა ურბანული ქსოვილის ხასიათსა და მხატვრულ-არქიტექტურულ მთლიანობას და ეწინააღმდეგებოდა ისტორიული ქალაქის განვითარების საერთაშორისო პრინციპს „ფაქიზი განახლების“ შესახებ.

„კონკურსის ტექნიკური დავალება ისე იყო გაწერილი, რომ შეუსაბამო კვადრატული მეტრობიდან ნებისმიერ არქიტექტორს ის განაშენიანება უნდა შეექმნა, რომელიც აქ უნდა ჩამდგარიყო. კონკურსი თავისთავად კარგია, მაგრამ ამ კონკურსს უნდა ჰქონდეს ისეთი დავალება, რომელიც არა მხოლოდ ინვესტორის სურვილებიდან გამომდინარეობს, არამედ პირველ ყოვლისა უნდა ერგებოდეს ქალაქს. ეს კი ასე არ იყო და ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რომელიც მივიღეთ - ყველა წარმოდგენილი კონცეფცია მიუღებელი იყო“, - ამბობს ცირა ელისაშვილი.

 ჯერ კიდევ გამარჯვებულის დასახელებამდე „ჰამქარი“ქალაქის მერიას მოუწოდებდა, გამოევლინათ პოლიტიკური ნება, არ დაესახელებინათ გამარჯვებული, მკაცრად და საპროექტო უბნისთვის შესაფერისად გაწერილი პირობების საფუძველზე გამოეცხადებინათ კონკურსის მეორე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ახალ საპროექტო ჯგუფებსაც შეეძლებოდა.

საკონკურსო მოთხოვნების შეუსაბამოდ მიიჩნევს გამარჯვებულ პროექტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაია შავიშვილიც, რომელიც საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო.

“საკონკურსო პირობებში იყო პუნქტი - 2.2, სადაც წერია, რომ პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ითვალისწინებდეს მისი განაშენიანების სტრუქტურას, მორფოლოგიას, მასშტაბს, სივრცის ორგანიზებას. ეს მოთხოვნები დაცული არ იყო. არცერთი პროექტი არ შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებს. არქიტექტურა უნდა ყოფილიყო არა აქტიური, არამედ ფონური. ვინაიდან  იქ ჩამოყალიბებული გარემო ძალიან აქტიურია, აქვს თავისი ისტორიული დატვირთვა, არქიტექტურული მკვეთრად გამოხატული სახე. მის თავზე ახალი დომინანტის გაჩენა არამიზანშეწონილად მივიჩნიე”, - განმარტავს მაია შავიშვილი.

შეკითხვები და პრეტენზიები არსებობდა თავად კომისიის შემადგენლობასა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც. კომისიის ერთ-ერთი წევრი, ხელოვნებათმცოდნე და „ტფილისის ჰამქრის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ამაშუკელი შავიშვილის მსგავსად გამარჯვებულ პროექტს გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, მსგავსი მოსაზრება ჰქონდათ სხვა სპეციალისტებსაც და ეს იყო მხოლოდ „კონკურსი კონკურსისთვის“, რადგან თბილისის მერიამ ინვესტორის ინტერესების დაკმაყოფილებას დაუჭირა მხარი. „ჩარჩოს ამ ქალაქში ისევ ინვესტორი და არა სახელმწიფო ქმნის“, - ამბობს ამაშუკელი.

„ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილიც ამბობს, რომ კონკურსში სპეციალისტების მონაწილეობის მიუხედავად, რაოდენობრივად ჩინოვნიკები ჭარბობდნენ.

„ამ შემთხვევაში პროექტმა სწორედ საჯარო მოხელეების გადაწყვეტილების ხარჯზე გაიმარჯვა. მაშინ, როდესაც ეს კომისია უფრო მეთოდოლოგიური, უფრო მრავალპროფილური უნდა იყოს და თუ შეიძლება საუბარი რაიმე ტიპის ბალანსზე, მაშინ ეს ბალანსი არ უნდა იყოს დარღვეული ექსპერტთა უმცირესობის ხარჯზე. ესაა პრობლემა, რომელიც რეალურად გვქონდა“, - ამბობს ელისაშვილი.

