Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა მიმართ ძალადობა - ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში

29 ივლისი 2015

2013 წელთან შედარებით  2014 წელს  62%-ით მეტი ქალი მოკლეს, მათ შორის 57%-ით მეტი მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევაა, ხოლო ოჯახში ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაული 53%-ითაა გაზრდილი - ქალთა მკვლელობების მონიტორინგი,  დამცავი და შემაკავებელი ორდერების შესწავლა, თავშესაფრისა და ცხელი ხაზის მონიტორინგი და  ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისების შეფასება სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მოხვდა.  

ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების სტატისტიკის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული სულ 495 პირია რეგისტრირებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რომელიც ძალადობას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გამოძიება  480 საქმეზე დაიწყო, ხოლო უშუალოდ ძალადობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - 44 საქმეზე. აღნიშნული მუხლებით დევნა 479 კაცისა (აქედან ერთი არასრულწლოვანი) და 37 ქალის მიმართ დაიწყო, ხოლო დაზარალებულად 525 ქალი, მათ შორის 32 არასრულწლოვანი და  135 მამაკაცი, მათ შორის 18 არასრულწლოვანი ცნეს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათ მიერ შესწავლილი რიგი შემთხვევებიდან ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ხელწერილს იყენებდნენ, რასაც საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი მექანიზმები: „შესწავლილმა შემთხვევებმა აჩვენა, რომ ხელწერილი სრულიად არაეფექტური საშუალებაა და ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის რეალურ დაცვას, რადგან არ აქვს თანმდევი სამართლებრივი შედეგები. ამასთანავე, ის ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციას ან მოძალადის პასუხიმგებლობის დაყენებას“.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და სახელმწიფო ცხელი ხაზის მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ სამ თავშესაფარში (გორი, ქუთაისი, თბილისი) არსებული მდგომარეობის შეფასებას და სერვისით მოსარგებლე პირების საჭიროებების გამოვლენას. ასევე, ცხელი ხაზის ფუნქციონირების შეფასებას. სახელმწიფო თავშესაფრების მონიტორინგი პირველად ჩატარდა.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე ხშირად თავშესაფრის მომსახურებით 24-დან 34 წლამდე ადამიანები სარგებლობენ.

ბენეფიციართა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, თავშესაფარში მოთავსების კანონით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადა არასაკმარისია მსხვერპლის სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის.

„თავშესაფრები პირველად დახმარებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაღალი ხარისხის მომსახურებას აწვდიან ბენეფიციარებს თუმცა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციისა და შემდგომი ცხოვრებისათვის მომზადების კუთხით სერვისი დასახვეწია. აუცილებელია მეტი პროგრამის დაგეგმვა, ფსიქოლოგის მუშაობისა და სოციალური სფეროს გაძლიერება. გასათვალისწინებელია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა“.

რაც შეეხება ცხელი ხაზის მომსახურებას, ის მოიცავს შემდეგი ტიპის მომსახურებას: კრიზისული დახმარება, იურიდიული კონსულტაცია, ფსიქოლოგიური დახმარება, ინფორმირება, თავშესაფარსა თუ საკონსულტაციო ცენტრში გადამისამართება, ასევე აბონენტის თანხმობით პოლიციის ან საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება.

2014 წელს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მთლიანი რაოდენობა 766 იყო. აქედან 659 ზარი ქალს ეკუთვნოდა, ხოლო 107 - კაცს. იმის შესახებ, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის ოთხი ადამიანი, რომლებიც ზარებს პასუხობს, უცხო ენებს არ ფლობს, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა მათ არაქართულენოვანი პირების კონსულტირება შეძლონ.

შეტყობინების სიხშირის მიხედვით, 2013–2014 წლების მანძილზე ცხელი ხაზის მეშვეობით ყველაზე ხშირად ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე რეკავდნენ.  სიხშირის მიხედვით შემდეგ ადგილზეა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც მოსდევს სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა, ბოლოს - იძულება. ყველაზე ხშირად ძალადობის ფაქტის შეტყობინების მიზნით რეკავენ ქალები, შემდეგ მეზობლები ან ნათესავები, ხოლო მამაკაცები და ბავშვები ამ მომსახურებას იშვიათად მიმართავენ. 

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს 34 ქალი მოკლეს. აქედან ქმრის, ყოფილი ქმრის, პარტნიორის მიერ 13 ქალია მოკლული.  ასევე დაფიქსირდა მამამთილის მიერ რძლის მკვლელობის ერთი და შვილის მიერ დედის მკვლელობის ორი შემთხვევა. 2014 წელს ოჯახში ქალის მიმართ ჩადენილი იყო 17 მკვლელობა. ხოლო დანარჩენი მკვლელობა არაოჯახურ გარემოში მოხდა.

მთავარი პროკურატურის  ინფორმაციით,  მომხდარი 17 მკვლელობიდან  სასამართლო განხილვა 9 საქმეზე დასრულდა, ხოლო 3 საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს.  5 საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა სხვადასხვა საფუძველზე (ერთი – ბრალდებულის გარდაცვალებით, ორი – ბრალდებულის თვითმკვლელობით და ორი – ბრალდებულის შეურაცხადობით).

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ  მკვლელობების 94% კაცის მიერაა ჩადენილი.

სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ არსებული ინფორმაციის პირობებში რთულია სრულად შეფასდეს, რამდენი დანაშაული იყო ჩადენილი გენდერული ნიშნით, ვინაიდან მათი ასეთი ფორმით კლასიფიცირება არ ხდება. შემთხვევების შესწავლის დროს ხშირად მითითებული არ არის გარდაცვლილსა და მკვლელს შორის არსებული კავშირები ან დანაშაულის მოტივი, რაც უფრო ცხადად წარმოაჩენდა მკვლელობების ხასიათს.

„ძალადობის ფაქტის შესახებ საზოგადოებისთვის ხშირად ცნობილია, თუმცა ის ერიდება სამართალდამცველების ინფორმირებას და მსხვერპლს მოძალადის პირისპირ ტოვებს. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების საკითხში კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოხდეს პრევენცია და ტრაგიკული შემთხვევების შემცირება. ჯერჯერობით, პრაქტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი კონკრეტული მკვლელობის შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც გახმაურდა მედიასაშუალებების მეშვეობით, საზოგადოება მსხვერპლის ბრალეულობაზეც კი საუბრობდა და რიგ შემთხვევებში ამართლებდა კიდეც მოძალადეს. ძალადობის მოტივიც, ძირითადად, გენდერული უთანასწორობის შედეგადაა წარმოქმნილი“.

შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ორი შემთხვევა: როდესაც მსხვერპლმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა, მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ ყოფილა და მკვლელობა მაინც მოხდა; ასევე, დაჭრის ერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ ძალადობის შესახებ ტრაგედიამდე იცოდა. 

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიგეგმოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებები, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს მათი როლის მნიშვნელობა ძალადობის მსხვერპლ პირთა გადარჩენის პროცესში; ასევე,  დაინერგოს რისკის შეფასების მეთოდოლოგია, რაც შესაძლებლობას მისცემს შესაბამის სტრუქტურებს, დროულად მოახდინონ იდენტიფიცირება და თავიდან აიცილონ დანაშაული; მოხდეს ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის, მკვლელობების სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა იმგვარად, რომ კანონით გათვალისწინებული ნათესაური კავშირები ნათელი იყოს ყველა შემთხვევის დაფიქსირებისას.

ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს მასშტაბით სულ 87 დამცავი და 902 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. დამტკიცებაზე კი უარი ეთქვათ ან სხვა კანონით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ დამტკიცდა 4 დამცავი ორდერი და 17 შემაკავებელი ორდერი.

შემაკავებელი ორდერი 93%-ის შემთხვევაში კაცებზე გაიცა, 6% - ქალებზე, 1% - კი  ერთობლივად.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს მაგისტრატი სასამართლოები (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) დამცავი და შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე საქმეებს არ განიხილავენ. ექვსი შემაკავებელი ორდერი გამოსცა მხოლოდ მარნეულის მაგისტრატმა სასამართლომ, ერთი -ბორჯომის მაგისტრატმა სასამართლომ, ერთიც ხონის მაგისტრატმა სასამართლომ.

დამცავი და შემაკავებელი ორდერების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად სამართალდამცველები ორდერებს გამოცემენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთობლივად არსებობის დროს (სულ 881), ყველაზე იშვიათად კი სექსუალური ძალადობის შემთხვევების შეტყობინება ხდება. ამ ფორმის ძალადობაზე მხოლოდ 7 შემაკავებელი ორდერია გამოცემული.

სახალხო დამცველის აპარატის  შეფასებით,  კვლევის შედეგებმა მრავალი სისტემური თუ ფაქტობრივი ხარვეზი წარმოაჩინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებისთვის პრობლემას წარმოადგენს ფაქტისათვის სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციის მინიჭება. აუცილებელია განისაზღვროს ზუსტი დეფინიცია, რაც მათ სუბიექტურ გადაწყვეტილებებისგან იხსნის და ყველასთვის ერთიანი ინსტრუქციის სახით იქნება წარმოდგენილი. ასევე მნიშვნელოვანია ფაქტებზე რეაგირების შემდგომი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის სტრუქტურებს მეთვალყურეობა გაუწიონ ოჯახებს, სადაც ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა და ამასთან შექმნის საინფორმაციო ბაზას, რომელიც სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე გატარებული რეფორმებისა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს: “ყველა ეტაპზე ვაწყდებით ბარიერს, რომ საზოგადოება მკაცრად განსჯის თითოეულ ქალს, რომელიც თავის დაცვას ცდილობს მოძალადისგან და ზოგჯერ მათ მკვლელობასაც კი ამართლებს, როდესაც საქმე კაცის ღირსებას შეეხება. საზოგადოება, მეზობლები, ახლობლები, ნათესავები არიან ის პირები, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, თუ რა ხდება მათი ახლობლების ოჯახში და მათი  გულგრილი დამოკიდებულება ხშირად აზიანებს ვითარებას. აუცილებელია თითოეულ მოქალაქემდე მიტანილ იქნას აზრი, რომ მათ დაფარვის ნაცვლად დახმარება შეუძლიათ და შესაძლოა სიცოცხლის გადარჩენაც კი შეძლონ, თუ ერთმანეთს დროულად გაუწვდიან დახმარების ხელს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^