„ჰამქრის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ თავად საკონკურსო დავალებაც არასწორად იყო შედგენილი. მისი თქმით, ინვესტორმა თავის დროზე 35 000 კვადრატული მეტრის განაშენიანებაზე მოითხოვა ნებართვა და მართალია, ახლა ამტკიცებს, რომ მხოლოდ 20 000 კვადრატულ მეტრს აითვისებს, მაგრამ ეს კვლავ შეუსაბამო რჩება მირზა შაფის ქუჩისთვის.

„თუნდაც თანამედროვე განაშენიანება, რომელიც შესაძლებელია ძალიან კარგი კვალიფიკაციის პირობებში არქიტექტორმა ამ უბანს მოარგოს, უნდა გამოდიოდეს ორი ასპექტიდან: პირველი, ლანდშაფტი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული ამ არქიტექტურაში და, მეორე, ის ურბანული ქსოვილი, რომელიც აქ არსებობს. ამ ორი ასპექტის გაუთვალისწინებლობის პირობებში, ყველა შემთხვევაში მივიღებთ მიუღებელ ნაგებობას, და სწორედ ესაა ნაკლი ყველა იმ პროექტისა, რომელიც აქამდე იყო წარმოდგენილი, რომ ყველა ეს ასპექტი იყო ნიველირებული“, - განმარტავს ელისაშვილი.

ახალ პროექტზე საუბრისას ის მირზა შაფზე არსებულ ძველ განაშენიანებას იხსენებს და აღწერს. ამბობს, რომ მირზა შაფის ურბანული ქსოვილი ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ლანდშაფტს მოერგოს ქუჩა.

„აქ კიდევ არის შემორჩენილი ორსართულიანი შენობები, ამას დაუმატეთ 9-12 სართული, წარმოიდგინეთ რამხელა მასას ვიღებთ. ეს იქნება მასივი მირზა შაფის ქუჩაზე და არა რაღაც კონკრეტული შენობა. განაშენიანება სულაც არ იქნება ისეთი, როგორიც ესკიზზე ჩანს. სინამდვილეში ის აუცილებლად გადააჭარბებს მთის სიმაღლესაც. ამიტომ ის სრულიად მიუღებელია იმ მიკროუბნისთვის, რომელსაც აბანოთუბანს ვეძახით და საიდანაც ფაქტობრივად ძველი თბილისი აღმოცენდა“.

საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ:  

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, გიორგი ინასარიძე, გიორგი ხმალაძე, ზურაბ ნემსაძე და ზაქარია ქურდიანი, კულტურის სამინსიტროს წარმომადგენელი მაია შავიშვილი, საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიის წარმომადგენლები დიმიტრი ქუმსიაშვილი და ლევან ძაგნიძე, ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები და პარტნიორები  გიორგი სვანიძე, ქრისტოფერ ჰენლი, ჰილიპ ჰენლი, თბილისის მერი დავით ნარმანია, არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, დიმიტრი მოსულიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი დავით გიგინეიშვილი.

როგორც კომისიის სხდომის ოქმიდან ირკვევა, კომისიის 8 წევრი (დიმიტრი ქუმსიაშვილი, ძაგნიძე, სვანიძე, ინვესტორი კომპანიის ორი წარმომადგენელი, ნარმანია, ღოღობერიძე და დავით გიგინეიშვილი) გამარჯვებულად გამოცხადებულ პროექტს იწონებდნენ. შავიშვილი და ამაშუკელი კი გადაჭრით ეწინააღმდეგებოდნენ. ინასარიძისთვის ყველა პროექტი მიუღებელი იყო. პროექტის მხარდამჭერთა უმეტესობამ კი გამარჯვებულს ხმა გარკვეული დათქმებით მისცა. არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ნინო ღოღობერიძის განმარტებით,  ესკიზური პროექტი საბოლოოდ გამარჯვებულად მხოლოდ ამ შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ ჩაითვლება.

კომისიის  შენიშვნები კი შემდეგია:

1. საპროექტო ტერიტორიისთვის პროექტის მოცულობა მნიშვნელოვნად შესამცირებელია. ესკიზური პროექტის ვიზუალური მხარე უნდა ჯდებოდეს საპროექტო ტერიტორიის რელიეფში და არ იკითხებოდეს ცალკეულ ლაქად, რომელიც არ ერწყმის რელიეფს; 

2. ობიექტის მასა უნდა იყოს დაშლილი, უნდა იკითხებოდეს ერთმანეთისგან გამიჯნულ ელემენტთა ჯგუფებად/ბლოკებად. წარმოდგენილი არ უნდა იქნას როგორც ერთიანი მოცულობა;

3. ესკიზური პროექტი არ უნდა იყოს დომინანტი საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე გარემოსთან მიმართებაში;

4. განხორციელდეს ობიექტის რიგებად დაყოფა. რიგებად დაყოფილი ობიექტის ცალკეული ნაწილები სივრცეში გადანაწილებული იქნას ტერასულად. ობიექტი სივრცული წყობით, მოცულობით და მასალით უნდა უზრუნველყოფდეს მის ასიმეტრიულ/არასისტემურ აღქმას ისე, რომ არ იკითხებოდეს ერთგვაროვან, ხაზოვან, სიმეტრიულ რიგებად და ტერასებად გადანაწილებულ მასად;

5. წარმოდგენილი ესკიზით გათვალისწინებული შენობების მასალები უნდა იქნას ნაწილობრივ შეცვლილი. ესკიზური პროექტის შერწყმა საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე გარემოსთან უზრუნველყოფილი უნდა იქნას გამოსაყენებელ მასალათა ფერების დამშვიდებით, კერძოდ მასალის ფერები უნდა იყოს ნეიტრალური და პასიური.

ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ კომისიამ გამარჯვებულად პრაქტიკულად ჯერ არარსებული პროექტი გამოავლინა. ამით კი კანონიც დაირღვა, რადგან პროექტი რეალურად არ პასუხობს არც ერთ საკონკურსო პირობას: ის არ ჯდება ლანდშაფტში, არ ითვალისწინებს ურბანულ გარემოს, დომინანტად ევლინება აბანოთუბანსა და ხარფუხს და ა.შ. „ტფილისის ჰამქარი“ კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, საჯარო განხილვა, რომელზეც მთავარ არქიტექტორს, ვლადიმერ აბრამიშვილს განახლებული პროექტი უნდა წარმოედგინა, რამდენჯერმე გადაიდო.

ბუნდოვანია ისიც, როგორ შეფასდება მართლაც ყველა შენიშვნის გათვალისწინებით შეიცვალა თუ არა პროექტი, რადგან განმეორებითი კენჭისყრა პროექტზე, როგორც ირკვევა, აღარ შედგება.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, მოხდება თუ არა პროექტის საბოლოო ვარიანტზე კენჭისყრა და როგორ შეფასდება ნამდვილად ითვალისწინებს თუ არა ავტორი ყველა პირობას,  არქიტექტურის სამსახურში გვპასუხობენ, რომ პროცედურა ამას არ ითვალისწინებს.

„რადგან კონკურსი ანონიმური იყო, მაშინ ავტორებს საშუალება არ მიეცათ აეხსნათ გარკვეული საკითხები, ამ შემთხვევაში არქიტექტორი უკვე ახსნის პროექტის კონცეფციას და იმას, თუ როგორ გაითვალისწინა ამ პერიოდში ის დავალებები, რაც მას მიეცა. მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს, მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც. არქიტექტორი წარმოადგენს იმას, რომ ნამდვილად გაითვალისწინა ეს შენიშვნები. პროცედურულად ეს განხილვა ამის დასტური იქნება.  რადგან რეალურად მხოლოდ ამ პირობების გათვალისწინების შემდეგ არის ლეგიტიმური კონკრეტული პროექტის გამარჯვება“, - ამბობს თათული ფაღავა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.

ვლადიმერ აბრამიშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეხვედრაზე დროის უქონლობის მიზეზით არ გვთანხმდება. კომენტარს არც ინვესტორ კომპანიაში აკეთებენ. შესაბამისად, როგორია პროექტის რეალური მასშტაბები, რამდენად საკმარისადაა შეფასებული სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური მდგრადობა - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება ვერ მოვახერხეთ. არქიტექტურის სამსახურში კი საჯარო განხილვის თარიღს კვლავ ვერ ასახელებენ.

ქალაქის მერი სპეციალისტებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პროექტის შერჩევის პროცესი შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით წარიმართა. შედეგადაც საუკეთესო ვარიანტი შეირჩა. ის კი, ვინც პროექტს აკრიტიკებს, სიღრმისეულად არ იცნობს მის კონცეფციას.

თუმცა ქალაქის ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ერთიანი და შესაფერისი პოლიტიკის არქონას საზოგადოების ნაწილი ისედაც საყვედურობს.  „ICOMOS საქართველოს“ გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე ამბობს, რომ მირზა შაფი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ქალაქის ხელისუფლება კულტურულ მემკვიდრეობას არასათანადოდ აფასებს და არასაკმარისად იცავს.

 „მირზა შაფი აჩვენებს რამდენად დინებასაა მიშვებული მთელი პროცესი. როგორ არავინ ფიქრობს, არ გეგმავს, როგორ არავის არ შესტკივა გული იმაზე, რაც ხდება.  ეს იყო წინა ხელისუფლების დანაშაული, როცა ერთ ღამეში მიწასთან გაასწორეს მრავალი კუთხით ძალიან საინტერესო წვრილმასშტაბიანი განაშენიანება. იციან, რომ ეს მოხდა, რომ ამან დიდი გულისტკივილი და პროტესტი გამოიწვია. მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომლისგანაც ცოტაოდენ გონიერებას მაინც ველით ასეთი მტკივნეული საკითხის მიმართ და ამ დროს მას გამოაქვს ასეთი პროექტი და გვეუბნება, რომ ამას პატარა კორექტირებას გაუკეთებს და განახორციელებს. იმ დროს, როცა ნებისმიერი სტერილური შეგნების ადამიანისთვისაც გასაგებია - არ შეიძლება აბანოთუბანს თავზე დაასვა მსხვილმასშტაბიანი განაშენიანება. ესაა ქაოსი, დაუგეგმაობა და უპასუხისმგებლობა. ჩვენსავე კანონში რომ ჩაიხედოთ, იქ პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება ისტორიულ ზონაში მსხვილმასშტაბიანი მშენებლობების განვითარება და გარემოსთვის შეუფერებელი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება, უბრალოდ ამის შესრულების ნებართვა არ არსებობს“, - ამბობს ნატო ცინცაბაძე.

მირზა შაფის ქუჩის განვითარების ახალი პროექტი აბანოთუბანში 6 ივნისს გამართული აქციის ერთ-ერთი მიზეზიც იყო. “SOS TBILISI – ამ სახელწოდების აქციას ესწრებოდა კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეც. ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი ფიქრობს, რომ მირზა შაფის ქუჩის განვითარების ეს კონკრეტული პროექტი „ქალაქს სულს წაართმევს, დაუკარგავს იდენტობას და გაანადგურებს ულამაზესი უბნის ხიბლს“.  და საერთოდაც, ისტორიულ უბნებში მსგავსი გაუაზრებელი მშენებლობები თბილისს ეკონომიკურად ისეთი პერსპექტიული დარგის განვითარების შანსს ართმევს, როგორიცაა კულტურული ტურიზმი.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ იმისთვის, რომ ძველი ქალაქის ავთენტურობა შეინარჩუნოს? ცირა ელისაშვილი ფიქრობს, რომ ეს კომპლექსური საკითხია და პოლიტიკური ნების არარსებობას, საზოგადოების პასიურობას, განათლებასა და სხვა ისეთ საკითხებს უკავშირდება, რის შეცვლასაც დიდი დრო სჭირდება, თუმცა მანამდე, სასამართლო და სამოქალაქო აქტივობა ერთადერთი გამოსავალია:

„ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქალაქში მაგრამ კუთვნილების გრძნობა ქალაქისადმი, როგორც ჩანს, არასაკმარისი გვაქვს. შესაბამისად, არ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ქალაქის მიმართ. ეს არის პრობლემა. თუმცა მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი აქტივობა არის ის  რეალური ბერკეტი, რომელსაც შეუძლია აიძულოს ხელისუფლება, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება ქალაქისთვის. ახლა იმაზე ვართ დამოკიდებული, ვიქნებით თუ არა სამოქალაქო თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^